დავით მონავარდისაშვილის ავეჯი-ქანდაკებები და ძველი თბილისი ლითონის ხეზე


...სამი ლოკაცია გვქონდა: მხატვრის ბინა, სახელოსნო და რიყის პარკი, სადაც 2016 წლის თბილისობაზე დავით მონავარდისაშვილის ათმეტრიანი ლითონის “ხე” დაიდგა. ინსპირაცია წლების განმავლობაში მწიფდებოდა. ხეზე უამრავი სიმბოლოა და თითოეულს თავის ახსნა აქვს. მუხაზე - სიძლიერის სიმბოლოზე, ჩიტები ბუდობენ და მცენარემ რკოსთან ერთად ნაყოფად ძველი თბილისქალაქი “გამოისხა”. ფიგურის ტანზე კი ჩამონტაჟებულია სხვადასხვა პერიოდის 25 ღუმლის კარი. ისინი ეპოქებს ასახავს. ასეთებს ძველი თბილისის სახლებში ხშირად ნახავდით და მათ დიდი ხნის განმავლობაში აგროვებდა მისი შემქმნელი. ადამიანებმა “ხეს” სხვადასხვა სახელი მოარგეს: “სიცოცხლის ხე”, “სამყარო”, “ნატვრის
ხე”, “ჩემი ქალაქი” და ა.შ. ავტორი ცდილობს, თავისი სუბიექტური აზრი თავზე არავის მოახვიოს და მნახველმა თავისი ფანტაზიით გამოიტანოს ინდივიდუალური “დასკვნა”. აქვეა მანქანის ქანჩებისაგან აწყობილი სკამი და ადამიანის ოთხფეხა მეგობრის, ძაღლის ფიგურა. რაც “ხე” დაიდგა, ადამიანები აქ ხშირად მოდიან და მის “ჩრდილში” ფოტოებს იღებენ... სამ წლამდე ვერაზე, არაგვის ქუჩაზე იზრდებოდა, მას შემდეგ ოჯახმა საბურთალოზე გადაინაცვლა. წარმოშობით ქიზიყელია და ძალიან უყვარს იქაურობა. ოთხი წლიდან ხატავდა, ძერწვაც უყვარდა და მაშინდელ პიონერთა სასახლეში ჯერ ძერწვის, შემდეგ ხატვის წრეზე დადიოდა. ავიამოდელების შემსწავლელ ჯგუფში ხის მასალისადმი სიყვარული გაუჩნდა. სამხატვრო აკადემია 1982 წელს დაამთავრა და პირველი სპექტაკლები ქუთაისში გააფორმა, სადაც ბიძამისი ბექარ მონავარდისაშვილი დგამდა წარმოდგენებს. იმავე წელს, წელიწად-ნახევარი კულაშში, სამხედრო სამსახურის პერიოდში ხესა და რკინაზე მუშაობა დახვეწა. თბილისის გარდა, ორი პროექტი თელავში განახორციელა. “ლოკოკინა” და სკამზე ჩამომჯდარი “მეარღნე”, დედაქალაქში “ხის” დადგმამდე რამდენიმე წლით ადრე დაიდგა.




დავით მონავარდისაშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 2005 წლიდან მუშაობს, დროდადრო სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწეობს. ნინო ანანიაშვილს მისი ნამუშევარი “იერუსალიმში შესვლა” (მაცხოვარი ცხვრის ფარასთან ერთად, ურთულესი ტექნიკითაა შესრულებული) შარდენზე უნახავს და ავტორის ვინაობით დაინტერესებულა, დაუკავშირდა და გასაუბრების შემდეგ დავითი ოპერაში სამუშაოდ მიიწვიეს.

თეატრის ზღაპრული გარემო ხომ ცალკე სამყაროა, სადაც ყველაფერი ესკიზების შექმნით იწყება, შემდეგ კი “ყუთში”, რომელსაც სცენა ჰქვია, სხვადასხვა სამყაროს ილუზია იქმნება. ეგვიპტე, ინდოეთი, იტალია, ესპანეთი და სხვა ქვეყნების ესა თუ ის ეპოქა თავისი არქიტექტურითა და კულტურით ჩვენ თვალწინ “ცოცხლდება” და მაყურებელს სხვადასხვა დროსა და სივრცეში ამოგზაურებს.




სცენის მხატვრობა საკმაოდ რთული პროფესიაა, რომელიც ენციკლოპედიურ ცოდნასა და მრავალსაათიან უწყვეტ შრომას მოითხოვს. სცენოგრაფისტი ყველაფერში უნდა ერკვეოდეს, იქნება ეს ქანდაკება, არქიტექტურა, ფრესკა, გობელენი, განათება თუ სხვა. დავით მონავარდისაშვილი სცენაზე ძირითადად კლასიკური მიმართულებით მუშაობს, თუმცა, სცენის მიღმა მის ნამუშევრებს სულ სხვა ხასიათი აქვს.

შინ გაცილებით თავისუფალია, არ ერიდება ექსპერიმენტებსა და თამამ იდეებს. დავით მონავარდისაშვილის ავანგარდული მხატვრობა, ხისა და რკინის ქანდაკებები მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.




მხატვრის ბინაში ავეჯის დიდი ნაწილი მასპინძლის მიერაა დამზადებული: სავარძლები, სანათი, სარკეები... როგორც წესი, ნივთების შექმნისას ერთ კონკრეტულ თემაზე მთელ სერიას ქმნის. სწორედ ასეთი სერიის - “ქართველის” ერთ-ერთი ნივთია სავარძელი, ვაჟას პორტრეტის მიხედვით... თუმცა, სავარძლების სერიის ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი საკუთარი ავტოპორტრეტი “დაღლილი მოქანდაკე” იყო, რომელსაც სახელურის ფუნქციის შემსრულებელ “ხელში” ის იარაღი ეკავა, რომლითაც ყველაზე ხშირად მუშაობს ლითონზე. მას შემდეგ ზოგადსაკაცობრიო სიმბოლიკების დატვირთვით, არაერთი ასეთი ავეჯი შექმნა, ზოგიერთი მასთანაა, ზოგიც კერძო კოლექციაში.

90-იან წლებში შექმნილი სარკეების სერიიდან კი (რომელიც მოიცავდა ადამიანის ცხოვრების რამდენიმე მონაკვეთს: ბავშვობას, ახალგაზრდობას, სიბერეს და სამყაროს, გარდაცვალების შემდეგ), ავტორს მხოლოდ “სიბერე” დარჩა. ახლა ის შინ, მისაღები ოთახის ერთ-ერთ კედელზე კიდია, დანარჩენი ამერიკასა და საფრანგეთშია გაყიდული. მეორე, კლასიკური ილუსტრაციებით გაწყობილი სარკეც მასპინძლის ნახელავია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი კერძო კოლექციებსა და სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმშია დაცული.




სანათი “კაცი” ადამიანის ფეხებზე დგას, არაერთი საიდუმლო უჯრითა და სათავსით. მისი მსგავსი კიდევ ერთი აქვს სახელოსნოში - “ქალი”. ჯერჯერობით სანათები მასთანაა, მაგრამ “ადამისა და ევას შთამომავლები” შვილიშვილებს საჩუქრად უნდა გადასცეს. მხატვარს ორი შვილი ჰყავს და როგორც მითხრა, მათი ბინების ინტერიერის მოწყობაზეც იზრუნა და ორიგინალური ავეჯიც დაუმზადა...

ძველ ნივთებს აგროვებს, რომ შემდეგ ისინი თავის ნამუშევრებზე იდეური დატვირთვით გამოიყენოს. სკივრების დიდი სერია ჰქონდა, რომელიც სხვადასხვა დროს გაიყიდა. ახლა შინ მხოლოდ ერთი მონეტებით გაფორმებული ზარდახშა აქვს, რომელსაც თავზე დიდი მწერი “აზის”, შიგნით კი ძვირფასი ფარჩითა და ოჯახის წევრების ფოტოებითაა გაფორმებული.




რთულია თქვა, ავეჯია ეს თუ ქანდაკებები. ერთი შეხედვით, თითქოს ძნელი მისახვედრია, რისგან შედგება ვთქვათ სავარძელი, რომელშიც ხანჯლები, ნალი და სხვა ნივთებია გამოყენებული. მონავარდისაშვილის კონსტრუქციებში მასალა ყოველთვის მრავალფეროვანია: ლითონი, ხე, ტყავი, ფარჩა და სხვადასხვა ქსოვილი.

როგორც წესი, მხატვარი ყოველთვის განიცდის მისთვის საყვარელი დიდი მხატვრების გავლენას, მაგრამ ნიჭიერი ხელოვანი ბევრი შრომისა და ექსპერიმენტის შემდეგ ამისგან თავისუფლდება. ბუნებრივია, დავითსაც ჰქონდა ასეთი პერიოდი, მაგრამ 40 წლის ასაკში უკვე თამამად შეეძლო ეთქვა, რომ საკუთარი ესთეტიკური ხაზი შექმნა. ის ყოველთვის მარტო მუშაობს, დამხმარეების გარეშე, ისევე როგორც თეატრში - სცენოგრაფიაზე.




ოპერის დამდგმელი მხატვრის სახელოსნოს ფართობი ბინასთან შედარებით დიდია და შესაბამისად, მისი ნამუშევრების უმთავრესი ნაწილისთვის კარგი “საწყობია”. აქ ცალკე სამყაროა, რომელშიც რამდენიმედღიანი მოგზაურობაც კი არ კმარა. უყვარს რელიგიური თემების დამუშავება და მათზე არაერთი კომპოზიცია აქვს შექმნილი, მათ შორის იყო სერია “მოგზაურობა ბიბლიაში”. სახელოსნოში შეხვდებით ისეთ კონსტრუქციებს, როგორიცაა მოსე, ნოეს კიდობანი და ა.შ. აქ უამრავ ნივთთან ერთად ყურადღებას იქცევს კიდევ ერთი სერია “მოგზაურობა გენეალოგიაში”, რომლის შექმნის იდეა ავტორს წინაპრების ფოტოებმა გაუღვივა და კომბინირებული მასალის მეშვეობით დიდი ბებია-პაპის კომპოზიციები შექმნა. აქ “არიან” როგორც დედის, ისე მამის შტოს წარმომადგენლები. ფიგურებზე წინაპრების პირადი ნივთებია დამაგრებული, ადგილ-ადგილ მცირე ავტობიოგრაფიული ჩანაწერებით, სადაც ისინი საკუთარ წარმომავლობასა და ცხოვრების მთავარ მოვლენებზე “ჰყვებიან”...

ხელოვანის თითოეულ ნამუშევარზე იმდენი დეტალია, რომ რაც უნდა ყურადღებით ათვალიერო, ვერ ამოწურავ. ალბათ, ასეთი სინთეზური ნამუშევრების შექმნა მხოლოდ თეატრის მხატვრებს თუ შეუძლიათ...



ანა კალანდაძე

კომენტარები

თამარი 2023-02-07 08:26
დღეს აღმოგაჩინეთ, ზღაპრულია თქვენს მიერ შქმნილი სამყარო, გმადლობთ.
ნათელა 2017-08-04 14:42
წარმატებებს გისურვებთ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები