პანდემიის დროს აღმოჩენილი საყვარელი საქმე - "ვაცოცხლებ და ბავშვების მეგობრად ვაქცევ მათთვის საყვარელ ცხოველს, ფრინველსა და თუ ზღაპრის გმირს"

თიკო წიკლაური თვითნასწავლი მეთოჯინეა. ამბობს, რომ მთელი არსებით შეიგრძნობს იმას, რასაც ქმნის და ამ ემოციებს სხვებსაც უზიარებს. ქსოვა ისე პატარა ასაკში ისწავლა, აღარც ახსოვს, ეს როდის მოხდა, თოჯინების ქსოვა კი პანდემიის დროს დაიწყო. მას შემდეგ ამ ხელსაქმეს დიდი სიყვარულით ემსახურება.

- პროფესიით იურისტი ვარ, თუმცა ამ ეტაპზე ჩემი პროფესიით არ ვმუშაობ. მიყვარს მრავალფეროვნება, სიახლეების აღმოჩენა და ექსპერიმენტები, ამიტომაც ვთვლი, რომ სრულიად შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე პროფესიას ფლობდე და მთელი ცხოვრება იყო როგორც საკუთარი თავის აღმოჩენაში, ასევე ცხოვრებისგანაც იღებდე გამოწვევებს. მეც, ისევე
როგორც ყველა თავგადასავლების მოყვარულ ადამიანს, მიყვარს მოგზაურობა, სხვადასხვა კულტურის გაცნობა. მთავარი მაინც რაც ყველაზე მეტად მიტაცებს არის საკუთარი ხელით სხვადასხვა ნივთებისა და სათამაშოების შექმნა.

- ქსოვა როდის ისწავლეთ და როგორ გაგიჩნდათ ინტერესი?
- ქსოვა როდის ვისწავლე ნამდვილად არ მახსოვს, ძალიან ღრმა ბავშვობაში თოჯინებისთვის შარფებს ვქსოვდი, რაც დედამ მასწავლა. შემდეგ გავიზარდე, თოჯინებითაც აღარ ვთამაშობდი და ქსოვითაც აღარ დავკავებულვარ, სანამ არ დაიწყო კოვიდ-19, სრულიად უძრავი, დაძაბული და ყველამხრივ ჩაკეტილი პერიოდი. ალბათ ბევრმა აღმოაჩინა თავის თავში ამ პერიოდში სხვადასხვა გატაცება. მეც გადავწყვიტე ახალი ჰობით დავკავებულიყავი. ჯერ ჟაკეტის ქსოვა დავიწყე, მივხვდი, რომ ქსოვის პროცესი მთელი თავისი საწყისი ქაოსებით ძალიან სასიამოვნო იყო და ყველაზე დიდი სიამოვნება უკვე ბოლო თვლების ამოყვანა, ძაფის გადაჭრა და საბოლოო შედეგის დანახვა აღმოჩნდა. მომწონდა და მიზიდავდა პროცესი, როგორ იქმნება ძაფის გორგლიდან რაღაც ლამაზი ნამუშევარი. შემდეგ იყო ჩანთების ქსოვა, დეკორაციების, ყვავილების და ბოლოს უკვე სათამაშოების. დავიწყე ჩემი მოქსოვილი ტანსაცმლისა და ჩანთების ყოველდღიურობაში გამოყენება. ჩემს გარშემო ხალხის ინტერესი საკმაოდ დიდი იყო ნაქსოვი ნივთების მიმართ. სათამაშოების ქსოვა კი ახლობლების ბავშვებისთვის დავიწყე, ეს ორმხრივი სიამოვნება იყო, მომწონდაა მთელი ქსოვისა და ახალი საყვარელი სათამაშოების შექმნის თითოეული პროცესი, ხოლო ბავშვებს მოსწონდათ და უყვარდებოდათ ჩემი შექმნილი სათამაშოები. ვინაიდან ქსოვისა და სათამაშოების კეთების პროცესი ჩემთვის განტვირთვასთან და სიამოვნებასთან იყო დაკავშირებული და არა რაიმე რუტინულ საქმესთან, გადავწყვიტე სათამაშოები არა მხოლოდ ჩემი ახლობლების შვილებს, არამედ ყველა იმ ბავშვს ჰქონოდა, ვისაც მოუნდებოდა. ამიტომ, როგორც ხდება ხოლმე, შევქმენი გვერდი და დავიწყე ჩემი ნაქსოვი სათამაშოებით მცირე ბიზნესი. ახლა უკვე ჩემი ნაქსოვი სათამაშოებით სხვა ბევრი ბავშვია გახარებული, არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ბევრი შეკვეთა მაქვს, ასეთ დროს ჩემი დაც ერთვება საქმეში და ერთიანი ძალებით იქმნება გამორჩეული სათამაშოები და არა მარტო სათამაშოები.

- საქართველოში თოჯინებს ძალიან ცოტა ქსოვს. რით არის ნაქსოვი თოჯინა გამორჩეული?
- ხელნაკეთი ნივთები ყოველთვის განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევიან, ასეა ნაქსოვი ნივთებიც. სათამაშოს ყველა დეტალი ხელით არის შექმნილი და დამუშავებული. შენი გემოვნებით ურჩევ სახის მოყვანილობას, წამწამებისა და წარბების სხვადასხვა კომბინაციით უცვლი გამომეტყველებას, ურჩევ შესაბამის სამოსს. ბავშვებს და არა მარტო ბავშვებს უყვართ მულტფილმისა და ფილმების პერსონაჟები, ამ დროს კი მხოლოდ ძაფითა და ყაისნაღით შესაძლებელია ყველა საყვარელი პერსონაჟის სათამაშოდ ქცევა, სწორედ ესაა ნაქსოვი სათამაშოების მთავარი დადებითი მხარე - აცოცხლებ და ხდი ბავშვების მეგობრად ყველა მათთვის საყვარელ ცხოველს, ფრინველსა და თუნდაც ზღაპრის გმირებს.

- თოჯინები საბოლოოდ ისეთები გამოდიან როგორიც თქვენს წარმოსახვაშია მათ შექმნამდე?
- საკმაოდ დიდ პროცესთანაა დაკავშირებული სათამაშოს შექმნა, მრავალი დეტალია მოსაფიქრებელი და შემდეგ განსახორციელებელი. სხეულის ყველა ნაწილი ჯერ სქემის სახით იწერება, შემდეგი ნაბიჯი უკვე ამ სქემის მიხედვით ქსოვის დაწყებაა. მაგრამ ჩანაფიქრში არსებული და საბოლოოდ მიღებული სათამაშო ყოველთვის სრულებით ერთნაირი არ არის ხოლმე, რადგან მუშაობის პროცესში სხვა უკეთესი იდეები მოგდის, შემდეგ ხდება სქემაში შესწორებების შეყვანა და ისევ, ხელახლა ქსოვა. მაგრამ საბოლოო, უნაკლო შედეგის მისაღებად ნამდვილად ღირს შესწორებების შეტანა. თუმცა არც ეს საბოლოო შედეგი შეიძლება დარჩეს მუდმივად საბოლოო, რადგან ყველა სხვა იდენტური სათამაშოს მოქსოვისას მუდმივად შეგიძლია შეცვალო თუნდაც თმის ფერი, ტანსაცმელი ან გააერთიანო ორი სათამაშო და მიიღო სრულებით ახალი მოედელი.

- ქსოვის დროს რამდენად მნიშვნელოვანია ძაფი და თქვენ რომელი ძაფით ქსოვთ? რატომ ანიჭებთ მას უპირატესობას?
- ქსოვის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული მასალა. ყველა ძაფი განსხვავებული გამოყენებისთვისაა. რადგან ნაქსოვი სათამაშოების ძირითადი ადრესატები ბავშვები არიან, აუცილებელია ყველა გამოყენებული მასალა იყოს უსაფრთხო და ანტიალერგიული. ამიტომ, ყოველთვის ვიყენებ ძაფს, რომელიც განკუთვნილია სათამაშოებისა და საბავშვო ტანსაცმლის საქსოვად, შემცველობით: 55% ბამბა და 45% აკრილი. რადგან უსაფრთხოება ვახსენე, აქვე ვიტყვი, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია სათამაშოს სხვადასხვა დეტალების კარგად დამაგრება, მათ შორის თვალების, რომლის ჩამაგრების სპეციალურ 100%-ით უსაფრთხო ტექნიკას ვიყენებ, ვინაიდან პატარები ხშირად ინტერესდებიან მცირე დეტალებით და ვერ შეძლონ მათი გამოძრობა და ჯამთელობისთვის ზიანის მიყენება.

- მეგობრები, ოჯახის წევრები როგორ უყურებენ თქვენს გატაცებას, როგორ აფასებენ ხოლმე თქვენს ნამუშევრებს?
- მთავარი შემფასებლები ყოველთვის ოჯახის წევრები და მეგობრები იყვნენ, სწორედ მათი შეფასებები გახდა ჩემი სტიმული, ახლაც უკვე როცა ბევრ სათამაშოს ვამზადებ, პირველს მათ აზრს ვისმენ. როგორც უკვე ვთქვი, ჩემი დაც ჩართულია სათამაშოების მზადების პროცესში. როგორც სხვა ნებისმიერ საქმიანობაში, ჩემს შემთხვევაშიც, ყველაზე დიდი მნიშვნელობა იმ გარემოს და ხალხს უკავია, ვინც ჩემს გარშემოა, მუდმივად ხედავენ და აკვირდებიან ქსოვის ყველა დეტალს და ყველაზე კარგად იციან თუ რამხელა შრომა დევს თითოეული სათამაშოს შექმნაში.



- ქსოვის გარდა სხვა ხელსაქმეც იცით?

- სანამ ქსოვას დავიწყებდი, ჩემი მთავარი გატაცება ქარგვა იყო, ქსოვის დაწყების შემდეგ, სამწუხაროდ, თითქმის ვეღარ ვუთმობ ქარგვას დროს, მაგრამ ქსოვის პროცესშიც ვიყენებ ქარგვას მცირედით. თუმცა სამომავლოდ ვაპირებ ტილოს ჩანთების დამზადებას, რაზეც დატანილი იქნება სხვადასხვა ნაქარგი.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები