დედამიწის ზურგზე უთვალავი მშვენიერი ყვავილია, მაგრამ, როცა ვინმეს ან რაიმეს ულამაზესად წარმოჩენა სურთ, უმალ ვარდს ადარებენ. მართლაც შეუდარებელია ვარდი, როგორც სილამაზით, ისე განუმეორებელი სურნელით.
ვარდის ყვავილი, მისი სილამაზისა და სურნელის გამო უძველესი დროიდან სარგებლობდა სიყვარულითა და თაყვანისცემით. არც ერთ მცენარეს არ შეუსრულებია კულტურის ისტორიაში ისეთი დიდი როლი, როგორც ეს ვარდმა შეასრულა. ძნელია ჩამოითვალოს ვარდისადმი მიძღვნილი ხელოვნების შესანიშნავი ნაწარმოებები.
ვარდის მოვლა
მსოფლიოში ცნობილია 400-მდე ჯიშის ვარდი, ანუ ასკილი. საქართველოში 25 სახეობის ასკილი იზრდება. რაც შეეხება კულტურული ვარდის ჯიშებს, 25 ათასი ჯიში
ვარდი მრავლდება ამონაყარით, დაკალმებით, ბუჩქის დაყოფით და გადაწვენით. გამრავლების ძირითადი ხერხია კვირტით მყნობა, რომელიც საქართველოში ტარდება ივნისიდან ოქტომბრამდე, ხოლო დარგვა - გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ვარდის გასაშენებლად საუკეთესოა დაწრეტილი თიხნარი, ქვიშნარი და თიხიანი ნიადაგები.
ვარდის კვირტით მყნობისას საძირედ იყენებენ თესლით გამოყვანილ ასკილის ნერგებს. ორწლიან საძირეზე, ფესვის ყელთან აკეთებენ ირიბ ჩანაჭერს, შიგ სვამენ კარგად მომწიფებული ერთწლიანი ყლორტიდან აჭრილ კვირტს და ზედ ახვევენ გამჭვირვალე პოლიეთილენის სახვევს; როცა კვირტი შეხორცდება, სახვევს ხსნიან.
ვარდი ადვილად მრავლდება კალმებით. ამისათვის დაყვავილებული ღეროებიდან ჭრიან 2-3-კვირტიან კალმებს და ნახევარი სმ-ის სიღრმეზე რგავენ ქოთანში, რომელშიც ნიადაგის სახით ჩაყრილია მდინარის სილა. ქოთანს ახურავენ ჭიქას ან მინის ქილას და დგამენ თბილ ადგილას, რწყავენ თბილი (20 გრადუსი) წყლით. კალამი ერთ თვეში დაფესვიანდება.
ახალდაფესვიანებულ მცენარეებს კვირაში ორჯერ რწყავენ ნაკელისწყლიანი ხსნარით. იმისათვის, რომ მცენარე არ დასუსტდეს, პირველი კოკრები უნდა მოვაცილოთ. კალმები შეგვიძლია ავჭრათ ნებისმიერი ჯიშის ვარდიდან. თუ ოთახის კულტურად გვჭირდება, უმჯობესია მინიატიურული ჩინური ჯიშის ვარდებიდან, რომელთა სიმაღლე 25-35 სმ-ია, უხვადმოყვავილეა, ყვავილები ბუთხუზაა, თეთრი, ვარდისფერი, წითელი და ყვითელი. სხლავენ მხოლოდ გაზაფხულზე, აჭრიან ხმელ და უვარგის ტოტებს.
ვარდი, საერთოდაც და მით უმეტეს ოთახის კულტურა, პირველ რიგში საჭიროებს მზის სინათლეს და სუფთა ჰაერს. ზაფხულში უნდა დადგათ ღია ფანჯარაზე ან აივანზე, ამასთან, სასურველია ქოთნის ჩადგმა სილით სავსე ყუთში, რომელიც კარგად უნდა ვრწყათ. ზამთარში მცენარე უკეთესია დავდგათ გრილ (10 გრადუსი) ოთახში, სადაც ჰაერის მოძრაობა საკმარისი იქნება.
ვარდისთვის განკუთვნილი ნიადაგი ასე შეაზავეთ: 4 წილი კორდის თიხნარი მიწა, 1 წილი ნეშომპალა (ფოთლების მპალა), 1 წილი გადამწვარი ნაკელი და 1 წილი მდინარის სილა. ერთმანეთში კარგად აურიეთ, ქოთნის ფსკერზე არსებულ ნახვრეტს დააფარეთ კრამიტის ან აგურის ნატეხი და ჩაყარეთ ნიადაგის ნარევი. მცენარე ჩარგეთ იმ სიღრმეზე, რა სიღრმეზეც იყო იქ, საიდანაც გადმორგეთ. კარგად მიუტკეპნეთ და მორწყეთ, სანამ წყალი არ გამოჟონავს ქოთნის ნახვრეტიდან.
ყოველი დაყვავილების შემდეგ ტოტები უნდა შეეჭრას, რათა მცენარის ენერგია არ დაიხარჯოს ნაყოფის წარმოქმნაზე. მოაჭერით აგრეთვე ყველა ის ტოტი, ძველი თუ ახალი, რომელიც ყვავილს არ ივითარებს. ნამყნობ ვარდებს აუცილებლად უნდა მოვაცილოთ ფესვიდან ამონაყარი ტოტები, რომელიც ასკილის ტოტებია და მათ მიერ მოხმარებული საკვები ვარდებს აკლდება. გარდა ამისა, ამონაყრების დიდხანს დატოვება ვარდს დაასუსტებს და თვითონ განვითარდება!
ცოტა რამ ისტორიიდან
ძველისძველი ინდური ზღაპრების მიხედვით, სილამაზის ქალღმერთი ლაკშმი ვარდის კოკრიდან იშვა. სპარსეთის პოეტური სახელწოდება: "გიულისტანი" - "ვარდის ბაღი" ამ ულამაზესი ყვავილის სახელს (გიულ - ვარდი) ეფუძნება.
XVIII საუკუნის ყველა ხალხის პოეზიაში მრავალი ლექსია ვარდისადმი მიძღვნილი. XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში გამოდიოდა სპეციალური წიგნები, სადაც ვარდებზე ცნობები მოცემული იყო ლექსებად! ძველქართულად წელიწადის ერთ-ერთ თვეს, მაისს, როცა ვარდი ყვავილობს, ვარდობისთვე ერქვა და ეს ვარდისადმი ქართველი ხალხის დამოკიდებულებასაც უსვამს ხაზს. ხალხში უამრავი მითი და ცრურწმენა უკავშირდებოდა ვარდს. ალბათ გაგიგონიათ, მაისში არ ქორწინდებოდნენ - ეს ვარდების თვეა და მხოლოდ ვარდი იყვავილებს ამ თვეს, სხვას არ აყვავილებსო. მართალია, ეს მხოლოდ ცრურწმენებია, თუმცა ნათლად ასახავს იმ მოწიწებასა და პატივისცემას, რაც ხალხს ყვავილების დედოფლისადმი ჰქონდა.
ვარდი საკმაოდ დიდხანს ცოცხლობს. გერმანიაში, წმინდა მაგდოლინას ტაძრის ეზოში იზრდება ვარდი, რომლის არსებობაც ოფიციალურად დადასტურებულია 1573 წლიდან. ომის დროს ბუჩქს დასცემია ბომბი და ძლიერ დაუზიანებია. ყველას სასიხარულოდ და განსაცვიფრებლად ვარდმა ამოიყარა და აყვავდა კიდეც!
ნიკოლოზ იოსებიძე
კომენტარები