"ყველა პირადი ტრაგედია ყვავილებმა შემიმსუბუქეს, მათ მიერთგულეს"

ელდინა ცქვიტაია მოყვარული მეყვავილეა. სახლში ას ძირზე მეტი, საკუთარი ხელით გახარებული ყვავილი აქვს. რომ იტყვიან, მის თავზე მხოლოდ წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, ბევრ ტკივილს და განსაცდელს გაუძლო. რთული ცხოვრების გზაზე მისი ერთგული თანამგზავრი სწორედ ყვავილები იყო.

- ყვავილების სიყვარული ბავშვობიდან მომყვება. ჩემი ორივე ბებია, დედის და მამის მხრიდან, გატაცებული იყვნენ ყვავილებით. მე აფხაზეთიდან ვარ, მოგეხსენებათ, იქ იყო ყვავილების კულტურა. თითქმის ყველა სახლის ეზო ლამაზ-ლამაზი ყვავილებით იყო გაფორმებული. გამონაკლისი არც ჩვენი ეზო გახლდათ. ყველაფერი ყვავილში და მწვანეში იყო ჩაფლული, ალბათ ამ

გარემოებამ იმოქმედა ჩემზე. ბებიებს ულამაზესი ჰორტენზიები, გიორგინები, ბალბები ჰქონდათ. ეს ყვავილები ბებიების თავს მახსენებს, ამიტომ ყველა მათგანი გავახარე ჰორტენზიების გარდა, რადგან აქ არ იშოვება. საცხოვრებელ კორპუსში ვცხოვრობ, არ მაქვს დიდი ფართი, ამიტომ ბალბების მხოლოდ რამდენიმე სახეობა ვახარე, ყველას შენახვას ვერ შევძლებ.


ცხოვრებამ ბევრი მწარე განსაცდელი და გამოცდა მომიწყო. ხუთი წლის უკან დამენგრა ოჯახი. საცხოვრებლად მშობლებთან გადმოვედი, ორი შვილთან ერთან. სამი წლის წინ ჩემი 16 წლის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა - თევზაობის დროს მტკვარში დაიხრჩო... დამრჩა გოგონა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობისაა. ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ ამ სტრესის დაძლევაში ჩემი ყვავილები ძალიან დამეხმარნენ. მათი მოვლა, ზრუნვა ჩემთვის კარგი თერაპია იყო. როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო, მათთან ურთიერთობა ყველანაირ სტრესს და დაძაბულობას მიხსნის.


- დაახლოებით რამდენი ძირი ყვავილი გაქვთ?
- ძალიან პატარა ფართია ჩვენს სახლში, მაგრამ ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია. მცენარეები ძირითადად ფანჯრის რაფაზე და კორიდორში მაქვს განთავსებული. ყველაზე ბევრი იებია. ჯამში ას ძირზე მეტი ყვავილი მექნება. სიმართლე გითხრათ, არ დამითვლია.

- როგორ შეაგროვეთ ამდენი ძირი?
- მხოლოდ რამდენიმე მაქვს ნაჩუქარი, ძირითადად მე თვითონ ვამრავლებ. სიამოვნებას მანიჭებს, როცა ჩემი ხელით ვახარებ და მათზე ამაგი მაქვს. თითოეულ მათგანს სახელს ვარქმევ და ვესაუბრები. მშობლები და ძმა ძალიან მიწყობენ ხელს. არ მიყვარს სასუქით, ქიმიური მინარევებით გაჯერებული მიწა, ამის გამო ხშირად მიწევს ნიადაგის გამოცვლა. ტყის მიწით ჩემი ძმა მამარაგებს.


- ალბათ თითოეულ მათგანს განსხვავებული მოვლა სჭირდება.
- კი, რა თქმა უნდა. იებს დანამვა არ უყვართ, რადგან ხაოიანი ზედაპირი აქვთ და ლაქებად ემჩნევა, ამიტომ იმ მცენარეებთან ახლოს ვერ ვდებ, რომლებსაც დანამვა უყვართ. დანამვა მოსწონს ელასტიკას, ცისუსს, უფრო ტროპიკულ მცენარეებს. ყვავილებს ზოგჯერ უჩნდებათ მავნებლები, სხვადასხვა დაავადება. წამლების ხმარება არ მიყვარს, ბუნებრივ საშუალებებს უფრო ვიყენებ. თვეში ერთხელ ვრწყავ ძალიან ბაცი, ვარდისფერი მარგანცოვკიანი წყლით. ეს დეზინფექციის კარგი საშუალებაა (წყალში ვყრი ძალიან მცირე რაოდენობის მარგანცოვკას, რომ არ დაწვას მცენარე). ფესვის ლპობას ხელს უშლის სამედიცინო, აქტივირებული ნახშირი. წვრილად დაფქულ ნახშირს ვხსნი წყალში და ამით ვრწყავ ყვავილებს. როცა კარტოფილს ვხარშავ არასოდეს ვღვრი ნახარშს, რადგან დიდი რაოდენობით კალიუმს შეიცავს და ყვავილობას უწყობს ხელს. ყვევილობისთვის სასარგებლოა წვრილად დაჭრილი გამხმარი ბანანის ქერქიც, რომელიც გადარგვის დროს მიწაში უნდა გაურიოთ. ერთი სიტყვით, მე ბუნებრივ საშუალებებს ვანიჭებ უპირატესობას და ამართლებს კიდეც.

- ზამთარში, როგორ ახერხებთ საცხოვრებელ კორპუსში ამდენი ყვავილის მოვლას?
- რა თქმა უნდა, ზამთარში მათი მოვლა ცოტა რთულია, მაგრამ ვართმევ თავს. ჩემმა ძმამ ყვავილებისთვის სპეციალური დამატებითი განათება გამიკეთა, როცა ღრუბლიანი ამინდია, ვურთავ. ძირითადად ისებს სჭირდებათ განათება. ზამთარში ყვავილებს მიწის გამოცვლა არ სჭირდებათ, რაც შეეხება მორწყვას, კაქტუსებს საერთოდ არ ვრწყავ. ვინაიდან ყვავილები სახლში, სითბოსა და სინათლეში მაქვს, ჩვეულებრივად ვრწყავ, როგორც წლის ნებისმიერ დროს. ყველა მცენარე ძალიან მიყვარს, ფართის უქონლობის მიუხედავად ვცდილობ, ერთი-ორი ძირი ყველა სახეობა მქონდეს. ძირითადად იებზე მაქვს აქცენტი გამახვილებული, ეს იმიტომ, რომ დიდი სივრცე არ სჭირდება. ყველაზე ასაკოვანი ჩინური ვარდი მაქვს, ჩემი ბიჭის ასაკისაა - 19 წლის. მეორე კი ზუსტად გოგოს ხელაა. ჩემი ხელით გავახარე. თუ ტოტი მოტყდა ან ფოთლებს შევაცლი, არასოდეს ვაგდებ, ვაფესვიანებ და მერე მზრუნველ, ყვავილების მოყვარულ ადამიანს ვჩუქნი. ყვავილებს, როგორც ცოცხალ არსებებს, ისე აღვიქვამ და ვესაუბრები. ჩემი დილა მათზე ზრუნვით იწყება. ნოემბერში ძალიან ცუდად ვიყავი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები მქონდა, ამ დროს რამდენიმე ია მომიკვდა. არასოდეს მიკვდება ყვავილი. პირველად ასეთი რამ მაშინ მოხდა, როცა ჩემი შვილი დაიღუპა, მეორედ - ჩემი ავადმყოფობის დრო. ფოთლებით მაინც გადავარჩინე, შეიძლება ითქვას, თავიდან გავაცოცხლე ეს ყვავილები. ჩემი ტრაგედია მათაც განიცადეს და იგრძნეს.

- ულამაზესი აქსესუარებით და მოწნული დეკორაციით გაქვთ ყვავილები გაორმებული.

- როგორც ქალს უყვარს ლამაზად ჩაცმა, მეც ასე მიყვარს ჩემი ყვავილების ლამაზი აქსესუარებით გაფორმება (იღიმის). ეს მოწნული კალათები, ჩიტები, ზღარბები ჩემი ხელით მაქვს გაკეთებული. ყვავილების შემდეგ ხელსაქმე ჩემი მეორე ჰობია.

- რა მასალისგან აკეთებთ დეკორაციას?
- სხვადასხვა დეკორაციას სპეციალურად დამუშავებული ქაღალდისგან ვწნავ და შემდეგ ვლაქავ.

- დამწყებ მეყვავილეებს რას ურჩევთ?
- ყვავილების მომრავლებისთვის მხოლოდ სურვილი არ კმარა, მთავარია გიყვარდეს მცენარეები, ბუნება, უვლიდე მას როგორც ცოცხალ არსებას, გქონდეს მოთმინების უნარი, რადგან მათ გამრავლებას, გახარებას დიდი დრო სჭირდება. როცა ყვავილს ვაფესვიანებ, ყოველდღე ვაკვირდები რას განიცდის, როგორ იზრდება, როგორ გამოაქვს კოკორი, იშლება ყვავილი და ა.შ. დამწყებ მეყვავილეებს ვურჩევ დაიწყონ მარტივად მოსავლელი მცენარეებით, მაგალითად, პელარგონიებით. უპირველეს ყოვლისა სწორად შეარჩიეთ მცენარე, ის უნდა შეესაბამებოდეს იმ პირობებს, რომლის შექმნაც თქვენ შეგიძლიათ მისთვის, შემდეგ სწორად შეარჩიეთ ადგილი. ინტერნეტი გვაძლევს იმის საშუალებას, გავარკვიოთ, რამდენად მოსწონს ამა თუ იმ მცენარეს მზის სინათლე, ხშირი მორწყვა, რამდენ ხანში ერთხელ სჭირდება ნიადაგის გამოცვლა. ცივი წყლით მორწყვამ შეიძლება უსიამოვნო შედები გამოიწვიოს. სანამ ყვავილს გადარგავთ, მიწას ჩაუტარეთ დეზინფექცია, რადგან შეიძლება მიწა დაავადებული იყოს. ნელ-ნელა ადამიანი თვითონ ხვდება, რომელი მცენარე რას მოითხოვს მისგან.
მერი ბლიაძე

კომენტარები

ana 2020-08-18 18:26
ამ ულამაზეს ქალს რატომ ქონია ესეთი ბედი?!
ქალბატონო ელდინა ყველა ოცნება აგისრულდეტ და ეს გოგონა უფალმა გამოაჯანმრტელოს
ნანა მღებრიშვილი 2019-01-15 19:32
ელდინას ჰობი ყვავილები და სილამაზეა, მაგრამ თვითონ,ადამიანობის და სულიერი სილამაზის ეტალონია
ლია კერესელიძე 2019-01-14 11:31
პირველ რიგში გილიცავთ შობა ახალწელს..უფაკმა ჯამრთელობა და გამძლეიბა მოგცეთ...ერთი კითხვა მაქვს...ბალბა რომ იზრდება სიმაღლეში.რა მოუხერხო.ან მიწა როდის შეუცვალო და როგორ...მადლობა წინასწარ...
tekla 2016-08-19 23:30
ღმერთო ჩემო რამდენი ტკივილი გამოგივლიათ,ღმერთმა გაკმაროთ,გამძლეობა მოგცეთ და სიხარულის მეტი არაფერი გენახოთ ცხოვრებაში.
медико джикиа 2016-07-11 09:58
гаихарет гаихарос шема квавилебма да гаахарос шени ангелозис гули упали икос шени мпарвели генацвале дзалиан момецоне арчеули хар уплисган сихаруло квелапери каргад икнеба гджеродес

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები