დეკორატიული ბოთლები თანამედროვე სამზარეულოსა და მისაღები ოთახების დეკორის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. რა თქმა უნდა, მათი ყიდვა სპეციალურ მაღაზიებშიც შეიძლება, თუმცა, როცა მას საკუთარი ხელით ქმნი და კონკრეტულად მოარგებ იმ გარემოს, რომელშიც გსურს მისი განთავსება, ნივთი სულ სხვა დატვირთვას იძენს. ასე რომ, ცარიელი ბოთლების ნაგვის ურნაში გადაყრას ნუ იჩქარებთ, რადგანაც მათგან საინტერესო დეკორატიული ნივთების დამზადება შეიძლება.
ასევეა ზარდახშებიც, მათ ძირითადად საძინებელში სამკაულებისა და სხვა აქსესუარების შესანახად იყენებენ, თუმცა, გააჩნია ნივთის დიზაინს, ფორმასა და ზომას. ზარდახშა შეიძლება განთავსდეს როგორც მისაღებ ოთახში, ისე კაბინეტში.
ტყავი, ზამში და ჯინსი ის მასალებია, რომლებიც არასოდეს კარგავს აქტუალობას. დაახლოებით 30 წლის წინ, ნანუკა ჩხეიძემ სწორედ ტყავი და ზამში აირჩია თავისი სამუშაოს მთავარ "იარაღად" და აქსესუარების შექმნა დაიწყო. ყელსაბამები, სამაჯურები, ბეჭდები, ჩანთები ზოგჯერ თითქმის სულ სადაა, ზოგჯერ ნატურალური ბეწვით, თვლებითა და დეტალებითაა გაფორმებული.
მოგვიანებით ნანუკამ სხვა ნივთების შექმნაც დაიწყო, რომელიც ინტერიერს მეტ ინდივიდუალობას სძენს. ნანუკასთან სახელოსნოში სტუმრობისას, "შინის" მკითხველისათვის ზარდახშისა და დეკორატიული ბოთლის დამზადება გადავწყვიტეთ. მისი რჩევების გათვალისწინებით, ამ ნივთებს თქვენც მარტივად შექმნით.
- ბავშვობიდან ვხატავ, სამხატვრო აკადემიაში ჩასაბარებლად ვემზადებოდი, მაგრამ მშობლების გადაწყვეტილებით სამედიცინო ინსტიტუტში სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე აღმოვჩნდი. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩემთვის და მეგობრებისთვის ჩანთების კერვა და ფეხსაცმელების გაფორმება დავიწყე. თავიდან ჩემი ნამუშევრები გასაყიდად მენანებოდა, მაგრამ მოგვიანებით, როცა ნივთები იმ დონეზე დაიხვეწა, რომ შეიძლებოდა უკვე საზოგადოებას გაეცნო, გადავწყვიტე, ფართო ასპარეზზე გამოვსულიყავი. ბევრ მასალაზე მიმუშავია, მაგრამ ტყავი და ზამში ჩემთვის ყველაზე საყვარელია. თან ისეთი მასალაა, არასოდეს გადადის მოდიდან. დღესდღეობით აქსესუარების გარდა ვაკეთებ ზარდახშებს, ლარნაკებს, საეკლესიო ნივთებს, ჰერბარიუმებზეც ვმუშაობ და ა.შ.
ზარდახშა
ზარდახშის გასაფორმებლად, რისთვისაც ძირითად მასალად დაგვჭირდება საშუალო ზომის მუყაოს ყუთი, რომელშიც უწინ ტკბილეული, წამლები ან ნებისმიერი სხვა რამ ინახებოდა. ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ხის სადა ყუთები, რომელიც იყიდება მაღაზიებში და ჩვენი გემოვნებით გავაფორმებთ. მოვიმარაგოთ: ჯვალო, ფერადი ქაღალდები, ტყავის ნაჭრები, წებო "ნაირიტი", ბამბუკის ჯოხები, რომელიც შეიძლება ძველი საფენის დაშლისგან მივიღოთ. ასევე მაქმანები, ნოტების ძველი რვეული, ინტერნეტიდან ამობეჭდილი შავ-თეთრი ან ფერადი ფოტო, შეიძლება გამოვიყენოთ მისალოცი ბარათები, ან ძველი წიგნიდან ამოვჭრათ სასურველი მხატვრის რეპროდუქცია.
ამჯერად ზარდახშას ვინტაჟურ სტილში ვაკეთებ, მაგრამ შეიძლება სხვამ თანამედროვედ გადაწყვიტოს. ასევე გააჩნია კომპოზიციას და ფერებს. ჯვალოს მაგივრად, შეიძლება ყვავილებიანი ან სადა გობელენის გამოყენება.
თუ გვინდა, რომ ნივთი ვინტაჟურ სტილში გაკეთდეს, შეგვიძლია შავ-თეთრი ფოტო ან სხვადასხვა მხატვრის ნახატი გამოვიყენოთ. საქართველოში არაჩვეულებრივი ქართველი ქალბატონები გვყავს, ერთ-ერთი ნატო ვაჩნაძეა და შეიძლება ზარდახშა მისი ფოტოთიც გავაფორმოთ. ზარდახშის სახურავის ან გვერდებზე დასამაგრებლად მცირე დეტალებისთვის შეიძლება ნიჟარები, ქვები და გამხმარი ყვავილებიც დაგვჭირდეს.
მინდა აღვნიშნო, რომ წებოს გამოყენებისას, სასურველია თუ პირბადით იმუშავებთ.
პირველ ეტაპზე ფურცელზე მოვხაზავ ესკიზს, რომლის მიხედვითაც ზარდახშის გასაფორმებლად ტყავის დეტალებს გამოვჭრი. შეიძლება სხვადასხვა ფორმა ესკიზების გარეშეც გამოიჭრას, ეს ადამიანის შესაძლებლობაზეა დამოკიდებული. ნებისმიერ საკანცელარიო მაღაზიაში იყიდება სხვადასხვა სახის ქაღალდები, ფერადი ფურცლები. სწორედ ერთ-ერთი შედარებით მკვრივი ქაღალდის მეშვეობით გავაფორმებთ ყუთის ერთ მხარეს გარედან. ხოლო მეორე მხარეს (ასევე ყუთის გარეთა მხარე) ჯვალოს ნაჭრებით გავაწყობ. გაყვითლებული ნოტების ფურცლები ალბათ ყველა ოჯახში ინახება. ასევე ლამაზი იქნება ყუთის გაზეთებით გაფორმება. ნოტების ფურცლები დაახლოებით 4-5 სმ სიმაღლის ნაწილებად დავჭრათ და დაძველების ეფექტის მისაღებად ადგილ-ადგილ შემოვწვათ. ფურცლებს სურვილისამებრ დავაკრავთ ყუთზე, იმ ადგილებში, სადაც საჭიროდ ჩავთვლით. ჩვენ შემთხვევაში ეს ოთხივე მხარეს კეთდება.
ზარდახშის თავსახურზე შუაგულში დავაკრავთ ფოტოს, ან რომელიმე მხატვრის ნამუშევარს. გარშემო ვაფორმებთ მუყაოს ქაღალდებით, შემომწვარი ნოტების ფურცლებით და ტყავის ნაჭრებით. შემდეგ ტყავზე სამ მხარეს ნაჭრებად დაჭრილ ბამბუკს დავაწებებთ. სურვილისამებრ შეიძლება ზარდახშის სახურავის ნიჟარებით ან სხვა მასალით გაფორმებაც.
დეკორატიული ბოთლი
დეკორატიული ბოთლის დასამზადებლად კონიაკის, ლიქიორის, ან სხვა ფერადი ბოთლი გამოდგება. სასურველია, იყოს სადა. დაგვჭირდება ფოტო ან მისალოცი ბარათი. ასევე ჯვალო, ფერადი ქსოვილი, თოკები, მაქმანი, ხის ნაფოტი შუშის ბოთლის თავსახურისთვის, ბამბუკის ჯოხები და სანთელი – ნოტების ფურცლების ადგილ-ადგილ მოსაწვავად.
ამ შემთხვევაში თამრიკო ლომიძის რეპროდუქციას გამოვიყენებ, რომელიც, ვფიქრობ, ბოთლის სხვა მასალებს ფერში ძალიან მოუხდება. ისევ ვიყენებთ წებო "ნაირიტს" და ეტაპობრივად, ბოთლის გაფორმებას ვიწყებთ ქვევიდან ზევით. პირველ რიგში ფოტოს ბოთლზე დავაწებებთ, შემდეგ ტყავის ზოლს შემოვახვევთ და შემოვაწებებთ, ამას მოჰყვება ჯვალო, მაქმანები, ქსოვილი, შემომწვარი ნოტების ფურცლის ერთი მწკრივი, ზურმუხტისფერი თოკები, რომელიც, ვფიქრობ, ყავისფერ ტყავთან ეფექტურად ჯდება. ბოთლის ყელს ჩამოვაცვამთ ხის რგოლს, რომელიც მას ერთგვარ დასრულებულ სახეს მიანიჭებს.
ბუნებრივია, ბოთლის გაფორმების შემთხვევაშიც კომპოზიციის აწყობა ავტორის გემოვნებაზეა დამოკიდებული. ჩვენ შემთხვევაში ბოთლიც ზარდახშის მსგავსად ვინტაჟურ სტილშია, მცირე თანამედროვე დეტალებით. რასაკვირველია, ბოთლის გაფორმება სხვა კომპოზიციითაც შეიძლება, თქვენთვის სასურველ ინტერიერს, კედელს, ავეჯის ფერსა და სტილს რომ შეეხამოს.
ანა კალანდაძე
ეს და ბევრი სხვა საინტერესო სტატია იხილეთ ჟურნალ "შინის" ზაფხულის, მე-5 ნომერში.