"ჩემთვის ყოველი გათენებული დღე ინსპირაციის წყაროა..." - ქართველი ქალის 12-წლიანი ემიგრაცია და თერაპიის სახით შექმნილი საოცარი ნამუშევრები

ხათუნა კიბაბიძე-გრეკო 12 წელია, იტალიაში ცხოვრობს. ემიგრანტობის რთული გზა გაიარა, თუმცა არ მისცემია დეპრესიას და ამის ნაცვლად, მუშაობის პარალელურად, შთაგონებას, შვებას პოულობდა შემოქმედებაში, რომელიც მისთვის თერაპიასავით იქცა, სხვა ადამიანებისთვის კი - აღფრთოვანების ობიექტად. ხათუნა ძირითადად თექაზე მუშაობს და ულამაზეს აქსესუარებს ქმნის, თუმცა გარდა ამისა, ბუნებრივი მასალებისგან საოცარი საახალწლო დეკორაციებით მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. ამ ყველაფერზე და ასევე იმაზე, როგორ მოაწყო პატარა ბაღი შორეულ იტალიაში, თავად გვიამბობს.

- 12 წლის წინ, დიდი ფიქრის შემდეგ დავტოვე საქართველო, და ორი ღერი იტალიურის ამარა, ჩამოვედი
უცხო ქვეყანაში. 12 წელი ადვილი სათქმელია, თუმცა ემოციურად, მთელი თავისი გამოცდილებით, სიახლეებით, პრობლემებით, შეცნობით, ალბათ ოცი წელიც ვერ დაიტევდა ამდენს. ემიგრანტობაში ყველაზე ცუდი შეგუებაა, უძილო ღამეებთან, სტრესთან, ჩაკეტილობასთან, დაძაბულ გარემოსთან... ასეთ დროს ადამიანს აქვს ის, რის გამოც ოჯახი და ქვეყანა დატოვა, თუმცა წლების შემდეგ აღმოაჩენ, რომ მატერიალურის გარდა, არაფერი დარჩა შენი ცხოვრებიდან, ნერვებიდან, შემეცნებიდან... თუმცა მე როგორც მდინარეზე და ცხოვრებაზე აღმა მავალი ადამიანი, ყველანაირი ნეგატივის ტრანსფორმაციას ვახდენ, ვცვლი გარემოს, სადაც თავს კარგად არ ვგრძნობ, და ზემოთ ნახსენები მდინარესავით, უხავსოდ მივედინები.

ჩემი ცხოვრება არასდროს ყოფილა ბამბის ქულებით მოფენილი, და არც იტალიაში ჩამოსვლისას დამიწყია წუწუნი დატოვებულ სახლზე და შვილზე, პრაქტიკული ადამიანი ვარ და თავიდანვე ჩავიფიქრე, რომ ჩემი შვილი გვერდით უნდა მყოლოდა. წლების შემდეგ კი, როცა ყველაფერი დალაგდა, ენის ცოდნაც, სამსახურიც, დასვენებისთვის საკმარისი დროც, მეგობრებიც, და ზოგადად ცხოვრება დავიწყე ქვეყანაში და არა მხოლოდ მუშაობა, ქეთიც ჩამოვიყვანე სწავლის გასაგრძელებლად. თუმცა უნდა ითქვას, მისთვის იტალია არ აღმოჩნდა ის ქვეყანა, სადაც თავს ისევე კარგად იგრძნობდა როგორც მე.

10 წელი რომში ვცხოვრობდი, მერე ჩემი ცხოვრების ადამიანი ვიპოვე, და პულიაში გავთხოვდი, ჩემი ოცნების ეზო და სახლი მაქვს... თუმცა სამწუხაროდ მეუღლე გარდამეცვალა.

ჩემთვის ყოველი გათენებული დღე, იმ დღესავით ახალია, ყოველი ბალახი, ხე, ფოთოლი თუ ხის ფესვი, ინსპირაციის წყაროა, ამიტომ არ ვიცი ხვალ რას წამოვკრავ ფეხს, რა საგანი მეტყვის, ჩემგან რაიმე შექმენიო. საკუჭნაოში ნაპოვნმა ხის ფიცარმა, ავტოპორტრეტის დახატვა "მაიძულა", მთის და ბუნების სილამაზემ - ფოტოგრაფობა, ტყეში ნაპოვნმა გირჩებმა და რკოებმა, ნაძვის ხეების გაკეთება მირჩიეს.

ყვავილების და ფერების სიყვარულით, ზამთრის თექაც "ავაჭრელე" და ალბათ ვერასდროს შევძლებ, რაიმე ერთ ფერში ვაკეთო.
როცა დამკვეთზე ვფიქრობ, ნაკეთობაც მას ემსგავსება და ფერებიც თავისით მოდის.

ვწუხვარ საქართველოდან გადინებულ და ამისთვის კიდევ მზად მყოფ უამრავ ქართველზე. ბედნიერი ვარ, როცა ვიგებ, რომ ემიგრანტი დაბრუნდა ქვეყანაში. ვისურვებდი უამრავ სამუშაო ადგილს და დასაქმებულ ქართველს, ჩვენსავე სამშობლოში.







კომენტარები

მადლობა! 2024-01-04 12:11
სასწაული სილამაზე!!! ასე ძალიან არავის აღუფრთოვანებივარ!
იხარეთ და იბედნიერეტ!
დაე, არსრულდეს თქვენი ოცნება ყველა ქართველი საქართველოში დაბრნდეს და ყველა ადამიანი მის ქვეყანში გამრავლდეს! ამინ!
KHATIA Gogolashvili 2023-12-29 15:05
ჩემი ყოჩაღი და ჭკვიანი ხათო✨????????
Pa Ti 2023-12-29 14:45
რა სილამაზეა????წარმატებები

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები