მინის კაბინა აბაზანაში - რა უპირატესობა და ნაკლი აქვს?

ალბათ ძალიან ბევრ თქვენგანს აინტერესებს, რატომ ანიჭებენ დიზაინერები უპირატესობას აბაზანაში მინის კაბინას და არა ტექსტილის ფარდას? რა უპირატესობა აქვს მინას და რა ნაკლოვანებები?


მინის ტიხარი აბაზანაში ტექსტილის რბილი ფარდის თანამედროვე ალტერნატივაა. ფუნქცია იდენტური აქვს - იცავს ოთახს დასველებისგან, შხეფებისგან, ასევე ახდენს სივრცის ზონირებას.

მინის ტიხარს, როგორც წესი, 5-6 მმ სისქის გამოწრთობილი შუშისგან აკეთებენ. კარკასი არის ლითონის, ძირითადად - ალუმინის. შუშას აქვს ჭუჭყსაწინააღმდეგო საფარი, რაც ხელს უწყობს მის სუფთად შენარჩუნებას.

იაფი მოდელებისთვის შუშის ნაცვლად პლასტიკატი გამოიყენება. ისიც წყალგაუმტარია, თუმცა იერსახეს სწრაფად
კარგავს. გარდა ამისა, პლასტმასი ბევრად რთული მოსავლელია, ექსპლუატაციის პროცესში ძალიან მალე იცვლის ფერს.
მინის ტიხარი სულ უფრო ხშირად გვხვდება თანამედროვე ინტერიერში. რატომ ირჩევენ დიზაინის ამ ელემენტს?
დავიწყოთ იმით, რომ ის არის უნივერსალური და შესაძლოა მოერგოს ძალიან ბევრ სტილს, როგორც კონსერვატიულს, ისე მინიმალისტურს და ა.შ. ტექსტილისგან განსხვავებით, შუშის ზედაპირზე არ გროვდება ბევრი ბაქტერია. ხშირად შუშა სპეციალური ანტიბაქტერიული საშუალებითაც კი არის დაფარული. ტექსტილის ფარდისგან განსხვავებით, მინა არ საჭიროებს ხშირად ცვლას და არის საკმაოდ გრძელვადიანი მოხმარების საგანი. არც პირვანდელ იერსახეს კარგავს. ერგება თითქმის ყველა სახის კონსტრუქციას, როგორც აბაზანას, ისე საშხაპეს და ა.შ. გამოიყურება დახვეწილად და არ ტვირთავს სივრცეს.


რაც შეეხება შუშის უარყოფით მხარეებს, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მისი ჩამორეცხვა არც ისე ადვილია.
არც ისე იაფი ღირს, როგორც ტექსტილის ფარდა. საჭიროებს ხშირ წმენდას, რამეთუ მინის ზედაპირს ყველა წვეთი ეტყობა. იმისათვის, რომ მინას შეუნარჩუნდეს ესთეტიკური იერსახე და არ დაგროვდეს ნადები, სისტემატურად უნდა გაიხეხოს.
არც მისი დამონტაჟებაა ადვილი საქმე, ამას დამატებითი, საკმაოდ სოლიდური თანხები სჭირდება.
რაც შეეხება ტიპს, არსებობს სხვადასხვა ტიპის ტიხრები, რომელიც ერთმანეთისგან ძირითადად მექანიზმით განსხვავდება.

სტაციონარული გახლავთ ყველაზე მარტივი ტიპი ყოველგვარი მექანიზმის გარეშე. ის ერთ მდგომარეობაში ფიქსირდება.
გასაწევი ტიპი გულისხმობს გასაწევ მექანიზმს, ის, როგორც წესი, მთელ აბაზანას ფარავს. 

კომპაქტური ტიპის აბაზანისთვის გამოდგება დასაკეცი ტიხარი, რომელსაც ხშირად ადგილის დაზოგვის მიზნით იყენებენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაზე რთული მექანიზმია და ყველაზე ხშირად ზიანდება.
რაც შეეხება მონტაჟს, ზოგი პირდაპირ აბაზანაზე მონტაჟდება, ზოგი კი იატაკზე. კუთხეები ჰერმეტულად მუშავდება, რათა წყალმა არ გამოჟონოს. ფორმის მიხედვით შეიძლება იყოს ერთი მთლიანი კონსტრუქცია, კუთხის, მომრგვალოც კი.
სტრუქტურის მიხედვით კი შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც გამჭვირვალე, ისე დაბურული. ასევე შესაძლოა ჰქონდეს რაიმე ნახატი ან პრინტი, რომელიც ინტერიერში აქცენტის როლს ასრულებს.

საინტერესოა რამდენიმე დეტალი, რომელიც ტიხრის შერჩევის დროს უნდა გაითვალისწინოთ. უმჯობესია ჯერ კიდევ რემონტის დროს ჩამოყალიბდეთ, როგორი ტიხრის გაკეთება გსურთ, რადგან, თუ მინის ტიხარს ანიჭებთ უპირატესობას, კედელზე მის დასამონტაჟებლად ადგილი უნდა დატოვოთ.

იმაშიც უნდა დარწმუნდეთ, რომ თავად კედელი მოგცემთ იმის საშუალებას, ზედ კონსტრუქცია დაამაგროთ. თუ კედელი თაბაშირმუყაოთია მოპირკეთებული, ამის გაკეთება არ გამოგივათ.
აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ სივრცე, რის საშუალებას მოგცემთ ის. თუ გასაღები მექანიზმი უნდა გაკეთდეს, აუცილებლად დაგჭირდებათ შესაბამის ადგილი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები