„ეს ჩემი საოცნებო ბინაა...“ - შინ ნოდიკო ტატიშვილთან, მის მიერ მოწყობილ ინტერიერში

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი საბურთალოზე, აბულაძის ქუჩაზე, მაღალსართულიან კორპუსში ცხოვრობს. ბინა დაახლოებით ორი წლის წინ შეიძინა და საკუთარი გემოვნებით მოაწყო. ამბობს, რომ ყველა დეტალზე თავად იფიქრა და დღეს აქ ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს. ხშირად იღებს სტუმრებს და საკუთარი ხელით მომზადებული კერძებითაც უმასპინძლდება. რის მიხედვით შეარჩია მომღერალმა საცხოვრებელი ფართი, რა გაითვალისწინა რემონტის დროს და რა შედეგი მიიღო, ამას თავად მოგვიყვება.

- სახლი, რომელშიც მანამდე ვცხოვრობდი, დღემდე ძალიან მიყვარს. იმდენად შეჩვეული ვიყავი იქაურობას, ცოტა გამიჭირდა ახალ გარემოსთან ადაპტირება. თუმცა, ვინაიდან ჩემი ხელით და
ძალისხმევით გავაკეთე ყველაფერი, ეს დამეხმარა, მალე შემყვარებოდა აქაურობაც. მე თვითონ დავდიოდი მასალებზე, ავეჯზე, ვაკონტროლებდი ყველა დეტალს, ვგეგმავდი ინტერიერს, ანუ უკვე იმდენი ვიზრუნე ამ სახლზე, მალე შემიყვარდა და მოვერგე აქაურობას. ადაპტირება გამიჭირდა იმ კუთხით, რომ აქ უცებ მარტო აღმოვჩნდი. მანამდე მშობლებთან და დასთან ერთად ვცხოვრობდი, ისინი ზრუნავდნენ ჩემზე. ეს კიდევ სხვა კომფორტია.

ძალიან მყუდრო ბინაა, დადებითი აურის მატარებელი, ხედიც საოცარია. ამ ხედს ვეძახი ანტიდეპრესანტს, რადგან პანდემიის რთული პერიოდი აქ ყოფნამ და ამ ხედის ცქერამ გადამატანინა. ღამეც ფანტასტიკურია. ხშირად მოდიან ჩემი მეგობრები და ამბობენ, რომ ამ სახლს, აივანს დიდი მიზიდულობის ძალა და აურა აქვს. ეს ყველაფერი ძალიან მსიამოვნებს. მე მაინც მიმაჩნია, რომ მთავარია სინათლე, სიყვარული და აურა, რითაც ხვდები სტუმარს.

- რა კრიტერიუმები გაითვალისწინეთ ბინის შერჩევისას, რის მიხედვით არჩევდით საცხოვრებელს?

- ეს ბინა ორი წლის წინ შევიძინე. არც ისეთი მარტივი აღმოჩნდა ბინის შერჩევა, როგორც მეგონა. რაც მთავარია, კორპუსი ხარისხიანად შენდებოდა, ადგილი იყო ჩემთვის მისაღები და სასურველი, ოთახები - კარგად განლაგებული და ნათელი. ბინა ზუსტად იმ ვადებში ჩამაბარეს, რაზეც შევთანხმდით. გარკვეული დროის შემდეგ ამ კომპანიის პიარის ხელმძღვანელობა შემომთავაზეს და სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან მათთან ურთიერთობის გამოცდილებამ მანახვა, რომ წესიერი და პატიოსანი ხალხია. უკვე ექვსი თვეა ამ პოზიციაზე ვმუშაობ.

- რემონტის პროცესი როგორ წარიმართა?
- ო, ძალიან რთული პროცესი იყო. რემონტი პანდემიამდე დავიწყე და მაშინ ბევრად უკეთესი სიტუაცია იყო. ჯერ დასრულებული არ მქონდა, როცა პანდემიამ იფეთქა და ამან ცოტა შემაფერხა. რემონტი რთული, მაგრამ აზარტული პროცესია.


- რემონტის გაძღოლას დიდი დრო და ენერგია სჭირდება. თქვენი საქმიანობის პარალელურად როგორ გაართვით ამ ყველაფერს თავი?
- ალბათ იმიტომ, რომ სხვანაირი პასუხისმგებლობით მივუდექი ამ საქმესაც. მხოლოდ ჩემმა რამდენიმე მეგობარმა იცოდა, რომ ბინა შევიძინე. ჩემმა მშობლებმა და დამ არ იცოდნენ. მინდოდა, მათთვის სიურპრიზი ყოფილიყო და პირდაპირ გარემონტებულ ბინაში მოვიყვანე. ვუთხარი, რომ ჩემს მეგობართან მივდიოდით და უცბად გაიგეს, რომ ჩემს სახლში იყვნენ. ძალიან ემოციური აღმოჩნდა ეს მომენტი. დედამ ცოტა იტირა კიდეც სიხარულისგან. იმდენად მინდოდა მალე დამთავრებულიყო რემონტი, მაინტერესებდა, როგორი გამოვიდოდა, დროის ყველა მონაკვეთს სწორად და ზუსტად ვანაწილებდი. თითქოს იმ მომენტში დაღლას არ ვგრძნობდი. ყველა ნიუანსმა და დეტალმა ჩემს თვალსა და ხელში გაიარა. მასალები, ავეჯი, ტექნიკა, ყველაფერი თვითონ შევარჩიე, შევიძინე. პანდემია რომ დაიწყო, მეტი თავისუფალი დრო გამომიჩნდა... როცა სახლს არემონტებ, ყველაფერი შენზე მორგებული და შენეული უნდა იყოს, რომ მშვიდად და კომფორტულად შეძლო ცხოვრება.

- როგორ წარიმართა თქვენი და ხელოსნების ურთიერთობა? ბევრისთვის ეს „მტკივნეული“ თემაა...
- ვფიქრობ, რემონტის დროს ეს არის ყველაზე დიდი სტრესი. როცა რემონტს ვიწყებდი, პირველ ადამიანს, ვისთანაც მქონდა შეთანხმება, გარკვეული პრობლემების შემდეგ დავემშვიდობე. მატყუარა აღმოჩნდა და ერთდროულად რამდენიმე ობიექტი ჰქონდა აღებული, რეალურად კი არც ერთს არ აკეთებდა. ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ ორი პატარა აივნის მეტლახი დააგო. ზოგადად ასეა, როცა რამდენიმე კურდღელს დასდევ, ვერც ერთს ვერ იჭერ. ჩემდა გასაკვირად, ცოტა გამინაწყენდა. იყვნენ ხელოსნები, რომლებთანაც კომფორტული იყო მუშაობა, თუმცა მაინც ძალიან გავწვალდი ამ კუთხით.

- ინტერიერის დიზაინში აქამდე გამოცდილება არ გქონიათ...

- ძირითადად, პინტერესტზე ვათვალიერებდი ინტერიერის ფოტოებს. მინდოდა, სადა, კლასიკური და დახვეწილი გამოსულიყო. თითქმის ყველაფერი თეთრ ფერშია გადაწყვეტილი, არის ბევრი განათება. ფარდებში გამოვიყენე მუქი ლურჯი, კონტრასტისთვის. ავეჯიც სადა ფერებში შევარჩიე. ძალიან მიყვარს ნათელი ოთახები. თვალიც მშვიდდება და ვფიქრობ, ვიზუალურადაც ლამაზია.

- სამზარეულო ძალიან ფუნქციური და კომფორტულია, ამავე დროს დახვეწილი...

- სამზარეულოც ჩემი გემოვნებით დავამზადებინე. შიგნითვე ჩავამონტაჟე ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ტანსაცმლის სარეცხი მანქანა და მაცივარი.
თითოეული ისეა მოთავსებული, რომ არც ერთი არ ჩანს. სივრცე მაქსიმალურად არის გამოყენებული, რაც ტევადს ხდის სამზარეულოს. ვინაიდან სტუდიოს ტიპის მისაღებს ვაკეთებდი, გადავწყვიტე, სამზარეულოში ასეთი ტიპის დეტალები არ გამოჩენილიყო და თვალში არ მოხვედროდა ადამიანს. თუმცა, რა თქმა უნდა, სამზარეულოს იერიც უნდა ჰქონოდა და ასეც გამოვიდა.

- რამდენად გეხერხებათ კერძების მომზადება?

- არ ვიქებ თავს და ვერ ვიტყვი, რომ „შეფ ნოდიკო“ ვარ, მაგრამ რაღაცების მომზადება ნამდვილად მეხერხება. რა თქმა უნდა, დედასავით ვერ მოვამზადებ, თუმცა არის ყოველდღიური რაღაცები, მაგალითად, სპაგეტი, რომელიც გემრიელი გამომდის. ხორცით, ნაღებით, შემიძლია არაჩვეულებრივი „კარბონარა“ მოვამზადო. სხვათა შორის, წვნიანის მომზადებაც შემიძლია.

- ბინას ორი აივანი აქვს. რატომ გადაწყვიტეთ ასე?
- მიყვარს, როცა სახლში ჭარბად შემოდის სუფთა ჰაერი, მზის სხივები, ამიტომ ჩემს საძინებელსაც აქვს აივანი. როგორი ყინვაც უნდა იყოს, დილით ყოველთვის ფართოდ ვაღებ აივნის კარს. ის სუსხიც კი მსიამოვნებს.


- არის ეს თქვენი საოცნებო ბინა?

- მე ბათუმსა და ბაკურიანშიც მაქვს ბინები. ჩემი პირველი შენაძენი სწორედ ბათუმის ბინა იყო. მაშინ ახალი მოგებული მქონდა „ჯეოსტარი“. ბაკურიანის ბინა ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის, რაღაც დეტალებია დარჩენილი. რაც შეეხება ჩემს საოცნებო ბინას, ყოველთვის მინდოდა, საკუთარი სივრცე მქონოდა და ეს სურვილი ამ ბინაში ავიხდინე. ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნამდვილად ჩემი საოცნებო ბინაა.

მერი ბლიაძე

კომენტარები

მარი 2022-12-09 15:23
აბაზანას არ უხდება ოქროსფერი ჩარჩო. სხვა, ყველაფერი ძალიან გემოვნებითაა გაკეთებული. ????????????????????????
შუქრი 2022-11-24 15:38
გილოცავთ წარმატებები
ლალი ებრალიძე 2022-07-22 13:55
გილოცავთ, ულამაზესია
სოფიკო 2022-07-14 13:05
გილოცავთ, უფალმა დალოცვილი და ბედნიერი გამყოფოთ,გაიხარეთ❤️
უცნობი 2022-07-14 09:38
მშვიდობაში! ბედნიერი იყავი, იმსახურებ, საკუთარიშრომით მიაღწიე და შეიძინე! ყოჩაღ!!!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები