"გვინდოდა, თანამედროვე ბინა ყოფილიყო, ზედმეტი დეტალების გარეშე..." - კიდევ ერთი ბინა, რომელმაც ინტერნეტში დიდი მოწონება დაიმსახურა

საბა მჭედლიშვილი ფინანსისტი გახლავთ, თუმცა ბოლო პერიოდში დიდი გამოცდილება მიიღო რემონტის სფეროშიც. საბამ სულ ახლახან დაასრულა ბინის რემონტი, რომელიც განსაკუთრებული, დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა და გულგრილს არ დაგტოვებთ. საბამ რემონტის დროს მიღებული გამოცდილება და რჩევები გაგვიზიარა.

- პროფესიით ფინანსისტი გახლავართ, საქმიანობით კი საქართველოში არსებული ერთ-ერთი კომერციული ბანკის ფინანსურ განყოფილებას ვხელმძღვანელობ. ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ აქამდე რემონტთან არანაირი შეხება არ მქონია, თუ არ ჩავთვლით მხოლოდ კოსმეტიკურ რემონტს, რომელიც გაცილებით პატარა მასშტაბის იყო.

- მოგვიყევით სახლზე, რომელის რემონტიც სულ ახლახან დაასრულეთ. როდის შეიძინეთ,
რა მდგომარეობაში იყო თავდაპირველად და როგორ დაგეგმეთ რემონტი?

- რემონტის დაწყებამდე ბინა იყო ე.წ. თეთრი კარკასი. ბინის საერთო ფართი 70 კვმ-ია, არის სტუდიოს ტიპის ოროთახიანი, შესაბამისად, მთავარ ამოცანად დავისახე ოთახები არ გადამეტვირთა ავეჯით და სხვადასხვა დეკორაციით.
რემონტის დაწყების წინ აქცენტი გავაკეთე ორ ძირითად მიმართულებაზე, რემონტი უნდა ყოფილიყო დეტალური ბიუჯეტით და საქმე მიმენდო დიზაინერისათვის. მოგეხსენებათ, დღეს ბაზარზე საკმაოდ დიდი არჩევანია, როგორც სამშენებლო მასალების, ისე დეკორაციების კუთხით, რაც ნიშნავს იმას, რომ რემონტის დროს ხარჯების ზედა ზღვარი არ არსებობს. რამდენსაც მოისურვებ, იმდენი შეგიძლია დახარჯო. შესაბამისად, წინასწარ გაწერილი ბიუჯეტი გვეხმარება, ხარჯების მიზნობრივ მაჩვენებელს არ გავცდეთ.

მე პირადად ხარჯების ბიუჯეტის შედგენამ მომცა საშუალება ხარჯვითი ნაწილის სრული სურათი დამენახა, რის შემდეგაც ბევრად მარტივი იყო ფინანსების კონტროლი.
არის შემთხვევები, როცა შესყიდვის დროს რაღაც ძალიან მოგვწონს, მაგრამ თავს უფლებას ვერ ვაძლევთ ის შევიძინოთ ჩვენი ბინისთვის ან თუნდაც პირიქით, ერთ კონკრეტულ ნივთში ან დეკორაციაში ვიხდით კოლოსალურ თანხას და მთლიანობაში როგორც წესი ამ ტიპის შენაძენი არის კონტექსტიდან ამოვარდნილი. სწორედ ამ პრობლემების გადაჭრაში დამეხმარა წინასწარი ბიუჯეტის განსაზღვრა. პროცესის დროს უკვე გამოიკვეთა, რა ნაწილში მექნებოდა ეკონომია და რა ნაწილში გადახარჯვა. ბიუჯეტის გარკვეულ მუხლებში არსებულმა ეკონომიამ მომცა საშუალება, დაზოგილი თანხებით შემეძინა ისეთი რამ, რაც დაგეგმვის პროცესში საკმაოდ მეძვირებოდა. მთლიანობაში ჯამური ხარჯები დაგეგმილს არ გაცდენილა, შედეგმა კი პირადად ჩემთვის მოლოდინს გადააჭარბა. დაგეგმვის პროცესი და შემდგომი ხარჯების კონტროლი არ არის მარტივი, მაგრამ ვფიქრობ აღნიშნული რუტინის დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რაც თავიდან აგვაცილებს რემონტთან დაკავშირებულ ქაოსს, რომელთან გამკლავება უფრო მეტ დროს და ენერგიას მოითხოვს.
დიზაინერის დაქირავებას ვურჩევ ყველას, გამოცდილსა და გამოუცდელს. მე პირადად მიმაჩნია, რომ რაც არ უნდა კარგი ხედვა გვქონდეს, დიზაინერზე კარგად პროექტს ვერ დავგეგმავთ. იშვიათი გამონაკლისები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ძირითადად დიზაინერის გარეშე შესრულებულ სამუშაოებს, ან რაღაც აკლია, ან რაღაც გადაჭარბებულია.

დიზაინერს დავუკვეთე თანამედროვე სტილში გადაწყვეტილი ბიუჯეტური პროექტის შექმნა. ბიუჯეტური ხაზგასმით, ვინაიდან მოგეხსენებათ პროფესიონალი დიზაინერების ფანტაზიას, როგორც წესი საზღვარი არ აქვს, შესაბამისად არის იმის დიდი რისკი, რომ დიზაინერის შექმნილ ულამაზეს რენდერებს რეალობაში ვერ გადავიტანთ არასაკმარისი ფინანსების გამო. როგორც კი მთლიანი სურათი დავინახე და კონცეფცია მომეწონა, მხოლოდ მას შემდეგ დავიწყე სარემონტო სამუშაოები. ბიუჯეტურმა დიზაინმა მომცა საშუალება, ჩემი პირადი კორექტივებიც შემეტანა და ჯამში ამ ყველაფერმა მოგვცა სასურველი შედეგი.

- რა იყო ის საკითხები, რაც თქვენ თავზე ვერ აიღეთ და პროფესიონალებს ანდეთ?
- როგორც წესი, ინტერესი ყველა დეტალის მიმართ მქონდა, მაგრამ ელექტრო გაყვანილობის დაგეგმვა და მსგავსი ტექნიკური საკითხები არის ის, რაშიც ვერ ვერკვევი და აქ სრულად მივენდე დიზაინერს და ხელოსანს დაგეგმვის ნაწილში.

- რამდენად მნიშვნელოვანია რემონტის დროს სწორად შერჩეული გუნდი? თქვენ შემთხვევაში როგორ იყო, გაგიმართლათ?
- რა თქმა უნდა, სწორად შერჩეული გუნდის გარეშე გამორიცხულია სასურველ შედეგს მიაღწიო. ვერ ვიტყვი, რომ ეს გამართლება იყო, ხელოსნებს დიდხანს ვარჩევდი და საბოლოოდ მივაგენი ისეთ ხალხს, ვინც დამეხმარა სამუშაოების შესრულებაში.
რემონტის დასრულება ყველას ძალიან გვეჩქარება, მაგრამ ამ სიჩქარეში შეიძლება დიდი შეცდომები დავუშვათ, მაგალითად ცუდი ხელოსანი.

პირადი გამოცდილებიდან რასაც დავაკვირდი, კარგ ხელოსნებს, როგორც წესი, არასოდეს არ სცალიათ და რაღაც პერიოდი გვიწევს ლოდინი და რამდენჯერაც მოვიცადე და არ ავჩქარდი, კარგი შედეგი მივიღე. არ ვგულისხმობ, რომ ხელოსნის მოუცლელობა ერთადერთი კრიტერიუმი შეიძლება იყოს შეფასების, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის სხვა დანარჩენთან ერთად.

- ალბათ სარემონტო მასალებში უკვე გათვითცნობიერებული ხართ. როგორ არჩევდით ხარისხიან მასალას და რას ითვალისწინებდით ამ დროს?
- სამშენებლო მასალების შერჩევის დროს, როგორც წესი, ყველაზე დიდი მრჩეველი ჩვენივე ხელოსანია, მაგრამ გადამოწმებას წინ არაფერი არ უდგას. დანარჩენს რაც შეეხება მაქსიმალურად ვცდილობდი ბრენდულ მაღაზიებში შემეძინა ყველაფერი, სადაც ინფორმაცია პროდუქციის წარმომავლობასა და ხარისხზე ხელმისაწვდომია.

- მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველაზე დიდი სირთულე რა იყო, რა პრობლემებს წააწყდით?
- ჩემთვის პირადად ყველაზე დიდი სირთულე დროის უქონლობა იყო. დანარჩენი ყველაფერი მართვადია. მთავარია რემონტს შევხედოთ როგორც მორიგ პროექტს, რომელიც დასასრულებელი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენია და ჩვენს ფულს ვხარჯავთ ემოციური დამოკიდებულება მაქსიმალურად უნდა შევამციროთ, რომ გადაწყვეტილებების მიღება იმპულსურად არ მოხდეს.

- რაც შეეხება უშუალოდ დიზაინს. როგორც აღნიშნეთ, დიზაინერის მომსახურებით ისარგებლეთ, რა სტილში გადაწყვიტეთ?
- კი, რა თქმა უნდა, დიზაინერის მომსახურებით ვისარგებლეთ. ბინა გვინდოდა, თანამედროვე სტილში ყოფილიყო გადაწყვეტილი, რომელიც არ იქნებოდა გადატვირთული ზედმეტი დეტალებით.

- რა ფერებს მიანიჭეთ უპირატესობა და ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია ინტერიერში სწორად შერჩეული ფერები?
- ფერები ქმნის ხასიათს დიზაინში, შესაბამისად მნიშნველოვანია მათი სწორედ შერჩევაც. ამ მიმართულებით ძირითადი კონცეფცია დიზაინერს ეკუთვნის, მაგრამ გარკვეული კორექტივები მე და მეუღლემ შევიტანეთ.

- ავეჯი რის მიხედვით, როგორი ფერის და სტილის შეარჩიეთ?
- ავეჯთან დაკავშირებულ საკითხებზე უშუალოდ ის კომპანია დამეხმარა, ვისაც დავამზადებინე. ფერიც და სტილიც ერთად ავარჩიეთ. შეიძლება ითქვას, რომ ავეჯის დიზაინი ცალკე არის გაკეთებული ყველა ნიუანსის გათვალისწინებით.

- ოჯახის წევრებიდან ვინ გედგათ გვერდში, ვის რჩევას და გემოვნებას ითვალისწინებდით ყველაზე ხშირად?
- ძირითადად დიზაინის საკითხში მეუღლე იყო ჩართული, ხოლო ტექნიკურ ნაწილზე, ანუ შესრულებას რაც შეეხებოდა, მე ავიღე სრული პასუხისმგებლობა. რაც მთავარია, შედეგი ორივესთვის მისაღებია.

- თუ იყო საკითხი რაზეც კამათობდით და თქვენი აზრი არ ემთხვეოდა ერთმანეთს?
- კამათს უფრო ვერ დავარქმევდი, იყო იდეების და აზრების გაცვლა, რომლის იდეაც უფრო საინტერესო გამოდგებოდა ის გადაგვქონდა რეალობაში.

- რას ნიშნავს თქვენთვის კომფორტული ბინა, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება და როგორ გრძნობთ თავს ახალ ბინაში?
- ჩვენი მიზანი იყო, რომ ყველა ოთახში ყოფილიყო რამე საინტერესო, რაც დადებითად იმოქმედებდა ადამიანის განწყობაზე. ვფიქრობ ამ მიზანს მივაღწიეთ და დაწყებული აივნიდან, დასრულებული სამზარეულოთი ყველგან არის რამე ისეთი, რაც შეიძლება განსაკუთრებულად მოგვეწონოს. სწორედ ამას ვეძახი მე კომფორტულს და მყუდრო ბინას.

- რას ურჩევთ ადამიანებს, ვინც ახლა გეგმავს რემონტის გაკეთებს. რა გაითვალისწინონ აუცილებლად, რა შეცდომა არ დაუშვან?
- როგორც დასაწყისში აღვნიშნე, პირველ რიგში ბიუჯეტი და შემდეგ დიზაინი. ეს არის ის ორი ძირითადი საკითხი, რომლის დახმარებით მნიშვნელოვნად შევამცირებთ გაუთვალისწინებელ ხარჯებს და მივიღებთ სასურველ შედეგს.




მერი ბლიაძე

კომენტარები

ქეთი 2019-11-09 21:17
ნორმალურ ხელოსნებს სად მიაკვლიეთ, იქნებ მირჩიოთ.
მადლობა წინასწარ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები