როგორ ამზადებენ სინამდვილეში ბეწვის ქურქს და როგორ უნდა მოუაროთ ქურქებს?

ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნასთან ერთად კვლავ დაიბრუნა აქტუალობა ბეწვის ქურქების თემამ. გადავწყვიტეთ, ამ ჩვენი მკითხველისთვის ამომწურავად მიგვეწოდა ინფორმაცია იმაზე, თუ რა არის სინამდვილეში ნამდვილი და ხელოვნური ბეწვის ქურქი და როგორ უნდა მოუაროთ ან ერთს, ან მეორეს.
ნამდვილი ბეწვის ქურქები, წაულის, მელიის, წავის იქნება თუ სხვა ცხოველების, ყველაზე მეტად ცივ ქვეყნებშია პოპულარული. პირველ რიგში, რუსეთში, სადაც უკვე საუკუნეებია ქალებისა თუ მამაკაცების საყვარელი ზამთრის სამოსია ბეწვის ქურქი, ქუდი და ა.შ. ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ მთელ მსოფლიოში იმაზე, რომ ნამდვილი ბეწვის ქურქის

ტარება დანაშაულია, რადგან ქურქისთვის ბეწვის მოსაპოვებლად ცხოველებს მასიურად ხოცავენ და თანაც, მოკვლისა თუ მათგან ბეწვის მიღების მეთოდებიც ხშირად სასტიკი და დაუჯერებელიც კია.


მაგალითად, ერთი ქურქის მისაღებად საჭიროა 100-500 მელიის მოკვლა, 50 წაულის და ა.შ. ბეწვის მოსაპოვებლად კი ცხოველები სპეციალურ ფერმებში ჰყავთ და სხვადასხვა მეთოდით ხოცავენ.

ჯერ კარგად კვებავენ, რომ მალე გაიზარდოს და ბეწვი შედარებით დიდი ზომის იყოს, მერე კი ინიექციას უკეთებენ – აძინებენ, რომ გული გაუჩერდეს ან თავში ურტყამენ და არეტიანებენ.

ორივე შემთხვევაში ცხოველი არ არის ბოლომდე მკვდარი და გრძნობს ყველა იმ ტკივილს, რასაც შემდეგ აყენებენ ბეწვის მოსაცლელად – გასატყავებლად. პრაქტიკულად, მათ ცოცხლად ატყავებენ, რადგან ასე მიღებული ბეწვი გაცილებით რბილი და ნაზი ყოფილა (!).

ასევე იყენებენ ელექტროდენს – ცხოველს დენს ურტყამენ და ასე თიშავენ და ა.შ. მეთოდებზე საუბარი შორს წაგვიყვანს და არც არის სასიამოვნო. მთავარია, რომ ეს სასტიკი მეთოდებია და არაფრად არ უღირს თანამედროვე და კულტურულ ადამიანს ამგვარი მეთოდებით მიღებული ქურქის ტარება, მით უმეტეს, როდესაც არსებობს ალტერნატივა ხელოვნური ბეწვის სახით და საკმაოდ მოდურადაც მიიჩნევა ხელოვნური ბეწვი.


როგორ უნდა შეინახოთ
თუ მაინც გაქვთ ნამდვილი ბეწვის ქურქი და თქვენზე ნაკლებად მოქმედებს ზემოთქმული, ან უბრალოდ გენანებათ გადაგდება და გინდათ შეინახოთ, გეტყვით, როგორ უნდა მოუაროთ და როგორ უნდა გაწმინდოთ:
კარადაში ბეწვის შენახვამდე სამხრეებიანი საკიდით მზეზე უნდა გაანიავოთ, გახსნათ ყველა ღილი, ელვა ან კაუჭი, რათა ბეწვმა ნაკეცი არ გაიკეთოს. თუ ეს მოხდა, ნაკეცი ცივ წყალში დასველებული ღრუბლის საშუალებით უნდა დაამუშაოთ და გააშროთ ნიავზე.


ქურქი უნდა შევინახოთ დაკეტილ კარადაში სამხრეებიანი საკიდით ბიაზის ან ტილოს შალითაში (პოლიეთილენი ჰაერს არ ატარებს). შალითის ბოლოში, ან უშუალოდ ქურქის ჯიბეში უნდა მოათავსოთ ჩრჩილის საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც ოთხ თვეში ერთხელ უნდა გამოცვალოთ.
დრო და დრო მაინც უნდა გაანიავოთ – 3-4 თვეში ერთხელ.
სამხრეების ზომა ქურქის მხრების ზომას უნდა შეესაბამებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის გამოიწვევს სახელოების დეფორმაციას (ეს ეხება ყოველდღიური შენახვასაც). ადრე ქურქს არ კიდებდნენ, კოხტად კეცავდნენ და ახვევდნენ ტილოში.
ქურქის გასაწმენდად შეიძლება გამოიყენით ხორბლის ან ჭვავის ქატო. ჩაყაროთ ქატო ქვაბში და გააცხელოთ 60 გრადუსამდე, ამ მასით უნდა გაწმინდოთ ბეწვი, გაფერთხოთ და გაანიავოთ. თეთრი ფერის ბეწვი კარგად იწმინდება კარტოფილის ფქვილით ან მანანის ბურღულით. ზედმეტად გაჭუჭყიანებული ქურქის გასაწმენდად კარტოფილის ფქვილი უნდა გაიხსნას ბენზინში და ასეთი ფაფით გაიწმინდოს, გაშრეს, გაიფერთხოს და დაივარცხნოს.
გაყვითლებული ბეწვი პერიოდულად შეიძლება გამოთეთრდეს წყალბადის ზეჟანგის და ნიშადურის სპირტის ხსნარით. ცხიმიანი საყელო იწმინდება ბენზინში გახსნილი სარეცხი ფხვნილით, ბოლოს კი მარტო ბენზინით.

რაც შეეხება ხელოვნური ბეწვის ქურქის მოვლას:
თუ არ გაქვთ ქიმწმენდის დრო და ნერვები, სახლის პირობებში დაიცავით ეს წესები.
პირველ რიგში, ხელოვნურ ბეწვს არ უყვარს რეცხვა. შეიძლება, დაპატარავდეს, ფორმა შეიცვალოს და გაფუჭდეს კიდეც. ასეთი ბეწვი სასურველია მხოლოდ გაიწმინდოს.
თუ ბეწვის ხზედაპირიდან ლაქის მოცილება გინდათ, უნდა შეურიოთ თანაბრად სახამებელი, ჭურჭლის სარეცხი საშუალება და სარეცხი ფხვნილი. ფაფისებური მასა საჭირო ადგილზე მოათავსეთ და გაშრობამდე დატოვეთ. მერე კი ჯაგრისით გაწმინდეთ.


ცხიმიანი ლაქების მოსაშორებლად კარგია ბენზინი. ხელსახოცი ან სუფთა ნაჭერი დაასველეთ ბენზინში და ფრთხულად გაწმინდეთ ლაქა. წინასწარ შეამოწმეთ შეუმჩნეველ ადგილზე, ბენზინი საღებავსაც ხომ არ მოაცილებს თქვენი ნივთიდან.

კომენტარები

სალომე 2023-01-05 23:55
ნატურალური ბეწვი მაქვს და დაეწყო ცვენა ? რამე მირჩიეთ რა გთხოვთ .
მიდორი 2022-05-20 12:18
"როგორ უნდა შეინახოთ" - იმ შესავლის მერე ეს თავი როგორ მოახერხეთ.
თეა 2020-05-01 17:44
მაქვს ნატურალური ქურქი, რომელმაც დაიწყო ცვენა. შეგიძლიათ მირჩიოთ რამე? მადლობა.
ირმა 2020-02-29 23:42
ნატურალური ბეწვი მაქვს დაიწყო ცვენა როგორ მოვიქცე მირჩიეთ
ნაზი 2020-01-07 18:10
და...ნატურალური ტყავის ფეხსაცმელზე რა აზრის ხართ?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები