ორმოცი ძირი ყვავილი, დასათბურებული ნათესები, პომიდორი, უიშვიათესი ჯიშის კაკლის ხე - ამ ყველაფერს ნატა დოიჯაშვილი-ივანიძე საცხოვრებელი კორპუსის მე-14 სართულზე, 80 კვ.მ-ზე გაშენებულ ბინაში ახარებს და უვლის. ამბობს, რომ ყვავილების სიყვარულითაა დაავადებული. საკუთარი ბაღი რომ ჰქონოდა, ისე უნდოდა, მაღალსართულიან კორპუსში ცხოვრებას ხელი არ შეუშლია. მოზრდილ ქოთნებში, ყვავილებით, მცირე ზომის ჭურჭლით, მინიატურებით ეზოს საოცარ კომპოზიციებს ქმნის.
- მცენარეების სიყვარული ბავშვობიდან მომდევს. ალბათ გენეტიკა და ოჯახი თავისას შვრება. ბებია, დედა, ყოველთვის უვლიდნენ მცენარეებს და ამ ყელაფრის მომსწრე მეც ვიყავი. 13-14 წლის ასაკში უკვე აქტიურად
დავიბადე და გავიაზრდე საზღვრისპირა სოფელ ერგნეთში. ლამაზი ეზო გვქონდა, მაგრამ 2008 წლის ომმა სახლთან ერთად ჩვენი ლამაზი ეზოც შეიწირა. ძალიან დიდი სტრესი მივიღე. ამის შემდეგ გამიჩნდა პროტესტი, აღარ მქონდა სურვილი მცენარეების გახარების, მაგრამ როცა დაავადებული ხარ ყვავილების სიყვარულით ოდესღაც მაინც მოგინდება მათზე ზრუნვა, ჰოდა, მეც ასე დამემართა. ბოლო ორი წელია აქტიურად ვაგროვებ ახალ-ახალი ჯიშის მცენარეებს. გვინდა პირვანდელი სახე დავუბრუნოთ ჩვენს ეზოს. რა თქმა უნდა, ოჯახის წევრების და მეგობრების თანადგომა ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს. ეს უბრალოდ გატაცება არ არის, ეს არის ჩემი ცხოვრების წესი, რომელსაც არასოდეს შევიცვლი.
- ამჟამად მაღალსართულიან კორპუსში ცხოვრობთ, როგორ ახერებთ თქვენი იდეების განხორციელებას?
- იმის გამო, რომ მე თბილისში ვცხოვრობ ცოტა რთულია აქედან მოვუარო ეზოს. რომ არა ჩემი მშობლები, ალბათ ამას ვერ შევძლებდი. გადანაწილებული გვაქვს მოვალეობები, თბილისში ვზრდი ჩითილებს, ნერგებს და მერე კონტეინერებით მიმაქვს გადასარგავად. ჩემთან ბინადრობენ ძალიან საყვარელი და ლამაზი მცენარეები, უმეტესობა ჩემი გაზრდილი და გახარებულია. კარგად მახსოვს ყველა ის ადამიანი, რომელმაც ერთი კალამი ან ერთი თესლიც კი მაჩუქა. ჩემი მზრუნველობის ქვეშ არიან ეპიპრემნუმი, სანსივიერა, გრუგმანსია, ზაფრანა, ბეგონია, კოლეუსი, ხამედორეა, ანთერიუმი, აგლაონემა, დეკემბერა, გერანნი, მიხაკი, ვიოლა, ტრადესკანცია, სუკულენტები, პაპირუსი, სინგონიუმი და სხვა. ამ ბოლო დროს ძალიან გამიტაცა ლილიებმა, ეს ჩემი მეგობრის დამსახურებაა, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და ულამაზესი ლილიების კოლექცია აქვს. სწორად მან გამომიგზავნა შორეული ამერიკიდან, აქტიურად დავიწყე მათი გამრავლება. ძალიან მნიშვნელოვანია ყვავილების მოყვარულთა ჯგუფები სოციალურ ქსელში, ამ ჯგუფებში ადამიანები ერთმანეთს ვუზიარებთ ცოდნას და გამოცდილებას, ვაძლევთ პრაქტიკულ რჩევებს. ვჩუქნით და ვცვლით მცენარეებს, კალმებს. ჩემი გახარებული ლილიებიც, აუცილებლად გაჩუქდება, მინდა ისე გავახარო სხვები, როგორც ნანამ გამახარა ამერიკიდან. თბილისში მეთოთხმეტე სართულზე ვცხოვრობ, მიუხედავად ამისა, შეიძლება მაღალისართულიან ბინაშიც მოაწყო პატარა ბაღი. განსაკუთრებით მიყვარს მინი-ბაღების დამზადება, რამდენიმე ყვავილის გაერთიანება ერთ კომპოზიციაში. მინი-ბაღი დიდ ადგილს არ იკავებს და ესთეტიურადაც ძალიან ლამაზია. ფანტაზიის და გემოვნების მიხედვით ყველას შეუძლია მისი გაკეთება, მინი-ბაღების გაშენების აუცილებელი პირობაა ერთმანეთთან თავსებადი მცენარეების გაერთიანება. ძალიან კარგი გამოდის სუკულენტებით, კაქტუსებით და კალანჰოებით, სუკულენტებს არ უყვართ ძალიან ბევრი წყალი, ძალიან უპრეტენზიო და ამტანი მცენარეები არიან. მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კარგი განათება და მზის სხივები, თორემ მცენარე დაკარგავს ფორმას, აღარ იქნება ლამაზი და მიმზიდველი.
- პომიდვრის რამდენიმე ძირი გაქვთ. ნაყოფს გაძლევთ?
- საერთოდ ძალიან მიყვარს ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსარი პროდუქტი. სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით კატასროფული სიტუაციაა მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. ვიფიქრე, რატომაც არა, მეც გამოვზრდი ბოსტნეულს კონტეინერში, დავთესე პომიდორი -ჩერი. არანაირი სასუქი არ მიმიცია, გარდა ორგანული სასუქისა, მალე იყვავილებს და ნაყოფსაც მომცემს, ძალიან გემრიელი ნაყოფი აქვს, ამით ბედნიერი ვარ.
- როგორც ამბობთ, მხოლოდ ნერგებიდან არ გამოგყავთ მცენარეები, თესლიდანაც ზრდით?
- საოცრად მიყვარს მცენარეების თესლებიდან გამოზრდა. ეს პროცესი არის ენით აუწერელი ბედირება, თვალსა და ხელს შუა ხედავ როგორ ღვივდება, ამოდის და იზრდება მცენარე. უამრავი თესლი მაქვს დათესილი და დასათბურებული: ალამანდრა, პეტუნია, ვერბენა, ირმის რქა, ლუტიკი, ფისტა, სათითური, ფლოქსი და სხვა.
- როგორ ხდება დასათბურება?
- მცენარის დასათესად ვამზადებ კონტეინერს, ვავსებ ნოყიერი მიწით. ვთესავ თესლს, ვრწყავ და ვახურავ თავსაფარს ან ცელოფანს, ანუ ვასათბურებ. ამით მცენარეს ვუქმნით სასურველ მიკროკლიმატს, რაც ხელს უწყობს მცენარის სწრაფად აღმოცენებას. დასათბურებულ მცენარეს არ სჭირდება ხშირი მორწყვა. დროდადრო აუცილებელია კონტეინერის განიავება, ასე თავიდან ავიცილებთ ნათესების გადახურებას და ლპობას. როცა მცენარე მოიზრდება და გამოიღებს 3-4 ფოთოლს, უკვე შეგვიძლია გადავრგოთ ეზოში ან ახალ ქოთანში. ჩემი ყურადღება ახლა მიპყრობილია ძალიან საინტერესო მცენარის - ფისტასადმი. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ნერგი საჩუქრად მივიღე ოჯახის წევრისგან, სურვილი გამიჩნდა, მე თვითონ დამეთესა, დავთესე და ველოდები შედეგებს.
- ფისტა მცენარის რომელი სახეობაა?
- ფისტა არის კაკლის საუკეთესო ჯიშის სახეობა. გამოირჩევა თავისი შემადგელობით, მოსავლიანობით და ამტანობით. როგორც ცნობილია, ფისტა ოდითგანვე ყოფილა გავრცელებული საქართველოში. იგი მოხსენიებულია,,ხილთა ქებაშიც“. ამჟამად ფისტა ჩვენს ქვეყანაში აღარ არის გავრცელებული. არ ვუშინდები ექპერიმენტებს და შევეცდები გავახარო, ვნახოთ, რა გამოვა.
ნატამ საგანგებოდ "შინ“-ის მკითხველისთვის შემოგვთავაზა სააღდგომო კვერცხების კომპოზიცია.
- ძალიან მალე მოგვიახლოვდება აღდგომი ბრწყინვალე დღესასწაული, ამიტომაც ჯეჯილის თესვა ძალიან აქტუალურია. შეგვიძლია აქაც ჩავრთოთ ფანტაზია და ჯეჯილიც დეკორაციის სახით წარმოვადგინოთ. დეკორაციის დასამზადებლად დაგვჭირდება კვერცხი, ხორბალი, ბამბის ქულა, წყალი და გუაშის საღებავები. კვერცხს გავასუფთავებთ შიგთავსისგან, გავრეცხავთ და კარგად გავაშრობთ ნაჭუჭს. შემდეგ მოვხატავთ სასურველი ფერებით და ფორმებით, გასაფორმებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ბისერები, მაქმანები და სხვადასხვა ორნამენტი. გუაშის გაშრობის შემდეგ, კვერცხის ნაჭუჭში ჩავდებთ ბამბის ქულას ჩავყრით ხორბალს და დავასხამთ მცირე ოდენობით წყალს. აუცილებელია ნათესი დაიდგას ნათელ და მზიან ადგილას. ასეთი ჯეჯილის დეკორაცია დაამშვენებს სააღდგომო სუფრას და რაც მთავარია, პატარებს გაახარებს და გაახალისებს. კვერცხის მოხატვის პროცესში, თამამად შეგიძლიათ ჩართოთ თქვენი შვილები. ეს პროცესი უფრო სასიამოვნო და სახალისო იქნება.
როგორც იცით, ჩვენი უწმინდესი მცენარეების მოყვარულია. იგი ხშირად გვახსენებს, რომ მცენარე სულიერი არსებაა, ყველაფერს გრძნობს განიცდის, უწმინდესი ასე ლოცავს ყვავილებს „გაიხარეთ და ჩვენც გაგვახარეთ“. მეც ასე ვლოცავ ჩემს ყვავილებს.
მერი ბლიაძე
კომენტარები