პანდემიის დროს ნაპოვნი საყვარელი საქმე - მარიამ რატიანის გამორჩეული ხელნაკეთი აქსესუარები

მარიამ რატიანი პროფესიით ფსიქოლოგია, თუმცა პანდემიის დროს ხელოვნებამ გაიტაცა და ამბობს, რომ საკუთარი თავი იპოვა. დღეს საკმაოდ წარმატებული დიზაინერია, ნატურალური მასალებისგან ქმნის მოდურ ნივთებს - ჩანთებს და სამკაულებს და აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენაში.


- ბავშოვიდან მიტაცებდა დიზაინერობა, ჩემს თოჯინებს ტანსაცმელს ვუკერავდი და მას მერე ქვეცნობიერად სულ მინდოდა, რომ დიზაინერი ვყოფილიყავი, მაგრამ თითქოს ამისთვის არასდროს არ მეცალა, დროს ვერ ვპოულობდი. პანდემიის პერიოდში, როდესაც ყველაფერი ჩაიკეტა და თითქმის საქმე აღარ მქონდა, გადავწყვიტე შემესწავლა კერვა, დავიწყე კერვის კურსებზე სიარული და აქედან დაიწყო ყველაფერი.


-
ძირითადად რას ქმნით და როგორია შემოქმედებითი პროცესი? იდეა მოდის, იხატება და მერე ხდება ხორცშესხმა, თუ რა ეტაპებს გადის? 


- თავიდან იდეა იყო ტანისამოსის შექმნა და დღემდე ვქმნი თითო მოდელ მოსაცმელს, მაგრამ ძირითადად ვკერავ ჩანთებს და ვაწყობ ბუნებრივი ქვებისგან აქსესუარებს. ყველა მოდელი არის განსხვავებული და უნიკალური, არ მეორდება, რადგან მაშინ ვქმნი რაღაცას, თუ ამის განწყობა მაქვს, დიზაინი ჩნდება ფერების დანახვის შემდეგ ან მასალას რომ შევხედავ, გონებაში ვხატავ უკვე მოდელს და შემდეგ ვაწყობ, ვმუშაობ მარტო და ყველა მოდელი ჩემი ხელით არის შექმნილი.


ჩანთებისთვის ვიყენებ როგორც ბუნებრივ ტყავს, ასევე მაღალი ხარისხის ეკო ტყავს, ხოლო რაც შეეხება აქსესუარებს, ბუნებრივი ქვებისგან ვაწყობ, ახალი დიზაინის შექმნაში ზუსტად ფერებია ის, რაც მიბიძგებს რაღაც ახლის შექმნას და ასევე მასალა, რომლის დანახვისასაც ვხვდები უკვე, რა და როგორი უნდა შეიქმნას. 

- საკმაოდ მრავალფეროვანია თქვენი ნამუშევრები, თუ არის მოდელები, რომლებზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა და ყველაზე პოპულარულია თქვენს ნამუშევრებს შორის?
- ასე გამორჩეულად შემიძლია წითელი ჩანთები დავასახელო, მაგრამ, რადგანაც თითქმის თითო მოდელი იქმნება ყველა ნამუშევარი, ვერ გამოვყოფ რომელიმე კონკრეტულს.

- თავად თუ ატარებთ თქვენს მიერ შექმნილ ჩანთებს?
- გაგეცინებათ ალბათ, მაგრამ საერთოდ არც ჩანთას ვიყენებ და იშვიათად ვიკეთებ სამკაულსაც, უბრალოდ გონებაში ისეთ მოდელებს ვქმნი, როგორსაც მე დავიჭერდი და გავიკეთებდი.

- სამკაულებზე რომ ვისაუბროთ, როგორ იქმნება დიზაინი და შემდეგ თითოეული სამკაული?

- როგოც წინა შეკითხვაში ვახსენე, ისეთი სამკაულის მოდელი მომდის თავში, რომელსაც მე აუცილებლად გავიკეთებდი სადმე, ასევე ყოველთვის ვითვალისწინებ მოდელის შექმნის დროს, როგორ ტანისამოსს მოუხდება ესა თუ ის მოდელი. ძირითადად ჩემი სამკაულები გამოირჩევა დიდი ქვებით, რადგან მიყვარს უბრალო, სადა კაბაზე რაღაც განსხვავებული სამკაულის გაკეთება. ჩემთვის დეტალებს დიდი მნიშვნელობა აქვს.

- რა დატვირთვა აქვს ზოგადად აქსესუარებს და სამკაულებს და რას ურჩევთ ადამიანებს, როგორ და რის მიხედვით უნდა შეარჩიონ ჩანთა თუ სამკაული ამა თუ იმ ჩაცმულობასთან? თუ არის რაღაც უნივერსალური რჩევები ასეთ დროს?

- პირველ რიგში თუ გვინდა, რომ ელეგანტურად, განსხვავებულად, დახვეწილად გამოვიყურებოდეთ, ამისთვის თითოეულ ჩვენგანს ნაპოვნი უნდა ჰქონდეს თავისი სტილი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დეტალებს. ჩაცმულობაში ერთმა პატარა დეტალმაც კი შეიძლება სრულიად შეცვალოს ვიზუალი და ამ ვიზუალს სწორედ აქსესუარი ქმნის, როგორიც არის ჩანთა, ფეხსაცმელი და სამკაული, მაგრამ მათ შორისაც უნდა იყოს მასალის და ფერების კომბინაცია სწორად შერჩეული, რომ ჩვენ გამოვიყურებოდეთ ეფექტურად და ლამაზად.

- რამდენად მნიშვნელოვანია ნატურალური მასალა, ამაზეც ვისაუბროთ და თუ არსებობს რაღაც წესები, როგორ შეიძლება გავარჩიოთ ერთმანეთისგან ნატურალური მასალებისგან დამზადებული ნივთები და ხელოვნური?

- ჩემი აზრით, ნებისმიერი მასალისგან შეიძლება შეიქმნას ეფექტური და განსხვავებული დიზაინის ნივთები, რა თქმა უნდა, ბუნებრივი მასალისგან დამზადებული და შექმნილი აქსესუარები თუ ტანისამოსი უდაოდ კარგია, მაგრამ ასევე ძვირი სიამოვნებაც გახლავთ, მათ შორის განხვავება დიდია, მაგრამ გამოუცდელი ადამიანისთვის თითქმის შეუმჩნეველია ეს განსხვავება რითაც ბევრი ტყუვდება.

- რამდენად ადვილია საქართველოში საჭირო მასალის მოძიება, რომლითაც შემდეგ ქმნით ნივთებს?
- საქართველოში ამ მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობა, არ არის მრავალფეროვნება და ხშირად მიწევს ზოგიერთი მასალის გამოწერა.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- დღესდღეობით ჩემი ბრენდი აქტიურად მონაწილეობს როგორც ქუჩის გამოფენებში, ასევე დახურულ ღონისძიებებში, ჩემი ბრენდის მომხმარებლები არიან როგორც ქართველები, ასევე უცხოელები, რომლებსაც განსაკუთრებით მოსწონთ ჩემი დიზაინის ჩანთებიც და აქსესუარებიც, არანაკლებ ქართველებსაც მოსწონთ, რაც ძალიან მახარებს. ყოველთვის ვბედნიერდები, როდესაც ქუჩაში ვხედავ ადამიანებს, რომლებსაც ჩემი შეკერიკი ჩანთები უჭირავთ, ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს ეს ყველაფერი და სამომავლოდ მინდა, რომ გავფართოვდეთ, დავამატო ტანისამოსი და გავხსნა საკუთარი მაღაზია.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები