"ერთი პატარა ოთახი გვქონდა, 3 ბიჭით ვცხოვრობდით. ეს რომ ბელგიელებმა ნახეს, გაგიჟდნენ და ეს ბინა გვიყიდეს" - გიორგი ჩაკვეტაძის დედა იხსენებს, როგორ დაიწყო მისმა შვილმა კარიერა


"ნოდარ მელაძის შაბათში" ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ვრცელი სიუჟეტი მოამზადეს. სიუჟეტში აღნიშნულია, რომ ჩაკვემ და მისმა ოჯახმა მოსკოვის გამზირზე ცხოვრება დევნილობაში დაიწყეს. მთვარისა რუხაძე, გიორგი ჩაკვეტაძის დედა იხსენებს, როგორ დაიწყო მისმა შვილმა კარიერული განვითარება:

"მშობლების გარეშე ერთი ღამე არ ჰქონდა გათენებული. 10 წლის იყო, დინამოს აკადემიაში რომ წავიდა და დარჩა, მაგრამ, დედასთან უნდოდა დაბრუნება. მწვრთნელი გივი ლომიძე იყო, რომელმაც მისი თამაში ნახა და უთხრა, ჩაკვეტაძე კი არა მესხი ხარო. კრიშტიანუ რონალდუს განსაკუთრებული ფანი იყო. ახლა კიდევ ვთხოვე, რომ იქნებ, მაისურზე
წარწერა გააკეთებინო-თქო. მაგრამ, მორიდებულად ედგა წინ..." - იხსენებს მთვარისა რუხაძე.

გიორგი ჩაკვეტაძე პირველი ფეხბურთელია, რომელმაც უეფას ერთა ლიგაზე 2018 წელს გოლი გაიტანა. ამ გოლის შემდეგ მისით არაერთი უცხოური კლუბი დაინტერესდა.

"ბელგიას სურდა, გიორგის წაყვანა. ჩამოვიდნენ, სახლში მოვიდნენ, უნდა ვნახოთ, სად ცხოვრობსო. ერთი პატარა ოთახი გვქონდა. 3 ბიჭით იქ ვცხოვრობდით. გაგიჟდნენ და გვითხრეს, ახლა წადით, მონახეთ ბინა და ჩვენ ვყიდულობთო. ეს ბინა ბელგიელებმა გვიყიდეს."- იხსენებს გიორგი ჩაკვეტაძის დედა.

მთვარისა რუხაძე აღნიშნავს იმასაც, რომ ბოლო პერიოდში შვილი სულ სხვა ამპლუაში გაიცნო და ახლა მას ბევრად უფრო ლაღსა და თავისუფალს ხედავს.

"გამიკვირდა, ვკითხე, შენ როდის იყო, მღეროდი, ცეკვავდი-თქო. საერთოდ თუ მღეროდა, არც ვიცოდი. პასუხს არ გაგცემს, იცინის, მარტო სიცილი იცის..." - ამბობს ჩაკვეს დედა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები