სამზარეულო სახლის ის ადგილია, რომელიც, პირველ რიგში, პრაქტიკული და კომფორტული უნდა იყოს და მხოლოდ ამის შემდეგ, ლამაზი. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომელმა ნივთმა შეიძლება შეგვიშალოს ხელი და გადაგვიტვირთოს სივრცე.
წვრილმანი დეკორი
ინტერიერის ფოტოების დათვალიერების შემდეგ ბევრ დიასახლისს უჩნდება სურვილი საკუთარი სამზარეულო მრავალი ლამაზი დეტალით გაალამაზოს, მაგალითად პატარ-პატარა, ლამაზი, თუმცა უსარგებლო ნივთებით, სხვადასხვა ზომის კალათებით, არაპრაქტიკული ჭურჭლით და ა.შ.
არადა, დავიწყოთ იმით, რომ რაც უფრო მეტი ნივთია სამზარეულოში, მით ნაკლები თავისუფალი სივრცე რჩება სამუშაო ზონისთვის. გარდა ამისა, ამ წვრილმან ნივთებზე ყოველდღიურად უამრავი
აგური
ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა ლოფტის სტილი ინტერიერში, რაც, უდავოდ, ლამაზია, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მის პრაქტიკულობაზე თავს ვერ დავდებთ. მაგალითად აგურის ე.წ. წინსაფარი სამზარეულოში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ეფექტურად გამოიყურება, ნამდვილად არაპრაქტიკულია, მისი გაწმენდა არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, ამ მხრივ პრიალა ზედაპირი ბევრად მოსახერხებელია.
სარკის ე.წ. წინსაფარი
იმავეს თქმა შეგვიძლია სარკიან კედელზე, რომელიც სივრცეს აფართოებს, თუმცა რეგულარულ წმენდას მოითხოვს და შეიძლება ითქვას, რომ საქმეს არასოდეს გამოგილევთ.
სკამები ქსოვილის ზედაპირით
გეთანხმებით შალითიანი სკამი ლამაზი, ელეგანტური, დახვეწილია, თუმცა... აბსოლუტურად არაპრაქტიკული. მიუხედავად მწარმოებლის მიერ გაკეთებული წარწერისა იმის თაობაზე, რომ შალითა უმარტივესი მოსავლელია, ადვილად ირეცხება და არ ჭუჭყიანდება, საქმის არსი არ იცვლება, ასეთი სკამები არაპრაქტიკულია. ასეთი სკამები შეგიძლიათ იქონიოთ მისაღებ სასადილო ოთახებში, ოღონდ არა სამზარეულოში, სადაც შალითის ქსოვილი აუცილებლად გაიჟღინთება სუნებით და დალაქავდება სხვადასხვა სახის სოუსითა თუ ცხიმით.
მასიური ჭაღი
დიდი ზომის ჭაღს სამზარეულოში ერთდროულად რამდენიმე მინუსი აქვს: ერთი, რომ თუ სამზარეულო შეზღუდული გაბარიტების არის, ის აუცილებლად დააპატარავებს ისედაც პატარა სივრცეს და მეორე, განათების მხოლოდ ერთი` წყარო აუცილებლად შეგიქმნით კომფორტული განათების პრობლემას. სწორედ ამ მიზეზთა გამო დიზაინერები გვირჩევენ სამზარეულოში განათების რამდენიმე წყაროს ქონას.
გრძელი ფარდა
ფარდა სამზარეულოში სადავო თემაა. ზოგისთვის ეს აქსესუარი პრინციპულად მნიშვნელოვანია, ზოგს კი საერთოდ არ ადარდებს, იქნება თუ არა სამზარეულოს ფანჯარაზე ფარდა. პროფესიონალები კი ამ საკითხს შემდეგნაირად უდგებიან, მართალია, ფარდა სივრცეს სიმყუდროვეს სძენს და მზის სხივებისგანაც გვიფარავს, თუმცა გრძელი და მასიური ფარდა მხოლოდ გვირთულებს ცხოვრებას, ის ხშირად უნდა გაირეცხოს, რადგან სამზარეულოში ქსოვილი ბევრად სწრაფად ჭუჭყიანდება და ცხიმიანდება, რაც შეეხება მოკლე ფარდას, რომაულ სტილს ან ჟალუზებს, ის ბევრად მოსახერხებელი და მისაღებია სახლის ამ ზონისთვის.
პრიალა ზედაპირი
პატარა ზომის სამზარეულოს დიასახლისებს ძალიან მოსწონთ პრიალა ზედაპირები გამომდინარე იქიდან, რომ ის სივრცეს უფრო დიდს აჩენს, თუმცა ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ასეთი ზედაპირი ადვილი მოსავლელია. მას თითის ყველა ანაბეჭდი ეტყობა და ყოველწუთიერ წმენდას საჭიროებს, ამ მხრივ გლუვი ფასადი ბევრად პრაქტიკული და მისაღებია.