მნიშვნელობა არ აქვს, როგორი აივანი გაქვთ - დიდი თუ პატარა, მთავარია გაამწვანოთ, გაალამაზოთ ის და ამით ოჯახის წევრებსაც გაუხალისოთ ცხოვრება და საკუთარ თავსაც. სწორედ ასე მოიქცა თამუნა ნასყიდაშვილი, რომელმაც საკუთარი აივანი ნამდვილ „ოაზისად“ აქცია.
- პროფესიით PR ტექნოლოგი ვარ. ბევრი გატაცება მაქვს, რომელთა კავშირს სრულ ჰარმონიამდე მივყავარ. გამოვარჩევდი მცენარეების სიყვარულსა და მათზე ზრუნვას.
- თქვენს აივანს დიდი გამოხმაურება მოყვა სოციალურ ქსელში. მოგვიყევით მის შესახებ. როდის დაიწყეთ მისი გამწვანება და რამ გადაგაწყვეტინათ ეს?
- ჩემი აივანი ჩემი ნავსაყუდელია, ჩემი შინაგანი
- აივნის გამწვანებას თავისი სპეციფიკა აქვს, ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი, მაგალითად ქარის მიმართულება, მზე რამდენ ხანს უდგება და ა.შ. ეს ყველაფერი იცოდით როცა მცენარეების შერჩევა და დარგვა დაიწყეთ?
- ამაში ნამდვილად დაგეთანხმებით. აუცილებელია იმ ადგილის შესწავლა, დაკვირვება, სადაც აპირებთ მცენარეთა განთავსებას. ჩემი აივნის მდებარეობა იდეალურია მცენარეთათვის. მზე მხოლოდ დღის პირველ ნახევრამდეა, შესაბამისად პირდაპირი მზე არ გვაწუხებს, ქარიც ნაკლებად. ასე რომ არ იყოს, მხოლოდ თეორიული ცოდნით ფონს ვერ გავალთ. აუცილებელია დაკვირვება რეალურ სივრცეში. მეორე გასათვალისწინებელი ფაქტორია მცენარეთა სწორი შერჩევა აივნისთვის!
- თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე მოგვიყევით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ აივანი მყუდრო და ლამაზ კუთხედ აქციოთ?
- საერთოდ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და შესაბამისად ყველას თავისი ხედვა და გემოვნება აქვს. ასე რთულია ერთი პირობის დასახელება, ეს ხომ შემოქმედებაა. არ არსებობს ამის ფორმულა. ალბათ უფრო ინდივიდუალიზმი, საკუთარი ნიშის პოვნა, რაც დამერწმუნეთ ყველა ადამიანშია. უბრალოდ საკუთარ გულისთქმას უნდა აჰყვე და გააკეთო. ვფიქრობ, ჩემი აივნის კომფორტულობა და სიმყუდროვე განაპირობა ზუსტად იმ ეკო და ბიო ხელნაკეთმა დეკორაციებმა, რომლებსაც სეზონურად ვქმნი და ვაფორმებ. მხოლოდ ყვავილების რაოდენობა და განლაგება არ კმარა, აქაც უნდა დაიცვა ზღვარი, რომ არ გადაიტვირთოს, რაც გარემოს რთულად აღსაქმელს ხდის.
- რა მცენარეები ამშვენებენ თქვენს აივანს და რა სიხშირით სჭირდებათ მოვლა?
- ჩემს აივანზე ნახავთ დეკორატიულ ყინვაგამძლე ბუჩქებს (ეონიმუსი) ლიმონის ხეს, გარდენიას(მირონის ხე), ულამაზესი ვეიგელა(Weigela)ლავანდები, როზმარინი, უხვად მყავს ბალბები, აზალია, რომელიც უკვე ყვავილობს. მიყვარს სეზონური ყვავილების დათესვა. ეს ის პროცესია, რომელიც ძალიან მსიამოვნებს. მომწონს ჩემს თვალწინ რომ აღმოცენდება ყვავილი და ხარობს. რამდენიმე ჯიშის აფრიკული გვირილა, ქრიზანთემები, გვიმრა მაქვს. ამ ბოლო დროს სუკულენტებიც შევმატე ჩემას აივანს. რაც შეეხება მოვლას თითქმის ყოველდღე ვუვლი.
- ცხელ ზაფხულში როგორ იცავთ მცენარეებს?
- ზაფხულში შეძლებისდაგვარად ვიცავ, მორწყვა ორჯერ ჭირდებათ, გაუსაძლისადაც თითზე ჩამოსათვლელია დღეები და მცენარეებიც ეგუებიან, უძლებენ.
- მეზობლები როგორ უყურებენ თქვენს გატაცებას? არ ცდილობენ მოგბაძონ?
- მიხარია, რომ ჩემმა აივანმა ასეთი ყურადღება დაიმსახურა, იმიტომ რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ფეხს იდგამს ჩვენს ქალაქში აივნების გამწვანების კულტურა, რაც ისევ ჩვენთვისაა სასიკეთო. მცენარეთა მოვლა ანტიდეპრესანტია, დადებითად მოქმედებს ყველაზე, ამიტომ სახლიდან ასეთი რომ გახვალ, სხვასაც გადასცემ ემოციას და ასე გავამრავლებთ სამყაროში პოზიტივს. რაც შეეხება მიბაძვას, თუ სიყვარული და სურვილი არ უდევს საფუძვლად ასეთ წამოწყებას, მხოლოდ მიბაძვით არაფერი გამოვა. რაც შემეძლება, ყველას დავეხმარები.
მერი ბლიაძე
კომენტარები