ოთახის მცენარეების მორწყვა შვებულების დროს - სპეციალისტის რჩევები

ზაფხულის ან ზამთრის იმ პერიოდში,როცა ყვავილების პატრონებს დიდი ხნით უხდებათ სახლიდან წასვლა, ერთი პრობლემის წინაშე დგებიან: როგორ უზრუნველყონ მცენარეების მორწყვა.
გამოსავალი მცენარეების წყლით ხანგრძლივი ვადით უზრუნველყოფის რამდენიმე მეთოდია. სპეციალიზებულ მაღაზიებში სხვადასხვაგვარი სარწყავი მოწყობილობები იყიდება, გარდა ამისა, შეგიძლიათ სარწყავი სისტემა საკუთარი ხელითაც გააკეთოთ. არჩევანი ფართოა: ჩვეულებრივი მატყლის ძაფიდან მოწყობილობამდე, რომელიც წყლის მიწოდებას კომპიუტერული სქემის მიხედვით არეგულირებს. ყველა სისტემის მოქმედების პრინციპი ერთი და იგივეა: მეტ–ნაკლებად დიდი რეზერვუარიდან ან პირდაპირ წყალსადენიდან წყალი მცენარეებს წვრილი პლასტმასის შლანგით ან მატყლის ძაფით მიეწოდება.

გააკეთე თავად
მცენარე,
რომელიც ღია ცის ქვეშ თავს კარგად გრძნობს, შეგიძლიათ ბაღში ჩარგოთ ისე, რომ მიწის ზედაპირი ქოთნის კიდეებამდე აღწევდეს. ეს მხოლოდ თიხის ქოთნებში ჩარგული მცენარეებისთვის არის გამოსადეგი, რადგან ტენი მცენარის ფესვებამდე თიხის ფორების გავლით აღწევს. პლასტმასის ქოთნის მცენარეები კი ქოთნიდან უნდა ამოიღოთ და პირდაპირ მიწაში ჩაფლათ.

თუ მცენარეს სახლში ტოვებთ, დადგით ის შენობის ყველაზე გრილ და ბნელ ადგილას, სადაც წყლის მოთხოვნილება შეუმცირდება.
უბრალო სარწყავი მოწყობილობა თქვენ თვითონაც შეგიძლიათ გააკეთოთ. ამისთვის დაგჭირდებათ წყლის ჭურჭელი, მაგალითად, სათლი და საკმაოდ სქელი მატყლის ძაფი. მისი დახმარებით წყალი მიწაში საკმარისი რაოდენობით ისე ჩააღწევს, რომ არც გამოშრობის და არც ზედმეტად დანესტიანების საფრთხე არ შეიქმნება. მეტი საიმედოობისთვის წყლიანი სათლი ქოთანზე ცოტა მაღლა დადგით. ძაფის სისქის არჩევა იმაზეა დამოკიდებული, თუ რა რაოდენობით წყალი ჭირდება თქვენს მცენარეს.

მსგავსი პრინციპით ფუნქციონირებს პატრუქებიანი სისტემაც. მისი მოწყობა ძალიან იოლია: დადეთ ხის ორი ლარტყა წყლიან სათლზე და დაადგით მას ყვავილებიანი ქოთანი. პატრუქის ერთი მხარე ჩაუშვით წყალში, მეორე კი შეარჭეთ ქოთნის სადრენაჟო ნახვრეტში ისე, რომ მიწას ეხებოდეს. სასურველია წყლიანი რეზერვუარი რაც შეიძლება დიდი მოცულობის იყოს, მაგალითად, სათლის ნაცვლად ეს სისტემა აბაზანაზე შეგიძლიათ მოაწყოთ.

არის კიდევ ერთი მეთოდი, თუმცა, საკმაოდ შრომატევადი: ყვავილებიანი ქოთნები შეგიძლიათ ტენიან ტორფში ჩაალაგოთ. ამისთვის დაგჭირდებათ საკმაოდ დიდი ჭურჭელი (იდეალურ შემთხვევაში კვლავ აბაზანა), რომელშიც ჩააფენთ წყალგაუმტარ ფოლგას და ტორფით ისე აავსებთ, რომ მასში ჩალაგებული ყვავილებიანი ქოთნები კიდეებამდე დაიფაროს. შემდეგ კი ტორფს კარგად მორწყავთ. ეს მეთოდი ბაღში ყვავილების ჩარგვის მსგავსია.

სარწყავი სისტემები, რომლის ყიდვაც მაღაზიებში შეიძლება

საკმაოდ გავრცელებულია შემდეგი მოწყობილობა: დიდი პლასტმასის რეზერვუარიდან მცენარეს წყალი პლასტმასის შლანგით მიეწოდება. ამისთვის საჭირო წნევას ელექტროტუმბო უზრუნველყოფს. ის მოქმედებას ჩაყენებულ ტაიმერიანი ტრანსფორმატორის მეშვეობით იწყებს. მცენარისთვის მიწოდებული წყლის ოდენობას მილების რაოდენობა და დიამეტრი არეგულირებს. ეს მოწყობილობა 36 მცენარის ერთდროულად მოსარწყავადაა საკმარისი.

აივნის ან ტერასისთვის მოსახერხებელია ე.წ. მიკროსაწვეთი სისტემა. მისთვის წყლის მიწოდება უშუალოდ წყლის ონკანიდან ხდება და მინიატურული კომპიუტერით რეგულირდება. დროის გარკვეულ მომენტში ის წყლის ონკანზე მაგნიტურ ხრახნს რთავს. თუ ტენზე ყოველი მცენარის ინდივიდუალური მოთხოვნილების გათვალისწინება გინდათ, მოწყობილობას სპეციალური ტენიანობის გადამცემი შეგიძლიათ დაუმატოთ. ის მიწის ტენიანობას გაზომავს და კომპიუტერი წყლის მიწოდებისას ამ მონაცემს გაითვალისწინებს.

თიხის კონუსები

კიდევ ერთი სარწყავი მოწყობილობა წყლის ტენიანობის გაზომვას უშუალოდ წყლის მიწოდებასთან ერთად ახდენს. მიწაში უნდა ჩაიფლოს თიხის პატარა კონუსები, რომლებიც ტენიანობის ცვლილებაზე რეაგირებს. ისინი შეერთებულია წვრილ პლასტმასის შლანგებთან და როგორც კი ნიადაგი გამოშრება, გაიხსნება პატარა მემბრანა და წყალი მიწაში იქამდე ჩაედინება, სანამ ტენიანობის საკმარის მაჩვენებელს მიაღწევს. ამ სისტემას ელექტროტუმბო არ ჭირდება, წყალი რაიმე ჭურჭლიდან ან პირდაპირ წყალსადენიდან შეიძლება მიეწოდოს. სისტემის წყალსადენზე მიერთების შემთხვევაში თქვენ წყლის ნაკადის ინტენსივობის შემამაცირებელი მოწყობილობა დაგჭირდებათ.

ჭილოფი ან ძაფი მინის ბოჭკოებისგან

სპეციალურ მაღაზიებში ასევე იყიდება მოწყობილობები, რომლებშიც წყალი რეზერვუარიდან მცენარეს მინის ბოჭკოებისგან დამზადებული ჭილოფის ან ძაფის მეშვეობით მიეწოდება. ამასთან წყლიანი ჭურჭელი შეიძლება მცენარის ქოთნის ქვემოთ იდგას, რადგან წყალი ძაფზე ისევე ადის, როგორც მცენარის ფესვებზე. ამ მოწყობილობას შეგიძლიათ პატარა ტუმბოც მიუერთოთ, რომელიც საჭიროების შემთხვევაში წყლის მარაგებს შეავსებს. გარდა ამისა, სისტემის ტაიმერით და ავტომატური მოწყობილობით აღჭურვაც შეიძლება, რომელიც მორწყვას მიწის ტენიანობის დონის მიხედვით დაარეგულირებს და პლუს, თითოეული მცენარის წყლისადმი მოთხოვნილების გათვალისწინებასაც შეძლებთ.

სინათლე და განათება

მცენარეს ნორმალური განვითარებისთვის სინათლის საკმარისი რაოდენობა ჭირდება. რამდენიმე ზოგადი წესი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რათა ჩვენს საყვარელ ოთახის ნებიერებს სინათლე საკმარისად ქონდეთ.

ჩვენთვის უხილავი ქიმიური პროცესები, რომლებიც მცენარეში მიმდინარეობს, გასაოცრად მრავალფეროვანია. მათ შორის უმნიშვნელოვანესი, რასაკვირველია, ფოტოსინთეზია, როდესაც მცენარე ჰაერიდან მიღებულ წყალსა და ნახშირორჟანგს ნახშირწყლების ნაერთებად გარდაქმნის და ამასთან ჟანგბადს გამოყოფს. ნახშირწყლების ნაერთები ბიოლოგიური ქსოვილების წარმოქმნის საფუძველია, ფოტოსინთეზის გარეშე მცენარის ზრდა შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა ნახშირორჟანგისა და წყლის გარდა, ფოტოსინთეზის პროცესისთვის, მცენარეებს ენერგია ანუ მზის სინათლე ესაჭიროება.

განათების შკალა

განათება იზომება ლუქსებში. საშუალოდ, ნათელ მზიან დღეს გარეთ განათების მაქსიმალური სიდიდე დაახლოებით 100,000 ლუქსს აღწევს, საშუალო მაჩვენებელი კი 30,000 და 50,000 ლუქსს შორის მერყეობს. ძლიერ ღრუბელში ის 5,000 ლუქსამდე მცირდება. ოთახის პირობებში განათების მაჩვენებელი, რასაკვირველია, სხვაა. მზის სხივები უშუალოდ მცენარეს არ ეცემა, მათ ნაწილს ფანჯრის მინები აკავებს. ზაფხულში უშუალოდ ფანჯარასთან განათება 3,000 ლუქსიდან 5,000-მდეა. ოთახის ცენტრში ის მნიშვნელოვნად მცირდება: ფანჯრიდან 2–3 მეტრზე განათება მხოლოდ 500 ლუქსია. ზამთარში არა მხოლოდ დღის ხანგრძლივობა, არამედ განათების ინტენსივობაც მცირდება: ფანჯრის ახლოს ის 500 ლუქსამდეა, ოთახის სიღრმეში კი ბევრად ნაკლები.

