სტუმრად ანკა ვასაძესთან... მისი დიდი ბაბუის სახლში

ანკა ვასაძე მარჯანიშვილის თატრის მსახიობია, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა პროექტმა „ცეკვავენ ვარსკვლავები“, სადაც ოთო ფოლადაშვილთან ერთად გაიმარჯვა. ანკა ასევე მონაწილეობს პოპულარულ სერიალში „იდეალური დედა“. თუ მის გენეალოგიას გადავხედავთ, არცაა გასაკვირი, რომ სახელოვნებო გზას გაჰყვა. ანკა მსახიობების - აკაკი ვასაძისა და მარინე თბილელის შთამომავალია, ბაია დვალიშვილი კი მისი ბებია, უფრო ზუსტად კი - ბაბუის დაა. ხელოვნების სიყვარული ოჯახიდან მოსდგამს და ალბათ ამიტომაც აირჩია სამსახიობო კარიერია.



ანკას ბაბუისეულ სახლში ვესტუმრეთ, რომელიც ერთი პერიოდი მუზეუმის ფუნქციასაც ითავსებდა. დღეს კი ერთი ოთახი აქვს დათმობილი
ექსპონატებს, დიდი მსახიობის პირად ნივთებს, ესკიზებსა და კოსტიუმებს.



ბუნებრივია, თავდაპირველად სახლის ისტორიით დავინტერესდით. ვინაიდან ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას ანკას ბებია ირინა ლომჯარია ფლობდა, შვილიშვილმა ბებოს მოუხმო და წარსულში გადავეშვით.

ირინა ლომჯარია:
- 1936 წელს აშენდა ეს სახლი და ბინები ძირითადად ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს მისცეს. აქ ცხოვრობდნენ: აკაკი ვასაძე, აკაკი ხორავა, თამარ ჭავჭავაძე, ემანუელ აფხაიძე, ალექსანდრე და სესილია წუწუნავები, არქიტექტორი ქურდიანები, ვინც ფუნიკულიორის რეკონსტრუქციაზე იმუშავა, პაატა ბურჭულაძის ბებია მარიამი, რომელიც მაშინ განათლების მინისტრი იყო. შესაბამისად, უამრავი მემორიალური დაფა იყო სადარბაზოების შესასვლელებთან, მაგრამ ზოგი მოიპარეს, ზოგიერთი კი ბანკმა ჩამოხსნა იმ პირობით, რომ ისევ გააკეთებდნენ, მაგრამ დღემდე არ გაუკეთებიათ. ჩვენ იმ დროიდან მოყოლებული აქ ვცხოვრობთ, ამ ცნობილი მეზობლებიდან კი დარჩნენ ქურდიანები, ისინიც სხვაგან ცხოვრობენ, უბრალოდ ეს ბინა ისევ მათ მფლობელობაშია, ასევე აქ ცხოვრობს კახი კავსაძის ძმა და ანჯაფარიძეები - ლევან ანჯაფარიძის ოჯახი. ასეთი სამეზობლო რომ შეიკრიბებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა?! ეზოში ჩაღდებოდა ნარდი, ჭადრაკის თამაში.



ანკა:
- ეზოში დიდი მხიარულება იყო ხოლმე. ჩემს ბავშვობაში ფანჯრებს გისოსები არ ჰქონდა, ბურთს რომ თამაშობდნენ, ფანჯარას ხვდებოდა და ტყდებოდა, მერე სწორედ ამ მიზეზით დააყენეს. სხვათა შორის, ლევან ანჯაფარიძემ გადაიღო ეს ეზო თავის საკურსო ფილმში „ბუდე“ და იქაც სწორედ ეს მომენტია ასახული - ტყდება ფანჯარა და ყვირის ბაბუაჩემი, რეალობა იყო გადმოცემული (იღიმის).

ეს ჩემი ბაბუის ბაბუის სახლია და მე, ისევე როგორც ბაბუაჩემი და მამაჩემი, აქ დავიბადე და გავიზარდე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ოჯახთან ერთად ახლა სხვაგან ვცხოვრობ, ჩემი და მთელი ჩემი სანათესავოს თავშეყრის ადგილი სწორედ ეს სახლია - ყველასგან შელახული, მაგრამ მაინც ყველას მშობლიური სახლი. იმის გამო, რომ მარჯანიშვილის თეატრი ახლოსაა და ხშირ შემთხვევაში ჩემს სახლში წასვლასაც ვერ ვასწრებ, თითქმის ყოველდღე მოვდივარ აქ. სხვა ემოცია მაქვს აქაურობის მიმართ. ბავშვობაში, როცა დასასვენებლად მივდიოდი, უკან დაბრუნებული კედლებს ვკოცნიდი, ცოტა არანორმალური დამოკიდებულება მქონდა ამ სახლის მიმართ (იღიმის). როცა საკუთარი ოჯახი შევქმენი და გადავედი, აქაურობის დანაკლისს იმით ვივსებ, რომ თითქმის ყოველდღე მოვდივარ, შეიძლება საქმეც არ მქონდეს, მაგრამ მაინც შემოვივლი ხოლმე. ეს სახლი ჩემთვის სიმშვიდესთან ასოცირდება, ყველაზე მშვიდად და მყუდროდ აქ, ბებიასთან ვგრძნობ თავს.



დიდი მსახიობის, აკაკი ვასაძის სამუზეუმო ნაწილში, მსახიობისეული მაგიდა დგას, თავისი სამელნითა და საშრობით. აქვეა მისი სასცენო შემოქმედების ამსახველი უამრავი ფოტო და მინის ვიტრაჟში სათუთად შენახული კოსტიუმები - ერთი მათგანი იაგოს კოსტიუმია „ოტელოდან“, მეორე პასტორი მანდერსის - სპექტაკლიდან „მოჩვენებანი“.



- როდესაც აქ მუზეუმი იყო და დამთვალიერებლები მოდიოდნენ, ბებია გიდობას უწევდა. სხვათა შორის, მას შემდეგაც მოდიან, რაც მუზეუმი ოფიციალურად გაუქმდა. 12-13 წელია, აკაკის ნივთები გადავეცით ხელოვნების სასახლეს და ოფიციალურად სახლ-მუზეუმი აღარ არის აქ, თუმცა, რუკაზე მაინც ეს მისამართია მინიშნებული, ამიტომაც ძველი საბჭოთა კავშირიდან ჩამოსული სტუმრები ინტერესდებიან და ხანდახან გვსტუმრობენ კიდეც. რასაკვირველია, საამაყოა, როცა ასეთი წინაპარი გყავს, მაგრამ მთელი ბავშვობა მესმოდა, ამას ხელი არ მოკიდო, ეს არ გააფუჭო. სხვათა შორის, ძალიან პატარა რომ ვიყავი, აკაკის ფოტოების მეშინოდა და აქ ღამე ვერ შემოვდიოდი (იღიმის). ახლა კი ვხვდები, რამდენად მოსაფრთხილებელია თითოეული ნივთი, რომელსაც კავშირი ჰქონდა მასთან.



გარდა იმისა, რომ აკაკი უნიჭიერესი მსახიობი იყო, საკუთარ თავზე ძალიან ბევრს მუშაობდა. ერთი პერიოდი აქტიურად ჭიდაობდა, მოუქნელი იყო, მაგრამ როლისთვის რომ დასჭირდა, იმდენი იმუშავა საკუთარ თავზე, ერთ-ერთ სცენაში სალტოსაც აკეთებდა. ნიჭიერი მსახიობი ბევრი გვყავს, მაგრამ ადამიანმა საკუთარ თავზე იმუშაოს, ეს დიდი იშვიათობაა. ჯერ ხომ ფიქრობდა, მერე თავადვე ხატავდა თავის პერსონაჟებს, „გიორგი სააკაძეში“ შაჰ-აბასის ტიპაჟი და კატის ულვაშები მისი მოფიქრებულია, ეს ნახატებიც აკაკის შესრულებულია. თავიდან ქუთაისის თეატრში მხატვრის ასისტენტი იყო, 13 წლისამ დაიწყო მუშაობა და იქიდან დაუკავშირა ცხოვრება თეატრს. ძალიან კარგად იცოდა ფსიქოლოგია და ანატომია, ცნობილი ფაქტია, რომ შეეძლო სახის ერთი ნახევრით გაეცინა და მეორეთი ეტირა, ცრემლი მოსდიოდა ცალი თვალიდან. - ეს ანატომია და ტექნიკაა, არანაირი ემოციურობა არ სჭირდებაო, - ასე ხსნიდა ყოველივეს, სინამდვილეში კი ყველაფერი საკუთარ თავზე დიდი შრომის შედეგი იყო.



სხვათა შორის, აკაკის მეუღლეც მსახიობი იყო - ანეტა ქადეიშვილი, რომლის პატივსაცემადაც დამარქვეს ანა. ორი მსახიობი ერთ ოჯახში ნამეტანი იყო, ამიტომ ანეტამ უარი თქვა საყვარელ საქმეზე და გადაწყვიტა, ქმრისთვის შეეწყო ხელი. აკაკი თავისი პროფესიისთვის იყო გადადებული, ანეტა კი - ოჯახისთვის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მსახიობს დიდი დრო სჭირდება ფიქრისთვის, სახლში რომ ბრუნდები, დიდი საფიქრალი მოგყვება თან. ახლა სხვა ცხოვრება გვაქვს, აჩქარებულია დრო, ადრე თუ ერთ სპექტაკლზე წელიწადი და 8 თვე მუშაობდნენ, ახლა 2 თვეში უნდა გამოვუშვათ, ეს კი ყოველდღიურ შრომას მოითხოვს. აკაკის სჭირდებოდა ზუსტად ისეთი ცოლი, როგორიც ანეტა იყო, ვფიქრობ, დიდი განძია ასეთი მეორე ნახევარი, რომელიც შენ გამო გადადებს თავს და ყველანაირად შეგიწყობს ხელს. ეს სარწეველა სკამი სწორედ ანეტას მზითევია, ჩემი და ჩემი შვილის ჩათვლით 6-7 თაობას გაუძლო.




წინაპრების ჩრდილი - ბონუსი, თუ სიმძიმე?!

- მიუხედავად იმისა, რომ მეც მსახიობი ვარ და ამ დროს, ძირითადად წინაპრების ჩრდილიდან გამოსვლას ცდილობენ ხოლმე, მე ასე არ ვარ. ალბათ ეს იქიდანაც მომდინარეობს, რომ აკაკი ჩემი ბაბუის ბაბუა იყო და ამიტომაც ასე პირდაპირი შედარება არ ხდება ხოლმე. თუმცა, ძალიან ვაფასებ იმას, რომ მისი შთამომავალი ვარ. როცა ამდენი გამოჩენილი ადამიანი გყავს ირგვლივ, შედარება სულ ხდება, ბევრს ითხოვენ შენგან, მაგრამ ეს არ მამძიმებს. ერთხელ მასწავლებელი გვეუბნებოდა, როცა გენიოსები იბადებიან, მერე, როგორც წესი, თაობა ისვენებს და მისი შთამომავლები აღარ არიან ისეთი ნიჭიერებიო. ამაზე კი ასეთი პასუხი მქონდა, რაღა ჩემზე უნდა დაისვენოს გენმა-მეთქი?! (იცინის)



სამუზეუმო ნაწილიდან მისაღებში გადავინაცვლეთ, სადაც სამეული, როიალი და ის ნივთები დაგვხვდა, რომელიც ანკამ სპეციალურად ჩვენთვის მოამზადა, რომ ეჩვენებინა.

- ის ნივთები, რომელიც თქვენთვის გადავდე, საერთოდ არაა ძვირფასი, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი და საყვარელია, ამიტომაც მათ „სულიერ ნივთებს“ ვეძახი. საოცრად მიყვარს ძველებური ნივთები, აი, ეს სამოვარიც ძალიან ძველია. ამ ლამპას აქტიურად ვიყენებდით 90-იანებში, სამწუხაროდ, მისი მინა გუშინ შემომატყდა (იღიმის).



ეს გახლავთ დედაჩემის დიდი ბებიის ნაქონი ჩინური საჩაიე, რომელიც თაობებს გადაეცემა, არც ვიცი, მე მერამდენე თაობა ვარ, დედაჩემის დიდი ბებიის იყო, მეხუთე თაობა გამოვდივარ, მისი მზითევი გახლდათ.

რაც შეეხება ამ ლარნაკს, თითქოს საერთოდ არაფრითაა გამორჩეული, მაგრამ ჩემთვის იებთან ასოცირდება და მიყვარს - ბაბუაჩემი კაკული სულ დედა ენის ბაღში დადიოდა, მოჰქონდა იები და ამ ლარნაკში აწყობდნენ.



ეს კი აკაკის ცოლის, ანეტას ნაქონი სარკე და სავარცხელია, რაც ძალიან მიყვარს.

ასევე ბავშვობაში განსაკუთრებულად მომწონდა აკაკის ყუთი, რომელზეც აკაკია გამოსახული. სიმბოლურად მასში ფოტოებს ვინახავთ.




ტრადიციად ქცეული ოჯახური თავშეყრა „ვორონცოვის“ სახლში...

...ჩვენთან დღემდე აქტუალურია ოჯახებში შეკრება, სანათესაოს შეკრების დღეებია 2 იანვარი და აღდგომა. ვშლით დიდ მაგიდას, რომელიც ბევრ ადამიანს იტევს და ერთად სასიამოვნო დროს ვატარებთ. ზოგადად, ნათესავებს ახლო ურთიერთობა გვაქვს, ვმეგობრობთ და ერთმანეთთან დიდი სითბო გვაკავშირებს. ზაფხულობითაც ერთად ვისვენებთ. კარგია, რომ ეს კავშირი არ წყდება და ჩვენს შვილებსაც კარგი ურთიერთობა უყალიბდებათ. შეიძლება ყველას ამ სახლში არ უცხოვრია და აქ არ გაზრდილა, მაგრამ კვირაში ორ დღეს მაინც აქ ატარებდნენ და განსაკუთრებული მოგონებები აკავშირებთ. ამ სახლს მშვენიერი ტერასა აქვს, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება, მაგრამ მოსაწყობია და გადასაღებად არ ღირს.



დასასრულ, ანკას პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებსა“ და ზოგადად გადატვირთულ გრაფიკზე ვესაუბრეთ.

- ვერაფერს ვასწრებდი, მაგრამ როცა რაღაცაში ვერთვები, თავის ბოლომდე გადადება ვიცი და არაფრისთვის დრო არ მრჩება. მით უმეტეს, რომ ცეკვა ამ პროექტში ვისწავლე და არ იყო ადვილი. გარდა ამისა, ემოციურად დიდი სტრესი იყო, ბევრი სანერვიულო გვქონდა და ბედნიერი ვარ, რომ გამარჯვებით დასრულდა. სულ დარბაზში ვიყავი, შვილიც თან დამყავდა რეპეტიციებზე (ისედაც შეჩვეულია რეპეტიციებზე ყოფნას, მაგრამ ახლა თავისი იმდენი საქმე აქვს, ისე აქტიურად ვეღარ დამყვება, მასაც თავისი ცხოვრება აქვს - სკოლა, ფეხბურთი, სხვადასხვა წრე). სამაგიეროდ მეგობრები მეწუწუნებიან სულ, რომ მათთვის ვერ ვიცლი. მაგრამ რა ვქნა, ჩემი პროფესია ძალიან დიდ დროს მოითხოვს, დარჩენილი დრო კი მინდა, სახლში ვიყო, რომ დანაკლისი ავანაზღაურო.









ციცი ომანიძე

კომენტარები

შენიშვნა 2020-08-23 13:31
ფარდა უნდა ეშვებოდეს ბოლომდე და არ უნდა მთავრდებოდეს სადღაც შია სიმაღლემდე
გიოგიო 2020-08-07 11:33
ამან იცის, ჩვენ,რომ(ძველმა თაობამ), რომ იცის?!....პ.ს.ნუ ბლოკავთ-არც უხამსობაა-არც დისკრედიტაციაა-მითუმეტეს შეურ აცყოფა....
გიოგიო 2020-08-05 11:44
შვილები მამებზე პასუხს არ აგებენ!ეს თქვა კაცმა,რომელმაც საქართველოს საუკეთესო შვილ ბიე ან გადაასახლა ან დახოცა-ან დამსმენებად გადააქცია...პ.ს.იქნ ებ"ანკას "აუხნას"ვინმემ მისი"კუმი რი"ასევე მისი მეგობარი-ხორავა ვინ იყვნენ?!....
ძველი მეზობელი 2020-07-29 10:32
უნდა იყოს: ძველი მეზობელი ვაჟა-ფშაველადან.
ძველი მეზობელი ვაჟა- 2020-07-29 10:12
ძალიან გამიხარდა.გამახსენდა ჩემი ძველი მეზობლები: ულამაზესი ირა და კაკული,მათი შვილები მაკა და გიორგი (ალბათ ანკას მამა). გამახსენდა, პატარა გიორგი რომ მოადგებოდა ჩვენს კარს "გოგოებოს" ძახილით.მახსოვხართ და მიყვარხართ.წარმატებებს გისურვებთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები