"ვოცნებობ სახლზე უზარმაზარი შუშის სათბურით..." - ყვავილებზე შეყვარებული რესტორატორის კოლექცია, რომელიც ყველას აღაფრთოვანებს

ზურა ბეროშვილი პროფესიით რესტორატორია. წლების განმავლობაში საზღვარგარეთ მუშაობდა, თუმცა რამდენიმე წლის წინ მშობლიურ სიღნაღს დაუბრუნდა და საოჯახო ბიზნესს მიჰყო ხელი. აქვს არაერთი გატაცება, თუმცა ამ ეტაპზე მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო მცენარეების მოვლა და გამრავლებაა. წარმოუდგენელია, ნახოთ ზურას მოვლილი ყვავილები და არ აღფრთოვანდეთ.

- სტუმართმოყვარეობის სფეროში ვმუშაობდი ბევრი წელი, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამჟამად ჩემს მშობლიურ, ულამაზეს ქალაქ სიღნაღში ვცხოვრობ და მაქვს მცირე საოჯახო რესტორანი. მიყვარს მოგზაურობა, სეირნობა, ახალი ადგილების აღმოჩენა, მეგობრებთან ერთად დროის გატარება და, რა თქმა
უნდა, მცენარეები და მათი მოვლა.

- თქვენმა ყვავილებმა სოციალური ქსელი აღაფრთოვანა. როდის დაიწყეთ მცენარეების შეგროვება და როგორ შეისწავლეთ თითოეულის ბუნება, მოვლის მეთოდები?
- პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ არ ვარ პროფესიონალი მებაღე. მხოლოდ სამოყვარულო დონეზე ვფლობ ცოდნას და კარგად ვუგებ მცენარეებს. დიახ, ნამდვილად დიდი მოწონება დაიმსახურა სოციალურ ქსელში და ამან უფრო დიდი სტიმული მომცა, რომ უფრო და უფრო გავამრავალფეროვნო ჩემი გარემო. მცენარეების მიმართ ინტერესი ყოველთვის მქონდა, თუმცა ჩემი სამსახურების და ადგილმდებარეობის ხშირი შეცვლის გამო, ვერასოდეს ვახერხებდი მათმოვლას. მცენარეების შეგროვება დაახლოებით ორი წლის წინ დავიწყე, როდესაც დავბრუნდი მშობლიურ ქალაქში. მოვლის შესახებ საკმაოდ დიდი ცოდნა შემძინა ინტერნეტში მოძიებულმა ინფორმაციამ, საკუთარმა გამოცდილებამ და რა თქმა უნდა, ფეისბუქ ჯგუფებში გაწევრიანებულმა პროფესიონალმა ქართველმა მებაღეებმა.

- დღეს რამდენი სახეობის მცენარე ბინადრობს თქვენთან?
- ჩემთან შეხვდებით უამრავ სახეობას, ტროპიკულ და სუბტროპიკულ მცენარეებს. ამ ეტაპზე დაახლოებით 100-ზე მეტი სახეობის 400-მდე მცენარე ბინადრობს. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ყველაფერი სიღნაღში მაქვს, 3 წლის წინ გახსნილ რესტორანს შევუსისხლხორცე და არაჩვეულებრივ ჰარმონიაში არიან, ჩემი ჰობი და ძალიან ტრენდული გამწვანება რესტორნებში.

- რა არის ყვავილების მოვლის თქვენეული ოქროს წესი?
- ხშირად მომისმენია, რომ მცენარეები უყვართ, მაგრამ მათი მოვლა - არა, რადგან ძალიან ღლით. ჩემს შემთხვევაში ეს პირიქითაა. მათი მოვლა უფრო მიყვარს და უდიდესი თერაპიაა ჩემთვის, ვიდრე მხოლოდ ყურება. მცენარეები უნდა შეიგრძნო და მიხვდე, რა სჭირდება მათ, გქონდეს ყოველდღიური შეხება და გაითვალისწინო უამრავი ფაქტორი, თუმცა ოქროს წესად გამოვყოფდი სწორად შერჩეულ განათებას და ზომიერ მორწყვას.

- საკმაოდ ბევრია... გეხმარებათ ვინმე ყვავილების მოვლაში, თუ ყველაფერს თავად ართემვთ თავს?
- არავინ არ მეხმარება, მხოლოდ მე ვუვლი. ამიტომ შეიწირა რამდენიმე ქოთანი ჩემმა მცირეხნიანმა შვებულებამ.

- ზამთარს როგორ უმკავდვებით? ამ დროს როგორ ახერხებთ, რომ მცენარეებს სასურველი გარემო და პირობები შეუქმნათ?
- ზამთარი ნამდვილად რთული პერიოდია მცენარეებისთვის პირობების შესაქმნელად, თუმცა ვფიქრობ მეტ-ნაკლებად გამომდის. ვარეგულირებ ტემპერატურას ოთახში, ვნამავ მცენარეებს, ვდგამ წყლიან ჭურჭელს მათთან ახლოს, ვამოწმებ ტენიანობას და ვურჩევ სწორ ადგილმდებარეობას. ასევე შარშან შევიძინე ძალიან პატარა სათბური (4კვ.მ) და რასაც ოთახში ვერ ვათავსებ, ამ სათბურში ვაზამთრებ ინფრაწითელი განათება-გათბობით.

- გიგანტურმა მონსტერამ მიიპყრო ჩემი ყურადღება. რამდენი წლისაა და როგორი მოვლის პირობები მოსწონს? როგორ შეძელით, რომ ასეთი უნაკლო ყოფილიყო?
- ეს მონსტერა ახლახან შევიძინე ასეთ მდგომარეობაში, არაჩვეულებრივი ქალბატონისგან ჩვენს რაიონში, რომელსაც უამრავი ასეთი მცენარე აქვს. მეც კი მყავდა მონსტერა, თუმცა ეს გიგანტი ჯიში არასდროს მყოლია და ძალიან მინდოდა. დაახლოებით სამი წლის არის. მოსწონს დილის მზე (დაახლოებით 12 საათამდე), ხშირი დანამვა, ზომიერი მორწყვა (როდესაც მიწის ზედაპირი 2-3 სმ გამოშრება) და ბევრი სიყვარული.

- როგორ მრავლდება მონსტერა?
- მონსტერა მრავლდება დაკალმებით. საუკეთესო დროა გაზაფხულიდან შემოდგომამდე. როდესაც დეკორატიულობას დაკარგავს თქვენი მონსტერა, გირჩევთ დაჭრათ კალმებად, თითოეულს გააყოლეთ საჰაერო ფესვი. დაფესვიანება შეგიძლიათ როგორც წყალში, ასევე პირდაპირ ნიადაგში. ამგვარად თქვენი მონსტერა შეგიძლიათ გაზარდოთ უფრო ლამაზი და უფრო დეკორატიული.

- სამომავლო გეგმებიც გაგვანდეთ, რომელიც თქვენს მცენარეებს უკავშირდება.
- მომავალში დიდი გეგმები მაქვს. მინდა ავაშენო სახლი, რომელსაც ექნება ზედ მიბმული შუშის უზარმაზარი სათბური და სახლიდან პირდაპირ სათბურში გავალ ხოლმე. ეს იქნება ჩემი ოცნების სახლი უამრავი მცენარით. კომერციული კუთხით არ ვაპირებ გაგრძელებას, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.



მერი ბლიაძე


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები