"რომ გადმოვედით, ეს სახლი ბოსელს ჰგავდა..." – როგორ აქციეს "ბოსელი" კომფორტულ ბინად მაღლაკელიძეებმა

ამჯერად ყველაზე მხიარულმა, პოზიტიურმა, ენერგიულმა მომღერალმა და გიტარისტმა ხვიჩა მაღლაკელიძემ უმასპინძლა "შინს". სახლშიც ისეთივე პოზიტიური აურაა შექმნილი, როგორც მისი ბინადრები არიან.

- ეს სახლი 2001 წელს ვიყიდეთ. რომ გადმოვედით, დაახლოებით საქათმესა და ბოსელს შორისი სიტუაცია იყო. წინა მაცხოვრებლებს ღრმა კვალი დაეტოვებინათ და მისი დეზინფექციისთვის რამდენიმე ტონა ერევნის ხსნარი დაგვჭირდა. თავდაპირველად გავაკეთეთ კოსმეტიკური რემონტი, რადგან ძირფესვიანი რემონტის გკეთების "ერთი ადგილი" არ მქონდა (იცინის). გავაკეთე მსუბუქი რემონტი, რომელმაც 6 წელი გაძლო. მერე უკვე ქალბატონმა ჩახვაძემ (ხვიჩას მეუღლე - ავტ.) ითავა რემონტის საკითხი.


ერთ

საიდუმლოს გაგიმხელთ, ჩემმა მეუღლემ არ იცის და თქვენგან გაიგებს, აბსოლუტურად ყველა საქმე გამომდის, მაგრამ არ ვამხელ, რადგან დაიწყება დაუსრულებელი მოთხოვნები - ონკანი გამოცვალე, სანათები დააყენე, პლინტუსი მიაჭედე და ა.შ. ჩავილაგე ჯიბეებში ხელები და ვუთხარი, კედლების შეღებვა არ ვიცი, ლურსმნის დაჭედება არ გამოდის, შპალერს ვერ გავაკრავ. დედა, მოვისვენე, არავინ არ მაწუხებს! სამაგიეროდ ჩემს ცოლს ჰქონია რემონტის გაკეთების ძალიან კარგი ნიჭი. შპაკლი მისი გაკეთებულია სამზარეულოში, გიფსოკარდონი ჩემს მეგობართან ერთად გააკრა, კედელი უფროს ვაჟთან ერთად შეღება. ხელოსნებიც დადიოდნენ, იყო პერიოდი, წელს ზემოთ შიშველი კაცები ,,დაიარებოდნენ" ჩვენს სახლში. ზოგს გაჯი შემოჰქონდა, ზოგს - ცემენტი. მისაღები ოთახი იყო ძალიან დიდი, სამზარეულოს მხარეს იყო საძინებელი, შემოსასვლელ ოთახში, კუთხის დივანი სადაც დგას, იყო საპირფარეშო. დიდი "პერესტანოვკები" გააკეთა ჩემმა მეუღლემ, ყველაფერი გადააკეთა. როცა რემონტი დაიწყო, დავკარი ფეხი და გასტროლებზე გავემგზავრე ისრაელში. დავუტოვე ფული და ვუთხარი, რაც გინდა, ის გააკეთე, მხოლოდ მეტრა მეტრაზე კუთხე დამახვედრე, რომ დავიძინო-თქო.


ერთი სიტყვით ის ოთახი ვაქციეთ სამზარეულოდ. სამზარეულო სტუდიოს ტიპის გავაკეთეთ. ვფიქრობ, ძალიან პრაქტიკულია. ქართველი კაცის ამბავი ხომ იცით, რომ შეჭამს და გასკდება, მერე იქვე უნდა მიწვეს. ამიტომ დგას ეს კუთხის დივანი აქ. ტელევიზორიც ზუსტად შენს წინ უნდა იყოს. საჭმლის კარგად გადამუშავებაში "კურიერი" დაგეხმარება, კავკასიამ ცოტა შეკრულობა იცის, თუ დიეტაზე ხარ "იმედს" უნდა უყურო და ა.შ.


