ტროპიკულ და ეგზოტიკურ ხილს საქართველოში ბევრი მოყვარული ჰყავს. ამ ხილის შეძენა სუპერმარკეტებსა თუ აგრარულ ბაზრებში შეიძლება. ალბათ, ზოგიერთი თქვენგანი იმაზეც დაფიქრებულა, შეიძლება თუ არა, ვთქვათ, ფინიკის კურკისგან პალმის გამოზრდა, ან მანგოსგან ნერგის გახარება. გეტყვით, რომ გემრიელი ხილის მირთმევის შემდეგ დარჩენილი კურკისგან ეგზოტიკური მცენარის გაზრდა შესაძლებელია. მაგალითად, ფინიკი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს და ინტერიერსაც გაგილამაზებთ, თუმცა, სახლის პირობებში გახარებული პალმა ნაყოფს ვერ მოგცემთ. ფინიკი ნელა იზრდება, მაგრამ ტანი თუ აიყარა, შესაძლოა, ოთახშიც ვერ დაატიოთ... შევეცადე ისეთი ადამიანები მეპოვა, ვისაც სუპერმარკეტში ნაყიდი
ანა ჯუღელი, ჟურნალისტი: - 12-13 წლის წინ სუპერმარკეტში ფინიკს წავაწყდი. იმ დროს დახლზე ფინიკი უჩვეულო იყო, ამიტომ ვიყიდე და ბავშვებს წავუღე. კურკები არ გადავყარე და არაჟნის ქილაში ჩავრგე, მაინტერესებდა, გაიხარებდა თუ არა. ერთ თვეში პატარა ნერგი ამოვიდა.
- მიწაში ბევრი კურკა ჩაყარეთ?
- კი, მაგრამ მხოლოდ ერთი ამოვიდა... ჩემს პალმას დიდი ხანია ვუვლი, თუმცა განსაკუთრებულ მოვლას არც საჭიროებს. სამზარეულოში მედგა და პერიოდულად წყალს ვუსხამდი. ფინიკი პრეტენზიული მცენარე არ არის, თუმცა ბევრ წყალს ვერ იტანს. უყვარს მზე, რაც უნდა მზისგულზე იყოს, არ შეწუხდება, ჩრდილს ვერ ეგუება.
- წყალი რა სიხშირით სჭირდება?
- 3-4 დღეში ერთხელ. ზაფხულში აივანზე გამაქვს, ზამთარში - შინ, მზიან ადგილზე ვდგამ. ჩემს პალმას ნაყოფი არ ჰქონია, ალბათ, ბუნებრივ პირობებში რომ არ ცხოვრობს, იმიტომ. წელიწადში ერთხელ მიწას ვუცვლი და უფრო დიდ ქოთანში ვრგავ. სასუქს არ ვიყენებ. მხოლოდ მცირე რაოდენობის ნაკელით ვამდიდრებ.
ყველა მცენარე მიყვარს, რომელიც ჩემთან "ცხოვრობს". ისინი ჩემი ოჯახის წევრები არიან. აი, მათი მტერი ჩემი ფისო ტომია, თუ დრო იხელთა, მცენარეს მიწას უთხრის. მიყვარს უცხო ყვავილები. ბამბის დარგვა მინდა, ვიცი, რომ ლამაზი ყვავილები აქვს, მაგრამ მისი თესლი ვერ ვიშოვე.
დალი ებრალიძე, ჟურნალისტი, მოყვარული მებაღე ფოთიდან: - ვფიქრობდი, რაკი ჩვენთან ავოკადო შემოაქვთ და მაცივრებში ხანგრძლივად ინახავენ, კურკა აღარ ივარგებს-მეთქი. თუმცა მაინც მოვსინჯე და მიწაში ჩავრგე. მისი დაფესვიანების სხვა წესიც არსებობს, შეიძლება პირდაპირ წყალში ჩადო.
- მიწაში ჩარგვისას რა წესი მოქმედებს?
- ჩარგვისას კურკა მიწიდან დაახლოებით 1/4-ით უნდა მოჩანდეს. ტენიანი მიწა სჭირდება, ქოთანი თბილ და განათებულ ადგილას უნდა დადგა. სანამ აღმოცენდება, პირდაპირი მზე არ უხდება.
- წყალში როგორ გაღვივდება კურკა?
- ხის ჩხირებზე კურკა ისე უნდა დავამაგროთ და წყლიან ჭიქაში ჩავუშვათ, რომ წყლის ზედაპირს ოდნავ ეხებოდეს, რადგან ზედმეტი წყალი დაალპობს.
ასევე გავახარე მანგო - კურკა ჩავრგე და უკვე მესამე წელია, ვინარჩუნებ. მშვენივრად გრძნობს თავს. უკვე დაიტოტა. მგონი, ლამაზი ხე მექნება.
- მანგოს კურკაც სანახევროდ უნდა ჩავრგოთ მიწაში?
- მანგო შეგიძლიათ მიწაში 1,5- 2 სმ სიღრმეზე მთლიანად ჩაფლათ.
კომენტარები
Ukve aiyares fotlebi.
Zalian mixaria.