თამუნა ჭონქაძე პოლიმერული თიხით მეგობრის რჩევით დაინტერესდა. თიხასთან მუშაობა არ გასჭირვებია, პირიქით, მისთვის ეს სახალისო, საინტერესო და ემოციურ პროცესად იქცა. მის მიერ შექმნილი ნამუშევრები მრავალფეროვანია. იგი ქმნის სხვადასხვა დიზაინის სამკაულებს, საყურეებს, გულსაკიდებს, თმის სამაგრებს, ასევე ბრელოკებს, სუვენირებს და დეკორატიული ნივთებს.
– ბავშვობაში მიტაცებდა ხატვა, ძალიან მომწონდა ხელნაკეთი ნივთები, მაგრამ ვთვლიდი, რომ ამის ნიჭი არ მქონდა. არ მეგონა, თუ ოდესმე შევძლებდი და რაიმე ღირებულს შევქმნიდი. როცა სტუდენტი გავხდი, მაშინ გავბედე მეცადა. შემთხვევით მეგობარმა მთხოვა, რაღაც აქსესუარი გამეკეთებინა. პირველი ნამუშევარი განსხვავებული თიხით
– პოლიმერული თიხის გარდა სხვა რა მასალაზე მუშაობთ?
– ძირითადად პოლიმერული თიხა და აკრილის საღებავები. ჩვეულებრივ თიხასაც ვხმარობ, მაგრამ ძალიან იშვიათად.
– რა ნივთებს მოიცავს თქვენი ხელოვნება?
– თავიდან ვაკეთებდი აქსესუარებს, ბეჭდებს, საყურეებს, ყელსაბამებს, თმის სამაგრებს. ახლა უკვე დამოკიდებული ვარ შეკვეთებზე და მომხმარებლის სურვილის მიხედვით ვქმნი ნივთებს. ვამზადებ ფოტოების ჩარჩოებს, ძალიან ტრენდულია პოლიმერული თიხით გაფორმებული, ულამაზესი ჭიქები, ყველაზე დიდი შეკვეთები სწორედ ჭიქებზე მაქვს. ჭიქებზე პოლიმერული თიხით ვაკეთებ აპლიკაციებს, მულტფილმის გმირებს, ყვავილებს. ასევე ვაკეთებ სკულპტურებს, კედლის დეკორაციებს, მანქანის სუვენირებს, საკიდებს და ა.შ. სურვილის მიხედვით ვამზადებ სახელობით ნივთებს, საყვარელი გმირების გამოსახულებებს და სხვა. ბოლოს გავაკეთე ვან გოგის სურათი, სადაც გამოვიყენე პოლიმერული თიხა და აკრილის საღებავები. ძალიან ლამაზი გამოვიდა.
– ულამაზესი თმის სამაგრები გაქვთ გაკეთებული, წვრილწვრილი იასამნის ყვავილებით. ამ პატარა ყვავილებს ხელით როგორ აკეთებთ?
– ამ პატარა ყვავილებს ვაკეთებ ხელით, ნემსის, ან ბასრი დანის პირის დახმარებით. სხვა იარაღებს არ ვიყენებ. ალბათ ყველაფერი ხელით რომ არის შექმნილი, იმიტომ არის მიმზიდველი, ლამაზი და ორიგინალური.
– ჭიქებზე დამაგრებული ფორმებიც თიხისაა?
– დიახ, თიხისაა. ამ ჭიქების დანიშნულება მხოლოდ ის არ არის, რომ როგორც დეკორაცია, ისე შევინახოთ ვიტრინაში და სუვენირის ფუნქცია მივანიჭოთ. მისი გამოყენება თავისუფლად შეიძლება. პოლიმერული თიხა არის ძალიან მყარი, არ ზიანდება ადვილად და რაც მთავარია, არ იცვლის ფერს. დასველების შემთხვევაშიც კი ინარჩუნებს თავდაპირველ ფერს. არსებობს სპეციალური წებოები, რომელსაც ვიყენებ ჭურჭელზე დასამაგრებლად. თუ პოლიმერული თიხისგან დამზადებული აქსესუარი ადვილად დაზიანდა ნიშნავს, რომ მისი გამოწვის დრო იყო ნაკლები, ანუ კარგად არ გამოიწვა.
– სახლის დეკორაციის და სამკაულის გარდა რა ნივთებს ქმნით?
– ძალიან მოდური და მოთხოვნადია ჯინსების გასაფორმებლად პატარა, ლამაზი დეკორაციები. ესენი ძირითადად სეზონურია. ჯინსებზე დასამაგრებელ აქსესუარებს, უფრო ზაფხულისთვის მიკვეთავენ, ჟილეტებისთვის, ჟაკეტებისთვის და ა.შ. გაზაფხულზე ძირითადად ყვავილებს ვაკეთებ, განსაკუთრებით გამოვყოფდი "აბადოკებს", რომელიც უკვე ვახსენეთ.
თიხაზე მუშაობა იმდენად სასიამოვნო და საინტერესო პროცესია, რომ არ შეიძლება დაიღალო, ან მოგბეზრდეს. თითოეულ აქსესუარს დიდი ინტერესით და ენთუზიაზმით ვამზადებ. ჩემი უარყოფითი განწყობა არასოდეს არ ახდენს ჩემს ნამუშევრებზე გავლენას.
– თუ გაქვთ ნივთი, რომელსაც არასოდეს არ გაყიდით და არ გააჩუქებთ?
- ასეთი ნივთი არ მაქვს. განსხვავებულ ნივთებს როცა ვაკეთებ, ვჩუქნი მეგობრებს. მერე მსგავს ნივთს აღარასოდეს არ ვაკეთებ. გაკეთებული მაქვს ჭიქა პეპის გამოსახულებით, რომელიც მეგობარს ვაჩუქე. ასევე იყო ანიმეს გმირები, რომელიც ძალიან უყვარს ჩემს ერთ-ერთ მეგობარს და მისთვის დავამზადე. იმის მერე აღარ გამიმეორებია და არავისთვის აღარ გამიკეთებია მსგავსი. ჩემი შექმნილი სუვენირებიდან თითქმის არც ერთს არ ვიტოვებ. როცა სხვა ადამიანს ვჩუქნი, ეს ჩემთვის დიდი სიხარული და ბედნიერებაა.
მერი ბლიაძე
კომენტარები