რომელ ოთახში რომელი მცენარის მოთავსება ჯობს და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მცენარის შეძენისას - ირინა ღარიბაშვილის რჩევები

ფლორისტ ირინა ღარიბაშვილს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. ის არა მხოლოდ ყვავილების სიყვარულით და ამ სფეროში უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილებით გამოირჩევა, არამედ იმითაც, რომ წლების წინ ყვავილების მოყვარულების თუ დამწყები მებაღეებისთვის ჯგუფი შექმნა სოციალურ ქსელში - „ყვავილნარი“, რომელიც დღეს ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან და კომპეტენტურ ჯგუფად მიიჩნევა. სწორედ ირინა მოგვცემს კვლავაც რეკომენდაციებს, როგორ მოვუაროთ მცენარეებს ზამთარში და რომელია შედარებით ადვილად მოსავლელი ოთახის მცენარეები.

- ირინა, პირველ რიგში საინტერესოა, რომელია ამ ეტაპზე საქართველოში ყველაზე პოპულარული ოთახის მცენარეები, რაზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა - ალბათ
თქვენი ჯგუფის მრავალრიცხოვანი წევრების მოთხოვნებიდან გამომდინარე გექნებათ გარკვეული სტატისტიკა...


- ბოლო 4 წლის გამოკითხვებით, ყველაზე პოპულარული ოთახის მცენარის სტატუსს ინარჩუნებს პელარგონია. მას სულ ცოტათი ჩამორჩება სუკულენტები, ორქიდეები და იები. ამ მცენარეების ასეთი პოპულარობა და დაინტერესება განპირობებულია მათი მრავალი ჯიშისა და სახეობის არსებობით, რომელთა გავრცელება საქართველოში ჩვენი კოლექციონერების დამსახურებაა. დიდი მადლობა მათ იმისათვის, რომ აქამდე ჩვენთვის საოცნებო და მიუწვდომელი ბევრი მცენარე, რომელთა ნახვაც მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით შეგვეძლო, ახლა უკვე ადვილად ხელმისაწვდომია და ბევრი მათგანი ჩვენი პირადი კოლექციის ნაწილი გახდა.

- წლების განმავლობაში სულ უფრო პოპულარული გახდა ბაღის გაშენება თუ ოთახის მცენარეების მოვლა. რამდენად გაიზარდა ამ თემის აქტუალურობა წინა წლებთან შედარებით და რამდენად უფრო ინფორმირებულები არიან ახლა მცენარეების მოყვარულები?



- სულ რაღაც რვა წლის წინ, როდესაც შევუერთდი სოციალურ ქსელს, არ არსებობდა ქართულ ენაზე არანაირი ინფორმაცია, გვერდი თუ ჯგუფი მცენარეებზე, სადაც შეიძლებოდა ამა თუ იმ მცენარის მოვლა-მოშენებაზე ინფორმაციის მიღება. ვინაიდან ამ პერიოდისთვის ჩემს პირად კოლექციაში არსებობდა საკმაოდ ბევრი მცენარე, რომელთა მოვლაში ძალიან დიდ დროს ვატარებდი და მქონდა მრავალი წლის გამოცდილება, გადავწყვიტე შემექმნა ჯგუფი, სადაც წევრებს გავუზიარებდი ჩემს გამოცდილებას, ხელს შევუწყობდი სასურველი მცენარის შეძენაში, დავეხმარებოდი მოვლაში და ისინიც ასევე გაგვიზიარებდნენ თავიანთ ცოდნას. ამ მიზნით შეიქმნა „ყვავილნარი“, სადაც ამჟამად გაწევრიანებულია 46000-ზე მეტი მცენარეების მოყვარული. ახლა როცა ვათვალიერებ და ვიხსენებ ჯგუფის პირველ ნაბიჯებს და ვადარებ დღევანდელ მდგომარეობას, შედარებაც არ არის, ისე გაიზარდა ყვავილების მოყვარული ადამიანების რაოდენობა, მათ შორის ბევრია მამაკაცი, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში ქალბატონებზე უკეთესადაც გამოსდით ეს საქმიანობა. უნდა აღვნიშნო, რომ მოყვარული მებაღეები არანაკლებ რჩევებს იძლევიან და ტოლს არ უდებენ პროფესიონალ ბოტანიკოსებს. ეს ყველაფერი კი ალბათ გარკვეულწილად „ყვავილნარის“ დამსახურებაცაა, რადგან ამ ჯგუფმაც ჩაუყარა საფუძველი საქართველოში მებაღეობა-მემცენარეობის პოპულარიზაციას და ბევრ ადამიანს შეაყვა რა მცენარეებთან ურთიერთობა, რის შედეგადაც მომრავლდა ჩვენში ამწვანებული ბაღები და აივნები.



- ახალბედა მეყვავილეებს რომელი მცენარეებით ურჩევთ დაწყებას და რა რჩევებს მისცემთ? რომელია ყველაზე ადვილად მოსავლელი და ასევე ყველაზე აზიზი მცენარეები, რომელთა მოვლასაც მეტი ცოდნა, დრო და რესურსი სჭირდება?

- დამწყებ მეყვავილეებს მივცემდი რამდენიმე რჩევას, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ყვავილების შეძენის და მოვლის დროს, რათა შემდგომ არ შეექმნათ პრობლემები გაზრდის პროცესში. პირველ რიგში, უნდა მოიძონ ინფორმაცია იმ კონკრეტულ მცენარეზე, რომლის შეძენასაც აპირებენ: რა პირობები მოსწონს, როგორ განათებაზე უნდა მოათავსონ, რა სიდიდის ქოთანი შეურჩიონ, რა სიხშირით დაუსხან წყალი. თუ ამ პირობებს ზუსტად შეუქმნიან, ადვილად გაართმევენ თავს ნებისმიერი მცენარის მოვლას. დასაწყისისთვის ჯობს მაინც შედარებით მარტივი მცენარეები შეარჩიონ, მაგალითად, პელარგონიები, სუკულენტები, ტრადესკანციები (იგივე ჭორიკანა). მათი მრავალი ჯიში არსებობს და ვინაიდან არ გამოირჩევიან პრეტენზიულობით, ბევრი მეყვავილის ყვავილნარში გვხვდება.



ასევე შედარებთ ადვილი მოსავლელია კაქტუსები, ბეგონიების ზოგიერთი სახეობა. რასაც ვერ ვიტყოდი ტროპიკულ მცენარეებზე, რომლებიც განსაკუთრებულ მოვლას ითხოვენ. ესენია ორქიდეები, კალათეა, სტრომანტე, ანთურიუმი, სპატიფილუმი, მარანტა. ისინი საკმაოდ მგრძნობიარენი არიან ჰაერის ტენიანობის მიმართ, ასევე ნიადაგის და განათების მიმართ. ვინაიდან საქართველოში არ არის მათთვის შესაფერისი ჰავა, ამისათვის საჭიროა ხელოვნურად შევუქმნათ ტენიანი გარემო. ეს ხდება ყოველდღიურად ფოთლების დანამვით ოთახის ტემპერატურის წყლით, ასევე გარშემო, სადაც მცენარეა მოთავსებული, ჰაერში წყლის შესხურებით და ქოთნის სადგამზე მუდმივად სველი კენჭების მოთავსებით.

- ხშირად ამბობენ, რომ სხვადასხვა მცენარეს სხვადასხვა ოთახი „უხდება“, თქვენ რას იტყვით ამაზე?



- ბევრი მცენარე ისეთი მავნე აირებისგან წმენდს ბინას, რომელთაც საყოფაცხოვრებო ელექტრომოწყობილობები გამოყოფს - ეს მცენარეებია ქლოროფიტუმი, სპატიფილუმი, კალათეა, დრაცენა, ფიკუსი, სინგონიუმი და ა.შ. ამიტომ თუ მათ სამზარეულოში მოვათავსებთ, ბინაში სუფთა და ჯანსაღ გარემოს შევქმნით. ამ მცენარეებს „მწვანე ფილტრებს“ უწოდებენ. იმ ოთახში, სადაც ნაკლები განათება და სიგრილეა, თავს კარგად გძნობენ უფრო ამტანი მცენარეები: სანსევიერა, ასპიდისტრა, მონსტერა. სააბაზანო ყველაზე ტენიანი ადგილია ბინაში და თუ პატარა სარკმელიც არის, იქ შეგიძლიათ მოათავსოთ მაღალი ტენიანობის მოყვარული მცენარები: ასპლენიუმი, სოლეიროლია, ადიანტუმი, ფიტონია, კალადიუმი, ეპიპრემნუმი, ციპერუსი და ა.შ. რაც შეეხება საძინებელ ოთახს, უმჯობესია ისეთი მცენარეების მოთავსება, რომლებიც ღამე გამოყოფს ჟანგბადს, მაგალითად, კოლანჰოე, ალოე, სანსევიერა, გერანი. გერანი შთანთქავს ჰაერში არსებულ მიკრობებს და იცავს ადამიანს ვირუსებისგან. კაქტუსებს კი აქვთ საუკეთესო თვისება - იცავს ადამიანს ელექტრომაგნიტური გამოსხივებისგან. ამიტომ მათი მოთავსება რეკომენდებულია იმ ოთახში, სადაც ტელევიზორი და კომპიუტერი დგას.

- რამდენიმე შინ მოსამზადებელი, უნივერსალური მარტივი რეცეპტი გაგვიმხილეთ, რომელიც მცენარეებს მოუხდება...



- გაგაცნობთ რამდენიმე რეცეპტს, სახლის პირობებში როგორ მოვამზადოთ უნივერსალური სასუქი. ვინაიდან სამკურნალო ალოეს წვენი არის მცენარეთა ზრდის საუკეთესო ბიოსტიმულატორი, მის წვენს იყენებენ იმ მცენარეების მოსარწყავად, რომლებიც ძნელად, გვიან იზრდებიან. ამისათვის ალოეს ერთი ფოთლის წვენს აზავებენ ერთ ლიტრ წყალში და ამ ხსნარით რწყავენ მცენარეს. ასევე თუ იმ წყალს, სადაც მცენარის ტოტს ან ფოთოლს აფესვიანებენ, ალოეს 2-3 წვეთს დავუმატებთ, დაფესვიანების პროცესი დაჩქარდება. ოთახის მცენარეების გამოსაკვებად ძალიან ეფექტურია აბუსალათინის ზეთი - 1 ჩაის კოვზი იხსნება ერთ ლიტრ წყალში, ეს ხსნარი განსაკუთრებით საჭიროა იმ დროს მივახმაროთ, როცა ყვავილი კოკრებშია. ასევე სასარგებლოა ვიტამინი B12. ერთი ამპულა იხსნება ერთ ლიტრ წყალში. ეს ხსნარი ეხმარება მცენარეს აყვავებაში.

- ზამთარში როგორ უნდა მოვუაროთ ოთახის მცენარეებს? იქნებ რამდენიმე რჩევა მოგვცეთ.

- ზამთარში, როდესაც მცენარეები ეზოდან ან აივნიდან შეგვაქვს ოთახში, პირველ რიგში უნდა მოვარიდოთ გამათბობელს, რადგან სიგრილიდან სითბოში გადაადგილების ეტაპი მათთვის საკმაოდ მტკივნეული პროცესია. სითბოს მოყვარულები ნელ-ნელა უნდა მივაჩვიოთ სითბოს და ზომიერად მოვრწყათ. სიგრილის მოყვარული მცენარეები კი - კაქტუსები, სუკულენტები უნდა მოვათავსოთ გრილ და ნათელ ადგილას და მორწყვა შევუმციროთ გაზაფხულამდე. ასევე ზამთრის პერიოდში არ არის რეკომენდებული დამატებითი კვების მიცემა, რადგან მცენარეს სჭირდება დასვენება. მაგრამ იმ მცენარეებისთვის, რომლებიც ზამთარში ყვავილობენ, არ უნდა დაგვავიწყდეს სასუქის მოყრა - ეს ყვავილებია დეკემბერა, ორქიდეა, ია.

ლელა ზურებიანი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები