"მომწონს, როცა სახლისთვის განსაკუთრებულ დეკორს ვქმნი..." - ოჯახური ჰარმონიის გარემოში შექმნილი ნივთები

ალბათ თქვენში დიდ აღფრთოვანებას გამოიწვევს ფერმწერის, ხელოვანის, მარიამ მანჯგალაძის ხელნაკეთი დეკორაცია. თექა, თიხა, ხე, შუშა, ხელოვნური ყვავილები, ფერადი ნაჭრები - ეს იმ მასალების მცირედი ჩამონათვალია, რითაც ქალბატონი მარიამის განსხვავებული და ორიგინალური ხელნაკეთი ნივთები იქმნება.

– რა ადგილი უკავია ხელოვნებას თქვენს ცხოვრებაში?
– ფერწერით და დიზაინით ვარ დაკავებული. ხელოვნებას განსაკუთრებული და საპატიო ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში. ეს არის მთელი ჩემი ცხოვრების არსი.

– დეკორების შექმნა როდის დაიწყეთ და ძირითადად რა ნივთებს ქმნით?
– 11 წელია დეკორზე ვმუშაობ და ძალიან მომწონს, როცა
სახლისთვის, განსაკუთრებულ და განსხვავებულ დეკორს ვქმნი.

– რა მალას იყენებთ?
– მასალაში სრულად თავისუფალი ვარ და სწორედ ეს მიწყობს ხელს, რომ შევქმნა ის, რასაც ვქმნი. ვიყენებ ყველაფერს, ეს იქნება, თექა, თიხა, ხე, შუშა, ხელოვნური ყვავილები,ფერადი ნაჭრები თუ სხვა. ყველაფერი რაც იმწუთას სუნთქავს და მაძლევს საშუალებას, რომ გამოვხატო ყველაფერი განუმეორებელი.

– ფერების შერჩევა რამდენად მნიშვნელოვანია ამა თუ იმ ნივთის შექმნის დროს?
– ფერები ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მიყვარს მწვანე, რადგან სიცოცხლის ფერია და ვცდილობ გარკვეული დოზით მაინც ჩავრთო ნამუშევარში, რათა მნახველს შევუქმნა მაღალი და სასიამოვნო განწყობა.

– ყვავილებიანი დეკორები ჭარბობს თქვენს ნამუშევრებში. გიყვართ ცოცხალი მცენარეები?
– მიყვარს მცენარეები, განსაკუთრებით ყვავილები. ხუთი წელი ვეუფლებოდი ფლორისტ-დიზაინერის პროფესიას. სწორედ ამან მოახდინა გავლენა ჩემს ნამუშევრებზე.

– თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და კრიტიკოსი ვინ არის?
– ყველაზე დიდი გულშემატკივარი და ამავე დროს კრიტიკოსიც არის მამა. ისიც ხელოვანია და ადვილად ამჩნევს ჩემს წარმატებას თუ წარუმატებლობას.

– ხშირად იღებთ მისგან რჩევებს?
– რომ გითხრათ, მისგან ხშირად ვიღებ რჩვებს-თქო, მოგატყუებთ. ჩვენ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ვართ და ასევე სხვადასხვა მიმდინარეობის მიმდევრები, ამიტომ მისგან რჩევებს თითქმის არ ვიღებ.

– ამა თუ იმ საქმეში და ზოგადად ცხოვრებაში, რა ადგილი უკავია ოჯახის წევრების თანადგომას?
– მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი გულშემატკივრები არიან ჩემი შვილები, ორი წლის ნინა და ოთხი წლის დაჩი, რომლებიც მუშაობის პროცესში ჩემთან ერთად არიან ჩართულები და სათნო ღიმილითა და პაწია ხელებით მაწვდიან ან იტაცებენ მასალებს. ეს ყველაფერი განწყობას და მოტივაციას მიმაღლებს. ასევე განსაკუთრებულია მეუღლის როლი ჩემს საქმიანობაში, ის პირველი შემფასებელი და გულშემატკივარია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. ოჯახი მიქმნის განწყობას, სურვილს, რომ ვიყო სრულ ჰარმონიაში ჩემს პროფესიასთან და ყველაფერი ვაკეთო სრულყოფილად.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– სამომავლოდ, ვაპირებ ხელნაკეთი ნივთების სახელოსნოს გახსნას, სადაც პრიორიტეტი იქნება შშმ პირებისთვის, ჩემი პროფესიის გაზიარება და დაუფლება.

მერი ბლიაძე

კომენტარები

ირმა კალანდია 2019-07-03 17:44
სასწაული გოგო ხარ.წარმატებები.
Natia gogia 2019-07-03 08:32
მარიამ, საოცარი ნამუშევები გაქვს! გემოვნებიანი. წარმატებებს გისურვებ!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები