სემ გერმანი "გერმან კონსტრაქშენს“ გენერალური დირექტორი და ბრენდის "ანნა ვუდს“ დამფუძნებელია. მან პირველმა დაიწყო საქართველოში კოჟრით საიუველირო და დეკორატიული ნივთების გაკეთება და სურს ის ისეთივე პოპულარული გახადოს ჩვენს ქვეყანაში, როგორც ამერიკასა და ევროპაშია. პროფესიით მაკროეკონომისტია, მუშაობდა უსაფრთხოების სფეროშიც, თუმცა ახლა მისი ძირითადი საქმე კოჟრის სპეციალისტობაა.
სემ გერმანი მისი ფსევდონიმია - სემი მისი სახელია, გერმანი - მამის. კომპანიას კი "გერმან კონსტრაქშენი" დაარქვა.
- გადავწყვიტე, ჩემი საქმე ჩამომეყალიბებინა და ავირჩიე ისეთი სფერო, რომელიც საერთოდ არ არსებობდა საქართველოში. თავიდან, ცოტა პრობლემები შემექმნა იმიტომ,
- რას ქმნით ძირითადად, რა არის თქვენი მთავარი პროდუქცია?
- პირველად, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ჩვენ კოჟრს მივეცით ძალიან ფართო მიმართულება. გვაქვს ორი ძირითადი მიმართულება: დეკორატიული ნაკეთობები და საიუველირო ნაკეთობები. ორივე მიმართულებაში თავისი ქვემიმართულებებიცაა. ერთ-ერთი ქვეყნის ელჩისთვის დავამზადეთ საიუველირო ნაკეთობები და ავიღეთ ვალდებულება, რომ იმას არ გავიმეორებთ არასოდეს. არის ინდივიდუალური და სერიული წარმოება.
- ნამუშევრებს მარტო ქმნით თუ პარტნიორებთან თანამშრომლობთ?
- ჩვენ გვყავს თანამშრომლები და ნელ-ნელა ვგეგმავ მათი რიცხვის გაზრდას. ძირითადად, ხელოვნების აკადემიის სტუდენტები არიან. ნამუშევრები კეთდება ელექტროტექნიკის გამოყენებით. ეს ელექტროტექნიკაც გადაკეთებულია კოჟრისთვის იმიტომ, რომ მისი დასამუშავებელი ტექნიკის შეძენა ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, ვმუშაობთ ძირითადად ხელით. ამას აქვს ორი პრაქტიკული მიზეზი. ერთი ის, რომ კოჟრი ძირითადად უნდა იყოს ხელნაკეთი, მეორე, რომ არც არსებობს რაიმე ტიპის მექანიზმი, რომელიც კოჟრს ბოლომდე გადაამუშავებს. ყველას, ვინც კოჟრით მუშაობს (მათი რიცხვი ძალიან ცოტაა მსოფლიოში), აქვს თავისი გამოგონილი საშუალებები მის დასამუშავებლად. კოჟრთან ერთად ვაკეთებთ ჰიბრიდს, კოჟრისა და ეპოქსიდის ფისის კომბინაციით. ეს არის ნივთიერება, რომელიც ქვავდება და არის როგორც გამჭირვალე, ასევე სხვა ფერის, დამოკიდებულია ხელოვანი ადამიანის გადაწყვეტაზე. საიუველირო ნაკეთობა ახლოსაა ადამიანთან და ის აბსოლუტურად უვნებელი უნდა იყოს, მათ შორის ალერგიის დროსაც. საწარმოში ვხუმრობთ ხოლმე, ჩვენი საიუველირო ნივთების ჭამაც კი შეიძლება იმიტომ, რომ ასი პროცენტით უსაფრთხო და ანტიალერგიულია. დეკორატიულ ნაკეთობებს რაც შეეხება, იმავეს ვერ ვიტყვით. სააღდგომოდ გავაკეთეთ კვერცხები, კოჟრით და ეპოქსიდით. იქედან გამომდინარე, რომ ამის თვითღირებულება საკმაოდ ძვირია და თავად ეპოქსიდიც ძვირი მასალაა, გავაკეთეთ შეზღუდული რაოდენობის. რასაც ვაკეთებთ, ძირითადად, უცნობია ჩვენი ქვეყნისთვის. ზოგს ჰგონია, რომ ეს არის უბრალოდ დამწვარი ხე. დედამიწის მასშტაბით ეს ბიზნესი ეკუთვნის ინგლისის დედოფლის ოჯახს. ამის მასიური წარმოების უფლებას არავის მისცემენ იმიტომ, რომ ყველაზე კარგი კოჟრი ინგლისის ყოფილ კოლონიებში იზრდება. რაც მთავარია, ეს ნაკეთობები პრესტიჟის, გემოვნების გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. ამითაა მოპირკეთებული ბუკინგების სასახლე, კრემლი, ვერსალის სასახლე, თეთრი სახლის ერთი კაბინეტი და ბევრი ისეთი ნაკეთობაა დამზადებული ამ მასალისგან, რაც ისტორიაში შევიდა, თავისი მნიშვნელობით.
- სად შეიძლება თქვენი ნამუშევრების შეძენა?
- ჩვენი ნამუშევრები იყიდება ძირითადად ტურისტულ ზონებში, სადაც არსებობს სუვენირების მაღაზია. ასეთია მაღაზია "ჯორჯიანი“. ეს "ბიბლუსის“ მიერ დაარსებული მაღაზიაა და მათთან დავიწყეთ თანამშრომლობა არც თუ ისე დიდი ხანია და ძალიან კმაყოფილები ვართ. მაღაზიას საქმისადმი მიდგომა აქვს სულ სხვანაირი, გადასახადი არ არის დიდი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. სიმართლე რომ გითხრათ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ინიციატივა პარტნიორისაგან მოდის, რაც ძალიან გვახარებს. ცუდი ისაა, რომ ასე ყველა არ მუშაობს. ვისურვებდი, რომ "ჯორჯიანის“ მსგავსი მაღაზია გაეხსნათ ძალიან ბევრი და ემუშავათ ესეთი სტრატეგიით იმიტომ, რომ არაჩვეულებრივი სტრატეგია აქვთ არჩეული. ყველა ის კომპანია, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივ წარმოებას, ყოველთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელი.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ მასალა არის ძვირი და შესაბამისად, პროდუქციასაც ექნება შედარებით უფრო დიდი ფულადი ღირებულება. ვისთვისაა განკუთვნილი თქვენი ნაკეთობები, ქართველებისთვის ქმნით თუ უცხოელებისთვის?
- ბრენდის დაარსების იდეა არის ის, რომ რაც არის მოდაში დასავლეთში, შეერთებულ შტატებში და ითვლება პრესტიჟის გამოხატვის ერთ-ერთ საშუალებად, გადმოგვეტანა საქართველოშიც. გადავწყვიტეთ, რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო შედარებით დაბალ ფასებში. ჩვეულებრივ დიასახლისსაც, რომ ჰქონდეს საშუალება იყიდოს საყურე, სამაჯური და ასე შემდეგ. პრობლემა ისაა, რომ როდესაც ბრენდს საკუთარი მაღაზია არ აქვს, ემატება გადასახადი, თუმცა გათვლილია საქართველოს მოსახლეობის ყველა ფენისთვის. არ ვაკეთებთ აქცენტს, რომ ეს არის მხოლოდ მდიდრებისთვის. თავისთავად, ტურისტებისთვისაც არის განკუთვნილი იმიტომ, რომ მეტ-ნაკლებად ინფორმირებულები არიან, რა არის კოჟრი.
- ადამიანებს, რომლებიც ყიდულობენ თქვენს ნაკეთობებს, რა შთაბეჭდილება რჩებათ?
- პირველადი შთაბეჭდილება ყოველთვის ძალიან დადებითი ემოციაა. იქედან გამომდინარე, რომ მასალა საქართველოსთვის უცხოა, უჩნდებათ ძალიან ბევრი კითხვა და რჩებიან სასიამოვნოდ გაოცებულები.
- რა დრო სჭირდება ერთი ნამუშევრის შექმნას?
- ერთი გულსაკიდის მაგალითზე გეტყვით, კოჟრი მუშავდება იმ დონეზე, რომ ჩაისხას ეპოქსიდი. ეპოქსიდი შრება, დაახლოებით, 2-დან 4 დღემდე. მას შემდეგ, რაც გაშრება, თავად ნაკეთობის დასრულებას სჭირდება ერთ საათამდე.
- თქვენს თითოეულ ნამუშევარს, თუ აქვს კონკრეტული დატვირთვა ან იდეა, რასაც გამოხატავს?
- ჩვენ გავაკეთეთ სამკუთხედის ფორმის საიუველირო ნაკეთობები. თუ კარგად დააკვირდება ადამიანი, ამ სამკუთხედებს აქვს რაღაც ნაკლი. მიუხედავად იმისა, რომ ნაკეთობა არის ძალიან ლამაზი, ყოველთვის მასში რაღაც ნაკლია. ამას, სინამდვილეში, აქვს სულ სხვანაირი დატვირთვა. იქედან გამომდინარე, რომ ვმუშოაბთ ბუნებრივი მასალით, ბუნებაში იდეალური ფორმები არ არსებობს. ისევე, როგორც არ არსებოსბ იდეალური ან სიმეტრიული ადამიანი. ფსიქოლოგიურად დადასტურებულია, რომ ნებისმიერი იდეალური ნაკეთობა ძალიან მალე გბეზრდება. ნაკეთობა, რომელიც ადამიანში ბადებს გარკვეულ კითხვებს, ის არასოდეს მოგბეზრდება.
პირველი ტურისტული მაღაზია "ჯორჯიან"-ი
პირველი ტურისტული მაღაზია „ჯორჯიან“ საქართველოში ყველაზე დიდმა წიგნის მაღაზიათა ქსელმა „ბიბლუსმა“ გახსა. დავით აღმაშენებლის #55-ში მდებარე მაღაზია თავისი არსით უნიკალურია და ტურისტებს ქართული პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.
„ჯორჯიან“-ის გახსნა ხელს უწყობს არა მხოლოდ ტურისტებისათვის ქართული პროდუქციის გაცნობას, არამედ ქართული მეწერამეობის ხელშეწყობას.
თბილისში მართლაც რომ გამორჩეულ მაღაზიაში „ჯორჯიან“ დაგვხვდებათ ქართული ეროვნული სამოსი, უნიკალური ქართული სუვენირები, თაფლი, ქართული ტკბილეული და სასმელი, წიგნები და ა.შ. აქ წარმოდგენილია ქართული ღვინის მრჩევლის Allwine.ge-ის 500-მდე სახეობის უნიკალური ღვინოც თავისი სადეგუსტაციო კუთხით, სადაც სტუმრებს ღვინის უფასოდ დაგემოვნების საშუალებაც ეძლევათ. ეს არ არის ადგილი მხოლოდ ტურისტებისთვის, ეს არის ადგილი სადაც ნებისმიერ ქართველს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს აქ სტუმრობა და ქართული სიამაყის დათვალიერება.
„ბიბლუსში“ ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მაღაზიით მათ ქართველი მეწარმეების წახალისებაც სურთ. „ჯორჯიან“ მზადაა ითანამშრომლოს მათთან და თავისი წვლილი შეიტანოს ქართული პროდუქციის მეტად პოპულარიზაციაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქართულმა ნაწარმა ნელ-ნელა ფეხი დაიმკვიდროს უცხოურ ბაზარზე.
თამუნა იაკობაშვილი