ტროპიკული ოაზისი, სპა და სატრენაჟორო დარბაზი - სახლი, რომელშიც გვინეტ პელტროუ გაიზარდა, აუქციონზე იყიდება

გვინეტ პელტროუ 1990 წლების ბოლო პერიოდის ყველაზე ცნობილი მსახიობი, ვარსკვლავია. იგი არტისტების ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. დედა, ბლაიტ დენერი "ემი"-ს და "ტონი"-ს პრემიის მფლობელი გახლდათ, მამა კი, ბრიუს პელტროუ - ტელე და კინორეჟისორი. თავად გვინეტმა თავისი კარიერა საკმაოდ ადრეულ, 17 წლის ასაკში დაიწყო. მისი დებიუტი სატელევიზიო დრამაში შედგა, რომლის რეჟისორიც მამამისი გახლდათ. ერთი წლის შემდეგ კი თეატრალურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. უნდა აღინიშნოს, რომ უილიამსთაუნის ამ თეატრალურ ფესტივალში გვინეტის დედაც იღებდა მონაწილეობას, თან რეგულარულად.



ცნობილი მსახიობის მრავალრიცხოვან ჯილდოებს შორის გახლავთ "ოსკარი",
"ოქროს გლობუსი" და "ემი". მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების გაჩენის შემდეგ გვინეტ პელტროუ ისეთი სიხშირით აღარ მონაწილეობს გადაღებებში, მისი კარიერული წინსვლა არ გაჩერებულა. აქტიურად არის დაკავებული საკუთარი ბრენდის განვითარებით. გახლავთ ესტე ლაუდერის სახე, გატაცებულია კულინარიით და რამდენიმე კულინარიული წიგნიც კი გამოსცა.


ბავშვობა გვინეტმა კალიფორნიაში გაატარა. დადიოდა პრესტიჟულ სკოლაში, სახლი კი, რომელშიც ცხოვრობდა, სულ ცოტა ხნის წინ გასაყიდად აუქციონზე გაიტანეს. უძრავი ქონება 17,5 მლნ დოლარად არის შეფასებული. ეს სახლი მსახიობის მშობლებმა 1976 წელს შეიძინეს, როდესაც გვინეტი სულ რაღაც 4 წლის გახლდათ. 2008 წელს იგი გაყიდეს.



ბოლო წლებში სახლს მასშტაბური სამუშაოები ჩაუტარდა. ის აღიჭურვა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, უახლესი ტექნიკითა და აპარატურით, მზის ბატარეებით, სარეზერვო გენერატორით, სათვალთვალო კამერებით, უსაფრთხოების სისტემითა და ელექტრონული ჭიშკრით.


უზარმაზარ სახლში არის 6 საძინებელი და 7 სველი წერტილი. მინის შესასვლელი დიდი, ბუხრით გაფორმებულ მისაღებში შედის. აქვე არის თეატრალური ოთახი და საძინებელი სტუმრებისთვის. სამზარეულო ბუნებრივი ქვით არის მოპირკეთებული და აღჭურვილია უახლესი ტექნიკით.


ზედა სართულზე საძინებლებია განთავსებული, დიასახლისის მთავარ საძინებელს კი ორი აბაზანა აქვს, დიდი გარდერობის ოთახი და აივანი ხედით აუზზე.



სახლის ტერიტორიაზე არის უზარმაზარი, ულამაზესი ბაღი, პრაქტიკულად ტროპიკული ოაზისი შადრევნებითა და დასასვენებელი ზონებით. აქვე არის აუზი და სპა ბალის სტილში.



ტერიტორიაზე არის ასევე სტუმრების სახლი საუნით, კაბინეტით და სატრენაჟორო დარბაზით. რა თქმა უნდა, არის ავტოფარეხიც სამი მანქანისთვის.


სახლი წყნარი ოკეანის სანაპიროს მახლობლად მდებარეობს, სულ რაღაც 3 კილომეტრში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები