ხელოსნების "შავი" და "თეთრი" სიები, რჩევები რემონტის შესახებ და ახალი ტენდენციები თბილისურ ბინებში - საინტერესო ამბები რემონტის ჯგუფიდან

რემონტის ჯგუფი, რომელიც 2013 წლიდან არსებობს სოციალურ ქსელში, ყველაზე დიდი ჯგუფია ამ სფეროში - მასში გაწევრიანებულია 116,000-ზე მეტი ადამიანი. ეს დიდი სივრცე რემონტის თემით დაინტერესებულ ადამიანებს აერთიანებს საქართველოს ყველა კუთხიდან და ასევე ემიგრანტ ქართველებს. ჯგუფის წევრები იღებენ რჩევებს სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე და ასევე ხელოსნებს, რომლებიც აქ "შავ" და "თეთრ" სიაშიც ჰყავთ შეყვანილი. ჯგუფთან წლებია მეგობრობს shin.ge. წარმოგიდგენთ ამ დიდი სივრცის ადმინებს - სალომე თხელიას და დიზაინერ სოფიო ტუსიშვილს, რომელსაც ყველა იცნობს პეპის სახელით. ისინი გვიამბობენ, რა ტენდენციებია ახლა აქტუალური ქართულ
ბინებში, როგორ ხდება ხელოსნების შერჩევა, რამდენად ხელმისაწვდომია ქართულ ბაზარზე საჭირო მასალები და კიდევ ბევრ სხვა საინტერესო სიახლეს რემონტთან დაკავშირებით.

- საინტერესოა თქვენი აზრი, თუნდაც ჯგუფის გადმოსახედიდან, თანამედროვე ტენდენციებზე - თუ შეიცვალა თბილისური ბინები...

პეპი: ტრენდები და ტენდენციები მუდმივად იცვლება. ყოველწლიურად, რა თქმა უნდა, მსოფლიოში არსებული სხვადასხვა ტენდენციების გათვალისწინებით, ადგილობრივ ბაზარზე არსებული პროდუქციისა თუ ადგილობრივი მწარმოებლების კოლექციების გავლენით, ტექნიკურად შემსრულებლების, არქიტექტორ, დიზაინერების, საქმის მწარმოებლებისა თუ უშუალოდ ხელოსნების გავლენის მხრივ, ისევე, როგორც ყოველთვის და ყველაფერში დიდი გავლენა აქვს ადამიანებს რომლებსაც უსმენენ, უყურებენ და მის აზრს ითვალისწინებენ. ეს ყველა ფაქტორი განაპირობებს ჩვენს ირგვლივ არსებულ გარემოს ცვლილებას, თანამედროვე ტენდენციებს და მის მუდმივ ცვალებადობას.

- ხანდახან ვრცელდება ჯგუფში ისეთი ბინების ფოტოებიც, რომლებიც საკმაოდ უგემოვნოდაა გაკეთებული, არადა ჩანს ხოლმე, რომ მფლობელს ცოტა თანხა არ აქვს დახარჯული...

სალომე: ამ სფეროში ნელ-ნელა მაღლდება ცნობიერება, და ფეხს იკიდებს დიზაინერის მომსახურების გამოყენება. ხშირად დამოკიდებულება „მე უკეთ ვიცი“ ან „სადღაც ვნახე“ ჩვენ საწინააღმდეგოდ მუშაობს, ამიტომაც გვეპარება დიზაინში შეცდომები. როგორც არქიტექტორმა იცის, სწორად როგორ დაგეგმოს ფართი, ისე, რომ ყველაფერმა იმუშაოს, ასევე დიზაინერსაც უნდა ვენდოთ ვიზუალის დაგეგმვაში.

პეპი: ადამაინები, რომლებსაც აქვთ საჭირო ცოდნა და გამოცდილება ამ ყველაფრის შექმნის, ისევ ჩვენ გვეხმარებიან, ავირიდოთ თავიდან მოულოდნელობები და ზედმეტი ფინანსური ხარჯებიც. ის, რომ დიზაინერული პროექტი ძვირი ჯდება, არ არის სწორი მიდგომა, როდესაც სივრცეს ყიდულობ და იხდი კონკრეტულ თანხას, უნდა გაითვალისწინო ყველა ის ადამიანი და მათი ჰონორარი, ვინც საბოლოო სურათის მიღებაში დაგეხმარება.
თუმცა ყველა ადამიანი, მათი გემოვნება და ხედვაც როგორც დიზაინერების - ინდივიდუალურია, არსებობს ისეთი პროექტებიც, რომელიც სრულად დამკვეთზეა მორგებული და მის გემოვნებაზე, თუმცა ამაზე დიზაინერმა იმუშავა. მსგავს შემთხვევებში უბრალოდ სათანადო კომუნიკაცია ან საერთო ხედვების დამთხვევა არ მოხდა სავარაუდოდ.

- რამდენად დაიწყეს ინტერიერის დიზაინში გარკვევა არადიზაინერებმა და რა არის მთავარი, რაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს სახლს, რომ ჩაითვალოს ინტერიერი დასრულებულად და გემოვნებიანად?

პეპი: საბედნიეროდ, ბევრი საშუალება არსებობს ინფორმაციის მოძიების, ტენდენციებში გარკვევის, თანამედროვე პროექტების გაცნობის, რაც გვეხმარება ადამიანებს, მივიღოთ ზედაპირული ცოდნა, ვიცოდეთ, რა გვინდა, ხშირად ვხვდები ადამაინებს, რომლებმაც იციან, რა უნდათ, რა შედეგის მიღება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი
ინტერიერი რომ იყოს დასრულებული, უნდა იყოს მორგებული სიტუაციას, იქ მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეს ინდივიდუალური ხასიათი და არ ქმნიდეს შთაბეჭდილებას ზედმეტად კოპირების და ხელოვნურობის. ხშირია სახლები, რომლებიც ჰგავს ოფისებს, კომერციულ ფართებს. არ არის ბოლომდე ნაფიქრი, თუ როგორი იქნება ესა თუ ის დეტალი დროსთან მიმართებაში. დიზაინერს დიდი პასუხილმგებლობა აკისრია დამკვეთთან ერთად საერთო სურათის შექმნაში.

სალომე:
ჯგუფით რომ ვიმსჯელოთ, რემონტელები სულ უფრო ხშირად დებენ წინასწარ ესკიზებს და ეკითხებიან რჩევებს თანაჯგუფელებს, სად, რა, როგორ აჯობებს დიზაინისა თუ ერგონომიულობის მხრივ. მსგავს პოსტებს დიდი გამოხმაურება აქვს, რადგან ჯგუფის წევრები არ იშურებენ კონსტრუქციულ კრიტიკას და სიამოვნებით აზიარებენ საკუთარ გამოცდილებას.


- პეპი, თქვენი დიზაინერული გამოცდილებიდან, რამდენად ადვილად მიდიან ადამიანები თამამ გადაწყვეტილებებზე და იღებენ სიახლეებს ინტერიერის დიზაინთან დაკავშირებით?

პეპი: ჩემი ძირითადი საქმიანობა სრულად მოიცავს პროექტირება-დიზაინს და რეალიზებას შექმნილი პროექტისა, იქიდან გამომდინარე, რომ არ მიყვარს სტერეოტიპული ჩარჩოები და “არ გამოდის“ თქმა, თითქმის ყველა პროექტში სირთულეების და რისკების გადაჭრა მანიჭებს სიამოვნებას და უფრო მეტად ვავარჯიშებ გონებას და საკუთარ შესაძლებლობებს.

- რამდენად აკმაყოფილებს ქართული ბაზარი მოთხოვნებს - სპეციალისტების თუ ავეჯი-დეკორის კუთხით, რამდენად იოლია აქაური რესურსებით ახლებური და თამამი ნაბიჯების გადადგმა რემონტში და ბინის ინტერიერის მოწყობაში?

პეპი: ძალიან რთულია ქართული საწარმოებისა თუ ხელოსნების იმედად ქმნიდე მუდმივად დეტალებს ინტერიერში. ის, რომ ყველაფერი იყოს ადგილობრივი წარმოების, ნაკლებად გამოდის. ძალიან ცოტა მასალა არსებობს ბაზარზე და ძალიან მწირი არჩევანია ფერების, ფასისა თუ ფაქტურის მხრივ. თუმცა, საოცრად პროფესიონალი ხელოსნებიც არსებობენ, რომლებთანაც ურთიერთობა ასევე დიდი პრაქტიკული გამოცდილებაა, რაც არაერთხელ დამხმარებია პროცესების სწორად წარმართვაში, რომლებიც ნებისმიერ დიზაინერულ დეტალს შექმნიან მხოლოდ ვიზუალიზაციიდანაც.

სალომე: რემონტის ჯგუფშიც გვაქვს რამდენიმე წლის მონაცემები და მივესალმებით ადგილობრივი მეწარმეების თუ ხელოსნების გარეკლამებას. რემონტელები მათ ძალიან ხშირად უხდიან საჯარო მადლობას გაწეული სამუშაოსთვის. დიდი მონაპოვარია ეს მონაცემები არა მარტო მათთვის, ვისაც მუდმივად სჭირდება გამოცდილი ოსტატი, არამედ მათთვისაც, ვინც თუნდაც ერთხელ აპირებს თანამშრომლობას და უჭირს გადაწყვეტილების მიღება, ან ინფორმაციის მოძიება უბრალოდ ინტერნეტში არსებული მონაცემებით.

-  ხელოსნების თემას რომ შევეხოთ. ჯგუფში გაქვთ ერთგვარი შავი და თეთრი სიები. იქნებ ამაზე გვითხრათ ცოტა მეტი.

სალომე: ვგეგმავთ გავააქტიუროთ ორივე „ფერის“ სია, რაც კონკრეტულად „შავი სიის“ საკითხში გულისხმობს არაკეთილსინდისიერი ხელოსნების/კომპანიების გამოვლენას, რომლებმაც უპატიებელი შეცდომა დაუშვეს დამკვეთთან, მაგალითად თანხის წინასწარ აღებისა და შემდეგ გაუჩინარების მაგალითზე (რაც რეალურად პოლიციის საქმეა, მაგრამ წინასწარი ხელშეკრულების არარსებობისა და დამამტკიცებელი საბუთების არქონის გამო, ხშირად ბინი პატრონი არ დგამს ამ ნაბიჯს). მსგავსი ადგილი უკვე გამოიყო ჯგუფის “announcement” ნაწილში, სადაც განთავსებულია ძირითადი პოსტი და რემონტელებს მოვუწოდებთ კომენტარებში მოყვნენ საკუთარი გამოცდილების შესახებ არაკეთილსინდისიერ ხელოსნებთან/კომპანიებთან მიმართებაში. გამოცდილება უარყოფითია, მაგრამ რემონტელების მოთხოვნის საფუძველზე ადმინებმა გადავწყვიტეთ, დაგვეშვა მსგავსი პრაქტიკა ჯგუფის წევრების გაფრთხილების მიზნით.
რაც შეეხება „თეთრ სიას“, ის შესაბამისად გამოავლენს იმ ხელოსნებსა და მომსახურების მომწოდებლებს, რომლებმაც არაერთი რეკომენდაცია დაიმსახურეს და საქმის პროფესიონალები არიან. ამ შემთხვევაში ეს სია ხელს უწყობს გამოცდილი კადრის ერთ ადგილას თავმოყრას, რაც ჯგუფის წევრებს გაუადვილებს საჭირო ადამიანის მარტივად მოძიებას.

- რა მოეთხოვება კარგ ხელოსანს და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, რომ ხალხის ნდობითაც სარგებლობდეს და თქვენი ჯგუფის „თეთრ სიაშიც“ მოხვდეს?

სალომე: ის, რომ ადამიანები ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას, ნიშნავს იმასაც, რომ ჩვენს აზრს ითვალისწინებენ სხვა ადამიანები, გვენდობიან და თავადაც უკავშირდებიან შემდეგ ჩვენს მიერ რეკომენდებულ სახელებს, მომსახურების მომწოდებლებს. ამიტომ რეკომენდაციებს დიდ ყურადღებას ვანიჭებთ და ვცდილობთ გადავამოწმოთ და ერთგვარი სტატისტიკაც გვაქვს, ვინ არის სისტემატიურად დადებითი რეკომენდაციების ობიექტი, რაც გვაძლევს საშუალებას, ეს პიროვნებები შევიყვანოთ „თეთრ სიაში“.

- ხშირად ხდება, რომ ადამიანები მეზობლების და ახლობლების რჩევებს უფრო ენდობიან მკურნალობის პროცესში, ვიდრე ექიმების. რემონტის შემთხვევაში როგორ არის? სპეციალისტების რჩევებს უსმენენ თუ აქაც ახლობლებს აქვთ უპირატესობა?

პეპი: ახლობლებს დიდი უპირატესობა აქვთ ნამდვილად, სანდოობის თვალსაზრისით ადამიანი მეტად ენდობა ნაცნობის გამოცდილებას, თუნდაც ის ერთჯერადი იყოს, ანუ ერთხელ ჰქონდეს ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე გაკეთებული რემონტი. ის, რომ ვიღაცამ უკვე გააკეთა რემონტი, აპრიორი არ ნიშნავს, რომ ყველა მოცემულობა იცის იგივე ხარისხით, როგორც მინიმუმ რამდენიმე პროექტგამოვლილომა ხელოსანმა, დიზაინერმა, მშენებელმა.

სალომე: წელს გვქონდა პრეზენტაცია სამშენებლო გამოფენაზე ქართულ რეალობაში რემონტის შესახებ, სადაც შევეხეთ ამ პრობლემასაც, როდესაც ახლობელს უფრო მეტი გავლენა აქვს დამკვეთზე, ვიდრე დიზაინერის/ხელოსნის/პროფესიონალის რაციონალურ რჩევებს. თუმცა შეიმჩნევა ტენდენცია, რომ დამკვეთები უფრო მეტად ენდობიან პროფესიონალს, ამ შემთხვევაში ჩვენი გამოცდილებით, ქართულ რეალობაში რემონტის დაწყებისას რეკომენდებულია თავად ჩავერთოთ პროცესში აქტიურად, მოვიძიოთ და წავიკითხოთ ინფორმაცია, თავად გავაკონტროლოთ პროცესი და არ დავზოგოთ დიზაინერის მომსახურებაზე.

- თქვენი დაკვირვებით, ყველაზე დიდი წილი რა ტიპის შეკითხვებსა და პრობლემებზე მოდის და ხელოსნების შემთხვევაში, რას უჩივიან ყველაზე მეტად დამკვეთები - არაპროფესიონალიზმს, უდისციპლინობას, ხარისხს და ა.შ.

პეპი: ხელოსნებს, როგორ წესი, არ უყვართ სირთულეები, უყვართ თავის ჭკუაზე პროცესების წარმართვა, რაც ხშირად იწვევს გაუგებრობებს. ხელოსნებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ჭამენ, ისვენებენ, ხდებიან ცუდად და მათ მიერ გაწეული შრომის შესაბამის ანაზღაურებას იღებენ, როგორც მაგალითად დამკვეთები. ამ შემთხვევაში დავიცავდი ხელოსნებს, რადგან ხშირად ქართულ რეალობაში მათ დიდად არ სწყალობენ, არ სჯერათ მათი, არ ენდობიან და არაადამიანურადაც კი ექცევიან ხოლმე. ორივე მხარე ვალდებულია იყოს პროფესიონალი და დისციპლინირებული, რომ მიიღოს სასურველი შედეგი და ხარისხი.

სალომე: დავეთანხმები პეპის დისციპლინირებულობაზე, რემონტის ჯგუფში ამდენი წლის დაკვირვებით თამამად შემიძლია ვთქვა, რომ როგორც მომსახურების მომწოდებლებისგან ვითხოვთ მოწესრიგებულობას, პუნქტუალურობასა და გაგებას, ასევე დამკვეთმაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ნათლად ჩამოაყალიბოს აზრი, შეეცადოს ხელოსნის მხრიდან დაინახოს სიტუაცია და მხოლოდ ცალმხრივ დიალოგს არ ჰქონდეს ადგილი.

- ჯგუფში გარკვეული ცვლილებები გაქვთ და გეგმები, ამაზეც გვითხარით ორიოდე სიტყვა.

პეპი: მომსახურების არაკეთილსინდისიერი მომწოდებლების „შავი სია“ და რეკოემენდებულ და გამოცდილ ხელოსანთა თუ კომპანიათა ჩამონათვალი - „თეთრი სია“, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რემონტელების დასახმარებლად, ჯგუფში სასურველი პროფესიონალის მარტივად მოსაძიებლად შეიქმნა. ეს მიმართულება კიდევ უფრო დაიხვეწება და გაფართოვდება. 
ვააქტიურებთ რჩევების ბლოკს და ბლოგს - რომელსაც ჩვენი პარტნიორი მეგობარი კომპანიები შემოგვთავაზებენ თავიანთი გამოცდილებისა და საუკეთესო მაგალითების გაზიარებით.
სალომე: ასევე გავხსენით გვერდი ინსტაგრამზე, რომელიც პირველ რიგში მოიცავს რჩევებს რემონტის თემის ირგვლივ: მშენებლობა, არქიტექტურა, დიზაინი და სხვა. და ასევე წარმოდგენილი იქნება ჩვენი რემონტის ჯგუფის მეგობარი კომპანიების სიახლეები, აქციები, სასარგებლო ინფორმაცია, რეკლამა.

მომავალ რემონტელებს, ვინც ჯერ არ არის ჩვენთან, ვიწვევთ ჩვენს დიდ სამეგობროში - ჯგუფში „რემონტი“. ბევრ საინტერესო აქტივობას ვგეგმავთ მომავალში აქციებისა და სასარგებლო პროექტების სახით, და როგორც ყოველთვის, ჩვენი ჯგუფის წევრებს ბევრი სასარგებლო რჩევით მოვამარაგებთ. 

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები