პენოპლასტი, ფერადი ნაჭერი, დანა და წებო - თამარა მაისურაძის საოცარი ნამუშევრები

Patchwork (პეჩვორკი) - ასე ჰქვია ტექნიკას, რომლითაც თამარა მაისურაძე ულამაზეს ნამუშევრებს ქმნის. პენოპლასტი, ფერადი ქსოვილი, წებო, ცოტა ფანტაზია და ულამაზესი დეკორაცია თქვენი სახლისთვის უკვე მზადაა. პეჩვორკი საუკუნეებს ითვლის. მსგავსი ტექნიკით შესრულებული ყველაზე ძველი ნამუშევრები აღმოჩენილია ეგვიპტურ სამარხებში, 5000 წლის წინანდელი ნამუშევრები კი ჩინეთში. სახლის დეკორაციების შესაქმნელად ამ ტექნიკის გამოყენება მე-11 საუკუნეში დაიწყეს და წლების განმავლობაში იხვეწებოდა.

- დავიბადე და გავიზარდე რუსეთში, კერძოდ ციმბირში. იქ დავამთავრე სკოლა, ვმუშაობდი ოპერატორად. ჩემი მომავალი მეუღლე სამხედრო სავალდებულო სამსახურს ჩვენს ქალაქში იხდიდა და იქ გავიცანით
ერთმანეთი. როცა ცოლად გავყევი, საქართველოში წამოვედით საცხოვრებლად. მას შემდეგ აქ ვცხოვრობ.

- ბავშვობაში გიტაცებდათ ხელსაქმე?
- ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი, დავდიოდი სპორტზე, ვცეკვავდი ანსამბლში. ბავშვობიდან მიყვარდა ხელსაქმე, კერვა. რაიმე ახალის შექმნა უდიდეს ბედნიერებას მანიჭებდა.

- ვინ გასწავლათ მსგავსი ტექნიკით ნახატების შექმნა?
- არავის არ უსწავლია. ინტერნეტში ვნახე ერთხელ შემთხვევით და ძალიან მომეწონა. გამიჩნდა სურვილი და ინტერესი, მეც შემექმნა მსგავსი ნამუშევრები. საბედნიეროდ, ინტერნეტი გვაძლევს საშუალებას, უამრავი ინფორმაცია მოვიძიოთ. ვუყურებდი ვიდეოებს და ასე ვისწავლე ყველაფერი. რა თქმა უნდა, თავიდან ისე კარგად არ გამომდიოდა, მაგრამ ნელ-ნელა დავიხვეწე. ადრე არ იყო აქტუალური, ახალი ხელოვნებაა.

- ხატვა გეხერხებათ? აუცილებელია ადამიანმა იცოდეს ხატვა, რომ ამ ტექნიკით შეასრულოს ნამუშევრები?
- ხატვა პროფესიულ დონეზე არ მისწავლია. მოყვარულის დონეზე ვხატავ. ჩემი აზრით, იმისთვის, რომ ამ ტექნიკით ნამუშევრები შექმნა, სულაც არ არის აუცილებელი იცოდე ხატვა.

- რა მასალა გჭირდებათ და როგორ კეთდება ეს ნამუშევრები?
- მსგავსი ნამუშევრების შესაქმნელად საჭიროა პენოპლასტი, ფერადი ნაჭერი, დანა და წებო. თავიდან ვქმნი ნახატს და გადამაქვს პენოპლასტზე. შემდეგ ვამუშავებ წებოთი და ნაჭრებით. საკმაოდ შრომატევადი საქმეა და დიდი ყურადღება გჭირდება, რომ სუფთა ნამუშევარი შექმნა.

- სხვა ხელნაკეთ ნივთებსაც ქმნით?
- როგორც გითხარით, ძალიან მიყვარს ხელსაქმე. ხშირად ვაკეთებ სუვენირებს, დეკორაციებს.ძალიან მიყვარს ბუნება. ბორჯომი გამორჩეულია ამ მხრივ და განებივრებული ვართ ბუნების სილამაზით. ხშირად დავდივარ ტყეში სასეირნოდ, გირჩებს, რკოს, ხავსს ვკრეფ და ამით დეკორაციებს ვაკეთებ. ხშირად ვიყენებ ყავის მარცვლებს.

- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
- ძალიან ბევრი ნამუშევარი დამიგროვდა. სამომავლოდ ვგეგმავ ჩემი ნამუშევრების რეალიზაციას და იმედი მაქვს გამომივა.


მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები