ხელით შექმნილი დეკორის საოცარი ნიმუშები ქართველი ხელოვანისგან

მხატვარმა ლელა ჯინჭარაძემ პუანტები სახლის ულამაზეს დეკორაციად აქცია. პუანტების გარდა ქალბატონი ლელა საოცრად ორიგინალურ, ხალასი ფერების მქონე სახლის ავეჯს ქმნის - სანათებს, სავარძლებს აახლებს, შუშისა და ფაიფურის ნივთებს ქმნის. შეუძლია ნებისმიერ ნივთს ახალი სიცოცხლე და საოცარი ელფერი აჩუქოს. სამხატვრო აკადემია დაამთავრა, არაჩვეულებრივად ხატავს, აქვს ფერების აღქმის საოცარი უნარი და მრავალმხრივი ნიჭით გამოირჩევა.


- ხელოვნება ჩემი სულის ნაწილია. სამხატვრო აკადემია დავამთავრე, ჩემი შვილებიც ხატავდნენ და საკმაოდ დიდი ხანი ვებრძოდი, რომ ფანქრისთვის სერიოზულად არ მოეკიდათ ხელი. მამაჩემიც მხატვარია, მეც და ვიცი, რამდენად

მძიმე შრომაა საჭირო. მარტო ის ხომ არ არის, დახატო და ამით დაამთავრო ყველაფერი, რეალიზაციაც ხომ უნდა მოახდინო? ეს ყველას არ შეუძლია, მე დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, ვინც ქმნის და ამავე დროს ამის რეალიზაციასაც ახდენს.

- ნივთების შესაქმნელად შთაგონების წყარო გჭირდებათ?
- ამისთვის შთაგონების წყარო არ მჭირდება. გავივლი მაღაზიაში, დავინახავ ლამაზ ნაჭერს, იმ ნაჭრის მიღმა ვხედავ ულამაზეს დეკორაციას. ვყიდულობ ნაჭერს და ვიწყებ მუშაობას. ერთადერთი, რაც მაწუხებს, არის მასალების დეფიციტი, მაგალითად ავეჯის შესაქმნელად შესაძლოა რკინის კუთხე ვერ ვიშოვო. უნდა ვიწვალო ძალიან ბევრი. დავდივარ მეორად მაღაზიებში, სადაც ვყიდულობ ძველ ნივთებს, ვაძრობ ნაწილებს და იმას ვიყენებ ჩემი ნივთების შესაქმნელად. რაც მაბრკოლებს ასევე, არის ის, რომ არ მაქვს სამუშაო ადგილი დეკორაციის შესაქმნელად ან თუნდაც ფერწერისთვის. ფერწერა ისეთი რაღაცაა, სჭირდება სიმყუდროვე. ხატვას რომ დაიწყებ, სიმყუდროვე არ უნდა დაკარგო, არაფერმა არ უნდა შეგიშალოს ხელი. მამაჩემი არაჩვეულებრივი მხატვარია იმის ხარჯზე, რომ სულ მარტო ცხოვრობს. 17 წლის ვიყავი, სახლიდან რომ წავიდა, ჩაკეტა თავისი სახელოსნოს კარი და დღეს რომ მივდივართ, ნახევარ საათს გვიძლებს, მერე ერთი სული აქვს, როდის წამოვალთ (იღიმის).


- დეკორაციის შესაქმნელად რა მასალებს იყენებთ?
- ვიყენებ ფაიფურს, შუშას, ხეს. რაც მომხვდება ხელში, ყველაფერი შემიძლია გამოვიყენო. ძალიან არ მიყვარს პლასტმასი, ეს ერთადერთი მასალაა, რისგანაც არასოდეს არაფერს არ ვაკეთებ.

- გაიხსენეთ ყველაზე რთული ნამუშევარი, რაც შეგიქმნიათ.
- ერთი ცუდი თვისება მაქვს. თუ რაიმე ძალიან მოკლე დროში არ გავაკეთე, მას მეორედ ვეღარ მივუბრუნდები. ასეთი ნივთი, შეიძლება ითქვას, დამთავრებული არ მაქვს. როცა რაიმეს მოვკიდებ ხელს, იმდენად დიდი სიამოვნებით ვაკეთებ ყველაფერს, რომ სირთულეს და დროის გასვლას ვერც ვგრძნობ.


- როგორც ვიცი, ინტერიერის დიზაინზეც მუშაობდით.
- ჩემი მეგობრები როგორც ამბობენ, დახვეწილი გემოვნება და ფერის კარგი შეგრძნება მაქვს. აქედან გამომდინარე, დიზაინის შექმნაც კარგად გამომივიდა. ინტერიერის დიზაინში სრულიად შემთხვევით მოვხვდი. ჩემი ქმარი არის არქიტექტორი, სამშენებლო კომპანია აქვს და მეც რაღაცებში ვეხმარებოდი. ასე მოვიდა სრულიად მოულოდნელად. ასევე მოულოდნელად დავიწყე სახლის დეკორაციების შექმნაც. ჩემი შვილი 8 თვით წავიდა საქართველოდან და როცა მისი ოთახი განთავისუფლდა, მე შევსახლდი იქ (იღიმის), შევიტანე საღებავები, მასალები და შევუდექი მუშაობას. საკმაოდ შრომატევადია, მაგრამ ჩემთვის ერთგვარი განტვირთვის საშუალებაცაა. ისე გამიტაცა ამ ყველაფერმა, დავიწყე სამკაულების შექმნა და დეკუპაჟზე მუშაობა. საოცარია ბისერებთან ურთიერთობა, საოცრად ამშვიდებს ადამიანს და დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. დასრულებული ნამუშევარი უდიდეს ესთეტიურ სიამოვნებას მანიჭებს მეც და მნახველსაც. ჩემს მეგობრებს ძალიან მოსწონთ ჩემი ნამუშევრები და ხშირად ვჩუქნი მათ.



- როგორც თქვენ სახლში იგრძნობა, განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ მცენარეებთან.
- იმდენად მიტაცებს, მიყვარს მცენარეები და მქონდა სურვილი მათ შესახებ ბევრი ინფორმაცია მიმეღო, საპატრიარქოსთან არსებული ინსტიტუტიც კი დავამთავრე. ამის მერე ფლორისტიკის კუთხითაც ვიმუშავე. სახლში მოვაწყვე არაჩვეულებრივი, მყუდრო ტერასა, ხშირად გვსტუმრობენ მეგობრები და დროს სასიამოვნო გარემოში ვატარებთ. მცენარეებს, რასაც ჩემს ტერასაზე ხედავთ, 17 წელი ვაგროვებდი, ვამრავლებდი, ვეფერებოდი.

მცენარეების მოვლა არა არის იოლი საქმე. ის სახლის მოვლასთან შედარებით, ბევრად მეტ ენერგიას მოითხოვს. ფიზიკური შრომაა საჭირო, დღეში ორი საათი მაინც უნდა დახარჯო, რომ სასურველ შედეგს მიაღწიო. 40 წუთი მარტო მორწყვას ვანდომებ, აღარაფერს ვამბობ შეწამვლაზე, გაკრეჭვაზე და ა.შ. წელიწადში ერთხელ სჭირდებათ მიწის განახლება. ნებისმიერ დროს განსხვავებულ სამუშაოებს მოითხოვს. სამაგიეროდ თვითონაც უხვად გასაჩუქრებენ უხვი ყვავილებით და სილამაზით.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები