ვიყიდოთ თუ არა ჭურჭლის მანქანა და ვის სჭირდება ან არ სჭირდება ის



სოციალურ ქსელში დიასახლისები ხშირად სვამენ კითხვას, “მირჩევთ თუ არა ჭურჭლის მანქანის შეძენას?” პასუხები ხშირად ურთიერთგამომირცხავია. ზოგი ამბობს, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, ზოგი კი გეტყვით, რომ ეს მანქანა ზედმეტი ბარგია სამზარეულოში. სამწუხაროდ, სანამ არ იყიდით, ყველა კითხვაზე პასუხი არ გექნებათ. ამიტომ ვეცდებით, წინასწარ გაგარკვიოთ, გიღირთ თუ არა მისი ყიდვა, ვისთვის არის ის ძალიან საჭირო ნივთი და ვის შეიძლება ზედმეტი მოეჩვენოს მისი არსებობა სამზარეულოში?

ვის არ სჭირდება ჭურჭლის მანქანა?
  1. თუ ამ დრომდე პროტესტი არ გაგჩენიათ, რომ ჭურჭლის რეცხვაში ბევრი დრო
    და ენერგია გეხარჯებათ, რომელსაც უფრო სასარგებლოდ გამოიყენებდით, მაშინ ამ მანქანისთვის ხარჯის გაღება არ გიღირთ. ის იმ ადამიანებს სჭირდებათ, ვისთვისაც ჭურჭლის რეცხვა უკვე დამღლელი და შემაწუხებელია და ისედაც ცოტა დროის მნიშვნელოვან ნაწილს ართმევს.
  2. ასევე იოლად გადაიტანთ ჭურჭლის მანქანის არქონას, თუ ოჯახი ძირითადად გარეთ იკვებება და გასარეცხი ჭურჭელი ფიზიკურად არ გროვდება.
  3. თუ ფიქრობთ, რომ ჭურჭლის რეცხვის რუტინას მშვენივრად უმკლავდებით და თქვენთვის ის დამღლელი მოვალეობა არ არის, გაქვთ ამის დროც და ენერგიაც, ნამდვილად ჯობია ჭურჭლის მანქანაში გადასახდელი, არც თუ უმნიშვნელო თანხა სხვა რამეში გამოიყენოთ.
  4. თუ ფიქრობთ, რომ მხოლოდ თქვენი ხელით დარეცხილი ჭურჭელია თქვენთვის საიმედო და მუდმივად ეჭვის თვალით უნდა უყუროთ მანქანიდან გამოღებულ ჭურჭელს, ამ შემთხვევაშიც ალბათ ჯობს, რომ ზედმეტი სანერვიულო არ გაიჩინოთ და მანქანაზე უარი თქვათ.
  5. ეს მანქანა იაფი საოჯახო ტექნიკის რიცხვს ნამდვილად არ მიეკუთვნება. საკმაოდ ძვირი ღირს და სამზარეულოშიც დიდ ადგილს იკავებს, ამიტომ მისი „ყოველი შემთხვევისთვის“ ყიდვა ნამდვილად გაუმართლებელია. ის უნდა შეიძინონ მხოლოდ იმ ადამიანებმა, ვისაც ჭურჭლის რეცხვაში დახმარება და საოჯახო საქმეებისთვის დროის შემცირება სჭირდება.
  6. "4 სული ვართ და მირჩევნია 4 თეფში ხელით გავრეცხო" - თუ მართლაც ახერხებთ, რომ ოთხსულიანი ოჯახო მხოლოდ 4 თეფშს სვრით და ტაფები, ქვაბები, ფიალები, ჭიქები და სხვა ინვენტარი არ გესვრებათ, ჭურჭლის მანქანაში ფული არ უნდა გადაყაროთ.

როდის უნდა შეიძინოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა
  • როცა საოჯახო საქმეები ბევრ დროს და ენერგიას გართმევთ და ამ ყველაფერს ჭურჭლის რუტინა მთლიანად გამოაკლდება, საკმაოდ დიდ შვებას იგრძნობთ. ჭურჭელი ხომ მარტო ჭამის დროს არ გროვდება. საკვების მომზადებაც ჭურჭლის დასვრას იწვევს. ამიტომ, როცა ეს პრობლემა მოხსნილი გექნებათ, უფრო ბევრი კერძის მომზადებასაც შეძლებთ და ენერგიაც დაგეზოგებათ.
  • ზოგჯერ აწუხებთ კითხვა, რამდენად კარგად რეცხავს? დალბობის რეჟიმის წყალობით, საკმაოდ დასვრილი და ნარჩენებმიკური ქვაბები და ტაფებიც კი ძალიან კარგად ირეცხება. აღარფერს ვამბობთ თეფშებსა და ჭიქებზე, რომლებიც მართლაც იდეალურად სუფთავდება. თანაც გაითვალისწინეთ, რომ ისეთ ცხელ წყალში რეცხავს, რომელშიც თქვენ, ფიზიკურად ხელს ვერ შეჰყოფთ. არც ბაქტერიებით სავსე ღრუბელი გჭირდებათ და ვერც იმდენ დროს დაუთმობთ ჭურჭლის გავლებას, რამდენსაც მანქანა. ამიტომ მანქანაში გარეცხილი ჭურჭელი საუკეთესოდ გავლებულიცაა. 
  • მოხერხებულია შრობისთვისც - 5 წუთით რომ გამოაღოთ კარი რეცხვის დამთავრებისთანავე, ჭურჭელი ბოლომდე მშრალიც დაგხვდებათ, თუნდაც შრობის რეჟიმი არ ჰქონდეს მანქანას (ზოგ მოდელს შრობის რეჟიმიც აქვს).
  • სამაგიეროდ გაითვალისწინეთ, რომ მანქანა რეცხავს, მაგრამ არ ხეხავს. იმ დონეზე მიმწვარი საკვები, რომელსაც დალბობის შემდეგაც კი მავთულით ხეხვა დასჭირდება, ბოლომდე ვერ მოშორდება. სამაგიეროდ მივა იმ კონდიციამდე, რომ მის მოსაშორებლად ღრუბლის ერთი მოსმაც საკმარისი იქნება. ანუ თქვენი შრომა მაინც მნიშვნელოვნად დაიზოგება.
  • არ არის საჭირო ჭურჭლის წინასწარ გასუფთავება ნარჩენებისგან. მანქანას თავად აქვს ფილტრიც და ნარჩენების გადასამუშავებელი მოწყობილობებიც. ზუსტად ისეთი თეფშები უნდა ჩააწყოთ, როგორებსაც ნიჟარაში რეცხავთ. ძვლებს და ხელსახოცებს ხომ არც ნიჟარაში აყოლებთ?
  • როცა ტაფებს და ქვაბებს სისტემატურად მანქანაში რეცხავთ, დაცული იქნებით ყურებთან და ფსკერის ირგვლივ ლაქების გაჩენისგან და გარედან ხეხვის საჭიროება აღარ გექნებათ. ჭურჭელი არ იკეთებს ცხიმის ყავისფერ / შავ ზოლებს ქვაბის სახელურებთან ან თავსახურის ირგვლივ.. არ მუქდება ჭიქის შიდა ნაწილი ან სახელურები. ყველა კუთხე კუნჭულს რეცხავს, სადაც რკინის სახეხები და ხელები არ გვეტევა.
  • იდეალურად რეცხავს ქილებს, ბოთლებს, თავსახურებს. კონსერვების სეზონისთვის უკეთეს დამხმარეს ვერ იშოვით. 

უსიამოვნებები
ცუდად გარეცხილი ჭურჭელი შეიძლება დაგხვდეტ იმ შემთხვევაში, თუ ნივთები არასწორად ჩააწყვეთ და წყლის ჭავლის მოძრაობას ხელი შეუშალეთ. მაგალითად, თაროებს ზევით-ქვევით აქვს ვენტილატორის მსგავსი ფრთები, რომლებიც წყლის სწორ განაწილებას უზრუნველყოფს. თუ რომელიმე ნივთმა ეს ფრთა გაჭედა, წყალი ვეღარ იმოძრავებს და რეცხვაც შეფერხდება. ამიტომ ჩართვამდე თითი გაჰკარით ვენტილატორის ფრთას, რათა დარწმუნდეთ, რომ წინ არაფერი ეღობება. მალე მიხვდებით, როგორი განლებით ჯობს ჭურჭლის ჩაწყობა და ფრთის შემოწმება აღარ მოგიწევთ.
ალუმინის ქვაბები მხოლოდ სწრაფი რეცხვის რეჟიმებზე გარეცხეთ, წყალში ხანგრძლივი დაყოვნება, როგორც იცით, ალუმინს აშავებს.

კომენტარები

რუსკა 2022-11-01 16:23
დამარწმუნეთ, რომ უნდა შევიძინო
მარიანა 2022-10-20 11:42
საინტერესო იყო და პრაქკტიკული რჩევა მივიღე , მადლობა .

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები