ლიკუნა კოტეტიშვილი თვითნასწავლი ხელოვანია. ქმნის სახლის დეკორაციებს, აქსესუარებს, სამკაულებს. ამბობს, რომ მისი ყველაზე დიდი გულშემატკივრები მეუღლე და შვილები არიან, ისინი სტიმულს აძლევენ და ზღვა ემოციით ავსებენ.
- პროფესიით მენეჯერ-ეკონომისტი ვარ, თუმცა დიდი სიამოვნებით ვუთავსებ ხელსაქმეს. ხელსაქმით ბავშობიდან ვარ გატაცებული და როგორც ამბობენ, კარგადაც გამომდის. თითოეული ნივთის შექმნა ემოციებით მავსებს და ვცდილობ, ჩემს გარშემო მყოფებამდეც მივიტანო ეს ემოცია. დეკორაციებს ამ ეტაპზე მხოლოდ სახლისთვის ვქმნი, თუმცა სამომავლოდ შეიძლება მივცე სერიოზული სახე. ყველაფერი ჩემით ვისწავლე, თვითნასწავლი ხელოვანი ვარ.
- მეგობრები როგორ აფასებენ თქვენს გატაცებას? ალბათ
- მეგობრებს მოსწონთ ჩემი ხელნაკეთი ნივთები და ძალიან მგულშემატკივრობენ. ყველაზე დიდი გულშემატკივარი და სულის ჩამდგმელი მაინც ჩემი ოჯახია, მეუღლე და შვილები. ისინი ზღვა ემოციას მჩუქნიან, ეს მეხმარება სხვადასხვა ნივთის შექმნაში. საჩუქრებს რაც შეეხება, მიყვარს ზოგადად ადამიანების გახარება.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ ეტაპზე მხოლოდ საკუთარი სახლისთვის ვამზადებ დეკორაციებს. ამ ბოლო დროს ძალიან აქტუალურია ხელნაკეთი ნივთები, რაც საოცრად მახარებს. საქართველო სავსეა ნიჭიერი ხალხით, ხელნაკეთი ნივთების ოსტატებით და დიზაინერებით. ვთვლი, რომ ასეთ ხალხს უფრო მეტი ხელშეწყობა და ყურადღება სჭირდება.
- ხელნაკეთ სამკაულებსაც ქმნით. როგორი სამკაულია ყველაზე მოდური?
- მე ძალიან მიყვარს ფერები და ჩემს აქსესუარებსაც ეტყობა სიფერადე. მოდაში სხვადასხვა აქსესუარია. ამ ეტაპზე ჩემი ხელნაკეთი ნივთებიდან გამოვყოფდი ბრელოკებს და ფერად სამაჯურებს. მასალას რაც შეეხება, მე პირადად უპირატესობას ნატურალურს ვანიჭებ. ძალიან მიყვარს მინერალური ქვები, რასაც ძალიან ხშირად ვიყენებ ჩემს აქსესუარებში.
- ასწავლეთ "შინის" მკითხველს მარტივი დეკორაციის შექმნა...
- დაგვჭირდება: თხევადი სილიკონი, გასაფორმებლად - მაქმანი, ლენტი, ქილა.
ავიღოთ სასურველი ზომის და ფორმის ქილა, გამოვჭრათ მაქმანი იმ ზომის, რომ ქილას კარგად შემოეკრას და თხევადი სილიკონის მეშვეობით დავაკრათ მინაზე. გავაფორმოთ ლენტით და მზადაა შეგიძლიათ მოათავსოთ მაკიაჟის ფუნჯები და გაილამაზოთ თქვენი საპრანჭაო კუთხე.
მერი ბლიაძე