დეკორატიული ნივთები ქართული ორნამენტებით - ხელოვანი ცოლ-ქმრის ნამუშევრები

სახლის მოწყობისას დეკორატიულ ნივთებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ისაა სამკაული, რომელიც სრულყოფილს ხდის ინტერიერს და თუ ეს აქსესუარები ლამაზთან ერთად პრაქტიკულიცაა, ორმაგად სასიამოვნოა. ვაჟა იარალიშვილი, მეუღლე ნინი ჭუჭულაშვილთან ერთად, დეკორატიული ნივთების სახელოსნოში სწორედ ასეთ საჭირო და ლამაზ ნივთებს ქმნის. ცოლ-ქმარი ერთად მუშაობს. როცა ვაჟა ხის დამუშავებას ასრულებს, ნინი მოხატვას იწყებს. როგორ იქცა პიანისტისა და მსახიობის ცხოვრების წესად ხეზე მუშაობა, ამას ვაჟა იარალიშვილთან საუბრისას შეიტყობთ.



- პიანისტი და მსახიობი გახლავართ, თეატრშიც ვმუშაობდი, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ წამოვედი, ვერ ვიპოვე იქ ჩემი თავი.
7-8 წლის წინ მოვხვდი არაჩვეულებრივ ხელოვანთან - გეგა ჭახელიძესთან და სწორედ მასთან „მოვიწამლე“ ამ ხელობით. „შევხვდი“ ქართულ ორნამენტს და ძალიან დავინტერესდი. მე და ჩემმა მეუღლემ თითქმის ფეხით შემოვიარეთ კავკასიონი, ვეძებდით ძველ ნივთებს, ძველ ორნამენტებს. თუ ქვაზე ვნახულობდით ამოკაწრულ პიქტოგრამებს, ადაპტაციას ვუკეთებდი და ხეზე გადამქონდა.

მერე რკინა-მჭედლობით, მხატვრული ჭედვით დავინტერესდი. ვმუშაობდი თბილისში გამორჩეულად ძლიერ ოსტატებთან - გიორგი ჯინორიძესთან, მიხო ტოგონიძესა და ზაზა კობერიძესთან ერთად. თუ რამე ვიცი, მათგან ვისწავლე. გარკვეული დროის შემდეგ გადავწყვიტე, დამოუკიდებლად მემუშავა და 2 წლის წინ დავაარსე ეს სახელოსნო, სადაც მე და ჩემი მეუღლე ვსაქმიანობთ.



- მეუღლესთან ერთად მუშაობთ... მეტი მოგვიყევით მის შესახებ.

- ჩემი მეუღლე, ნინი ჭუჭულაშვილი, პროფესიით არქიტექტორია, მუშაობდა კიდეც ამ განხრით, მაგრამ ბავშვის გამო მოუწია ცოტა ხნით სამსახურისთვის თავის დანებებამ. სულ უსაქმოდ რომ არ ყოფილიყო, ქსოვა და კერვა დაიწყო, არაჩვეულებრივ ნამუშევრებს ქმნის და საკმაოდ პოპულარულიცაა. ამასთანავე ჩემთან ერთად მუშაობს ჩვენს სახელოსნოში, სარკეები თითქმის სულ მისი ხელითაა გალამაზებული. დეკუპაჟის ტექნიკაზე, მოხატვაზე ნინი მუშაობს, ახერხებს და პატარასთან ერთად ამ საქმეშიც ერთვება.

- ერთი შვილი გყავთ?

- დიახ, ალექსანდრე-თარაში. მე მინდოდა, რომ თარაში დაგვერქმია, ნინის - ალექსანდრე. გული არც ერთს რომ არ დაგვწყვეტოდა, ორივე სახელი დავარქვით, ნინი სანდროს, მე კი - თარაშს ვეძახი. მალე მეორე შვილსაც ველოდებით.



- უშუალოდ თქვენს ნამუშევრებზე ვისაუბროთ. მართალია, შემოქმედებითი კუთხით მრავალმხრივი გზა გამოიარეთ, მაგრამ ახლა ძირითადად რა მასალაზე მუშაობთ?

- მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ მასალაზე შემიძლია მუშაობა, ამჯერად ხეზე ვმუშაობ. რკინაზე მუშაობას ისეთი დანადგარები სჭირდება, რაც ჯერჯერობით არ მაქვს. ამ ეტაპზე ჩვენი ძირითადი მიმართულება სარკეები და ხის სანათებია. ხელნაკეთი ნივთი იმიტომაცაა ღირებული, რომ მასში განწყობა და ენერგეტიკა იგრძნობა. ჩემს თითოეულ ნამუშევარს უკვე თავისი მუსიკა აქვს და ჩვენს ფეისბუქგვერდზე ამის ნახვა შესაძლებელია. ნივთი, რომელზეც ვმუშაობ, ინსპირაციაა ჩემთვის, მესმის მუსიკა, რომელიც ასოციაციურად მასთან მაკავშირებს და ეს ვიზუალურად ხილულიც გავხადე. სწორედ ასეთი დეტალების გამო აქვს სხვა დატვირთვა ხელნაკეთ ნივთებს. საზღვარგარეთ უფრო დაფასებულია ე.წ. „ჰენდმეიდ“ ნივთები და იციან მათი მნიშვნელობა და ღირებულება.



- როდესაც გიკვეთენ სანათს, სარკეს, მუშაობის დაწყებამდე რას ითვალისწინებთ?

- სარკე ისეთი დეტალია, რომელიც უნდა ეხამებოდეს ინტერიერს. ამიტომ დამკვეთთან ვარკვევ, თუ სად უნდა განთავსდეს, რა ტონებშია ინტერიერი, რომ შეეხამოს და არ იყოს ამოვარდნილი... ასევეა სანათების შემთხვევაში, როდესაც შეგვიკვეთეს ერთ-ერთი ორგანიზაციისთვის, მივედი ადგილზე, ვნახე, სად უნდა განთავსებულიყო და მას შემდეგ დავიწყე მუშაობა. მიმუშავია ინტერიერზე, ექსტერიერზე, ავეჯზე და ყველა ასპექტი ჩემთვის ახლობელი და ნაცნობია.



- დაახლოებით რა დრო სჭირდება სარკის დამზადებას?

- დაახლოებით 6-7 დღე, მე და ნინი ერთად ვმუშაობთ კონცეფციაზე, მერე მე ვიწყებ ხის დამუშავებას და მეორე ეტაპზე უკვე ნინი ერევა დეკუპაჟის ან მოხატვის მხრივ.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?



- ჩემი ოცნებაა, ქართულ ორნამენტს მივუძღვნა გამოფენა, თბილისში და არა მარტო თბილისში, საქართველოში მოღვაწე ოსტატებს ვთხოვო, გააკეთონ ქართული ორნამენტი საკუთარი ხედვით და დიდი გამოფენა მოვაწყო. ამასთან ერთად, მინდა, ქართულ-კავკასიური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო მოვაწყო, ფიროსმანს და ვან გოგს რა ოცნებაც ჰქონდათ, ის მინდა სისრულეში მოვიყვანო და შევქმნა დიდი სივრცე, სადაც მოვლენ ნიჭიერი ადამიანები, რომელთაც არ აქვთ საშუალება, პირობები და იმუშავებენ, შექმნიან ნამდვილ ხელოვნების ნიმუშებს, წარმოაჩენენ საკუთარ ნიჭს. ამით მეც ვისიამოვნებ. ვიმუშავებდი მათთან ერთად და ვისწავლიდი კიდევ ბევრ რამეს. ჩვენ ირგვლივ არიან ისეთი ადამიანები, ვინც კბილებით მოიტანეს ეს საქმე დღემდე და მგონია, მათთან ვალში ვარ, ამიტომაც მინდა, მუშაობის საშუალება მივცე. გარდა ამისა, მინდა სახელმწიფოსთან ვითანამშრომლო, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს შევასწავლო სხვადასხვა საქმე, ხეზე მუშაობა იქნება ეს თუ რკინაზე, ჩამოვაყალიბო ე.წ. სკოლა, სადაც ისწავლიან და შემდეგ თვითრეალიზაციას მოახდენენ. გეგმები დიდი მაქვს, ვნახოთ, როგორ მოვიყვან სისრულეში.

ციცი ომანიძე

კომენტარები

ლალი 2020-08-30 19:23
სად შეიძლება მათი ნამუშევრების ნახვა და შეძენა?
თამუნა 2018-08-09 15:34
სად შეიძლება მათი ნამიშევრების შეძენა?

კომენტარის დამატება