"მე მხოლოდ თევზებს ვამზადებ..." - უცნაური თევზები ქართველი ხელოვანისგან

ლევან შალვა პაპალაშვილი პროფესიით ფიზიკოსი, ინფორმაციის მენეჯერი, ფოტოდოკუმენტალისტი და გრაფიკული დიზაინერია. ბოლო 2 წელია ორიგინალურ კოლაჟებს ქმნის წყლის ბინადრების თემაზე. თავდაპირველად თავისი ნამუშევრები სოციალურ ქსელში გამოფინა, შემდეგ უკვე გამოფენებზეც წარდგა. წელს თბილისობის დღესასწაულზე მისი ნაკეთობები ღვინის მუზეუმში, სინთეზურ გამოფენაზე „კულტურული რევოლუცია“ ვნახე, სადაც სხვადასხვა ხელოვანის შემოქმედება იყო წარმოდგენილი. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ლევან შალვა პაპალაშვილის თევზებს ეკავა, ამიტომ მისი პირადად და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა გადავწყვიტე.

- წლებია გრაფიკულ დიზაინში ვმუშაობ. წიგნებს გამოსაცემად ვამზადებთ - ამაში ტექსტისა და გარეკანის დიზაინს
ვგულისხმობ. ასევე ვაკეთებ პოსტერებს, მისალოცებს, მოსაწვევებს და ა.შ. გატაცებული და დაკავებული ვარ ფოტოგრაფიით. როგორც ექსპოზიციონერს, მონაწილეობა მაქვს მიღებული სხვადასხვა საგამოფენო პროექტში. ამ ყველაფერმა გარკვეული გავლენა იქონია, რომ ჩემი შესაძლებლობები ვიზუალური არტის სხვა მიმართულებითაც მეცადა, თან, ცნობისმოყვარე ვარ. გარდა ამისა, მამა ხატავდა ქვაზე, ტილოზე, საღებავებით, ფანქრით. ასე რომ, საღებავების სუნი და შემოქმედებითი ქაოსი სულ იყო ჩვენთან. გამოდის, ტრადიციას მეც ვაგრძელებ.

- რა ჰქვია იმ მიმართულებას, რომელსაც თქვენი ნამუშევრები ეკუთვნის?

- სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ამ მიმართულებას კრაფტსაც ეძახიან და სტიმპანკსაც. ასეთი ნამუშევრების კეთება 2021 წელს დავიწყე. უხეშად რომ გამოვითვალო, თვეში ერთს ვაკეთებ. კარგ ინსტრუმენტალისტს ჰკითხეს, რა ჰქვია იმ მიმართულებას, რომელშიც მუშაობთო? მან ასე უპასუხა: არ ვიცი, მე მხოლოდ მუსიკას ვუკრავო. ძალიან მომეწონა ეს პასუხი. მეც ასე ვიტყვი: მე მხოლოდ თევზებს ვამზადებ. არ მიყვარს სტატუსების მიწებება, მიმდინარეობების განსაზღვრა და ისიც კი მეხამუშება, როცა ხელოვანად მომიხსენიებენ.


- თუმცა, მე მაინც გიწოდებთ ხელოვანს. თქვენი კომპოზიციები თევზების თემაზე რა მასალით მზადდება და რატომ კონკრეტულად მხოლოდ წყლის ბინადრების სხვადასხვა სახეობა?..

- ჩემი ნამუშევრები დიდწილად მეორადი, გამოუსადეგარი მასალებისგან იქმნება. მზადდება ხისგან, მეტალის დეტალებისგან, ტყავისა და ნებისმიერი სხვა მასალისგან. ვიყენებ სხვადასხვა საღებავს და დაძველების ტექნიკას. თევზებს ვათავსებ ხის ან სხვა ტექნიკური მასალის ზედაპირზე. ნამუშევრების უმთავრესი ზომა დაახლოებით 60/40-ზეა.

რატომ თევზები? ამაზე ასე გიპასუხებთ: მაღალი რეგისტრის შეგრძნებების და განცდების გადმოცემა ხშირად ძნელია. მათი წაკითხვა თვალებიდან, სხეულის ენიდან, მიხრა-მოხრიდან და ჟესტებიდან უფრო მეტად ჩანს და ზუსტად წაკითხვა შეიძლება. ალბათ სწორედ ასეა ვიზუალური არტიც. თევზები ამის საუკეთესო მაგალითი მგონია, რადგან ისინი ხმასაც ვერ იღებენ. თავიანთი ვიზუალითა და მეტყველებით საიდუმლო კავშირს ამყარებენ მნახველთან. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები