ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში საიტმა shin.ge-მ აივნების კონკურსი გამოაცხადა. მკითხველებმა რედაქციაში ბევრი ლამაზი ფოტო გამოგზავნეს, თუმცა ლაიქების მიხედვით რჩეული, 1805 ხმით გახდა ქალბატონი მაია ბიძინაშვილი. გამარჯვებულმა "შინ"-ისგან და გამომცემლობა "პალიტრა L"-ისგან სასიამოვნო საჩუქრები მიიღო. ჩვენ ვესტუმრეთ ქალბატონ მაიას და მისი მართლაც ულამაზესი აივანი, "მწვანე კუნძული" თავად დავათვალიერეთ.
- პროფესიით პურის წარმოების ტექნოლოგი ვარ, მაგრამ სამწუხაროდ, არ ვმუშაობ. სამი შვილი მყავს, უფროსი სტუდენტია. ჩემი მეუღლე მოძღვარია, მამა იაკობი. მთელ ჩემს ძალას და ენერგიას ოჯახს ვახმარ. სოფელში გავიზარდე. ყველაფერი მიყვარს, რაც მიწასთან არის
- უამრავი განსხვავებული ყვავილი გაქვთ. მაღალსართულიან კორპუსში როგორ ახერხებთ მათ შენახვას, გამრავლებას, მოვლას? რთული არ არის?
- რა თქმა უნდა, კორპუსში იმდენი საშუალება და გასაქანი არ არის, როგორც ეზოში, ბაღში, თუმცა მთავარი მონდომებაა. თუ ადამიანს გიყვარს ბუნება, მცენარეები, ყვავილები, აივანზეც შესაძლებელია პატარა წალკოტის მოწყობა, სადაც სულიერად დაისვენებ, ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან, მეგობრებთან ერთად დროს სასიამოვნოდ გაატარებ. აივნის გალამაზებაში, მცენარეების შეძენასა და გამრავლებაში ძალიან მეხმარება ჩემი მეუღლე, მისი დახმარების გარეშე ვერაფერს შევძლებდი. მასაც ძალიან უყვარს ყვავილები. არასოდეს დამზარდება, თუ ვთხოვ ყვავილების, ქოთნების, სასუქის საყიდლად წაყვანას. დღეში ორჯერაც რომ ვთხოვო, უარს არ მეტყვის. ასე ერთობლივი ძალებით მოვაწყვეთ ჩვენს პატარა აივანზე მწვანე კუნძული. მამა იაკობი ჭავჭავაძის გამზირზე სამების ეკლესიაში მოღვაწეობს, იქაც ძალიან ლამზად აკეთებენ ტაძრის ეზოს, ალბათ შემოდგომაზე მზად იქნება.
ბოლო პერიოდში ძალიან ტრენდული და მოდური გახდა ყვავილებით და მცენარეებით გალამაზებული ეზოები, სახლები, აივნები, საჯარო დაწესებულებები, კაფეები და ა.შ. რაც ძალიან მახარებს. თითოეული დარგული მცენარე, ყვავილი, ნერგი ჩვენი ქალაქის, სოფლის, ბუნების, გარემოს საკეთილდღეოდ წინ გადადგმული ნაბიჯია.
- სულ ახლახან გახდით აივნების კონკურსის გამარჯვებული. როგორ გაიგეთ კონკურსის შესახებ და ელოდით თუ არა გამარჯვებას?
- დიდი ინტერესით ვადევნებ თვალყურს თქვენს ჟურნალს და საიტს. შეძენილი მაქვს ყველა ნომერი, რაც კი გამოსულა. თქვენი საშუალებით ვიღებ ბევრ სასარგებლო ინფორმაციას, რჩევებს ყვავილების, მებაღეობის, მცენარეთა მოვლის, ინტერიერის დიზაინის შესახებ. სოციალური ქსელის საშუალებით გავიგე კონკურსის შესახებ. თავიდან ვყოყმანობდი, ვფიქრობდი, ჩემზე უკეთესი აივნები აქვთ და მე მაინც ვერ გავიმარჯვებ-თქო. მეგობრებმა შემაგულიანეს, მომცეს სტიმული და ბოლო დღეს გავაგზავნე სურათები. გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი, მოულოდნელი იყო, ამიტომ განსაკუთრებით გამიხარდა.
ბევრი ადამიანი მწერს სოციალურ ქსელში, მილოცავენ, ზოგი რჩევებს მთხოვს, ზოგს კი ჩემთან სტუმრობის სურვილი აქვს. ამ კონკურსის საშუალებით ჩემი შექმნილი სილამაზე უამრავ ადამიანს გავუზიარე, შევიძინე ბევრი საინტერესო მეგობარი, მომეცა სტიმული უფრო მრავალფეროვანი გავხადო ჩვენი აივანი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ჟურნალ "შინს" და მის სარედაქციო ჯგუფს.
მერი ბლიაძე
კომენტარები