განათების გაზომვა

ზოგიერთ მცენარეს შეიძლება ყვავილები და კვირტები დაცვივდეს, თუ სხვანაირად განათებულ ადგილზე გადადგამთ. განსაკუთრებულად მგრძნობიარე მცენარეების, მაგალითად Schlumbergera-ს ჰიბრიდების შემთხვევაში, რეკომენდებულია ქოთანზე დაიტანოთ სპეციალური ნიშანი, რომელიც მიგითითებთ, როგორ იყო მცენარე შუქისკენ განლაგებული. და ის თუნდაც მცირე ხნით სხვა ადგილას გადადგათ, იოლად შეძლებთ ქოთანი იგივე მდგომარეობას დაუბრუნოთ.

ჩვეულებრივ, ოთახის მცენარეებს 500–დან 3,000 ლუქსამდე განათება ჭირდება. 500 ლუქსიან ინტენსიურ განათებაზე ზრდას მხოლოდ ყველაზე ჩრდილამტანი მცენარე შეძლებს. მცენარეთა უმრავლესობა კი ასეთ მწირ განათებაზე მალევე ამოწურავს სასიცოცხლო რესურსებს და დაიღუპება.

მცენარეების სინათლის მოთხოვნილება ასევე დამოკიდებულია შენობის ტემპერატურაზე. უნდა გაითვალისწინოთ ძირითადი წესი: რაც უფრო თბილა ოთახში, მით მეტი სინათლე ჭირდება მცენარეს. აქედან გამომდინარეობს, რომ ზამთრის გადატანა ყველაზე მეტად ცუდად განათებულ და გამთბარ შენობებში უჭირთ. თუ გინდათ თავად გაზომოთ განათება, შეგიძლია ლუქსომეტრი შეიძინოთ. ფოტოელემენტის მეშვეობით ის განათებას საკმაოდ ზუსტად ზომავს.

სინათლის სიჭარბე ან ნაკლებობა

გარკვეული გამოცდილების მიღების შემდეგ, შეგიძლიათ ოთახში განათება უბრალოდ „თვალით“ გაზომოთ. ყურადღება მიაქციეთ იმ მომენტს, რამდენი ხნით „სტუმრობს“ მზე თქვენს ოთახს დღის განმავლობაში. პირველ რიგში, კრიტიკული თვალით დაათვალიერეთ თქვენი მცენარეები: ისინი უკეთ გეტყვიან, ყოფნით თუ არა სინათლე.

სინათლის ნაკლებობის სიმპტომები

ბევრი მცენარე საკმაოდ სწრაფად, რამდენიმე დღის განმავლობაში ეჩვევა სინათლის არასაკმარის დონეს. მიუხედავად ამისა, ადრე თუ გვიან მათ მაინც გაუჩნდება სინათლის ნაკლებობის დამადასტურებელი ნიშნები:

  • მცენარის ზრდა ნელდება
  • ახლადგამოსულ ფოთლებსა და ყლორტებს შორის მანძილი იზრდება, ღერო წვრილდება
  • ახლადამოსული ფოთლები გაცილებით მცირე ზომისაა
  • ქვედა ფოთლები ყვითლდება და ცვივა
  • მოყვავილე მცენარეს ნაკლები კვირტები გამოაქვს და ამასთან, ისინი უფრო მკრთალია, ვიდრე ჩვეულებრივ იყო; კვირტები არ ვითარდება და ცვივა
  • ჭრელი ფოთლები მწვანდება.


რასაკვირველია, ყველაზე ადვილი მცენარის უფრო ნათელ ადგილას გადადგმაა. თუ ოთახის ცენტრიდან ფანჯარას თუნდაც 1 მეტრით მიუახლოებთ, ეს უკვე საკმარისი იქნება. თუმცა არის სხვა შესაძლებლობებიც. მზის სინათლეს ფანჯრის დამტვერილი მინები, ასევე მცენარის ფოთლებზე დადებული მტვერიც აჩერებს. ამიტომ მსხვილი ფოთლები მსუბუქი ჩვრით გადაწმინდეთ, ხოლო პატარაფოთლებიანი მცენარეს თბილი წყალი შეასხურეთ. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს ხერხი დაშვებული ან ნაზფოთლიანი მცენარეებისთვის, ასევე კაკტუსებისთვის არ გამოგადგებათ.
მარინა ვაშაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები