თამუნა გაჩეჩილაძე თვითნასწავლი ხელოვანია. ის „შინ“-ის მკითხველმა ახალ წელს გაიცნო, როცა ქალბატონმა თამუნამ 6 ათასი ფერადი ღილისგან ულამაზესი და საუცხოო ნაძვის ხე ხელით გააკეთა. სააღდგომოდ კი მან ულამაზესი დეკორატიული კვერცხები და ჩიტის ბუდეები შექმნა. მისი ნამუშევრები აღფრთოვანებას გამოიწვევს თქვენში. ქალბატონი თამუნა „შინ“-ის მკითხველს მარტივი სააღდგომო დეკორაციის მასტერკლასს სთავაზობს.
- აღდგომა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია და ალბათ ერთადერთი, რომელიც ყველა ქრისტიანს უდიდეს სიხარულს და ბედნიერებას ანიჭებს, აღდგომა ხომ სიკვდილზე გამარჯვების სასწაულია, დღე, როდესაც იესო ქრისტემ სამყაროს მარადიული სიცოცხლის შესახებ აუწყა. აღდგომა ახალი სიცოცხლის
- აღდგომა, რომ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საყვარელი დღესასწაულია ეს თქვენს ნამუშევრებშიც იგრძნობა. ულამაზესი და საოცარი სააღდგომო დეკორაციები გაქვთ შექმნილი. როგორ აკეთებთ ამ ყველაფერს?
- სააღდგომო და ნებისმიერი ჩემი ქმნილების ძირითადი მასალა ბუნებრივია. უსაშველოდ მიყვარს საათობით ბუნებაში ხეტიალი, დაკვირვება და იქიდან უამრავი მასალის წამოღება. ზამთარში გირჩების, ზაფხულში ახლად ამოყრილი შინდის ტოტების, გამხმარი ხეების ფესვების, თივის, ყვავილების მოგროვება. ხშირად ვღებავ შინდის, თხილის ან ბროწეულის ტოტებს რადგან ამ ხეების ტოტები დრეკადია და უამრავ დეკორაციაში ვიყენებ. აღდგომისთვის კი ჩიტის ბუდეებს ვაკეთებ. კვერცხის ნაჭუჭებისგან კომპოზიციას ვქმნი და რა თქმა უნდა არის მასალა, რომელსაც ვყიდულობ, რომ ჩემმა ნამუშევარმა სრულყოფილი იერი მიიღოს. ძირითადად ვიყენებ, ქართულ მირინოსს (მატყლს), თექას, ჩიტის ბუდეების შესამოსად, პენოპლასტს, (კვერცხებისა და ჩიტების) გასაკეთებლად, ბისერებს და ფერად ძაფებს, ბუმბულებს.
- ძალიან მრავალფეროვანია თქვენი ხელოვნება. როგორ მოდის მუზა? რა არის თქვენი შთაგონების წყარო?
- მუზის მოსვლა აუცილებლად შინაგან განწყობაზეა დამოკიდებული. არის დღეები, ხანდახან თვეებიც, როცა არაფერს ვაკეთებ, მაგრამ არის ისეთი დღეებიც, როცა რამოდენიმე საათში შეიძლება ახალი სამყარო შევქმნა ჩემს სახლში, სრულიად უცხო და ისეთი, რაზეც არასოდეს მიფიქრია და უცებ გამომსვლია. ბუნების გამოღვიძებაზე დიდი შთაგონების წყარო ალბათ არც არსებობს, ჩიტების ჭიკჭიკი, ყვავილების ამოსვლა, გაზაფხულის წვიმა და ხეების შემოსვა ყველაზე დიდი სტიმულია შემოქმედი ადამიანისათვის.
- დეკორაციების შექმნისას მხოლოდ ბუნებრივ მასალას იყენებთ?
- მხოლოდ ბუნებრივი მასალა საკმარისი არ არის არცერთი დეკორაციის შესაქმნელად, თუ ნაკეთობა ნატიფი და სრულყოფილი მინდა გამოვიდეს, მას აუცილებლად სჭირდება გალამაზება, თუმცა ისიც მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი მასალის ყიდვა შეუძლებელია და ხშირად ამ დეტალების ჩამოტანა მიწევს უცხო ქვეყნებიდან. როცა ვმოგზაურობ, თუ რაიმეს გადავაწყდი აუცილებლად ვყიდულობ და მომაქვს, ხანდახან არც ვიცი რაში შეიძლება გამომადგეს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ გამოვიყენებ. ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობისას ფერად, ულამაზეს ღილებს გადავაწყდი და ერთი დიდი ჩანთა ვიყიდე, საბაჟოზე გამოსვლისას მებაჟე გაგიჟდა სად მიქავს ამდენი ღილიო და ვიდრე ფოტო არ ვაჩვენე, რისთვის მჭირდებოდა ვერ გაიგო, რაში შეიძლება სჭირდებოდეს ადამიანს ამდენი ღილი.
- ძალიან ბევრი დეტალისგან შედგება თქვენი ნამუშევრები. ქალაქში როგორ ახერხებთ ამდენი რამის შეგროვებას?
- გეთანხმებით, ქალაქში შეუძლებელია ბუნებრივი მასალის მოგროვება, პატარა ტოტები კი არა დიდი ხეების დეფიციტიცაა, რაც იყო ყველა გადაჭრეს. აგარაკი მაქვს თბილისთან ახლოს, მუხროვაში და ძალიან მიყვარს იქ ჩასვლა, თითქმის ყოველ კვირას ჩავდივარ და საათობით ტყეში ვიკარგები, რომ არა ეს ბუნება ალბათ ჩემი ქმნილებებიც ვერ დაიბადებოდნენ და მათი გაკეთების მუზაც არ მოვიდოდა. ქალაქგარეთ გასვლა წამალივითაა გკურნავს, გავსებს და გახალისებს ადამიანს. აქ გამოკეტილია ხალხი მახინჯ, უფანჯრო და უჰაერო კორპუსებში და ვერც კი ხვდებიან, რომ ქალაქგარეთ ცხოვრება მშვენიერია.
- დღის განმავლობაში რამდენი საათი მუშაობთ ამ დეკორაციებზე?
- არის დღეები, როცა წამში გადის დრო, იმიტომ, რომ შუაღამემდე მიმუშავია და დამისრულებია რაც ჩავიფიქრე. ვიცი, რომ თუ მივატოვე და მეორე დღისათვის გადავდე, ისეთი აღარ გამოვა, როგორიც მინდოდა, რადგან მეორე დღეს სხვა განწყობა გაქვს ადამიანს, სხვა რამეზე ფიქრობ. ყოფილა შემთხვევა რომ ვეღარ შევძელი და სხვა დროისთვის გადავიტანე რაიმეს დასრულება, სულ სხვანაირი გამოსულა, შეიძლება ჩანაფიქრზე უკეთესი, მაგრამ არა ისეთი როგორიც იმ დღეს უნდა გამეკეთებინა. მაგრამ ისეთი დღეებიც არის, განსაკუთრებით ზაფხულში, როცა უფრო გარეთ მიგიწევს გული და დიდი ხანი ვეღარაფერს ქმნი.
- ეზოებისთვის, ბაღების გასალამაზებლად თუ გაგიკეთებიათ ჩიტის ბუდეები?
- ეზო ჩემი ოცნებაა, ოდესმე მექნება პატარა სახლი დიდი ეზოთი, ეხლა პირიქით მაქვს, და იმ ეზოში აუცილებლად შემვქმი პატარა სამოთხეს. მექნება ყველა ყვავილი და ხე, მეყოლება უამრავი ჩიტი, ბევრი დასასვენებელი ადგილი და შადრევანი, მეყოლება ბაჭიები და პატარა შველი და ჩემი ეზო იქება მეგობრების თავშეყრის ყველაზე სასურველი ადგილი. დიდი ხნის წინ ბავშვობაში პეტერბურგში, პეტრე პირველისსაზაფხულო სასახლის ეზოს ნახვამ ჩემი შეხედულება სილამაზეზე და ესთეტიკაზე მთლიანად შეცვალა. იმ დღეს რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში ისეთი, რის გამოც დღეს ამ ყველაფრის გაკეთება შემიძლია.
- რაიმე მარტივი დეკორაცია გვასწავლეთ, რაც ჩვენს სააღდგომო სუფრას დაამშვენებს. რა მასალა დაგვჭირდება, როგორ გავაკეთოთ?
- ყველაზე მარტივი ხის წვრილი ტოტებისაგან ჩიტის ბუდის გაკეთებაა. წვრილი შინდის, თხილის, ბროწეულის ან თუთის ტოტები ალბათ არ უნდა იყოს რთული მოსაძიებელი. დაგვჭირდება მსხვილი ძაფი, უმჯობესი იქნება ჩალის, ტოტების ფერი. უნდა ავიღოთ რამოდენიმე ხის ტოტი და ხელით უნდა მოვამრგვალოთ სასურველ ზომაზე და დასაწყისშივე უნდა ჩავამაგროთ ძაფით, რომ არ დაიშალოს და შემდეგ მეორე ნაწილი ტოტებისა უნდა ჩავაწნათ ძირს და ასე გავაგრძელებთ მანამ ვიდრე სასურველ ზომას არ მივიღებთ, დრო და დრო ძაფით ვამაგრებთ ტოტებს რომ პროპორცია არ დაირღვეს და მივიღებთ სასურველი ზომისა და ფორმის ბუდეს. იმავე ჩალის ძაფით შესაძლებელია ბუდის შიგთავსის შევსება და თუ პენოპმასტი არა გვაქვს ნამდვილი კვერცხების ჩალაგება.
შემდეგ პატარა ჩიტის, ბაჭიის ან ნებისმიერი პატარა სათამაშოს ჩასმა რომელიც ალბათ ყველას მოეპოვება სახლში და ბუდეც მზადაა.
მერი ბლიაძე