აგარაკზე აშენებული ოცნების სახლი და ხელახლა ნაპოვნი მუზა

მხატვარი თეა ალავერდაშვილი ხელოვანების ოჯახში დაიბადა, რამაც მასზე დიდი გავლენა მოახდინა. თეას ცხოვრება მთლიანად ხელოვნებას უკავშირდება. წლების განმავლობაში დაინტერესებული იყო გობელენით, ფეხსაცმლის დიზაინით, მხატვრობით, მინიატურული სახლების შექმნით. ბოლო პერიოდში ძალები მოსინჯა ვიტრაჟის მიმართულებით და საკმაოდ წარმატებულად გამოუვიდა. თეას ხელოვნების მიმართულებით დიდი გეგმები აქვს. წალკაში აშენებს რანჩოს, სადაც, როგორც თავად ამბობს, ხშირად გაიმართება „ხელოვნების ზეიმი“.

- დავიბადე თბილისში, ხელოვანთა ოჯახში. დედა მსახიობი, მამა კი მხატვარია. ბავშვობიდან ჩვენ სახლში მუდამ ხელოვნების ზეიმი იყო. მამა ელექტროგიტ
არაზე უკრავდა, უსმენდა როკს. დედა გვიყვება, იავნანა ჩემგან არ გაგიგიათ, სულ როკს უსმენდითო. როცა მე და ჩემი ძმა წამოვიზარდეთ, მშობლებს ხშორად დავყავდით თეატრსა და კინოში. როცა თეატრში ახალი სპექტაკლი იდგმებოდა, ან კინოთეატრებში ახალი ფილმი გამოდიოდა, ზოგჯერ სკოლასაც გვაცდენინებდნენ. დავყავდით ჯაზ კონცერტებზე. მოკლედ ძალიან გიჟი ოჯახი ვიყავით, არაორდინალური, ხელოვნებაზე უზომოდ შეყვარებულები. ეს მე და ჩემს ძმას გენეტიკურად გადმოგვეცა. დღეს ის შტატებში მუსიკოსია, მე კი მხატვარი გახლავართ.

- მრავალფეროვანი შემოქმედებითი ბიოგრაფია გაქვთ. როგორ მიხვედით მხატვრობამდე?
- როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი გენეტიკური კოდით დაიწყო. ბავშვობაში კინოთეატრის ფოიეში სახლის მაკეტი ვნახე, რამაც ფაქტიურად ჩემს ქვეცნობიერში სამუდამოდ დატოვა კეთილი კვალი. იმ ემოციებმა გადაწყვიტა ჩემი პროფესიაც. დავამთავრე ჯერ სამხატვრო ლიცეუმი გობელენის განხრით, შემდეგ სწავლა აკადემიაში გავაგრძელე.
ნიჭი და მიდრეკილება ხელოვნების მიმართ სულ მქონდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მეცვლებოდა გემოვნება. სხვადასხვა სფეროები მაინტერესებდა. თავიდან დავიწყე ფეხსაცმელების მოდელების ხატვა. მალევე გამოჩნდნენ მსურველები, ვისაც უნდოდა მათთვის შემეკერა და უნებურად ჩამოვყალიბდი ფეხსაცმლის დიზაინერად. გარკვეული პერიოდი ვიმუშავე ამ ხაზით. შემდეგ დავოჯახდი და ასე ვთქვათ ტაიმ-აუტი ავიღე. რაღაც პერიოდი წყვეტა მქონდა ჩემს პროფესიასთან, მაგრამ გამჩენი რომ არ მოგასვენებს, ხომ გაგიგიათ...

- მინიატურებით როგორ დაინტერესდით?
- ერთ დღეს მოულოდნელად წავედი სამხატვრო მაღაზიაში, ვიყიდე თიხა და ათასი წვრილმანი. იმ ღამეს არ მძინებია. გავაკეთე ძველი თბილისური სახლი. ძალიან გახარებული ვიყავი, თითქოს ბავშობაში დავბრუნდი, იმ კინოთეატრის ფოიეში, სადაც პირველად სახლის მაკეტი ვნახე. მას შემდეგ ვაკეთებ მინიატურებს, ძირითადათ სახლებს. მომწონს ევროპული გოთიკური სტილი. ამის შემდეგ მხატვრობაზე გადავედი, კერძოდ ფერწერაზე. ეს მუზამ და ამავე დროს აუცილებლობამაც მოიტანა და გეტყვით რატომაც.

რამდენიმე წლის წინ მეუღლემ წამიყვანა წალკაში, არ ვიყავი იქ ნამყოფი და უნდოდა დაშბაშის კანიონი ეჩვენებინა. რომ ჩავედით დაიწყო წვიმა და კანიონთან ვერ მივედით. მაგრამ იქაურმა ჰაერმა, ბუნებამ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შოკში ჩამაგდ. ეს იყო ზღაპარი. იქიდან სანამ წამოვიდოდით მეუღლე მეუბნება, აქ კარგ ყველს აკეთებენ და სადმე ვიყიდოთო. წვიმაში კაციშვილი არიყო. შემთხვევით გზაზე მიმავალი ქალი შევნიშნე და მას გავუჩერეთ მანქანა. ალბათ ესეც ბედისწერა იყო. ვკითხე ვინ ყიდიდა ყველს და მიპასუხა, მე მაქვს და სახლში წამომყევითო. გზად ვეკითხები, სახლსაც ხომ არ ყიდის-ვინმე თქო და კიო. წაგვიყვანა და ულამაზესი ადგილი გვაჩვენა. ფაქტიურად ყველი და სახლი ერთად ვიყიდეთ (იღიმის). მიმიყვანა ტყესთან. ეს იყო საოცრება, ზღაპრული ადგილი. ჩვეულებრივი სახლი იყო, განსაკუთრებული არაფერი, შიგნით არც გვინახავს. მაგრამ ადგილმა ისე მომნუსხა, მეუღლეს ვთხოვე ვიყიდოთ და მე აქ საოცრებას გავაკეთებ-თქო. ეს სურვილი ამიხდინა.

სულ მინდოდა აგარაკი მქონოდა, სადაც მოვიყვანდი ნატურალურ პროდუქტს. მიყვარს მიწასთან მუშაობა. რა სჯობს შენი ხელით მოყვანილ ხილს თუ ბოსტნეულს, თან როცა შვილები გყავს, ნატურალური პროდუქტი მნიშვნელოვანია. ამასთან, ოცნებად მქონდა გამეკეთებინა ჩემი გემოვნებით სახლი, ეზო ვარდების ხეივნით, სადაც ოჯახის წევრები, ახლობლები შევიკრიბებოდით. გავაკეთებდი კულტურულ ღონისძიებებს, თავს მოვუყრიდი ხელოვანებს, ვისაუბრებდით ჩვენს გეგმებზე, გავუზიარებდით ერთმანეთს ჩვენს შეხედულებებს, გავაკეთებდი გამოფენებს, სტუმრებს ჩემი ბაღის და ტყის პროდუქტით გამვუმასპინძლდებოდი და თან პატარა გასართობ საღამოებსაც მოვაწყობდით. მოკლედ უამრავი გეგმა მიტრიალებდა თავში. ასე დაიწყო ჩვენი აგარაკული ცხოვრება. მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე სულ წალკაში ვართ. მიკოლოგადაც ჩამოვყალიბდით. უამრავი სოკოა ტყეში, რაც საკვებად ვარგისია. ჩემი და ჩემი მეუღლის ჰობად იქცა ტყეში სოკოზე სიარული. ეს არის რიტუალი, საუკეთესო განტვირთვა.

- ახლა მშენებლობის რა ეტაპზე ხართ?
- დავიწყოთ იმით, რომ ერთ ბედნიერ მზიან დღეს ჩემმა ძმამ დამირეკა, სიურპრიზს გიკეთებ, არქიტექტორი ნახე, შენი ოცნების სახლი უნდა აგიშენოო. წარმოიდგინეთ რა დამემართებოდა, გიჟივით ვკიოდი სიხარულიგან. ელვის სისწრაფით მოვაგვარე ეს საკითხი. დავიწყეთ მშენებლობა. რანჩოს ტიპის სახლი ავაშენეთ. ოღონდ ხელოსნების გადამკიდე კორვალოლ-კორსიზის ფონზე, დიდ ნერვების ხარჯზე (იღიმის). პირველ სართულს მოვრჩით სრულად. მეორე სართული დასამთავრებელია, ჯერ ისევ მშენებლობის პროცესშია.

- ინტერიერის დიზაინზე უკვე ნაფიქრი გაქვთ?
- დიახ, დადგა ის ნანატრი მომენტი, როდესაც ინტერიერისთვის უნდა მიმეხედა და მომეწყო სახლი ისე, როგორც წარმომედგინა, რა თქა უნდა ჩემი გემოვნებით. საჭირო იყო მხატვრული ელემენტები, ძალიან მინდოდა ვიტრაჟური ფანჯარა. ძალიან მომწონს მზის სხივთან ერთად ოთახში ცისარტყელა რომ იშლება. არანაირი გამოცდილება ამ სფეროში არ მქონია, მაგრამ ღმერთის წყალობით გამომივიდა პირველივე ცდაზე. მეც გაკვირვებული დავრჩი.

- ანუ ამ პროცესში ვიტრაჟსაც დაეუფლეთ.
- დიახ. ძალიან შრომატევადი აღმოჩნდა ვიტრაჟზე მუშაობა. რთული, მაგრამ ძალიან აზარტული, სასიამოვნო. ისე გულისხმიერად და პროფესიონალურად მივუდექი ამ საქმეს, მუშაობის პროცესში სუნთქვაც მავიწყდებოდა, მაგრამ ძალიან კარგი შედეგი დავდე. შემდეგ კედლები ნახატებს ითხოვდა. ხომ არ ვიყიდდი? ამიტომ შევუდექი ხატვას. ასეთ გარემოში ყოველთვის მაქვს მუზა, მიყვარს ნატურალიზმი, რეალიზმი, რაც ცხოვრებაში ნამდვილი, ლამაზი და ესთეტიურია. ვხატავ იმას, რაც მაბედნიერებს, წარმოიდგინეთ უფალი რა შემოქმედია, გარშემო რამდენი სასწაული გვაქვს, უბრალოდ ამ ყველაფრს დანახვა და აღქმა უნდა. მერე ტილოზე გადმომაქვს ეს ყველაფერი. მე ამით ვცხოვრობ... ყოველი დღე მიხარია, რომ თენდება, ვიცი რაღაც ახალი უნდა შევქმნა. ხანდახან ღამე ვდგები და ვხატავ. სადაც არ უნდა ვიყო, ერთი სული მაქვს ჩემს სივრცეში მივიდე და ხატვა გავაგრძელო. ამით ვცხოვრობ. ეს არის ჩემი სულის საზრდო. შემდეგ ეს უნდა გავუზიარო ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებს. არანაირ აბსტრაქციებში არ ვეძებ ჩემს სტილს. როგორც გითხარით რეალისტი ვარ. მიხარია, რომ მოსწონთ უცხო ადამიანებსაც. ამან კომერციული სახეც მიიღო. იყიდება ჩემი ნახატები, მერე როცა მყიდველი უამრავ მადლობას გეუბნება შენი შრომისთვის, ეს სასწაულად დიდ სტიმულს გაძლევს და რა თქმა უნდა მოტივაციას, რომ არ გაჩერდე. ჩემს ნახატებში უმეტესად ცხოველები და ფრინველებია. მიყვარს მათი ხასიათი, განსაკუთრებით მათი თვალების ხატვა. მათ ხომ ლაპარაკი არ შეუძლიათ, აი თვალებით კი ყველაფერს გეტყვიან.

მერი ბლიაძე

კომენტარები

ნინო მაღრაძე 2023-11-10 15:12
რომ არა დიდი მონდომება,შრომისმოყვარეობა,დიდი სიბო და სიყვარული,ამ ყველაფერს ვერ მიაღწევდა,მინდა წარმატებები გისურვო თეა და დასახული მიზნების ბოლომდე ასრულება❤️❤️❤️
თთთ 2022-04-01 12:31
რა საოცარი ნახატებია, ძალიან იშვიათად ასე მომწონებოდა რაიმე... ისეთი "ნატურალურია" გგონია რეალურად უყურებ ცოცხალ არსებას.. წარმატებებს და წინსვლას გისურვებთ მთელი გულით
მოქალაქე 2022-03-29 14:44
ყოველთვის მაკლია ხოლმე ფოტოები,თუ შეიძლება მეტი ფოტო დადეთ ექსტერიერის და ინტერიერის,მადლობა საინტერესო ადამიანების გაცნობისათვის,მართლაც არ შთამმბეჭდავი ნახატებია

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები