მეუღლის ნაჩუქარი ორქიდეებით დაწყებული ყვავილების საოცარი კოლექცია

სოფი ნადარეიშვილი ბავშვობიდან გატაცებულია ყვავილებით და დღეს მისი კოლექცია ულამაზესი, იშვიათი ჯიშის მცენარეებს მოიცავს. სოფის ოცნება გამწვანებული, ყვავილებით გალამაზებული, აყვავებული საქართველოა. ხშირად უწევს მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყანაში. მისმა მოგზაურობამ საოცრად მრავალფეროვანი ყვავილების კოლექცია შეიწირა, რასაც დღესაც ვერ ეგუება. თუმცა ამ არასასიამოვნო ფაქტის გამო ფარ-ხმალი არ დაუყრია, პირიქით, დღეს უფრო აქტიურად აგროვებს იშვიათი ჯიშის მცენარეებს და ამდიდრებს საკუთარ კოლექციას.



- ასეთი აქტიური და დატვირთული ცხოვრებით ცოვრობთ, როგორ ახერხებთ ყვავილების მოვლას?
- ერთდროულად სამ ქვეყანაში ვცხოვრობ. ყოველ მეორე წელს სხვადასხვა ქვეყანაში მიწევს გადასვლა. აქტიური

ცხოვრებით ვცხოვრობ, საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მაქვს. მოგზაურობის დროს ჩემი ყვავილები თან დამქონდა, სამწუხაროდ, ზედიზედ 2-ჯერ ზამთარში მოგვიწია გადასვლა და მთელი წელი რაც შევაგროვე, ყველა გამეყინაგზაში. მას შემდეგ ვცდილობ აღარ ვატარო. ცარიელი ქოთნების ყურება ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, თითქოს "ფეხშიშველი ვარ", ამიტომ ვცდილობ ავანაზღაურო დანაკარგი და ელვისებური სისწრაფით ვავსებ ჩემს თაროებს. ამაში ძალიან მეხმარება ჩემი ოჯახი, ჩემი მეუღლე, დედამთილი და მეუღლის დეიდაშვილი. დედამთილი ძირითადად ათენში დეკორატიულ მცენარეებს უვლის, ქმრის დეიდაშვილს უკრაინაში იები და ორქიდეების ნაწილი მივაბარე.

- თქვენი კოლექცია რა მცენარეებს მოიცავს?
- ამჟამად საკმაოდ ბევრი სახეობის მცენარე მაქვს. ვარდების, ორქიდეების, სტრეპტოკარპუსების და იების გარდა სხვა ყვავილებს ხასიათის და სილამაზის მიხედვით ვარჩევ. ეს ოთხი ყვავილი შემიძლია ერთ შეძენაზე 100-ზე მეტი შევიძინო. ჩემი კოლექციის ძირითად ნაწილს სწორედ ეს ყვავილები შეადგენს. მოგეხსენებათ, ყვავილების უმეტეს ნაწილს სჭირდება მისთვის სასურველი პირობები. მაქსიმალურად ვცდილობ მყარად დავიცვა ყვავილის მოვლის მეთოდები, მაგალითად, განათება, სწორი მორწყვა, კვება და ა.შ. კვებაში ვგულისხმობ ყვავილების პრეპარატებს.


- რომელია თქვენი ფავორიტი ყვავილი და რატომ გიყვართ განსაკუთრებით?
- ჩემი ფავორიტი და განუმეორებელი ყვავილი ბავშვობიდან ვარდები გახლავთ. შემდეგ დავინტერესდი ორქიდეებით, იებით და სტრეპტოკარპუსებით.
ვარდები განსაკუთრებით იმიტომ მიყვარს, რომ საქართველოში დედას ჰქონდა საკმაოდ ბევრი ვარდი, საოცარი სურნელება ტრიალებდა ირგვლივ, განსაკუთრებით მაისის თვიდან.


ორქიდეებით დაახლოებით 7 წლის წინ დავინტერესდი. გამიჩნდა სურვილი, რომ ბევრი მყოლოდა. ძირითადად ორქიდეები მეუღლის ნაჩუქარი მაქვს.
იები ჩემთვის სინაზესთან ასოცირდება, რადგან ია ყველაზე სათუთი მცენარეა. სტრეპტოკარპუსი ძალიან ადვილი მოსავლელი ყვავილია, რაც კი ოდესმე მქონია.

- ყვავილების გამრავლება თუ გიცდიათ?
- ყვავილებს ხშირად ვამრავლებ, განსაკუთრებით ორქიდეების გამრავლებით ვარ დაკავებული. მათი გამრავლება ხდება სხვადასხვა მეთოდით. ამ შემთხვევაში ვისაუბრებ ფენელოფსისზე. ეს ყვავილი ყველასთვის კარგადაა ცნობილი. ფენელოფსისი როცა დაიყვავილებს, თუ ღერო გაუხმა, სჭირდება 1 წელი ან კიდევ მეტი, რომ ყვავილებით გაგვახაროს. ვცდილობ მოვასწრო, სანამ ღერო ჯანსაღია და ვუსმევ სპეციალურ ჰორმონს და ველოდები შედეგებს. თუ ღერო გახმა და ვერ მოვასწარი ჰორმონის წასმა, მაშინ არ ვაწუხებ ორქიდეებს, ვდგამ დიოდური ნათურებით ხანგრძლივად განათებულ ადგილას. ვაძლევ სხვადასხვა მასტიმულირებელ პრეპარატს. ზაფხულში ვასვენებ და არანაირ კვებას არ ვაძლევ. რაც შეეხება მორწყვას, პრაქტიკულად შეუძლებელია, როცა 20-ზე მეტი ორქიდეა გაქვს, ჯამში ჩასვა და დაელოდო 15-20 წუთი, ამიტომ მე ორქიდეებს წყალს ვუსხამ და ისე ვრწყავ. მთავარია ფოთლის შუაგულში არ მოხვდეს წყალი.



- ყვავილებმა ბევრი მეგობარი გაგიჩინათ საქართველოში და მათ ხშირად ანებივრებთ საჩუქრებით.
- დიახ, სოციალური ქსელის საშუალებით უამრავი საოცრად თბილი და საყვარელი ადამიანები გავიცანი. ჯგუფი, სადაც გავწევრიანდი, "სოსანი" იყო. ხშირად აღვნიშნავ, რომ ეს ჯგუფი ჩემი პატარა სახლია, სადაც თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ. სამწუხაროდ შარშან ვერ მოვახერხე კონკურში მიმეღო მონაწილეობა, წელს კი აქტიურად ვემზადები. ასევე მინდა, სხვა ჯგუფებს და მათ წევრებს უღრმესი მადლობა გადავუხადო, შორიდან საქართველოს სითბოს მოკლებულს, ამ სიცარიელეს რომ მივსებენ.
საჩუქრებით სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვანებრივებ, თუმცა ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ყველა გავახარო. მაქსიმალურად ვცდილობ, თუ არის ამის შესაძლებლობა, მცირეოდენი თუნდაც 1 ყვავილით ყველა გავახარო. სიამოვნებას მანიჭებს ადამიანების გაღიმებული სახეები.

- საქართველოსთან შედარებით იმ ქვეყნებში, სადაც გიცხოვრიათ, როგორაა მცენარეების კულტურა განვითარებული?
საქართველოში ყვავილების და მცენარეების კულტურა ნელ-ნელა იხვეწება. ბოლო წლებია მკაფიოდ ჩანს ადამიანების აქტიურობა და ჩართულობა,  რაც ძალიან მახარებს.
ევროპის კულტურა ენით აუღწერელია, საოცარი სილამაზე და სრული იდილია სუფევს. მცენარეების კულტურა უმაღლეს დონეზეა აყვანილი, არის არნახული კომპოზიციები, ფერთა სიკაშკაშე. გამწვანებული გარემო ქმნის არა მარტო არნახულ სილამაზეს, არამედ ეკოლოგიურად სუფთა ჰაერს, გარემოს, იზიდავს ტურისტს, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი უმთავრესი სურვილია, როცა ჩამოვალ გამწვანებული, საოცარი ყვავილებით გალამაზებული საქართველო დამხვდეს. ხშირად ვოცნებობ და ვფიქრობ, მეც მცირედი წვლილი შევიტანო ამ სასიკეთო საქმეში, ამიტომ ვცდილობ უცხო, იშვიათი ჯიშის მცენარე, ყვავილები, თესლები და ნერგები გამოვუგზავნო ჩემს "უცნობ" მეგობრებს.


მერი ბლიაძე

კომენტარები

თამილა 2023-10-27 04:12
რა კარგია
ნათო ნიკურაძე 2016-11-23 19:28
აღფრთოვანებული ვარ სოფო .მსგავსი იშვიათად მინახავს, გაიხარე ჩემო კარგო.
მზია მორჩაძე 2016-08-22 16:55
ჩემო კარგო,ძალიან მიხარია,რომ ასეთი ადამიანები არსებობთ. ჩემს დახმარებას თუ მიიღებთ,შემიძლია თუ გაემგზავრებით,1-2 კვირიტ დაგეხმარებიტ და ყვავილებს მიგიხედავტ-მოგირწყავთ!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები