სვანეთში ცეცხლის ლიკვიდირებას მეხანძრეები მეოთხე დღეა ვერ ახერხებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით 100 ჰექტარზეა გავრცელებული. სულ 140-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს ცეცხლის ჩასაქრობად. ხანძარია რაჭაშიც და ამ დრომდე, ვერც იქ ხერხდება ლიკვიდირება. ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა კითხვა, რამდენად რეალურია ზამთარში მასშტაბური ხანძრის გაჩენა და ხომ არ გამოიწვია ვინმემ ეს პროცესი ხელოვნურად. ფაქტის შესახებ გეოგრაფიის დოქტორს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორს, გიორგი დვალაშვილს გავესაუბრეთ:
- თუ ყოფილა მსგავსი შემთხვევები წინა წლებში, კონკრეტულად ამ არეალში?
- მსგავსი შემთხვევები არის ხოლმე. შემოდგომის გვიან და ზამთრის დასაწყისში ხანძარი მცირე
- გარდა იმისა, რომ მაშტაბურმა ხანძრებმა შესაძლებელია დასახლებულ პუნქტამდეც მიაღწიოს, რა საფრთხეს უქმნის დაკვამლიანება მოსახლეობასა და გარემოს?
- საფრთხე თავისთავად არის. შესაძლებელია ხანძარმა დასახლებულ პუნქტამდე არ მიაღწიოს, ოჯახები ამ ხანძრით წარმოქმნილ დაკვამლიანებას უარყოფითად იგრძნობს საკუთარ თავზე. ჟანგბადი აღარ იქნება ატმოსფეროში, რაც ცუდად აისახება მათ ჯანმრთელობაზე. ჰაერის მასების გადაადგილებით, გარკვეული დროის შემდეგ დალაგდება სიტუაცია, მაგრამ დღეს ეს რისკი არსებობს. გარდა ამისა, დაკვამლიანებამ შესაძლებელია პრობლემა შეუქმნას ქუთაისი-მესტიის საჰაერო მიმოსვლას. რაც შეეხება ფლორასა და ფაუნას, საკმაოდ დიდი რაოდენობითაა მცენარეული საფარი დაზიანდება. დასახლებული პუნქტიდან მოშორებით არის უძველესი ეკლესია-მონასტრები და ისინიც რისკის ქვეშაა. რაც ყველაზე ცუდია, ხანძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არის ისეთი ფერდობები,თუ იქ მცენარეები და ხეები გადაიწვა, მომავალ წლებში, გაზაფხულზე არსებობს რისკი, რომ მოიმატოს ზვავების რაოდენობამ. ხეები, რაც ახლა იწვის სწორედ ზვავს აკავებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი უარყოფითი შედეგი იყოს უახლოეს მომავალში, რადგან იქ კიდევაც რომ დააპიროს ადამიანმა ხეების დარგვა, ფიზიკურად ვერ შეძლებს, თუ ბუნებამ არ აღადგინა დამწვარი ტერიტორიები.
სამწუხაროდ, ეს ზონა გამოირჩევა რთული რელიეფით. გვახსოვს ბორჯომისა და ატენის ხეობაში მომხდარი ხანძარი. იქ კიდევ შედარებით ადვილად მისასვლელი გზები იყო. ეს უბნები, სადაც ამ დროისათვის ხანძარი მძვინვარებს, საკმაოდ რთული რელიეფით ხასიათდება. უახლოესი დასახლებული პუნქტი, სადაც შესაძლებელია სახანძრო-სამაშველო სამსახურმა მიაღწიოს, რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული და საფეხმავლო გზაც კი რთულია. ახლა, ამ ზონაში ძალიან დიდი რაოდენობით გამხმარი ბალახი და ფოთოლია დაგროვილი. სწორედ ამიტომ, არსებობს ალბათობა და რისკი, რომ გამხმარ ფოთლებსა და მცენარეებს ცეცხლი გაუჩნდეთ. ამას ემატება ისიც, რომ კონკრეტულ ზონაში არის მშრალი ამინდი და უბერავს ხეობის საკმაოდ ძლიერი ქარი. პატარა კერაც კი საკმარისი იქნებოდა, რომ მთელ ტერიტორიაზე ხანძარი გავრცელებულიიყო. კონკრეტულ შემთხვევაში, არც დასახლებული პუნქტია ახლოს, რომ ადამიანმა გაიაროს და სიგარეტის ნამწვი გადააგდოს და ამით გამოიწვიოს ხანძარი. მსგავსი ვარაუდი აბასთუმნის ხანძარზე იყო რამდენიმე წლის წინ. იმ დღეებში იქ ათობით ადამიანმა იქეიფა და ვარაუდობდნენ, რომ მათ გამოიწვიეს ხანძარი. არა მხოლოდ სვანეთში, არამედ რაჭაშიც ადამიანის მიერ გამოწვეული მსგავსი საფრთხე ნაკლებადაა. ღამის საათებში, იქ სადაც ხანძარია, წესით უნდა გაეყინა და ტენიც უნდა ყოფილიყო, რომელიც ხანძრის განვითარებისთვის ხელისშემშლელი იქნებოდა. თუმცა, დაკვამლიანებამ და მაღალმა ტემპერატურამ ეს არ გამოიწვია. უახლოესი პროგნოზებითაც არ ვარაუდობენ თოვლს. ეს მხარე იმითაცა საინტერესოა, რომ არ გამოირჩევა დიდი ნალექიანობით. ბორჯომის ხეობის ზედა ნაწილში შეიძლება უფრო მეტი ნალექი მოვიდეს რაღაც მომენტში, ვიდრე მესტიაში. ძალიან რთული რელიეფიცაა, შვეულმფრენებსაც გაუჭირდებათ მუშაობა. მთელი საქართველოს სახანძრო-სამაშველო სამსახური რომ მობილიზდეს, ზოგიერთ კერამდე მისვლასაც ვერ შეძლებენ, რადგან რელიფების დახრილობა ზოგან 40-45 გრადუსამდეა.
თამარ იაკობაშვილი