ექსკლუზიური ნაკეთობები, რთული, ნატიფი ტექნოლოგია, დახვეწილი დიზაინი - ირაკლი ახვლედიანის ნამუშევრების დამახასიათებელი ნიშნებია. უიშვიათესი ტექნიკით, გემოვნებით შესრულებული კომპოზიციები მნახველში საოცარ აღფრთოვანებას იწვევს. ირაკლი თვითნასწავლი ხელოვანია. ალბათ სწორედ იმიტომ, რომ მისთვის არც ხატვა უსწავლებია ვინმის და არც რამე მიუთითებია, მისი ნამუშევრების, ნახატების, ნაკეთობების რომელიმე მიმართულებასთან მიწერა ძალიან რთულია. მისი შემოქმედება მრავალფეროვანი და მრავლისმთქმელია.
– თქვენს ნამუშევრებში მკაფიოდ ჩანს კომპოზიციისა და ჰარმონიულობის შეგრძნება. ამის სწავლა კი შეუძლებელია...
– ეს ხელოვნება არ მისწავლია, დაბადებიდან დამყვა. მე ვარ თვითნასწავლი ხელოვანი. ხატვის ნიჭი ბავშვობიდან მქონდა.
– როდის დაიწყეთ ფერად ლითონზე მუშაობა?
– ზუსტად არ მახსოვს, დაახლოებით 25-27 წელია, რაც ფერადი ლითონით სხვადასხვა ნივთს და შემდეგ კომპოზიციებს ვაკეთებ. პირველად „ზინგერის“ საკერავი მანქანის თავსახურში გავაკეთე დუპლექსის ჭრილი, ინტერიერი თავისი ინვენტარით. ვმუშაობ ვერცხლზე, ოქროზე, თითბერზე, სპილენძზე. ფერად ლითონზე მუშაობა საკმაოდ რთულია, მით უმეტეს, როცა მინიატიურულ ნაკეთობებს აკეთებ.
– დღესაც გაქვთ პირველი ნამუშევარი შენახული?
- ჩემს ნამუშევრებს არასოდეს ვინახავ. ეს ნამუშევარი შეიძინა ზურაბ ჟვანიას ქვრივმა, ქალბატონმა ნინო ქადაგიძემ.
– პირველი შედეგი ისეთი იყო, როგორსაც ელოდით?
- როცა გავაკეთე, იმ მომენტში ვფიქრობდი, რომ სრულყოფილი ნამუშევარი გამოვიდა. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ გარკვეული ხარვეზები ჰქონდა. ადამიანი უნდა გაიზარდოს, ხელოვანი ერთ ადგილას ვერ გაჩერდება. მეც დროთა განმავლობაში დავხვეწე ხელობა, შევიტანე სიახლეები. ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ერთ ადგილზე სიარული ხელოვანისთვის იგივეა, რაც ფილოლოგმა მთელი ცხოვრება ერთი წიგნი იკითხოს.
– ის, რომ თქვენი პირველი ნამუშევარი მოგეწონათ, საწინდარი ხომ არ გახდა იმისა, რომ მომავალში უკეთესი ნამუშევრები შეგექმნათ და უფრო აქტიურად გაგეგრძელებინათ მუშაობა?
- შეიძლება, ასეც იყო. ამ დროს ალბათ მთავარია იმ საქმის სიყვარული, რასაც აკეთებ. როცა მუზა მოდის, გარდაუვალია მისი შიგნით დატოვება, ის უნდა გასცე, გარეთ გამოიტანო.
– რა შეიძლება გახდეს თქვენი შთაგონების წყარო?
- კარგი კითხვაა. ჩემი შთაგონების წყაროა ჩემი მეგობრები, ჩემი მეუღლე, ოთხი შვილი, მათი სიყვარული. შესაძლოა, ჩემი შთაგონების წყარო ცუდი ხასიათიც კი გახდეს.
– და შემდეგ ეს ცუდი ხასიათი იგრძნობა ნამუშევრებში?
- ცუდი ხასიათი არასოდეს აისახება ჩემს ნამუშევრებში. პირიქით, შესაძლოა ამ დროს ესა თუ ის ნივთი საუკეთესო გამოვიდეს.
– მუზა ახსენეთ. მხოლოდ მუზის მოსვლის შედეგ იწყებთ მუშაობას, თუ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს აიღოთ ხელში იარაღები და დაიწყოთ ნივთების შექმნა?
- 3000-ზე მეტი ნამუშევარი მაქვს შექმნილი. ზოგი შეკვეთით გავაკეთე, ზოგი - ჩემი ინიციატივით. დამკვეთი თავად მეუბნება თემატიკას - დავუშვათ, აინტერესებს ნადირობის თემა, ბიბლიოთეკა, თეატრი და სხვა. როცა თემა ვიცი, მე უკვე თავისუფალი ვარ და ჩემი გემოვნებით ვქმნი კომპოზიციებს. თუ კონკრეტული ლოგო უნდა, ამ შემთხვევაში ყველაფერს დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად ვაკეთებ. ზოგადად იმდენად მიყვარს ეს საქმე, მუზა სულ ჩემთან არის, არასოდეს მტოვებს.
– ალბათ თითოეული ნამუშევარი თქვენთვის ძვირფასია. მათი გაყიდვის ან გაჩუქებისას გული არ გწყდებათ?
- არასოდეს მწყდება გული. პირიქით, ეს დიდ სიხარულს მანიჭებს. როცა ხელოვანი რაიმე ღირებულს ქმნის, ის აუცილებლად უნდა გასცეს, გააჩუქოს ან გაყიდოს. მიხარია, როცა ვიცი, ბევრ ოჯახში ინახება ჩემი ნამუშევარი. ბადრი პატარკაციშვილის ოჯახში ჩემ მიერ შექმნილი ექვსი ნივთია.
– როგორ ფიქრობთ, საქართველოში ხელნაკეთ ნივთებს სათანადოდ აფასებენ?
- ჩემი გაკეთებული ნივთი საქართველოში თუ 1000 დოლარი ღირს, საზღვარგარეთ 5000 დოლარი ღირს. აქ იმ შრომას და ძალისხმევას, რასაც ხელით მუშაობა ჰქვია, ისე არ აფასებენ, როგორც იმსახურებს.
– ყოფილა შემთხვევა, როცა გარკვეული ჩანაფიქრი გქონიათ, დაგიწყიათ ნივთის კეთება და საბოლოოდ სულ სხვა მიგიღიათ?
- კი, ასეთი შემთხვევა ხშირად ყოფილა. ერთხელ, დანის ქარქაშის გაკეთება დავიწყე, მთელი ღამე ვიმუშავე, დილით ვნახე, რომ ოთხფრთიანი თვითმფრინავი გამოვიდა.
– ნამუშევრებში თქვენი ბავშვობის ოცნება თუ განგიხორციელებიათ?
- ჯერ არა, მაგრამ ვაპირებ.
– თქვენი ყველაზე რთული ნამუშევარი გაიხსენეთ.
- ჩემი ყველაზე რთული ნამუშევარი იყო მეკობრეები. უამრავი დეტალისგან შედგებოდა და ულამაზესი იყო.
დღეს ამ ნივთებს ჩემს მეგობართან ოთო ქავთარაძესთან ერთად ვქმნი. კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს და ნამუშევრებიც უფრო მრავალფეროვანი გამოდის.
ოთო ქავთარაძე:
- ირაკლის ნამუშევრების ორიგინალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი არასოდეს იმეორებს ნაკეთობას. მასთან მუშაობა საინტერესოა. მისი შექმნილი ყოველი ნივთი ექსკლუზიურია, მხოლოდ ერთი. ეს არის ამ ადამიანის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი. ერთი შეხედვით ხვდება, სად და როგორ უნდა დადოს ესა თუ ის ნივთი, როგორ უფრო მიმზიდველი და ლამაზი იქნება. ეს გახლავთ ხელოვანის ხედვა. მისი აწყობილი კომპოზიციები საოცრად დახვეწილი და მიმზიდველია. ზოგჯერ ნივთზე მთელი თვე უმუშავია, ან უფრო მეტი. მხოლოდ შექმნა არ არის მთავარი, მთავარია, ამ ნივთებს როგორ განალაგებ, როგორ სახეს მისცემ. მუშაობის პროცესში ებადება ახალი იდეები, ახალი ხედვები. მეც ვეხმარები ირაკლის. მე უფრო ტექნიკოსი ვარ, ვიდრე მხატვარი. კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს. საუბრის, მსჯელობის დროს ვიხვეწებით და ნამუშევარიც ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ლამაზი გამოდის.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყველა ქართველისთვის გამორჩეულად საყვარელი მხატვარი ელენე ახვლედიანი ირაკლის ბებია გახლდათ. თვითნასწავლი ხელოვანი საოცარი სიყვარულით იხსენებს მას.
- ელიჩკა პაპაჩემის და იყო, არაჩვეულებრივი ადამიანი, პირდაპირი, სამართლიანი. უზომოდ უყვარდა მეგობრები. ზოგადად ადამიანები უყვარდა და ყველაზე გული შესტკიოდა. ერთ დღეს შინ დაბრუნებულს სრულიად უცხო ადამიანი დახვდა სახლში, ეძინა. უსახლკარო სტუდენტი აღმოჩნდა. ელიჩკას შეეცოდა და გარკვეული პერიოდი თავისთან დაიტოვა.
ადამიანებს თავისებურად უყურებდა. იყო ასეთი შემთხვევა: მჟავანაძეს მასთან სტუმრები მიუყვანია. ერთ-ერთს ელიჩკას ერთი ნახატი მოსწონებია და დაჟინებით სთხოვდა, მიეყიდა, თანაც მასში მანქანის ფასს სთავაზობდა. ელიჩკას უარი უთქვამს. არ მოეშვა სტუმარი. გაბრაზებულ ელიჩკას სახლიდან მიუბრძანებია ეს კაცი. მესამე დღეს ერთი სტუმარი თურმე ჩუმად უყურებდა იმ ნახატს. ელიჩკას უკითხავს, მოგწონსო? კი, ძალიანო, - უპასუხია სტუმარს. ჰოდა, გჩუქნი, ჩამოხსენი და წაიღეო, - უთქვამს ელიჩკას. მასთან ყოველ შაბათ-კვირას იმართებოდა სალონური საღამოები, შეხვედრები.
მისი მეუღლე გახლდათ აპოლონ კაკაბაძე. ცოტა რთული ურთიერთობა ჰქონდათ. ეჭვიანი კაცი იყო. იტალიაში ყოფნის დროს, ეჭვიანობის ნიადაგზე ელიჩკა სახლში ჩაუკეტავს. ელიჩკას გაუღია ფანჯარა, გადამხტარა სახურავიდან სახურავზე, და წავიდა და წავიდა... აქ დასრულდა მათი ქორწინება.
ვინც მას გაიცნობდა, გულგრილი არავინ რჩებოდა. გრიგოლ რობაქიძეს უყვარდა ელიჩკა. ძმაკაცობდა რიხტერთან, პიკასოსთან. გამოფენაზე პიკასოს მოსწონებია მისი ერთ-ერთი ნამუშევარი და უთხოვია, მომყიდეო. მე თვითონაც მომწონს ეს ნახატი და არ გავყიდიო, - უარი უთქვამს ელიჩკას. ბოლოს პიკასოს უჩუქებია მისთვის თავისი ნახატი.
მერი ბლიაძე
კომენტარები