სოფიკო ჭიაურელის ანტიკვარული ნივთები და ნიკუშა შენგელაიას გემოვნებით შექმნილი ინტერიერი...

ამჯერად სტუმრად ნიკუშა შენგელაიას ოჯახს ვეწვიეთ. ლეგენდარული სოფიკო ჭიაურელისა და ცნობილი რეჟისორის გიორგი შენგელაიას ვაჟის სახლში მისმა მეუღლემ ეკა ჭიჭინაძემ გვიმასპინძლა, ბინაც დაგვათვალიერებინა და მნიშვნელოვან ნივთებზეც გვესაუბრა.

- თავიდან მე და ნიკუშა გიორგი შენგელაიასთან ვცხოვრობდით, საკმაოდ ვიწროდ ვიყავით... მოხდა ისე, რომ ფიქრის გორაზე დაიწყო ამ კორპუსის მშენებლობა. თუმცა, სოფიკო საშინლად ეწინააღმდეგებოდა ამას, ხედს უფუჭებდა და მართალიც იყო... იმ დროისთვის ეს გახლდათ ერთადერთი შენობა, რომელიც ფიქრის გორას ამახინჯებდა, არქიტექტურული სტილიდან ამოვარდნილი იყო. დღეს კი ისეთები შენდება აქ, იმათთან ეს რა მოსატანია,

მაგრამ მაშინ ასე იყო... იმ დროს სოფიკოს ამ კორპუსში ოროთახიანი ბინა შესთავაზეს, მე და ნიკუშა ვეხვეწეთ და ძლივს დავითანხმეთ, მერე ერთიანი ძალებით უფრო დიდი ფართის ბინა ავიღეთ... დაახლოებით 2000 თუ 2001 წელს გადმოვედით და ძალიან ბედნიერები ვიყავით...

ბინა რეტრო-კლასიკურ სტილშია მოწყობილი... სამზარულო, მისაღები და მოსასვენებლი ოთახები ერთ სივრცეშია მოქცეული - სტუდიოს ტიპის არის.
- მოწყობისა და რემონტის საკითხში ნიკუშა აქტიურად იყო ჩართული, მაშინ ბევრი რაღაც არ იშოვებოდა, დღევანდელი გადმოსახედიდან სხვანაირად შეიძლებოდა გაგვეკეთებინა, რადგან უამრავი ახალი რამ შემოვიდა, მაშინ კი ბევრი კარგი ნივთის თუ სარემონტო საშუალების შოვნა პრობლემა იყო.
ზოგადად, მე და ნიკუშას ძალიან განსხვავებული გემოვნება გვაქვს. მაგალითად, მე ვერ ვიტან სიჭრელეს, მას კი მოსწონს. საბოლოოდ სახლში მაინც მშვიდი ფერები გვაქვს, მაგრამ ეს ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილებაა და იმიტომ... (იღიმის).
სარემონტო სამუშაოებში მე ნაკლებად ვიყავი ჩართული, ნიკუშა თავისი გემოვნებით აკეთებდა ყველაფერს, თუმცა რაღაცებს ერთობლივად ვწყვეტდით. რაც ერთობლივად გვაქვს გაკეთებული, ახლაც მომწონს. დღემდე მოაქვს ნიკუშას რაღაც ნივთები, ქვები, ნიჟარები, ყველაფერს სხვანაირად ხედავს და სხვანაირად აღიქვამს, მხატვარია მაინც. მე კიდევ სად წავიღო, აღარ ვიცი. ეს არასაჭირო ნივთები ნელ-ნელა გამაქვს გარეთ, კარადაში. მერე კი ვყრი (იცინის).

მოსასვენებელ სივრცეში სამეული და ტელევიზორი დგას. კედელზე, რომელიც შესასვლელსა და მოსასვენებელ სივრცეს ერთმანეთისგან ჰყოფს, თაროებია გაკეთებული და ზედ უამრავი ნივთია მოთავსებული.
- ძირითადად აქ ვართ, მეგობრებსაც აქ ვიღებთ. რბილი სკამები, პუფები დავამატეთ იმისთვის, რომ ბევრნიც კარგად მოვეწყოთ. თაროებზე ძირითადად ნაჩუქარი ნივთებია წარმოდგენილი, აი, ეს სპილოებიც სახსოვარია...…ამ ბინაში რომ გადმოვედით, მეგობრები, ახლობლები მოდიოდნენ და რაღაც ნივთებს გვჩუქნიდნენ, სწორედ მათი უმეტესობაა აქ წარმოდგენილი. ეს ქუდი ნიკუშამ სახელოსნოდან გადმოიტანა, ამ წითელი ლენტით კი დავით ბაგრატიონმა დააჯილდოვა, უფრო სწორად, რაინდის წოდება მიანიჭა და მაშინ გადასცა. ეს საკმეველი იმ მამაომ გვაჩუქა, რომელმაც სახლი გვიკურთხა. ეს საყვავილე პიკო ნიჟარაძის შვილის, ნინის ნაჩუქარია. ნიკუშა საკმაოდ კარგად უკრავს საქსოფონზე, მაგრამ ეს მისი საქსოფონი არაა, ზუსტად არ მახსოვს ამ ინსტრუმენტის ისტორია, მოიტანა და დაკიდა.

კედლებზე უამრავ ნახატს შეხვდებით, ზოგი მათგანი ნიკუშას შესრულებულია, ზოგიც - ნაჩუქარი. აქვეა სოფიკო ჭიაურელის ფოტოები.
- აქ ძირითადად სოფიკოს სახასიათო ფოტოებია წარმოდგენილი. ეს ორი ნახატი ფარაჯანოვისაა. პორტრეტი, სადაც მთელი ოჯახი და ჩვენი ძაღლი სკუბიც კია გამოსახული, მამუკა მიქელაძემ გვისახსოვრა. ცოტა ხნის წინ მე და ნიკუშამ ქორწინების 20 წლისთავი აღვნიშნეთ და ეს მეორე ნახატი მაშინ გვაჩუქა მამუკამ.

მისაღებში დგას დიდი შავი მაგიდა სკამებითურთ, აქვეა რეტროსტილის სამეული, კომოდი, რომელიც კიბის პრინციპითაა აწყობილი, აქვეა სასმელების კუთხე, უფრო სწორად ურიკა, სადაც სხვადასხვა ტიპის სასმელით, ჭურჭლის თარო და სკივრები.
- ეს კომოდი ერთად ვიყიდეთ და ძალიან მომწონს. ამ თაროზე ძირითადად ნაჩუქარი ჭურჭელია განლაგებული, მაგრამ ყველას ვიყნებ, გამოუყენებელი არც ერთი არაა. თუ რაიმე ტყუილად დევს, ესე იგი ნიკუშას მოტანილია და ჯერ არ გადამიგდია (იღიმის). სკივრები სავსეა სხვადასხვა არასაჭირო ნივთით. რაც შეეხება სუფრებს, ადრე ძალიან ხშირად იშლებოდა, ახლა ეტყობა, თავი აღარ გვაქვს, მხოლოდ დღესასწაულებზე ვიკრიბებით, ძირითადად ახალ წელს. მაგრამ საქმე რა არის, იცი? ჩვენთან ახალ წელს დიდი გართობა და ცეკვა-თამაში იყო, ერთხელ ცეკვის დროს ჩვენი მეგობარი ისე დაეცა, ტვინის შერყევა მიიღო. შარშან კი შევხვდით ახალ წელს და ცოტა ხანში აქეთ-იქეთ ეძინა ყველას, კარგად გამოიძინეს და წავიდნენ (იცინის). ეს სამეული, ძალიან მომწონს, სოფიკოსეულია, მისი სახლიდან გვაქვს წამოღებული.

სამზარეულო შემოსასვლელისგან დაბურული მინის კედლითააა გამოყოფილი.
- ესეც ნიკუშას იდეა იყო, მე დიდად არ მომწონს, ახლა უფრო სხვანაირად გავაკეთებდი. როცა გადმოვედით, ეს სამზარეულო მაშინ გავაკეთეთ და საკმაოდ მყარი აღმოჩნდა, კარგად გაგვიძლო. აქ ყველაზე აღვნიშნავი ჩემი ყავის აპარატია - თვითონ ფქვავს, თვითონ წურავს და უგემრიელეს ყავასაც თავად ამზადებს. ლამაზი ჭურჭელი სპეციალურად განსაკუთრებული დღეებისთვის მაქვს შეძენილი. წლების განმავლობაში მე ვიყავი მზარეულიც, მომტანიც, მიმტანიც, მაგრამ ახლა თიკო მეხმარება. სხვათა შორის, ნიკუშა ძალიან პრეტენზიული მჭამელია. ზოგადად, რბილია, კეთილშობილი, მაგრამ - პრეტენზიული.

ჰოლის გავლით საძინებელში გადავინაცვლეთ. ჩვენი ყურდღება აზიურმა ფარდამ და საწოლის გვერდით ჩამოკიდებულმა ვაჟა-ფშაველას ფოტომ მიიპყრო.
- ამ სახლში რომ გადმოვედით, გიორგი პატარა იყო, ეს ჩემი და ნიკუშას საძინებელი გახლდათ. გიორგი გამოვარდებოდა ხოლმე თავისი ოთახიდან და ჩახტებოდა ჩვენს საწოლში, აქ იძინებდა. მერე ნელ-ნელა გაიზარდა და მე გადმოვვარდი, თვითონ კი აქ ძილს მიეჩვია. მეც ვიხელთე დრო და გავიკეთე ოთახი. რაც შეეხება ფარდას, ესეც ნიკუშას იდეა და დიზაინია, ვაჟა-ფშაველას ფოტო კი მის მიმართ დიდი სიყვარულის ნიშნად დაკიდა საწოლის გვერდით ჩვენს ფოტოებთან ერთად. აქვე კედელზე გიორგის ფოტოსთან ერთად ტიმჩენკოს ნახატია, რომელიც გიორგის აჩუქეს.

ამ საძინებლის გვერდით გიორგის ოთახია, კომპიუტერით და სამუშაო კუთხითურთ. აქვეა გიტარაც.
- გიორგი უკრავს და სერიოზულადაა გატაცებულია მუსიკით. ზოგადად, რთული პერიოდი აქვს, საკმაოდ რთულ სკოლაში სწავლობს, აქვს გამოცდები, ამასთან, ძიების პროცესშია. მისგან რომ ეკონომისტი ან იურისტი არ გამოვა, ფაქტია, უფრო ხელოვნებისკენ გადაიხრება ისიც.
ციცი ომანიძე

კომენტარები

ლელა 2016-01-09 20:45
მომწონს ძალიან სადაადა რაღაცნაირად მყუდრო.ეტყობა ჩამომავლობა.არაფერი უკვირს ამქვეყნად...ყოჩაღ ნიკუშა.სოფილკოს ნამდვილი შვილი ხართ!!!!!!!
li 2015-12-22 10:57
მომეწონა, ოჯახში სიმყუდროვის და სიმშვიდის განწყობას ქმნის.
თქვენი ერთგული მკითხ 2015-12-01 01:13
აქ უფრო მეტი და კარგი ფოტოა ვიდრე ჟურნალში.
სხვა ნინო 2015-11-14 22:56
მომეწონა სახლი.
ეტყობა, რომ ხელოვანი ცხოვრობს შიგ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები