ცოლ-ქმრის მიერ დიდი რუდუნებით მოწყობილი ბინა, რომელსაც ინტერნეტში დიდი მოწონება ხვდა წილად

ჯერ მხოლოდ ორი თვეა, რაც ქეთი დანელია მეუღლესა და შვილთან ერთად ახალ ბინაში გადავიდა საცხოვრებლად. ცოლ-ქმარმა ბინის რემონტი ერთმანეთთან შეთანხმებით და ერთმანეთის გემოვნების გათვალისწინებით მოაწყო. დამღლელი და რთული პროცესის შემდეგ ქეთი ბედნიერია, რომ სასურველ შედეგს მიაღწია და მისი ბინის ფოტოებმა ინტერნეტსივრცეში მოწონება დაიმსახურა - ჩვენი ყურადღებაც მიიპყრო. რემონტს საკმაოდ დიდი დრო მოანდომა, ამ ხნის განმავლობაში კი საკმაო გამოცდილებაც დააგროვა, რომელსაც ჩვენს მკითხველს უზიარებს.

– ახლახან დაასრულეთ სახლის რემონტი. მოგვიყევით ამ სახლზე...



– სახლის შერჩევა მე და ჩემმა მეუღლემ დავიწყეთ წელიწად-ნახევრის
წინ, როდესაც ბავშვი უკვე ცალკე ოთახს საჭიროებდა და სამომავლო მატებაზეც ვფიქრობდით, ჩვენს პატარა სახლში კი ამის საშუალება არ იყო. თადარიგი დავიჭირეთ და ადრეულად დავიწყეთ ძიება. რამდენიმე თვე ვეძებდით განცხადებებს ინტერნეტში, ვნახულობდი დეველოპერული კომპანიების ვებგვერდებზე განთავსებულ პროექტებს და ადგილზეც ვეცნობოდით პირობებს. გვქონდა საკმაოდ ბევრი კრიტერიუმი და ეს ართულებდა საქმეს: ბინა უნდა ყოფილიყო 120-130 კვადრატული მეტრი, კარგი განლაგებით, ისე, რომ 3 საძინებელი, 2 სველი წერტილი და ცალკე სამზარეულო გამოგვსვლოდა. ვეძებდით ცენტრალურ უბნებში, გვინდოდა შედარებით ახლოს ყოფილიყო სამსახურთან და ბავშვის ბაღთან. გვინდოდა, ბინა ახალი აშენებული ყოფილიყო, თან სანდო კომპანიის მიერ, უკვე დასრულებულ მდგომარეობაში. აუცილებლად უნდა ჰქონოდა თავისი ეზო, მოწესრიგებული სადარბაზო და პარკინგი. ასევე მნიშვნელოვანი იყო კორპუსის გარეგნული იერსახე, სასურველი იყო აივნიდან კარგი ხედი. მოკლედ, ძალიან რთული იყო ასეთი ბინის ნახვა, თან ჩვენთვის მისაღებ ფასად. შემდეგ გამოჩნდა ჩვენი მეგობარი, რომლის კომპანიაც აშენებდა ამ კორპუსს და შესაბამისად მის ხარისხზე გვქონდა სრული ინფორმაცია. ამასთან, ეს ბინა ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს ნამდვილად აკმაყოფილებდა. იყო ასევე მოქნილი გადახდის პირობები, რაც იმ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, ვინაიდან ძველი ბინა ჯერ კიდევ გვჭირდებოდა და ვერ ვყიდდით, პარალელურად უნდა დაგვეწყო რემონტი.

– რემონტი ვისი დახმარებით გააკეთეთ?



– ბინის რემონტის ორგანიზებაზე მთლიანად მე და ჩემმა მეუღლემ ვიზრუნეთ. ძალიან კარგია, როდესაც შეგიძლია აიყვანო სარემონტო ჯგუფი და დიზაინერი, რომელიც სრულად აგარიდებს ზედმეტ თავსატეხებს, თუმცა ჩვენ ერთხელ უკვე გვქონდა მსგავსი გამოცდილება მიღებული, ამასთან, ზუსტად ვიცოდით, რომ გაგვიჭირდებოდა სრულად მიგვენდო საქმე სხვისთვის. მაინც დავიწყებდით დეტალებში ჩარევას, რადგან ორივე ზედმეტად ვაქცევთ ყურადღებას ნიუანსებს, თან არც ზედმეტი ფინანსური რესურსის ხარჯვის საშუალება გვქონდა. ხელოსნებს ტექნიკურ სამუშაოებზე ძირითადად ჩემი მეუღლე ეკონტაქტებოდა. პროექტის დაგეგმარება და დიზაინის შერჩევის საკითხები მე ვითავე, მეხერხება და მიყვარს პროექტების დახაზვა. ამ ყველაფერს ვათანხმებდით ერთმანეთთან. ავეჯსა და ნივთებზე ერთად დავდიოდით.

- რამდენად რთული იყო ეს პროცესი და რა გამოცდილება მიიღეთ ამ ხნის განმავლობაში?



– რთული იყო იქიდან გამომდინარე, რომ დღის განმავლობაში დაკავებული ვიყავით სამსახურით. თუმცა გაგვიმართლა, ერთად ვმუშაობთ და წესად დავთქვით, რომ ყოველდღე გავსულიყავით შესვენებაზე მასალის ან ნივთის შესაძენად, ან სულაც რაიმე საკითხის გასარკვევად. ეს წესი იმდენად მკაცრად დავიცავით, რომ რემონტის დასრულებამდე თითქმის ყველაფერი შეძენილი გვქონდა. მოკლედ ხელოსნებს დავასწარით (იღიმის). სარემონტო სამუშაოების თანამიმდევრობაში ხშირად თავად ხელოსნები გვეხმარებოდნენ. გაგვიმართლა, რომ გვყავდა სანდო და პატიოსანი ჯგუფი, ვინც დეტალურად გვიხსნიდა, სხვადასხვა მასალის გამოყენებას რა დადებითი ან უარყოფითი შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა.

ინტერიერთან დაკავშირებით დამეხმარა სპეციალური მობილური აპლიკაცია, რომელშიც ბევრი საინტერესო იდეის მოძებნა შეიძლება. ასევე წავიკითხე სტატიები, გავეცანი არსებულ ტენდენციებს, რა სტილის ინტერიერია აქტუალური. ბოლოს არჩევანი შევაჩერე სკანდინავიურ სტილზე და ვცდილობდი, არ გადამეხვია ამ გზიდან.



განსაკუთრებით დიდი დრო დავუთმეთ ფერების შერჩევას. სანამ საბოლოო საღებავის ტონალობას შევარჩევდით, სამი ვარიანტი გავტესტეთ კედელზე, ერთ-ერთი ვარიანტი დავტოვეთ კიდეც ერთ საძინებელში. მართალია, ერთი შეხედვით თეთრია კედლები, თუმცა რეალურად მცირედი სხვაობაა ქათქათა თეთრსა და ჩვენს არჩეულ ფერს შორის. საღებავის ხარისხთან დაკავშირებით გვაჩვენეს სერთიფიკატი, რომ არ შეიცავდა ტყვიას ან რაიმე მავნე ნივთიერებას. სხვა მასალებზე ძირითადად ხელოსნის რჩევით ან ადგილზე, მაღაზიაში მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიღებდით გადაწყვეტილებას.

- რამდენი ოთახისგან შედგება სახლი და როგორ დააპროექტეთ თითოეული, რა გაითვალისწინეთ რემონტის დროს?

- სახლში არის ჰოლი, მისაღები ოთახი, სამზარეულო, 3 საძინებელი და 2 სველი წერტილი. კომპანიის მიერ დატიხრული იყო ბინა, თუმცა გარკვეული ცვლილებები მაინც შევიტანეთ. სანამ კედლებს შევეხებოდით, უკვე ზუსტად გვქონდა განსაზღვრული, როგორ უნდა განლაგებულიყო ავეჯის და ამის მიხედვით გავაკეთეთ ცვლილებები.



ერთ საძინებელს უნდა ჰქონოდა თავისი სველი წერტილი, სადაც სპეციალური კარით გადიხარ. ასევე, სამზარეულოსა და მისაღებ ოთახს შორის გავჭერით კარი, უფრო მარტივი რომ ყოფილიყო ამ ორ ოთახს შორის გადაადგილება. ჩვენი საძინებელი გავაფართოვეთ მეორე

საძინებლის ხარჯზე, რადგან პრიორიტეტული იყო, რომ ჩვენს საძინებელში დიდი ზომის კარადა გვქონოდა მთელი კედლის სიგრძეზე. ასევე წინასწარ დავგეგმეთ განათების ადგილები, რომ შესაბამისად გაგვეკეთებინა ელექტრობის წერტილები, იქ, სადაც ხელს არ შეუშლიდა ავეჯის ადგილმდებარეობა.

შეიძლება ვინმეს გაეცინოს, მაგრამ ნაძვის ხეც კი ვიცით, სად უნდა დაიდგას და მისთვის როზეტი გათვალისწინებულია. ასევე, საუთოებელი მაგიდისთვის, ხატებისთვის და კიდევ სხვა ნივთებისთვის სპეციალურად თავიდანვე გამოვყავით ადგილი. კარადებიც ჩვენ დავხაზეთ და გავითვალისწინეთ ბევრი რამ, ვთქვათ - მტვერსასრუტის, ქოლგების ან ბავშვის სათამაშოების შესანახი ადგილები. ერთი სიტყვით, თითქმის ყველაფერი ჯერ დავგეგმეთ და შემდეგ დავიწყეთ შესრულება.



ცოტა ექსპერიმენტული იყო ჩვენთვის დიდი აბაზანა, რომელიც რადიკალურად სხვა ფერშია, ძალიან მუქია ვიდრე მთელი სახლი, თუმცა სტილი აქაც დავიცავით და ისევ ხის ეფექტის მქონე კერამოგრანიტი გამოვიყენეთ. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ აბაზანაში ჭერიც და კარის შიდა მხარეც მუქად შევღებეთ და უფრო მეტად გაძლიერდა ჩანაფიქრის მიზანი, რომ ცოტა განსხვავებული სამყარო ყოფილიყო ამ ერთ ოთახში. სარკეებიც ყველგან ერთნაირი ფორმის, მაგრამ სხვადასხვა მასალის გავაკეთეთ.

გავითვალისწინეთ ბავშვის სურვილიც და ორსართულიანი საწოლი დავუდგით, იმ იმედით, რომ მის მიერ შერჩეულ საწოლში უფრო მარტივად დაიძინებდა ცალკე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, მასაც მოსწონებოდა თავისი ოთახი და არ ყოფილიყო მხოლოდ ჩვენი გემოვნებით გაკეთებული. შეძლებისდაგვარად გავითვალისწინეთ მისი აზრიც.



- ალბათ არაერთ პრობლემას წააწყდით რემონტის დროს...

– დიახ, სირთულეები იყო, თუმცა მჯერა, რომ სირთულეები ქმნის ორიგინალურ გადაწყვეტებს, ამიტომ როდესაც მეუბნებოდნენ, ეს ასე არ გამოვა, ან ამ ზომის ნივთი არ იშოვება და ა.შ., არ მქონდა შიში, რომ ვერ გაკეთდებოდა. ვფიქრობდი ალტერნატივებზე და ზუსტად ვიცოდი, მივაგნებდი გზას, რომელიც შეიძლება უკეთესი და უფრო საინტერესო დიზაინისაც კი გამოსულიყო.

გავიხსენებდი შიდა კარის ამბავს, საკმაოდ დიდი ხანი ველოდეთ და მოგვიტანეს ოდნავ სხვანაირი ჭრილით, თავისთავად ლამაზი იყო, თუმცა ის არა, რაც გვინდოდა. ამ შემთხვევაში ვამჯობინე ვყოფილიყავი პრინციპული, სხვისი ხათრით არ დამეტოვებინა ნივთი, რომელსაც ყოველდღე მე უნდა ვუყურო და კვლავ 3 კვირა ველოდეთ გადაკეთებას. ახლა ძალიან მომწონს საბოლოო შედეგი.

- სამზარეულო ქალისთვის მნიშვნელოვანი ადგილია. თქვენ როგორ მოაწყვეთ და რამდენად კომფორტულად გრძნობთ იქ თავს?



– სამზარეულო ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია ოჯახში. განცალკევებული სამზარეულო ჩემი ახირება იყო. პირველ რიგში, მინდოდა, ყოფილიყო ტევადი და რაც შეიძლება ნაკლები ნივთი განმელაგებინა, ამიტომ, მაგალითად, საპურე განყოფილება გავაკეთებინე უჯრაში. ასევე გაზქურის ქვეშ გავითვალისწინე უჯრები ტაფებისა და ქვაბებისთვის, გვერდით ზეთის, ძმრის და მსგავსი დამხმარე საშუალებებისთვის სპეციალური მექანიზმიანი უჯრა დავამონტაჟე. აქცენტი გავაკეთე უჯრებზე და არა თაროებზე. ცალკე გამოვყავით დანა-ჩანგლისთვის დატიხრული უჯრები. ასევე ღუმლის თავზე გავაკეთეთ ვერტიკალური თაროები, სადაც ღუმლისთვის საჭირო ინვენტარი ინახება. ზედა კარადები ორნაწილიანია, ერთი ასახდელი მექანიზმებით, სადაც არის საწური, ხოლო ზედა ნაწილი უტოლდება ქვედა კარადებს, რაც მთლიანი კედლის ეფექტს ქმნის.

– ვფიქრობ, უკვე დიდი გამოცდილება დაგიგროვდათ. რას ურჩევთ, რა უნდა გაითვალისწინონ მათ, ვინც ახლა აპირებს რემონტის გაკეთებას?

– პირველ რიგში უნდა გაითვალისწინონ, რომ რემონტს ორჯერ იმაზე მეტი დრო უნდა, ვიდრე ჰგონიათ, ამიტომ შეემზადონ ამისთვის. უნდა იცოდნენ, რომ სახლის მოწყობა ნაკლები დანახარჯითაც შეიძლება, მაგრამ ამისთვის ძალიან ბევრი უნდა იარონ და ეძებონ. ხშირად ამოწმონ ინტერნეტში მაღაზიების გვერდებზე ფასდაკლებები და სპეციალური აქციები. იცოდნენ, რომ რთულია ხელოსნებთან ურთიერთობა, მით უფრო, თუ ქალი ხარ, რადგან, სამწუხაროდ, არის მომენტები, როცა სერიოზულად არ აღგიქვამენ. თუ უნდათ, რომ იდეალურ შედეგს მიაღწიონ, როცა რაიმე არ მოეწონებათ, ნუ წავლენ კომპრომისზე. ზოგჯერ მეტი დროისა და თანხის დახარჯვა ჯობია. და ყველაზე მთავარი, აუცილებლად ჩამოყალიბდნენ წინასწარ ინტერიერის კონცეფციაზე, გააკეთონ განათებებისა და ავეჯის დეტალური ნახაზი.



- დღევანდელი გადმოსახედიდან, როგორ ფიქრობთ, თქვენ რა შეცდომები დაუშვით?

– საბედნიეროდ, რაიმე კრიტიკული შეცდომა არ დაგვიშვია. მხოლოდ ერთ-ორ ადგილას როზეტს დავამატებდი და სამზარეულოს მეტლახს შევცვლიდი - ზედმეტად გლუვია და შესაბამისად მოსავლელად რთულია. ამიტომ მასალის არჩევისას მის მარტივ მოვლა-წმენდაზეც უნდა დავფიქრდეთ.

- როგორც ვხვდები, შედეგით კმაყოფილი ხართ.

– დიახ, კმაყოფილი ვარ, არის მცირე დეკორაციები, რაც ჯერ კიდევ მოსაწყობი გვაქვს და ნელ-ნელა ვამატებთ. ძალიან მოგვწონს ახალი გარემო, ყველაფერი ისეა განლაგებული, რომ კომფორტული იყოს მისი გამოყენება. მართალია, ორი თვეა რაც გადმოვედით, მაგრამ ახალსახლობის აღსანიშნავი საღამოები ჯერაც არ დასრულებულა. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც სხვებსაც მოსწონთ და იზიარებენ ჩვენს სიხარულს.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები