ალბათ, ბევრი თქვენგანი აღმოჩენილა სიტუაციაში, როდესაც ახალგარემონტებულ სახლში ახალი ავეჯის დადგმაც გდომებიათ, მაგრამ საამისო თანხა აღარ დაგრჩენიათ. ისეთი შემთხვევებიც არის, როდესაც თქვენს ახალ რემონტს ძველი ავეჯი უბრალოდ აღარ უხდება, არაფრით ჯდება ინტერიერში, მაგრამ ესა თუ ის ნივთი იმდენად ძვირფასი და საყვარელია თქვენთვის, რომ მასთან განშორება გიმძიმთ. რა უნდა ქნათ ამ დროს?
რჩევა ნომერი 1
შევუცვალოთ ფერი
დაძველებული ნივთი ყოველთვის გახუნებულია. თუ თქვენ არ გაქვთ საშუალება, შეიძინოთ ახალი ან ვერ ელევით ძველს, ყველაზე მარტივი რჩევაა, განაახლოთ იგი. ამისთვის საუკეთესო საშუალებაა ამ ნივთის
ნივთისთვის იერის შეცვლა შეიძლება წებოვანი ქაღალდითაც, რომლის ზედაპირი ფერადი ან პრიალაა, უკანა მხარეს კი წებო უსვია. თანამედროვე ტექნოლოგიები ასეთი ქაღალდის საკმაოდ მრავალფეროვან ასორტიმენტს გვთავაზობს, ხის ეფექტით, შუშის ეფექტით და ა.შ. ეს ძალიან ადვილი პროცედურაა და იმ შემთხვევაში, თუ რამე არ გამოგივიდათ, ძალიან ადვილია ქაღალდის აძრობა და ხელახლა დაწებება.
აი, მაგალითად, როგორ შეგვიძლია გავახალისოთ ბავშვის საწერი მაგიდა, რომ ლამაზად მოერგოს თვენს ახალ ინტერიერს.
ამისთვის საკმარისია, მხოლოდ უჯრები შევღებოთ სხვადასხვაფრად.
წებოვანი ქაღალდით ერთფეროვანი კომოდის გახალისებაც შეგვიძლია.
შეიძლება ძველი ტორშერი შევუხამოთ ახალ შპალერს.
რჩევა ნომერი 2
შევცვალოთ ქსოვილი
რბილი ავეჯის ვიზუალი მასზე გადაკრულ ქსოვილზეა დამოკიდებული. გახუნებული ნაჭერი, რა თქმა უნდა, შელახულ ელფერს იძენს. მაგრამ ეს პრობლემაც ადვილად მოგვარდება, ამისთვის მხოლოდ მონდომებაა საჭირო. ეს შეგიძლიათ თავადაც გააკეთოთ, ან რესტავრატორი მოიწვიოთ, თუმცა ერთი რჩევა აუცილებლად გაითვალისწინეთ: სანამ ამა თუ იმ ნივთისთვის ახალი სიცოცხლის მიცემას გადაწყვეტდეთ, კარგად დარწმუნდით, ღირს კი ის ამად, არის კი იმდენად კომფორტული? მხოლოდ ამის შემდეგ შეუდექით საქმეს. შეგიძლიათ ავეჯს რამდენიმე ხელი შალითა შეუკეროთ და ხშირად უცვალოთ სეზონების მიხედვით. ასე სისუფთავესაც შეინარჩუნებთ და მობეზრებასაც ვერ მოასწრებთ.
ყურადღება მიაქციეთ ამ სავარძელს, როგორი უბრალო და გემოვნებიანია.
რჩევა ნომერი 3
შეუცვალეთ ზომა
ახალ სახლში გადახვედით და თქვენი ძველი მაგიდა ახალი ოთახისთვის პატარაა? რა პრობლემაა, დაუმოკლეთ ფეხები და ჟურნალის მაგიდა მზად არის.
ბევრი ნივთისთვის შეიძლება ზომის შეცვლა. მაგალითად, ძალიან ადვილია უზარმაზარი ხალიჩის დაპატარავებაც, რომელსაც წარმატებით გამოიყენებთ შემოსასვლელში, და თუ ხალიჩა კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ ძალიან მოგბეზრდათ, შეგიძლიათ დააპატარავოთ, შეუცვალოთ ფორმა და ბავშვს დაუფინოთ სათამაშოდ.
აი, ასე შეიძლება სასადილო მაგიდის ჟურნალის მაგიდად დაგაქცევა.
ეს ხალიჩა კი, თავისი ზომის წყალობით, მშვენივრად ერგება ახალ ინტერიერს.
რჩევა ნომერი 4
შეუცვალეთ ნივთს დანიშნულება
ძველი სანათებისგან შესანიშნავი საყვავილეების გაკეთება შეიძლება. შემოავლეთ მას ფერადი ქაღალდი და ლარნაკი ან ქოთანიც მზად არის. ასევე შეიძლება ძველი სკივრის პატარა მაგიდად ქცევა. მასში კი ისეთ ნივთებს შეინახავთ, რომელსაც იშვიათად იყენებთ, მაგრამ გადაყრა გენანებათ.
რჩევა ნომერი 5
ძველ ნივთს ახალი ადგილი მოუნახეთ
თუ ძველი ტუმბო საძინებლისთვის არ გამოდგება, თამამად შეგიძლიათ ის აივანზე გაიტანოთ და მასზე თქვენი საყვარელი ქოთნის ყვავილი მოათავსოთ.
მშვენიერია, ეს მაგიდა ძალიან უხდება შემოსასვლელს, სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ შეიძლება ამხელა შესასვლელი ბევრ ადამიანს არ ჰქონდეს.
ასე რომ, სანამ ძველ ნივთებს დაემშვიდობებოდეთ, კარგად დაფიქრდით, იქნებ ის უბრალოდ იქ არ დგას, სადაც უნდა იდგეს, ან იქნებ სულ სხვა ფერის არის?
ამ რჩევების გათვალისწინებით თქვენ შეგეძლებათ, მინიმალური დანახარჯებით განაახლოთ თქვენი ინტერიერი.