„წინაპრების სახლი ჩემთვის ძალიან ძვირფასია...“ - შინ ქეთი ჩხეიძესთან, ასწლოვან სახლში

ყველასათვის ძალიან საყვარელმა, თეატრისა და კინოს მსახიობმა ქეთი ჩხეიძემ, ჟურნალ „შინს“ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძველ და ლამაზ უბანში, წინაპრების დანატოვარ სახლში უმასპინძლა. რუსთაველის 50 ნომერში მდებარე სახლი XIX საუკუნეშია აგებული და მსახიობის დიდ ბებიას ეკუთვნოდა. შენობა, რომელმაც ასწლეულს გაუძლო, არაერთი ამბის მოწმეა. ქალბატონმა ქეთიმ გადაწყვიტა, საცხოვრებელ სივრცეში სტუდია მოეწყო, სადაც მსახიობს მუშაობის საშუალება ექნებოდა. ინტერიერი რეტროს სტილშია. აქ ძირითადად წინაპრების დანატოვარ ავეჯსა და ნივთებს შეხვდებით. კედლებზე საკუთარი სპექტაკლების აფიშებისა და ფოტოების გამოფენა არ უყვარს, მხოლოდ რამდენიმე ფოტოა განთავსებული, ისიც -
განუმეორებელი ელენე ახვლედიანისა და პეტრე ოცხელის. იქვეა დიდებული ქართველი არტისტის, სოფიკო ჭიაურელისა და უნიჭიერესი რეჟისორის, გიზო ჟორდანიას პორტრეტები. ჩვენი მასპინძელი დღის უმეტეს ნაწილს სწორედ ამ სახლში ატარებს.



- ეს სახლი ბებიაჩემის დედამ შეიძინა. დედაჩემი ამ სახლში დაიბადა. მეც აქ გავატარე ბავშვობა და ამ ქუჩაზე გავიზარდე. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი ადამიანი წავიდა, ბევრიც მოვიდა, მაგრამ უბანს დღემდე აქვს შემორჩენილი თავისი ელფერი. თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი უბანია, რომელსაც „ზემელის“ უბანს უწოდებენ. XIX საუკუნეში ოლგას ქუჩისა და ვერის დაღმართის კუთხეში მდებარეობდა აფთიაქი, რომელიც აფთიაქარ ევგენი ზემელს ეკუთვნოდა. XX საუკუნის 70-იან წლებში, რუსთაველის მოედნის გაფართოებასთან დაკავშირებით, ზემელის აფთიაქი დაანგრიეს, მაგრამ სახელი „ზემელი“ ამ ადგილს დღემდე შემორჩა. ასევე, წინათ ამ ქუჩაზე ყოფილა ეკლესია, რომელიც კომუნისტებს ჭადრაკის კლუბად გადაუკეთებიათ.



ჩვენი სახლი საუკუნეზე მეტი ხნისაა. თავდაპირველად ჩემს წინაპრებს მესამე სართულზე ჰქონიათ უფრო დიდი ფართი, მაგრამ როდესაც დაიწყო არეულობა, დაჭერები, გადასახლებები, ჩვენს ოჯახს გაუჭირდა ცხოვრება და ბებიაჩემმა გადაცვალა ამ ბინაზე. აქ შედარებით ნაკლები ფართი იყო, ამიტომ თანხა დაუმატეს, რომლითაც გარკვეულ ხანს გაჰქონდათ თავი. ბებია ფრანგულის სპეციალისტი იყო. საფრანგეთში, ქალაქ ლოზანაში ჰქონდა მიღებული სპეციალური განათლება. ფრანგულს თავისუფლად ფლობდა და გარკვეული პერიოდი ამ სახლში ბავშვებისთვის გახსნილი ჰქონდა ბაღი. დღეს მე ზუსტად ამ ოთახში სტუდია მაქვს გახსნილი. „კავკასიური არტის წრე“ - ასე ჰქვია სივრცეს, რომელიც ხელოვნების მოყვარულ ადამიანებს აერთიანებს. სტუდია ჩემს შვილთან და მის მეგობართან ერთად დავაარსე. აქ ადამიანები შეისწავლიან სამსახიობო ხელოვნებას, ხელოვნებისა და კინოს ისტორიას. ამით თითქოს ბებიას დროინდელი ამბავი, ცოტა სხვანაირად გაგრძელდა. დღეს აქ არის ჩემი სამუშაო სივრცე, სადაც ძალიან მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობ თავს.


მთაწმინდაზე მაქვს სახლი, სადაც ახლა ვცხოვრობ. თუმცა წინაპრების სახლი ჩემთვის იმდენად ძვირფასია, მაქსიმალურად ვცდილობ, ბევრი არაფერი შევცვალო და პირვანდელი სახე შევუნარჩუნო. ამ სახლში ნახავთ ბებიაჩემისა და მისი დედის დროინდელ ავეჯს, ჭაღს, კედლის ღუმელს და ა.შ.

აგური, რომელსაც მისაღებ ოთახში ხედავთ, პირვანდელია, უბრალოდ ზედმეტი დეტალები მოვაშორეთ და ასე დავტოვეთ. კედლის ღუმელი ორ-სამ ოთახს ათბობდა, მას დღესაც ვიყენებთ. თუ კარს გააღებ, ბუხრის ფუნქციასაც ითავსებს.


კედლებზე განთავსებული მაქვს ელენე ახვლედიანის და პეტრე ოცხელის ახალგაზრდობის ფოტო, შეუდარებელი სოფიკო ჭიაურელის პორტრეტი. ძალიან ძვირფასია ჩემთვის ჩემი პედაგოგის, გამზრდელის და ჩემი ბიძის, დედაჩემის ძმის გიზო ჟორდანიას პორტრეტი, რომელიც მისაღებ ოთახშია. სწორედ მან მასწავლა ის ყველაფერი, რასაც ახლა ჩემს სტუდიაში მოსულ ადამიანებს ვუზიარებ.


- საკმაოდ დიდი დრო გავიდა. ბებიას დროს როგორი იყო ეს სახლი?

- იმ დროსაც ზუსტად ასეთი იყო, უბრალოდ მაშინ შედარებით მეტი ნივთი იდგა, ახლა უფრო თავისუფალი სივრცეა. არ მინდა თანამედროვე ნივთებით დავტვირთო სახლი. შემოსასვლელში მოვაწყვე შეხვედრების ოთახი, სადაც ვიღებ სტუმრებს, სტუდენტებს, მოსწავლეებს. შესაძლებელია მივირთვათ ჩაი, ვისაუბროთ ხელოვნებაზე, გავიცნო ახალი ადამიანები.


სახლს აქვს პატარა, მყუდრო ბაღი. თბილისში, თუნდაც პატარა, მწვანე სივრცე ფუფუნებაა და ეს ადგილიც სწორედ ასეთია.
- გვიამბეთ მთაწმინდის ბინაზე, სადაც ცხოვრობთ... ძირითადად როგორი ინტერიერი მოგწონთ, როგორ სახლში გრძნობთ თავს კომფორტულად?

- 20 წლის წინ მთაწმინდაზე შევიძინე სახლი. ძალიან მიყვარს ეს უბანი და მინდოდა აქვე ახლოს მეყიდა. ამ უბანში გავიზარდე, დავამთავრე სკოლა. ვსწავლობდი თეატრალურ ინსტიტუტში და 10 წელი ვმუშაობდი რუსთაველის თეატრში. ეს ის ადგილია, სადაც გავიზარდე, ჩამოვყალიბდი პიროვნებად, შევიძინე მეგობრები, შესაბამისად შორს წასვლა არც მიფიქრია.

მომწონს სადა ინტერიერი. არ მიყვარს ბევრი ნივთი, რადგან ძალიან მღლის. მიყვარს დიდი სივრცე, ნათელი და მზიანი ოთახები. მაქსიმალურად ვცდილობ, სახლში ბევრი ჰაერი იყოს. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ განათებას, რაც ქმნის განწყობას. ინტერიერში ლამაზი და მიმზიდველია ე.წ. ტორშერები, სადაც ახლა ვცხოვრობ, იმ სახლში არაერთი ტორშერი მაქვს და საოცრად მომწონს. აქაც მქონდა, უბრალოდ დიდ ადგილს იკავებდა და ავიღე, რადგან ის განათება, რაც ამ სახლშია, სრულიად საკმარისი და მისაღებია ჩემთვის.


- სახლში თქვენთვის განკუთვნილი სივრცე თუ გაქვთ შერჩეული, სადაც განსაკუთრებით მშვიდად და კომფორტულად გრძნობთ თავს?

- ასეთი ადგილია ჩემი საძინებელი ოთახი, ჩემი პირადი სივრცე. ეს გახლავთ როგორც მოსასვენებელი, ისე სამუშაო ადგილი, სადაც ყველანაირი კომფორტია ჩემთვის შექმნილი.

- საკმაოდ დატვირთული გრაფიკის გამო თუ გაქვთ იმის ფუფუნება, რომ ხშირად გაატროთ დრო ოჯახის წევრებთან ერთად და როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე შინ?

- დღის განმავლობაში ყველა ძალიან ვიღლებით. როცა საღამოს ერთად ვიკრიბებით, ვცდილობთ მოვეფეროთ, მოვესიყვარულოთ ერთმანეთს და ამის შემდეგ განვმარტოვდეთ. ჩემი შვილები პატარები აღარ არიან და ორივეს თავისი საქმე აქვს. დედას შედარებით მეტი დრო და ყურადღება სჭირდება, რადგან ასაკშია. საბედნიეროდ, ყველაფრის მიუხედავად მაინც ვახერხებთ, რომ ერთმანეთისთვის დრო გამოვყოთ.



- დაბოლოს, როგორია თქვენი ოცნების სახლი?

- ჩემი ოცნების სახლი არის ბუნებაში, რომელსაც აქვს დიდი ეზო, იქ მყავს ბევრი ცხოველი, ეზოში კი უამრავი ყავილი და ხეხილია გაშენებული.

მერი ბლიაძე

კომენტარები

ტოტო 2021-10-13 13:11
ძალიან კარგია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები