„ვიტრაჟი შეიძლება შეუხამოთ ნებისმიერი ტიპის დიზაინს, ის მფლობელის განსაკუთრებულ გემოვნებას უსვამს ხაზს...“ - როგორ იქმნება ვიტრაჟული დეკორი

თანამედროვე ინტერიერსა და ექსტერიერში ძალიან აქტუალურია ვიტრაჟი. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ბაზარზე ფერადი მინა, ფხვნილი, საღებავი და ა.შ. არ მოიპოვება, ჩვენი დღევანდელი სტუმარი, მხატვრული მინის დიზაინერი მარიამ შავაძე მეგობართან, მხატვარ მერაბ მიქელაძესთან ერთად მაინც ახერხებს და შედევრებს ქმნის. მათ მიერ შექმნილი, განსაკუთრებული წესით დამუშავებული ვიტრაჟები მნახველს გულგრილს არასოდეს ტოვებს.

– საქართველოს ყველაზე თბილ და ლამაზ ქალაქში, ბათუმში ვცხოვრობ. ვარ მარკეტინგის და მენეჯმენტის სპეციალისტი და ჩემს ახლანდელ საქმიანობასაც ვუთავსებ ჩემს პროფესიას. ერთ დღეს აღმოვაჩინე ადგილი, სადაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და
მომწონს ამ ყველაფრის კეთება _ ეს არის ვიტრაჟების ხატვა. ეს საქმე ძალიან მალე შევიყვარე და გახდა ჩემი ცხოვრების ნაწილი. ამჟამად ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი საქმიანობა მაქვს. ხშირად ვერც ვამჩნევ, დრო როგორ გადის. ეს საქმიანობა მოითხოვს დიდ ყურადღებას და პატივისცემას, თუ არ შეიყვარებ, არაფერი გამოვა. დღესდღეობით გვაქვს ჩვენი სახელოსნო, სადაც ათამდე ადამიანია დასაქმებული.
უკვე ძალიან ბევრ და საინტერესო ტექნოლოგიას ვფლობთ. ეს არის ვიტრაჟი, გრავიურა, ბარელიეფური ჭრა შუშაზე. თუმცა ჩვენი სფერო მხოლოდ შუშა არ არის. ვიყენებთ კიდევ უამრავ ალტერნატიულ მასალას. საღებავები შემოგვაქვს საზღვარგარეთიდან, ვინაიდან ვიტრაჟის მასალები საქართველოში არ მოიპოვება. ასევე ვამზადებთ სხვადასხვა აქსესუარს, მოხატულ სარკეებს, როგორც ვიტრაჟით, ასევე გრავიურაში და ბარელიეფურ ჭრებში. დეკორატიულ სანათებს, ბრებს შირმებს და მოხატულ ავეჯსაც. ძალიან მალე ჩვენი შოურუმიც გაიხსნება, სადაც ფართოდ იქნება ჩვენი შესაძლებლობები წარმოდგენილი. სახელოსნო მდებარეობს ბათუმში, თუმცა ეს ხელს არ გვიშლის იმაში, რომ ვიმუშაოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით, პირიქით, ძალიან ბევრი ჩვენი ნამუშევარი საზღვარგარეთაც გავიდა.

ძალიან საინტერესო და სასიამოვნო საქმიანობაა, ერთგვარი თერაპიაცაა. ყველაზე სასიამოვნოა, როდესაც ამთავრებ ნამუშევარს და ხედავ, როგორი ლამაზი და მრავალფეროვანია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შრომატევადია, არასდროს ვიღლები და არც მბეზრდება.

– საცხოვრებელ ბინებში რამდენად ხშირად იყენებენ ვიტრაჟებს?
– ვიტრაჟი დეკორატიული ხელოვნებაა, რომელიც სათავეს საკმაოდ შორი წარსულიდან იღებს. დღესდღეობით ის ძალიან აქტულური და მოთხოვნადი გახდა. ვიტრაჟის ფერად მასალაში გამავალი სინათლე იფერება, რაც განსაკუთრებულ მყუდრო და სასიამოვნო გარემოს ქმნის. ასე რომ, ვიტრაჟი შეგვიძლია შეუხამოთ ნებისმიერი ტიპის დიზაინს, იქნება ეს თანამედროვე თუ ძველი კლასიკური. შესაბამისად ხშირად იყენებენ საცხოვრებელ ბინებშიც.

– წლების წინაც აქტუალური იყო ვიტრაჟი. ამას ქალაქში შემორჩენილი ძველი შენობებიც მოწმობს. რით განსხვავდება თანამედროვე ვიტრაჟი ძველისგან?
– ძველად ვიტრაჟებს განსაკუთრებული წესით ამუშავებდნენ, ფერად მინებს ერთმანეთზე ადუღებდნენ ფერადი ლითონის ტიხრების დახმარებით. თანამედროვე სამყაროში ყველა და ყველაფერი ვითარდება და დღესდღეობით მასალების ჩანაცვლება და გამარტივებაა შესაძლებელი. იგივე ეფექტის მიღება შესაძლებელია საღებავებით, წებოვანი ვიტრაჟული ფირებით, თუმცა სინამდვილეში ეს ვიტრაჟის იმიტაციაა, მაგრამ ამავდროულად იაფი და ხელმისაწვდომი.

– ყველაზე აქტიურად სად გამოიყენება ვიტრაჟი?
– ვიტრაჟი გამოიყენება როგორც ინტერიერში, ასევე ექსტერიერშიც, ფანჯრების, მინის კარების, გამჭვირვალე ტიხრების მოსართავად, ფართოდ გამოიყენება სააბაზანო ოთახებში, ხშირად გვხვდება ჭერშიც. ვიტრაჟის გამოყენება, იქნება ეს ინტერიერი თუ ექსტერიერი, ყოველთვის პრესტიჟულად ითვლებოდა, ძალიან მდიდრულია და მფლობელის განსაკუთრებულ გემოვნებას უსვამს ხაზს.

– თქვენი გადმოსახედიდან, როგორ შეიძლება განვითარდეს ვიტრაჟი სამომავლოდ?
– როგორც უკვე ვთქვი, თანამედროვე სამყაროში ვცხოვრობთ და როგორც ყველაფერმა, ვიტრაჟმაც გაიარა ევოლუცია და განვითარდება მანამ, სანამ კაცობრიობა არ შეწყვეტს განვითარებას. თუმცა მე ვისურვებდი, რომ ვიტრაჟს შეუნარჩუნდეს თავისი პირველყოფილი იერსახე და დამზადების ტექნოლოგია. მან საუკუნეებს გაუძლო და ახლაც ასეთი აქტუალურია. სწორედ ეს ხდის მას მიმზიდველს, მოთხოვნადს და უნიკალურს.
ვისურვებდი, რომ ქვეყნის თუ ქალაქების არქიტექტორებმა უფრო ხშირად გამოიყენონ ვიტრაჟი საქართველოს ქალაქების მოსართავად. ეს ჩვენს ქვეყანას უფრო მიმზიდველს და მოთხოვნადს გახდის, ამავე დროს _ უფრო დასამახსოვრებელს.







მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები