"პირველად ჩემს შვილებს ვაჩვენებ და აზრს ვეკითხები" - 8 შვილის დედის შექმნილი საოცარი თოჯინები

მეთოჯინე ეკატერინე ბერიძე თბილისში მეუღლესთან და რვა შვილთან ერთად ცხოვრობს. მისმა თოჯინებმა უკვე შეძლეს და მიიქციეს მნახველის ყურადღება. პერსონალური გამოფენა არასოდეს ჰქონია, თუმცა საქართველოში ბევრ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული, შარშან კი მისი თოჯინები პრაღის საერთაშორისო გამოფენაზე იწონებდნენ თავს. მიუხედავად იმისა, რომ ეკატერინე რვა შვილის დედაა, საყვარელ საქმეს და ოჯახს ჰარმონიულად უთავსებს ერთმანეთს.

- პროფესიით ბიბლიოგრაფი ვარ. სულხან-საბას უნივერსიტეტის ბიბლიოგრაფია-უცხო ენების ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა და ხელსაქმე. ერთხელაც სოციალურ ქსელში წავაწყდი საკოლექციო თოჯინებს და მოსვენება დავკარგე. თავიდან თოჯინის ყიდვის
სურვილი გამიჩნდა, მაგრამ მთლად ისეთი არ იყო, როგორიც მინდოდა, თანაც ფასიც მეძვირა. ვიფიქრე, რომ ასეთი თოჯინის გაკეთებას მეც შევძლებდი. ჩემ მიერ გაკეთებული პირველი თოჯინა დიდად არ მომეწონა, თუმცა შემდეგ უფრო და უფრო დავხვეწე.

- როგორ შეისწავლეთ თოჯინების გაკეთება?
- თოჯინებზე მუშაობა ნიჭიერმა მეთოჯინემ, იულია სოროკინამ შემასწავლა. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა ვუთხრა მას ამისთვის. მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. ამას ჰქონდა ჰობის ხასიათი და იყო საოცრად დიდი განტვირთვა. მინდა გითხრათ, რომ დღემდე ასე გრძელდება.

- რა დროს ანდომებთ თითოეული თოჯინის დამზადებას?
- იმისთვის, რომ თოჯინა იყოს სრულყოფილი, მის დამზადებას სამი კვირიდან ერთ თვემდე სჭირდება. ჩემი თოჯინების ზომა მაქსიმუმ 70 სანტიმეტრია, პატარა – 56 სანტიმეტრისაა. მუშაობის დროს ყველა დეტალია გასათვალისწინებელი. წარმოიდგინეთ, ფრჩხილებიც კი უნდა ეტყობოდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია ვარცხნილობა, სამოსი და სხვა.

- რა შეიძლება გახდეს თქვენი შთაგონების წყარო?
- შთაგონების წყარო ხშირად განსხვავებული და სახასიათო გარეგნობის გოგონები ხდებიან ხოლმე. მაგალითად, ხუჭუჭა, დიდი თვალებით, ან გაბუტული ტუჩებით.

- თქვენს თოჯინებს რეალური პროტოტიპები ხომ არ ჰყავთ?
- ამ ხნის მანძილზე მხოლოდ ერთი ადამიანის თოჯინური პორტრეტი გავაკეთე. შეკვეთებს არ ვიღებ, იმიტომ, რომ ამ დროს ვიზღუდები.

- პერსონალურ გამოფენაზე არ გიფიქრიათ?
- რა თქმა უნდა, მიფიქრია, თუმცა პერსონალური გამოფენა ჯერ არ მქონია. საქართველოში არაერთ გამოფენაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. გასულ წელს, პრაღაში მივიღე მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვაში, სადაც თითქმის ყველა ქართველ მეთოჯინეს ჰქონდა თავისი ნამუშევრები წარმოდგენილი. იქ ნახავდით თოჯინებს, რომლებიც 5000 ევრო ღირდა.

- ხართ მრავალშვილიანი დედა. მოგვიყევით თქვენი შვილების შესახებ...
- რვა შვილის დედა ვარ. ექვსი გოგო და ორი ბიჭი მყავს. უფროსი 17 წლისაა, უმცროსი – ერთი წლის. როცა თოჯინაზე მუშაობას ვასრულებ, პირველად ჩემს შვილებს ვაჩვენებ და აზრს ვეკითხები. მათი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- მანამდე თუ გიფიქრიათ, რომ მრავალშვილიანი დედა იქნებოდით? გინდოდათ ბავრი შვილი გყოლოდათ?
- კი, რა თქმა უნდა. მე და ლუკამ ტაძარში გავიცანით ერთმანეთი. როცა დავოჯახდით, მზად ვიყავით იმისთვის, რომ გაგვეჩინა იმდენი შვილი, რამდენსაც ღმერთი მოგვცემდა.

- შვილები როგორ უყურებენ თქვენს საქმიანობას?
- შვილებს მოსწონთ და დადებითად აფასებენ. ბავშვებს სხვანაირი თვალი აქვთ და ზუსტად ხვდებიან, რა როგორ უნდა იყოს.

- სპეციალურად მათთვის თუ დაგიმზადებიათ თოჯინა?
- სამწუხაროდ, ჯერჯერობით არა, მაგრამ იმედია მათთვისაც მოვიცლი.

- როგორ უთავსებთ ერთმანეთს ოჯახს და თქვენს საქმიანობას?
- ძირითადად ღამით ვმუშაობ, რადგან ამ საქმეს სიმშვიდე და ყურადღება სჭირდება. დღისით ოჯახის და შვილების მოვლით ვარ დაკავებული.

- თქვენმა რომელიმე შვილმა თუ იცის თოჯინების დამზადება? თუ ინტერესდებიან ამ საქმიანობით?
- ინტერესდებიან ნამდვილად, მაგრამ ჯერ არ გამოსდით. დანარჩენს მომავალი გვაჩვენებს. იმედი მაქვს, რომელიმეს აღმოაჩნდება დედის ნიჭი და გააგრძლებეს ამ საქმიანობას.

მერი ბლიაძე

კომენტარები

ია 2021-01-26 20:36
გაიხარე გენაცვალე,საამაყო ქალი და დედა ხართ.თქვენმა ნამუშევრებმა კი საოცარი საიმოვნება მომანიჭა.
tamar 2021-01-26 12:18
აფერუმ თქვენ ქალობას, სიტყვები არ მყოფნის, უნიჭიერესო ქართველო ქალო შენ იხარე და იბედნიერე, ყველანაირად შემკული ხარ და მადლობა რომ საქართველოს რვა შვილს უზრდი , გფარავდეს უფალი.
ლიზიკო 2020-10-22 22:04
რა ლამაზი და სუფთა ნამუშევარია. ოქროსხელება დიასახლისი ყოფილხარ, რომ უვლი 8 შვილს და თან ასეთ რთულ საქმიანობას წარმატებით უთავსებ. გისურვებ კვლავ წარმატებებს
დუდუ 2020-10-22 12:39
ულამაზესი ოჯახი ხართ და თჯინებიც საოცარია. გული გამითბა წარმატებები ყველას. უდაოდ ნიჭიერი და კარგი ადამიანი ხარ ასეთ ნამუშევრებს ისე ვერ შექმნიდი. რო მქონდეს საშუალება მასალის ფულს გაჩუქებდი ისე უანგაროდ მარა არ ვმუშაობ დროებით აე ვარ. ვფიქრობ ძაან მაგარ საქმეს აკეთებ და ვამაყობ როგორც ქართველი რომ ჩვენც შეგვიძლია რაღაც. ევროპაში მინახავს ხოლმე ასეთი რაღაცეები და არამარტო ასეთები. უნდა აღვნიშნო რომ შენი ნამუშევრები მართლა ყველას ჯობია. იქ კიდე ერთი მიმდინარეობა მომეწონა ვენაში მოგზაურობისას რკინის ლურსმნებისგან აკეთებდნენ უმაგრეს რაღაცეებს და მეც მიდნა მერე მსგავსი რამეების შექმნა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები