სახლის დალაგება 15 წუთში: დასუფთავების სპეციალური მეთოდი, რომელიც ყველაზე მოუცლელ დიასახლისსაც მოეწონება


საოჯახო საქმეები დამქანცველი მოვალეობაა, რომელსაც საკმაოდ დიდ დრო მიაქვს, თუმცა, არსებობს ტექნიკა, რომელსაც შეუძლია დასუფთავების დრო დღეში თხუთმეტ წუთამდე შეამციროს. ეს გახლავთ ფლაი ლეიდის ტექნოლოგია, რომელმაც მრავალი ადამიანის ცხოვრება შეცვალა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
დამეთანხმებით, სახლის დალაგებისთვის დროის გამონახვა ყოველთვის გვიჭირს. როდესაც დიასახლისი წარმოიდგენს, რომ უნდა დაახარისხოს ტანსაცმელი საგარდერობეში, დააწკრიალოს კარადები, დაალაგოთ ნივთები, მაშინვე უჩნდება სურვილი, ყველაფერი სხვა დროისთვის გადადოს. თუ არ გინდათ, რომ მთელი შაბათ-კვირა  სახლის დალაგებას დაუთმოთ და ამაზე ფიქრმა დაგთრგუნოთ, ყურადღება მიაქციეთ ფლაი ლეიდის მეთოდს, რომელიც ჯერ კიდევ
1999 წელს ამერიკელმა მარლა სელიმ გამოიგონა. ამ მეთოდით დალაგების თავისებურება ის არის, რომ სახლის დასალაგებლად დღეში მხოლოდ 15 წუთი დაგჭირდებათ.
აღნიშნული ტექნიკის მთავარი პრინციპი ის გახლავთ, რომ დალაგების პროცესი არ უნდა იყოს ნაჩქარევი და სტრესული. თუ დალაგების პროცესს დაყოფთ მცირე, ყოველდღიურ დავალებებად, ის აღარ მოგეჩვენებათ რთულად და აუტანლად, მაგალითად, შეგიძლიათ დაიწყოთ ნიჟარის გაწმენდით, რასაც 15 წუთზე მეტი არ დასჭირდება და გექნებათ მოტივაცია, რომ სხვა ადგილიც დაალაგოთ.

ეფექტურად გაწმენდისთვის, დაყავით თქვენი სახლი ხუთ განსხვავებულ ზონად. თვის პირველი კვირა პირველ ზონას დაუთმეთ და ამისთვის დღეში 15 წუთი გამოყავით. შემდეგ გადადით მეორე ზონაში - სამზარეულოში და ასევე დაუთმეთ მას მთელი კვირა. მესამე ზონა არის აბაზანა. ზონა მეოთხე არის თქვენი საძინებელი. და ბოლოს, მეხუთე ზონა - მისაღები ოთახი. მნიშვნელოვანია არ დაგავიწყდეთ, რომ თითოეულ ზონას დღეში მხოლოდ 15 წუთი დაუთმოთ.

ასევე, კვირაში ერთხელ შეეცადეთ გამოყოთ 45 წუთი ზოგადი დასუფთავებისთვის, ეს შეიძლება მოიცავდეს თეთრეულის გამოცვლას, იატაკის რეცხვას და სველ წმენდას. ეცადეთ გამოიყენოთ ეფექტური საწმენდი საშუალებები, რათა პროცესი მაქსიმალურად გაიმარტივოთ.
ამ ტექნიკის ძირითადი პრინციპები
გაღვიძებისთანავე გაასწორეთ საწოლი, მიიღეთ შხაპი და შემდეგ დაასუფთავეთ აბაზანა ან საშხაპე, რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ დრო. ყველაზე სწრაფი გზაა ყველაფრის გაწმენდა ნესტიანი ქსოვილით, რომელიც შეიცავს წყალბადის ზეჟანგს და შესანიშნავად ასუფთავებს ნებისმიერ ზედაპირს. ეს ბევრად უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ქიმიკატების გამოყენება. როგორც კი დაასრულებთ აბაზანის დასუფთავებას, ჩართეთ სარეცხის მაქნანა. შემდეგ შედით სამზარეულოში და თუ მას დასუფთავება არ სჭირდება, გარეცხეთ ჭურჭელი, მოამზადეთ საუზმე და ისიამოვნეთ დილის საათებით.
ძილის წინ მორეცხეთ სამზარეულოს ნიჟარა, ფლაი ლედის მეთოდის მიხედვით, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია! ტექნიკის ავტორის აზრით, ეს ადგილი შეიძლება გახდეს ამოსავალი წერტილი წესრიგისა და კომფორტის გასავრცელებლად მთელ ბინაში. სამზარეულოსა და ნიჟარაში სისუფთავისა და ჰიგიენის უზრუნველსაყოფად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეცვალოთ ღრუბელი კვირაში ერთხელ. შეადგინეთ მომდევნო დღისთვის გასაკეთებელი სქმეების სია და აუცილებლად დაუთმეთ დრო საკუთარ თავს.
დაალაგეთ სახლის ის ადგილები, რომლებსაც ყოველდღიური "ზედამხედველობა" სჭირდებათ. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს თქვენი სამუშაო ადგილი, თუ ამას ყოველდღიურად გააკეთებთ, ამისთვის ხუთი წუთი საკმარისი იქნება, სამაგიეროდ არ მოგიწევთ შაბათ-კვირას საათების დახარჯვა არეულობის მოსაგვარებლად. აწარმოეთ დღიური ყოველკვირეული გეგმებისა და რუტინული სამუშაოების ჩასაწერად. იქვე ჩაწერეთ ხოლმე შესაძენი პროდუქტების სია და კვირის მენიუ. გადახედეთ თქვენს შენიშვნებს ყოველ ღამე და შეადგინეთ მომდევნო დღის სია.


სახლის დალაგება სასიამოვნო და საყვარელი პროცესი ალბათ, არავისთვის არის, მაგრამ თუ ამ პროცესს უფრო შეგნებულად მიუდგეთ და ისწავლით საყოფაცხოვრებო საქმეების გადანაწილებას, რუტინა აღარ მოგეჩვენებათ დამღლელად და გექნებათ დამატებითი დრო საკუთარი თავისა და საყვარელი ადამიანებისთვის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები