ზაფხულში უამრავი ახალგაზრდა ტურისტული მიზნებით მთისკენ მიემართება. მთის გზები კი, მოგეხსენებათ, ვიწრო, რთულად სავალი და გაუმართავია. ამიტომ არაერთი ახალგაზრდის დაღუპვის მიზეზი გამხდარა. მაგალითისთვის ცნობილი პოეტის, გელა დაიაურის ცოლ-შვილის გარდაცვალებაც კმარა.
თუშეთში, სოფელ ბოჭორნასთან 24 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 22 წლის გიორგი ჯიჯურიძე დაიღუპა. "ტოიოტას" მარკის ჯიპი საავტომობილო გზიდან დაახლოებით 300–350 მეტრის სიღრმეზე ხრამში გადავარდა. ახლობლების ინფორმაციით, მძღოლი ავტომობილს ნასვამი მართავდა. ის ათნიგენობიდან, რომელსაც გომეწრის ხეობაში აღნიშნავდნენ, შენაქოში, სახლში ბრუნდებოდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით დღის 12:00 საათისთვის მოხდა. ავტომობილის ხრამში გადავარდნა
"ადგილზე მეც მალევე მივედი. ახალგაზრდას სიცოცხლის ნიშან–წყალი აღარ ეტყობოდა. ცხედარიც ძალიან იყო დაზიანებული. სამწუხაროდ, თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითადი გამომწვევი მიზეზი ის არის, რომ მძღოლები ავტომობილებს ნასვამები მართავენ. თან ვიწრო, საშიში და გაუმართავი გზებია ისედაც", – უთხრა "მთის ამბებს" თუშეთის ექიმმა ირაკლი ხვედაგურიძემ.
სოფელ ქვემო ალვანში ახმეტის გამგებლის წარმომადგენელი გიორგი გოგოთიძე 2016 წლის 12 სექტემბერს მომხდარ შემთხვევას იხსენებს. გვიან ღამით, თუშეთში, სოფელ დართლოდან ჭეშოსკენ მიმავალი გზიდან "მიცუბიში პაჯეროს" მარკის ავტომობილი მდინარე ალაზანში გადავარდა. შემთხვევის შედეგად 21 წლის თემურ გოგოთიძე ადგილზე დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაშავდა. ავტომობილს ამჯერადაც ნასვამი მძღოლი მართავდა.
2014 წლის სექტემბერში, თუშეთის გზაზე, ე.წ. "ბოთლის წყალთან", ხევში მანქანის გადავარდნის შედეგად ოთხივე მგზავრი დაიღუპა: 21 წლის თემო ბუღრიძე, 38 წლის ბესიკ კიტოშვილი, 39 წლის თევდორე ბუღრიძე და 40 წლის რამაზ აშაძე. მძღოლი ამ შემთხვევაშიც ნასვამი იყო.
თუშეთში მდებარე საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები არაერთ შემთხვევას იხსენებენ, როცა ტურისტებს უკმაყოფილება გამოუთქვამთ თუშეთის გზებზე მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევასთან დაკავშირებით. რამდენიმე სასტუმროს მენეჯერის თქმით, ისეთი შემთხვევებიც იყო, როდესაც შეშინებულმა ტურისტებმა თუშეთში მოგზაურობა შეწყვიტეს და ბარში დაბრუნდნენ.
განაგრძეთ კითხვა