თბილისში ქალბატონ ნანა ყაულაშვილს ალბათ ყველა იცნობს. მისი სევდიანი, თვალხატულა, ლოყებწითელა, დახვეწილი თოჯინები ერთი ნახვით შეგაყვარებენ და დაგამახსოვრებენ თავს. აქა-იქ შემოსუკუპებული გოგო-ბიჭები ცოცხალი არსებებივით დამყურებდნენ თავზე. ქალბატონმა ნანამ ქსოვა ძალიან პატარა ასაკში, იატაკის დიდი ზომის ლურსმნებით ისწავლა, მერი იყო არაჩვეულებრივი ნაქარგები, დახვეწილი სამკაულები. დღეს კი მისი შთაგონების წყარო და განტვირთვის საშუალება ეს საოცარი არსებებია.
- ბავშვობაში ქსოვა მიყვარდა. სამწუხაროდ, ჩხირები არ მქონდა და იატაკის ძალიან დიდი ლურსმნები ვიპოვე და იმით ვქსოვდი. ჩემებმა რომ დაინახეს, როგორ მიტაცებდა ქსოვა, მიყიდეს ჩხირები. პირველად მეექვსე
ქარგვა სტუდენტობის პერიოდში დავიწყე. ძირითადად ხატებს და ჯვრებს ვქარგავდი. მაქვს ერთი პანო, რომელიც არის პატრიარქის ესკიზის მიხედვით შესრულებული. დიდი ხნის წინ, სკოლის პერიოდში ხელოვნების მუზეუმის "ოქროს ფონდში" დაცული თამარ მეფის ჯვარი ვნახე და გაოგნებული დავრჩი. ეტყობა, გონებაში დაილექა და მოგვიანებით ჩემს ნამუშევრებში აისახა. სწორედ ამ ჯვრის მსგავსად ვსვამ ქვებს, ადრე ხატებსა და ჯვრებსაც სწორედ ამ სტილში ვქარგავდი. არ მიყვას ნამუშევრებში ბიჟუტერიის გამოყენება. ძირითადად ფირუზებს და მარგალიტებს ვხმარობ.
სამკაული იგივენაირად არის ამოქარგული, როგორც ხატები. ის ქვები, რომლებსაც ხატებში ვსვამდი, შემდეგ უკვე სამკაულში გამოვიყენე. სამკაული და ქარგვა ძალიან შრომატევადი საქმეა. მაცხოვრის დიდ ხატს 3 წელი ვქარგავდი.
- თოჯინების შექმნა როდის დაიწყეთ?
- ეს იყო 24 წლის წინ. პირველი თოჯინა ჩემს შვილს შევუკერე. მოგეხსენებათ, მაშინ ძალიან ჭირდა ცხოვრება, არც არაფერი იშოვებოდა, ამიტომ გადავწყვიტე, მე თვითონ შემეკერა მისთვის სათამაშო, ასე დაიბადა ,,პეტრიკელა“. თეთრი, ხელოვნური ძაფისგან გაკეთებული თმა ჰქონდა და იოდით შევუღებე. საოცარი იყო ,,პეტრიკელა“. ჩემს შვილს ყოველ ღამე მასთან ჩახუტებულს ეძინა. ამის მერე ძალიან დიდი ხანი ვკერავდი რბილ სათამაშოებს. დაახლოებით ექვსი წლის წინ ინტერნეტში ვნახე საავტორო თოჯინები, იმდენად მოვიხიბლე, რომ გავიფიქრე, ხომ შეიძლება, მეც გავაკეთო? გავეცანი, რა მასალისგან კეთდებოდა, მოვიძიე ინფორმაცია, გამოვიწერე ინსტრუმენტები და შევუდექი საქმეს. პირველი თოჯინა გავიტანე სამხატვრო სალონში და მაშინვე გაიყიდა. ძალიან გამიკვირდა, არ ველოდი, ასე მალე თუ გაიყიდებოდა. შემდეგ მოჰყვა დანარჩენი თოჯინები...
- რა მასალას იყენებთ მათ შესაქმნელად?
- ვიყენებ იაპონურ პოლიმერულ თიხას, რომელიც თავისით შრება და გამოწვა არ სჭირდება. სამწუხაროდ, საქართველოში არ იშოვება და ვიწერ ხოლმე. ძალიან ბევრმა ქვეყანამ უმასპინძლა ჩემს თოჯინებს - ჩეხეთი, აზერბაიჯანი, გერმანია...
- თქვენი განწყობა თუ იგრძნობა თოჯინებში?
- ჩემი განწყობა და ხასიათი ყოველთვის იგრძნობა თოჯინებში. ერთი თოჯინა ჩემი ცხოვრების ძალიან მძიმე წუთებში გავაკეთე. დედა გარდამეცვალა და დეპრესიული პერიოდი მქონდა, ვაიძულე თავი, რომ რაღაც გამეკეთებინა. თოჯინას აშკარად შეემჩნა, ძალიან სევდიანი სახე აქვს. ეს პრანჭია გოგონაც, ფეხი ფეხზე რომ აქვს გადადებული, მაგ პერიოდში გავაკეთე და მასაც ეტყობა სახეზე სევდა. ზოგადად ძალიან მხიარული თოჯინები არ გამომდის. ძალიან ვცდილობ, რომ მეტყველი და ცოცხალი სახეები გამომივიდეს.
- განწყობა ან შთაგონების წყარო გჭირდებათ, თუ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შექმნათ თოჯინები?
- არის პერიოდები, შეიძლება ორი-სამი თვე ვერ დავადო ხელი, არის პერიოდი, რომ დღე და ღამეს ვასწორებ და ვმუშაობ. რა თქმა უნდა, ეს განწყობის ბრალია. ალბათ, როგორც ერთმანეთის მსგავსი ორი ადამიანი არ იბადება, ისე არ იბადება ორი ერთნაირი თოჯინაც. ჩემი თოჯინები არასოდეს არ ჰგავს ერთმანეთს. ძალიანაც რომ მოვინდომო, ორი ერთნაირი თოჯინა არ გამომივა. ყველა განხვავებულად ლამაზი და მიმზიდველია. ხშირად მეკითხებიან, სახელებს თუ არქმევო. არც ერთს არ ვარქმევ სახელს. ისედაც ძალიან განვიცდი, როცა რომელიმე იყიდება, სახელი რომ დავარქვა, უკვე ძალიან ჩემი იქნება და ვეღარ შეველევი. არადა, სხვა გზა არ მაქვს, უნდა შეველიო, რადგან შემდეგ ჯერზე უფრო კარგი თოჯინა შევქმნა.
- მომავალ თაობას თუ უზიარებთ თქვენს ცოდნას და გამოცდილებას?
- მეგობარმა მითხრა, არ გინდა, ვინმე აიყვანო, ვისაც შენს ცოდნას გაუზიარებო? გამეცინა, უნდობლად შევხვდი ამ წინადადებას. არ მეგონა, თუ ვინმეს გაუჩნდებოდა სურვილი, მაგრამ შევცდი. დავდე პოსტი სოციალურ ქსელში და 500-ზე მეტი შეტყობინება მივიღე. 14 წლის ზემოთ ასაკი არის შეუზღუდავი. ძალიან გამოკვირდა, როდესაც ინტერესი გამოთქვეს 40, 50 წლის ქალებმა. უმეტესად ამ ასაკის ადამიანები სწავლობენ თოჯინების შექმნას. მივხვდი, რომ ამ სფეროში არის ცოდნის მიღების დეფიციტი, ადამიანებს აქვთ შემოქმედებითი საქმიანობის სურვილი, მაგარამ არ აქვთ ფართო გასაქანი. ჯერჯერობით მამაკაცები არ ინტერესდებიან. ეს საქართველოშია ასე, თორემ მსოფლიოში საუკეთესო ოსტატები, სწორედ მამაკაცები არიან.
- სამომავლოდ რას გეგმავთ?
- თბილისში 3, 4, 5 დეკემბერს იქნება ძალიან დიდი საერთაშორისო გამოფენა, რომლშიც მეც ვიღებ მონაწილეობას. ყველა მონაწილეს გაგვაქვს ერთი ნამუშევარი. ძალიან ბევრი ჩამოსული სტუმარი დაესწრება გამოფენას. რაც შეეხება ჩემს ოცნებას, ძალიან მინდა მქონდეს სახელოსნო, სადაც ვამუშავებ ჩემს ჯგუფებს. სამწუხაროდ, ჯერ არ ვარ ფინანსურად ამისთვის მზად. ამ ეტაპზე სახლში მიწევს მუშაობა და მოსწავლეების მიღება.
მერი ბლიაძე