ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი მომღერალი გია სურამელაშვილია. მომღერლის ბინაც ისეთივე ორიგინალური და განსხვავებულია, როგორც მისი ბინადარი.
- ერთი წელია ამ ბინაში ვცხოვრობ. ბევრ რესტორანში მქონდა მიწვევები და ვმღეროდი. ბოლოს ჩემი პროდიუსერის, მარინა კაშიას დაჟინებული მოთხოვნით, ჩემი სახლი მოვაწყვე ლაუნჯის სტილში და ყოველ საღამოს აქ ვმასპინძლობ სტუმრებს, რომლებსაც ჩემი მოსმენა სურთ. ეს არ არის რესტორნის სტილში, აქ კარები ყველასთვის არაა ღია, წინასწარი შეთანხმებით ვიღებ სტუმრებს.
არ მინდოდა დიდი სივრცე ყოფილიყო, აქ ძალიან მყუდროდ და კომფორტულად ვგრძნობ თავს. ოთახები
აქ ყველაფერი ხელნაკეთია - რკინის სკამები, სანათები, დივანი-საქანელა და ა.შ. ბევრი ძვირად ღირებული ნივთის შეძენა შეიძლება მაღაზიებში, მაგრამ იმ ნივთებს, რასაც ჩემს სახლში ხედავთ, სხვაგან ვერ შეხვდებით, ყველაფერი მარინას ხელითაა გაკეთებული.
შავი ჟურნალების მაგიდა დედაჩემის დროინდელია და ძალიან ძვირფასია ჩემთვის, აქ ვინახავ ღვინოებს, რომლებიც მხოლოდ ერთი ეგზემპლარია და სპეციალურად ჩემთვის დაიბეჭდა.
როიალზე ხედავთ კობალტის ანგელოზს, ამ ნივთსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩემს ბინაში, დაახლოებით 25 წლის წინ ჩემი პირველი ჰონორარით შევიძინე. შავი ცხენი და პანტერები საკმაოდ სოლიდური თანხა ღირს, მოსკოვში მაჩუქეს დაბადების დღეზე.
ვინაიდან ბინაში ყველა დეტალი ქალბატონი მარინა კაშიას ხელით და გემოვნებით არის გაკეთებული და აწყობილი მასაც გავესაუბრეთ:
- ყველა ნივთი გიასთან არის დაკავშირებული. რკინის ხე, რომელსაც ხედავთ როიალთან, გიას ღონისძიებებისთვის გავაკეთე. ეს არის სიყვარულის ხე. ამ ხეზე უტოვებდნენ მოწვეული სტუმრები სასიყვარულო წერილებს და კეთილ სურვილებს. თავდაპირველად ჯაჭვიანი დივანი იყო თაღი, ღონისძიების დაწყების წინ ამ თაღში შემოდიოდა. როცა აქ შემოვიტანე, გადავაკეთე და ვაქციე საქანელა-დივნად.
ამ დივანში გია კომფორტულად გრძნობს თავს. მძივებიანი სანათი, სადგამი, სანათები ყველაფერი ჩემი ჩემი ხელით გავაკეთე. შავი არწივი ჩემი პირადი ნივთია და 100 წლის გახლავთ. 45 წლის წინ შევიძინე. მითხრეს, რომ ეს არწივი არის ოჯახის მფარველი და წარმატების მომტანი. რამდენიმე წლის წინ დიდ თანხას მათავაზობდნენ მის სანაცვლოდ, მაგრამ გაყიდვა არც მიფიქრია. ბოლოს გადავწყვიტე გიასთვის მომეტანა. იმედი მაქვს მას დიდი წარმატებას და ბედნიერებას მოუტანს. დანარჩენი ფოტოები იხილეთ ფოტოგალერეაში
მერი ბლიაძე
კომენტარები