- მუშების სარემონტო მასალებით მომარაგებას ვინ უზრუნველყოფდა?
- სარემონტო მასალების მოტანას, ჩემი მეუღლის ხელმძღვანელობით უზრუნველყოფდა ავტომანქანა, სახელწოდებით "დაიჰაცუ", რომელსაც მოფერებით "კონსერვის ბანკას" ვეძახით. ვერაფრით ვერ გავაფუჭე, ახლაც ეზოში აგდია. მასალების შესაძენად ჩემი მეუღლე დადიოდა. მე რომ ელიავას ბაზრობაზე გამოვჩნდებოდი, მასალა თუ ღირდა 10 ლარი, მე 25-ს მიფასებდნენ. რემონტის პროცესში ჩემს მეუღლეს დაეწყო სისუსტეები, სუნზე მგრძნობელობა, ვიფიქრე, გაჯის და ცემენტის ალერგია ექნება -თქო. თურმე პატარა ხულიგანი იყო მუცელში და სწორედ ამ გაჯიანობის და არეულობის პერიოდში გაჩნდა. როცა დაიბადა, მინდოდა გიფსოკარდონი ან პლინტუსი დამერქმია, საბოლოოდ დავარქვით ილიკო.


ერთ ოთახში გავაკეთე ჩემი კაბინეტი, სადაც ვიღებ მოსწავლეებს, აქ ხდება გიტარის შესწავლა. აქვე მაქვს გაკეთებული ხმის ჩამწერი სტუდია, რამ აღარ მომიწიოს სირბილი და ფულის ყრა სხვადასხვა სტუდიაში. ჩემი პატარა სახელმწიფო მოვაწყვე აქ, მხოლოდ ფულის ერთეული არ მომიჭრია. ყველაზე თბილად და კომფორტულად აქ ვგრძნობ თავს, ოღონდ აქედან ნუ გამიყვან.
ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა, რაც შეიძლება ბევრი სათავსო გაეკეთებინა. დავცინოდი, რად გინდა ამდენი სათავსო, ვინ უნდა დამალო შიგ-თქო? მაგრამ ახლა დამალო კი არა, ნემსიც არ ჩავარდება. დივანი და საწოლებიც კი სათავსოებიანია. ავეჯი შეუკვეთა ელიავაზე და აქ ააწყვეს. რომ მოვიდნენ, სამ დღეში ავაწყობთო, მაგრამ სამი თვე აქ იყვნენ. ისე დავახლოვდით ბიჭები, ლამის ერთმანეთის ოჯახის წევრები მოვნათლეთ. იმდენი ხანი დაჰყვეს აქ, ლუკმა აღარ გადამდის მათ გარეშე.


- თითქმის ყველა ოთახში გაქვთ რბილი სამეული ან კუთხის დივანი.
- შემოსასვლელში უმცროსმა მოიწყო "ბირჟა". ის დივანი მან დაისაკუთრა. იქ ხატავს, ძერწავს. ჩემს კაბინეტში არსებული დივანი მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. სამზარეულოშიც გვაქვს, ძალიან მოსახერხებელი და პრაქტიკულია.
რასაც აქ ხედავთ, ერთ დღეში არ გაკეთებულია. ეს პროცესი დაახლოებით 5 წელი მიმდინარეობდა. ერთიანი თანხა არ იყო, როცა ორი კაპიკი გამოგვიჩნდებოდა, მაშინ ვაკეთებდით, ამიტომ გაგრძელდა დიდხანს.


- ახლა უკვე დასრულებული სახე აქვს რემონტს. კმაყოფილი ხართ?
- ერთი რაც არ მომწონს ისაა, რომ ჩემი კაბინეტი გამჭოლი გამოვიდა. ბავშვებმა თუ ჩემი კაბინეტი არ გაიარეს, ოთახში ვერ შედიან, მოსწავლეებს კი ამ დროს გონება ეფანტებათ.


- თუ იყო ისეთი საკითხი, რის გამოც დავა და კამათი მოგდიოდათ?
- დავა გვქონდა მხოლოდ ერთ საკითხზე. თუ რომელიმე ხელოსანს ჩემი ინიციატივით მოვიყვანდი, ყველაფერს არასწორად ან უხარისხოდ აკეთებდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, აღარავინ მომეყვანა.სადაც ჩავერიე და რჩევა მივეცი, დიდი სისულელე გამოვიდა. უხმოდ, ისეთი სახით შემომხედავდა მარი, იმ სახეზე ეწერა: "შენს გიტარას მიხედე შე საცოდაო შენ".


- მარი, ამხელა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება არ გაგიჭირდათ?
მარი ჩახვაძე: - დავიწყოთ იქიდან, რომ სხვა გზა არ მქონდა. ხვიჩა ძალიან დაკავებულია. მთლიანი ოჯახის საზრუნავი ჩემს თავზე მაქვს აღებული. რემონტის იდეა და განხორციელება მე მეკუთვნის. რთული ის იყო, რომ თან აქ ვცხოვრობდით, თან რემონტის პროცესი მიმდინარეობდა. ერთ ოთახში ვიყავით შეყუჟულები, იქ ვამზადებდი სადილს, ხვიჩა მოსწავლეებს იქ იღებდა და ვიყავით დიდ ამბებში. ოროთახიანიდან გამოვიყვანე ხუთ ოთახიანი. ყველას ჩვენი პატარა კუთხე გვაქვს. ვხუმრობ ხოლმე, ჩემი ოთახის მაგივრად პატარა კარადა გამოვიდა. ინეტრენტში ვეძებდი იდეებს, ზოგი ისეთი რაღაც მომწონდა, რომ საქართველოში არ იშოვებოდა, თუ იშოვებოდა, ფასი და ხარისხი შეუსაბამო იყო. ბევრ დათმობაზე წავედი, იყო დეტალები, რაც მომწონდა, მაგრამ ვერ გავაკეთე. უფრო პრაქტიკულობაზე გავამახვილე ყურადღება, ვიდრე ვიზუალზე. ძალიან მომწონს იასამნისფერი, მინდოდა, საძინებელი ამ ფერში შემეღება, მაგრამ ხვიჩა სასტიკად ვერ იტანს ამ ფერს. გავითვალისწინე მისი სურვილი და იასამნისფერი ჩემს ოცნებად დავტოვე.


- როგორია თქვენი საოცნებო სახლი?
- ყველაფერი შედარებითია. როცა ჩამოვედით, ვცხოვრობდით ქირით, პატარა სახლში. იმის გათვალისწინებით, რომ ხვიჩა სახლში მუშაობს, მეც სახლში ვკერავ, ვთვლი, რომ ეს სახლი იდეალურია ჩვენთვის, თუმცა არ ვიტყვი, რომ მეტი არ გვინდა. ჩვენი საოცნებო სახლი ბათუმში გვაქვს. ნათელი, დიდი აივნით, სადაც ვისვენებთ, დროს სასიამოვნოდ და ნაყოფიერად ვატარებთ ერთად. თბილისის სახლი უფრო სამუშაო რიტმისთვისაა განკუთვნილი. 

სახლის და ნივთების დანარჩენი ფოტოები იხილეთ ფოტოგალერეაში.
მერი ბლიაძე

კომენტარები

ქეთი 2016-06-04 10:24
ძალიან მყუდრო და სასიამოვნო ბინაა.არ არის სისულეებით გადატვირთული, როგორც ქართველ ხელოვნებს სჩვევიათ
lali 2016-06-03 00:25
gemovnebit mocyobilia momecona,ferebis shexamebac.mshvidobashi yvelaferiiii:))
ni-nia 2016-06-02 07:00
usayvatlesi da unichieresi pirovneba,
lamazi col-shvilit!
patara -mamis kopioa!! :)))))
dalocvilebi iyavit!
Niko 2016-06-01 19:32
Mshvidoba da sixaruli dagebedot sakmaod mkudrod motskobil saxlshi.
neli 2016-06-01 16:50
miyvars gemovnebiani saxli, mshvidobashi

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები