ვინ ჩააბეტონა ხეები სურამში და რას აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში


სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, სადაც ჩანს, რომ სურამში წიწვოვანი ხეების ირგვლივ ტერიტორია მთლიანად ჩაბეტონებულია. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს:
"სურამში, ბაიანთხევის დასახლებაში, კერძო პირმა, სახლამდე მისასვლელ გზაზე, თვითნებურად, დააგო ბეტონი და მათ შორის ხეებიც ჩააბეტონა, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, აღნიშნული ტერიტორია სატყეო ფონდის საკუთრებაა.
შემთხვევა არასამუშაო დღეებში მოხდა. მას შემდეგ, რაც ფაქტის შესახებ, მუნიციპალიტეტისთვის გახდა ცნობილი, ადგილზე გავიდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.
ამ ეტაპზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურულ და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის კანონის მიხედვით.
იმ შემთხვევში თუ პირი სამართალდარღვევას დროულად არ აღმოფხვრის, რაც ტერიტორიის ადრინდელ მდგომარეობაში დაბრუნებას გულისხმობს, დაეკისრება შესაბამისი მკაცრი სანქციები.
მოვუწოდებთ მოსახლეობას, გავუფრთხილდეთ გარემოს და თავი შევიკავოთ უკანონო ქმედებებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონის დამრღვევი პირების მიმართ გატარებული იქნება შესაბამისი ღონისძიებები" - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის ბეტონის ფენის აღების პროცესი დაწყებულია. 
ჩაბეტონებული ხეების კადრები სოციალური ქსელით დღეს გავრცელდა და ძალიან მალე უამრავი ადამიანის აღშფოთების მიზეზი გახდა. 
დაბა სურამი ზღვის დონიდან 740 მეტრ სიმაღლეზე დებარეობს.  გარშემორტყმულია ტყით, რაც სუფთა ჰაერის საწინდარია განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰავას ბავშვებისათვის აქვს, რომელთაც სასუნთქი გზების დაავადება აწუხებთ, აგრეთვე რეკომენდირებულია ტუბერკულიოზის სამკურნალოდ და ორგანიზმის იმუნიტეტის უნარის ასამაღლებლად.
სურამი ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა. დაბას გარშემო ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარეებიდა ბუჩქები აკრავს, წიწვოვანი მცენარეებიც უმრავლესობა ხელოვნურადაა გაშენებული.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები