ბებიის დანატოვარი რეცეპტებით მომზადებული სვანური სანელებლები და როგორ აყალბებენ ბაზრებში სუნელებს

სანელებლებს დიდი როლი აკისრია ქართულ სამზარეულოში. ალბათ ბევრს უფიქრია, რაოდენ დიდ ცოდნას და გამოცდილებას ფლობდნენ ჩვენი წინაპრები, როგორ ანელებდნენ კერძებს სხვადასხვა სუნელით. საბედნიეროდ, ქართულ კულინარიაში უხვად მოგვეპოვება არომატული სანელებლები. თითოეული მათგანი განსხავებული თვისებებით და არომატით გამოირჩევა. ფიქრია ზურებიანი წარმოშობით მესტიიდანაა. ბებიის დანატოვარი რეცეპტით სხვადასხვა სახეობის სუნელს ამზადებს. მოსავალი მესტიაში თავად მოჰყავს, შემდეგ საკუთარი ხელით ფქვავს და სარეალიზაციოდ ამზადებს.

- მესტიის რაიონიდან ვარ, სოფელ მულახიდან. პროფესიით ექთანი გახლავართ და იქ ვმუშაობდი. რთული პერიოდი იყო, არ იყო შესაბამისი ხელფასი, ამიტომ თბილისში წამოვედი
და ვაჭრობის სფეროში მოვსინჯე ძალები. საკუთარი მაღაზია მქონდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო დავკეტე. დავრჩი უმუშევარი, რასაც ძალიან განვიცდიდი. ჩემი დის რჩევით დავიწყე სუნელების წარმოება. სვანეთში დავთესე სხვადასხვა მცენარე. მონაწილოება მივიღე პროექტში „აწარმოე საქართველოში“ და დამაფინანსეს. მიღებული თანხით ვიყიდე საჭირო ინვენტარი. როგორც გითხარით, ყველაფერი სვანეთში მომყავს. იყვნენ ამ პროექტის წარმომადგენლები ამოსულები, გადაუღეს ფოტოები, რომ ნამდვილად იქ მომყავს და დამაფინანსეს. ტრენინგებიც გავიარე. კმაყოფილი ვარ, ძალიან დამეხმარნენ.

- სუნელების დამზადების ტექნოლოგია როგორ შეისწავლეთ?
- ეს არის სუნელების დამზადების ძირძველი, მამა-პაპური სვანური მეთოდი, რომელიც დედამ მასწავლა, მას თავისმა დედამ და ა.შ. ვაკეთებ სვანურ მარილს, ხარჩოს, ლობიოს სუნელს და სხვა მრავალს. სუნელების გარდა ვაკეთებ აჯიკებს, ტყემალს...

- ალბათ შრომატევადი საქმეა. რა დრო სჭირდება ამ ყველაფერს?
- დრო ნამდვილად სჭირდება, რადგან მარტო ვაკეთებ ყველაფერს. როცა დრო აქვს, ჩემი მეუღლეც მეხმარება.
მხოლოდ დათესვა და დაფქვა არ არის. მოსავალს არაერთხელ უნდა სარეველებისგან გაწმენდა, გათოხვნა, შემდეგ ვიღებთ თესლს. ამის შემდეგ ვჭრით და ვახმობთ. უნდა დაფშვნა, თესლი ცალკე გაუშვა, ნაყოფი - ცალკე. ის რომ გაშრება, დავფქვავ. სვანურ მარილს რა სუნელებიც სჭირდება, ასევე ნიორი, მარილი, კარგად უნდა აზილო ერთმანეთში და სვანური მარილი მზად არის. თუ ხარისხიანად და კარგად გააკეთებ ყველაფერს, რა თქმა უნდა, შრომატევადია.

- ბაზარზე მრავლად არის უხარისხო სუნელი. როგორ უნდა გაარჩიოს მომხმარებელმა ნამდვილი, ხარისხიანი სუნელი უხარისხოსგან?
- ძალიან დიდი სხვაობაა. პირველ რიგში - ფერი. ნამდვილ სუნელს მუქი ფერი აქვს. მაგალითად, ყვითელ სუნელს კვერცხის გულის მსგავსი ფერი აქვს. ხელზე რომ დაიყარო და თითი გაუსვა, თუ გაკეთებულია საღებავებით, თითი გაგიყვითლდება და კვალი დარჩება. ნამდვილ სუნელს სუნიც მძაფრი აქვს. ფასშიც დიდი სხვაობაა. კარგ სუნელს იაფად ვერ იყიდი. ჩვენი ხალხი ფასს უფრო უყურებს, ვიდრე ხარისხს. ამიტომ როგორი მოთხოვნაც არის ბაზარზე, ხარისხიც შესაბამისია. ერთ-ერთი მაღაზიის ქსელში მივიტანე და მათთვის შეფუთვა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ხარისხი. ხარისხზე არც გაუმახვილებიათ ყურადღება. სვანურ მარილს სამ ლარში აბარებენ, როცა 5-6 ლარი მარტო ნიორი ღირს. როგორ ფიქრობთ, ის ნამდვილი სვანური მარილი იქნება, ყველა ინგრედიენტით? წარმოიდგინეთ, უცხო სუნელს კაკაოს, ნიორს და მარილს ურევენ.

- კიდევ როგორ აკეთებენ უხარისხო სუნელს, რას ურევენ?
- ათასნაირი ფხვნილები იყიდება და ურევენ. ფერსაც იმით აძლევენ და გემოსაც. ისიც კი გამიგია, რომ წითელ აგურს ფხვნიან და იმის ნაფხვენსაც კი ურევენ სუნელებში, ფერისა და სიმძიმისთვის.
 
- რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მავნებელია ეს ადამიანის ორგანიზმისთვის...
- რა თქმა უნდა. მე რასაც ჩემს შვილს არ ვაჭმევ, არც სხვას ვაჭმევ. ამის გამო მე სახელს და ადამიანობას არ გავიფუჭებ. ელექტროსაფქვავი ვიყიდე და ხელით ვფქვავ ყველაფერს. ხან ღამეებს ვათენებ.

- როგორც თქვით, მოსავალი სვანეთში მოგყავთ. რთული არ არის თბილისიდან სვანეთში ყურადღების მიქცევა?
- რა თქმა უნდა, ძნელია, რადგან დიდი მანძილია. როგორც კი ბავშვს დაითხოვენ, მივდივარ და მთელ ზაფხულს იქ ვატარებ. დედაჩემი და ჩემი რძალიც მეხმარებიან. იქვე ვაშრობთ და მერე ტომრებით მოგვაქვს. ძალიან მინდა, ისეთ მაღაზიაში შევიტანო ჩემი სუნელები, სადაც შედარებით დიდი მოთხოვნა იქნება. მინდა მეტი დავთესო და მეტი გავაკეთო. მერე დამხმარეებსაც ავიყვან.

- სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით აიკრძალა ფიზიკური პირების (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა) მიერ სუნელების წარმოება. თქვენც ხომ არ შეგეხებათ ეს შეზღუდვა?
- მე არ შემეხება, რადგან ყველაფერი წესრიგში მაქვს. რა დროსაც არ უნდა შემამოწმონ, წუნს ვერ დამდებენ და ვერანაირ ხარვეზს ვერ აღმოაჩენენ.

- ისე, რამდენად მართებულად მიგაჩნიათ ეს გადაწყვეტილება?
- რაც მავნებელია ხალხისთვის, უნდა აიკრძალოს. მაღაზიებში დავდიოდი, რომ ჩემი სუნელები შემეტანა და გული მწყდებოდა. არავინ აქცენტს არ აკეთებს ხარისხზე, ყველა კითხულობს პირველ რიგში ფასს. ხარისხიანს და ნამდვილ სუნელებს დაბალი ფასი ვერ ექნება.
მინდა, ეს პრობლემა გამოსწორდეს ქართულ ბაზარზე. ხალხმა ისწავლოს ხარისხიანის და უხარისხოს გარჩევა. როცა საქმე საკვებს ეხება, იქ ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ. არაჯანსაღ საკვებს რომ ვიღებთ, სწორედ მაგიტომ მომრავლდა უამრავი დაავადება, იმატა სიმსივნის შემთხვევებმა.

- სუნელების წარმოების გარდა სხვა საქმით ხართ დაკავებული?
- ხელსაქმით ვარ დაკავებული. ვქსოვ გამაშებს, წინდებს, ქუდებს. ეს არის ჩემი ძირითადი შემოსავლის წყარო. ახლა სვანური ქუდების გაკეთება დავიწყე. მაქვს როგორც დეკორატიული ქუდები, სუვენირებად, ისე დიდი ზომის ქუდები. მომავალში თუ სუნელების წარმოება გავაფართოე, ალბათ ძირითად დროს ამ საქმიანობას დავუთმობ.
მერი ბლიაძე

კომენტარები

კოორდინატები 2019-03-24 11:38
ფიქრიას პატარა მაღაზია აქვს სადგურის მოედანზე, დინამოს სტადიონის გადასწვრივ - "სვანური სახლი".
ირმა 2018-05-12 09:11
ფიქრია,შეგიძლია მოგვწერო,სად შეგვიძლია შევიძინოთ თქვენი სუნელები? ან,როგორ რავარჩიოთ სხვა სუნელებისგან?
Eliso 2018-03-12 15:23
Qalbatono fiqria, gtxovt ,dawerot saneleblebis dasaxeleba- fasebtan ertad, shemdeg ganvsazgvravt chveni shesazlebloba tu gawvdeba tkvens produkts da dagikavshirdebit.gmadlob winaswar
Fiqria 2018-03-09 00:53
595088916. Chemi sakontaqto nomeria. Didi madloba kwelas. Sheidzinet da twiton sheafaset
Fiqria 2018-03-09 00:50
Madloba kwelas. Namdwilad natyralyria kwelaferi. Tqwen sheafaset. Chemi sakontaqto nomeria. 595088916

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები